Facebook Twitter

17 ოქტომბერი, 2024 წელი,

საქმე №ას-795-2024 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა/მოსამართლეები:

ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე,

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - შპს „ს.გ.წ.კ–ია“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - სს „ს.ს.ჯ–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2021 წლის 23 მარტს, შპს ,,გ.წ.კ–სა“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი ან დამზღვევი) და სს ,,ს.ს.ჯ–ს“ (შემდეგში - მოპასუხე, მზღვეველი ან სადაზღვევო კომპანია) შორის დაზღვევის ხელშეკრულება (შემდეგში - ხელშეკრულება ან დაზღვევის ხელშეკრულება) დაიდო, რომლის საგანი იყო დამზღვევის ბალანსზე არსებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის სადაზღვევო მომსახურების გაწევა.

კასატორს მომსახურება სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში მზღვეველის ნებისმიერი სადაზღვევო შემთხვევის დადასტურებისას უნდა შეესრულებინა, მიუხედავად მომსახურების გაწევისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობისა.

2. ხელშეკრულების პირველი პუნქტის მიხედვით, საგზაო-სატრანსპორტო რისკი არის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა (არ აქვს მნიშვნელობა ვისი მიზეზით ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა), მიუხედავად იმისა, დაზღვეული სატრანსპორტო საშუალება მოძრაობდა თუ გაჩერებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ამავე ხელშეკრულების 2.1 პუნქტის მე-2 ქვეპუნქტის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების დაზღვევა გულისხმობს სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას სატრანსპორტო საშუალების ნაწილობრივ ან სრული დაზიანებით, ასევე, სატრანსპორტო საშუალების ან მისი ნაწილების დაკარგვით/დაზიანებით გამოწვეული ზარალის ანაზღაურებას, ხოლო 2.3 პუნქტის პირველი ქვეპუნქტის შესაბამისად, სადაზღვევო შემთხვევის შედეგად სატრანსპორტო საშუალების სრული ზარალის (განადგურების) ან დაკარგვის შემთხვევაში, მზღვეველი ვალდებულია გასცეს ანაზღაურება დამზღვევის სასარგებლოდ, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფულადი ან არაფულადი ფორმით.

3. დაზღვევის ხელშეკრულებისა და კონსოლიდირებული ტენდერის პირობების მე-2 პუნქტის საერთო გამონაკლისების ,,ო“ ქვეპუნქტის თანახმად, დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევის უხეში გაუფრთხილებლობით დადგომისას მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისგან.

4. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ 2021 წლის 15 დეკემბრის დადგენილების მიხედვით, 2021 წლის 31 ოქტომბერს, ქ.ყვარელში, ....... ქუჩაზე ი.კ–ი (შემდეგში - მოსარგებლე ან მძღოლი) მართავდა დაზღვეულ ავტომობილს, რა დროსაც ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნა დაარღვია, კერძოდ, მოძრაობისას დაახლოებით 8-10 მეტრის მანძილიდან შენიშნა, რომ მისგან მარჯვნიდან მარცხნივ სავალი ნაწილის გადაკვეთა ძაღლმა დაიწყო, რომელიც დახლოებით 1.5 მეტრით მის სავალ ნაწილზე შევიდა და გაჩერდა.

აღნიშნულის დანახვაზე მოსარგებლემ საჭე მკვეთრად მარცხნივ მიმართა, ავტომობილი მოცურდა, მოცურებულ მდგომარეობაში საპირისპირო სავალი ნაწილის გვერდულზე გადავიდა და გადაბრუნდა, რის შედეგადაც თავად მოსარგებლემ დაზიანება მიიღო.

5. მოსარგებლის სახელზე საჯარიმო ქვითარი გამოიწერა და ეს უკანასკნელი სამართალდარღვევის ჩამდენ პირად იქნა ცნობილი.

6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტოკრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო სამსახურის 2021 წლის 30 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ავტომობილს ნაჭდევი ხასიათის დაზიანებები ჰქონდა და საღებავის აფხეკაც გასდევდა, რაც მათი რაიმე მკვრივ საგანთან შეჯახების ურთიერთქმედებისთვის იყო დამახასიათებელი.

მასზე ძლიერი მექანიკური ძალების ზემოქმედებით ავტომობილის საჭის მართვის მექანიზმი და სამუხრუჭე სისტემა მწყობრიდან გამოვიდა, რასაც საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევისას ექნებოდა ადგილი.

კონკრეტულ შემთხვევაში, ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის დაცვის შემთხვევაში მოსარგებლეს საგზაო - სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან აცილება შეეძლო.

7. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მოთხოვნით მოსარჩელემ სადაზღვევო კომპანიას მიმართა, რომლის 2022 წლის 20 მაისის წერილით სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე უარი ეთქვა და განემარტა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის კახეთის საექსპერტო სამსახურის 2021 წლის 30 ნოემბრის დასკვნის თანახმად, 70-80კმ/სთ სიჩქარით მოძრავი ავტომობილი 8-10 მეტრ მანძილს დაახლოებით 0.4 წამში გაივლიდა, რა დროშიც, მძღოლის რეაქციიდან გამომდინარე, ავტომობილი მიმართულების შეცვლას ვერ მოასწრებდა.

გამოძიებით დადგენილია, რომ ავტომობილი ძაღლს არ შეჯახებია, აქედან გამომდინარე ავტომობილმა ისე გაიარა 8-10 მეტრი, რომ ძაღლი მის წინ არ აღმოჩენილა, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ძაღლზე შეჯახება გარდაუვალი იქნებოდა.

ავტომობილი 8-10 მეტრის გავლის შემდეგ გზაზე მოძრავ ძაღლს გაცდებოდა და მასზე დაჯახების საფრთხეც მორჩებოდა. მითითებული დასკვნის თანახმად, აშკარაა, რომ ძაღლის (არსებობის შემთხვევაში) შემჩნევის შემდეგ ავტომობილის მიმართულების შეცვლას მძღოლი ვერ მოახერხებდა და ძაღლს შეეჯახებოდა.

ვინაიდან მოვლენები ასე არ განვითარებულა, აშკარაა, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა სხვა გარემოებებმა გამოიწვია, რის თაობაზე უფლებამოსილ მძღოლს არ განუცხადებია.

ამასთან, თუ შემთხვევის ადგილზე ძაღლი ფიგურირებდა, დასკვნის თანახმად აშკარა იყო, რომ ავტომობილი ძაღლს გაცდებოდა და მასზე დაჯახების საფრთხე აღმოიფხვრებოდა.

კონკრეტულ შემთხვევაში, უდავოდ იკვეთებოდა უფლებამოსილი მძღოლის მიერ წინდახედულების ელემენტარული ნორმების დარღვევა, რაც უხეშ გაუფრთხილებლობას მიეკუთვნებოდა.

8. დაზღვევის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის ,,თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დამზღვევი ვალდებულია, მზღვეველს უტყუარი ინფორმაცია შეატყობინოს, რომელსაც სადაზღვევო რისკის სახისა და ხარისხის განსაზღვრისთვის მნიშვნელობა აქვს.

9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 13 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ავტომობილი ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაში იყო. ძარაზე არსებული დაზიანებების გათვალიწინებით შემდგომი ექსპლუატაციის მიზნით ავტომობილის აღდგენა ტექნიკური თვალსაზრისით მიზანშეწონილი არ იქნებოდა. ავტომობილის ხელშეკრულებით შეთანხმებული საბალანსო ღირებულება 17 000 ლარს შეადგენდა.

10. საქართველოს შსს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ყვარლის რაიონული სამმართველოს მიმართვის მიხედვით, 2021 წლის 31 ოქტომბერს ქ.ყვარელში …… ქუჩაზე ავტომობილის მართვისას მოსარგებლემ მისი უსაფრთხოდ მართვა ვერ უზრუნველყო, რის შედეგადაც ავტომობილი მოცურდა და გადაბრუნდა.

ალკოტესტით შემოწმებისას მოსარგებლეს ალკოჰოლური თრობა არ დაუდგინდა, რის გამოც სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა, ხოლო, მოსარგებლე დაჯარიმდა.

11. 17 000 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით მზღვეველის წინააღმდეგ დამზღვევმა სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 6 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

13. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 1 თებერვლის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა.

14.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-10 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და განმარტა, რომ, სადაზღვევო ურთიერთობების ბუნების გათვალისწინებით, სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით წარმოშობილი დავის პირობებში, მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს სადაზღვევო შემთხვევის ფაქტი და ასანაზღაურებელი ზიანის მოცულობა, ხოლო მოპასუხემ უნდა მიუთითოს ზიანის ანაზღაურების გაცემაზე უარის თქმის ან ზიანის შემცირებული მოცულობით ანაზღაურების გარემოებების არსებობაზე.

საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მძღოლის ბრალეულმა ქმედებამ, მანევრირების წესების დარღვევამ გამოიწვია, რაც არასაჭირო მანევრის გამოყენებაში გამოიხატა, რისთვისაც იგი ადმინისტრაციული წესით (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევის გამო) დაჯარიმდა.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე მიღებული აქტის არსებობა იმთავითვე მოიცავს ქმედების მართლსაწინააღმდეგო, ბრალეულ ხასიათს, რადგან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად ცნო, რომ საგზაო მოძრაობის წესები მოსარგებლემ დაარღვია.

14.2. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ-ის) 829-ე მუხლზე (მზღვეველი თავისუფლდება თავისი მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით) მიუთითა და განმარტა, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა არ იძლევა უხეში გაუფრთხილებლობის ლეგალურ დეფინიციას.

მისი არსებობა უნდა დადგინდეს ყოველი კონკრეტული შემთხვევის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივი და ლოგიკური შეფასების შედეგად.

მძღოლის უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა. უხეში გაუფრთხილებლობით მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ მაღალი ხარისხით. ყოველი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ შეიძლება ჩაითვალოს უხეშ დარღვევად.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ განსახილველ საქმეზე შემთხვევის დადგომისას მოსარგებლის სუბიექტური დამოკიდებულება, ცალსახად შეიძლება შეფასდეს მის პირად გადაწყვეტილებად, ყოველგვარი წინდახედულობის ნორმების უგულვებელყოფად, რა დროსაც მან ისეთი ქმედება ჩაიდინა, როდესაც იგი თავისი მოქმედების შესაძლო მავნე შედეგის დადგომის შესაძლებლობას ითვალისწინებდა, თუმცა მის თავიდან აცილებას ვარაუდობდა ან ასეთი მავნე შედეგის დადგომის შესაძლებლობას არ ითვალისწინებდა, მაგრამ უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდეც გაეთვალისწინებინა.

უხეში გაუფრთხილებლობა სწორედ იმ წესებისა და მითითებების დარღვევას მოიცავდა, რომელიც მსგავსი ქმედების შემსრულებელ პირს სავალდებულოდ უნდა სცოდნოდა, მათ შორის, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21.5 მუხლის მიხედვით, მძღოლი ვალდებული იყო სცოდნოდა საგზაო მოძრაობის წესები, ასევე, გათვითცნობიერებული ჰქონოდა ისეთი ფაქტორები, რომლებიც მოსარგებლის ქმედებაზე გავლენას ახდენდა, ამავე კანონის 21.22 მუხლის თანახმად კი, მოსარგებლე ვალდებული იყო, საქართველოს კანონმდებლობით ნაკისრი მოვალეობები განუხრელად შეესრულებინა.

მტკიცებულებების ერთობლიობით სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევამდე ავტომობილი ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საგზაო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის ქმედება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 33.2 მუხლის მოთხოვნას არ შეესაბამებოდა, რომელთა დაცვის პირობებში სატრანსპორტო შემთხვევას ადგილი არ ექნებოდა, რამდენადაც დადგინდა, რომ მძღოლმა არასაჭირო მანევრი შეასრულა, რითაც ავტოსაგზაო შემთხვევა თავად გამოიწვია.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მოცემული ვითარების გათვალისწინებით მძღოლის ქმედება უხეშ გაუფრთხილებლობაზე მიუთითებდა, რადგან მან წინდახედულობის ნორმები დაარღვია, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. ამასთან, მძღოლს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი შესაძლო შედეგი (ავტოსაგზაო შემთხვევა) შეეძლო აეცილებინა, რისთვისაც აუცილებელი წინდახედულების ნორმები უნდა გაეთვალისწინებინა.

15. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:

დავის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აშკარაა, რომ მოსარგებლე მარტივი გაუფრთხილებლობით მოქმედებდა. ავტოსაგზაო შემთხვევა არც მაღალი სიჩქარის და არც ალკოჰოლური ზემოქმედების პროცესში ავტომობილის მართვით არაა გამოწვეული.

მოსარგებლე ობიექტური ფაქტორებიდან გამომდინარე იძულებული შეიქმნა, რომ მიმართულება შეეცვალა, რაც მხარის განზრახვას ან უხეშ გაუფრთხილებლობას გამორიცხავს, ხოლო, მარტივ გაუფრთხილებლობას, მზღვეველის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების საფუძვლად კანონმდებელი არ მიიჩნევს (სსკ-ის 829-ე მუხლი). შესაბამისად, მოპასუხეს სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების ვალდებული აკისრია.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:

17. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.

18. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.

განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსთვის ისინი სავალდებულოა.

19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულების არსისა და მასში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის თვალსაზრისით, დამფუძნებელ ნორმას სსკ-ის 799-ე მუხლი წარმოადგენს.

იმავდროულად, ხელშემკვრელ მხარეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობა და განხორციელება დამოკიდებულია მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულების (არსებობის შემთხვევაში ხელშეკრულების დანართების) პირობებსა და დათქმებზე, იმგვარად, რომ კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც წარმოადგენს სადაზღვევო რისკის რეალიზაციის შედეგს, მხარეების მიერ არსებითი პირობის სახით წინასწარ არის განსაზღვრული ხელშეკრულებაში (შდრ: ი. გაგუა, ბიზნესდავები და სასამართლო პრატიკა, 2017, გვ.119).

დაზღვევის ხელშეკრულება ალეატორულ, ანუ სარისკო გარიგებას წარმოადგენს. ერთი მხრივ, დამზღვევი მიდის რისკზე იმ გაგებით, რომ იხდის სადაზღვევო პრემიას და სადაზღვევო შემთხვევა შეიძლება არც დადგეს ან მზღვეველმა უარი უთხრას დამზღვევს სადაზღვევო საზღაურის გადახდაზე ან ვერ შეძლოს მისი ანაზღაურება გადახდისუუნარობის გამო;

მზღვეველი რისკავს იმ თვალსაზრისით, რომ შედარებით მცირე სადაზღვევო პრემიის მიღების პირობებში, მსხვილი სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, იგი ვალდებული ხდება, გადაიხადოს გაცილებით მეტი თანხა (შდრ: ქ. ირემაშვილი, მხარეთა უფლებრივი თანაფარდობის კრიტერიუმები სადაზღვევო ურთიერთობებში, 2016, გვ.85.).

სსკ-ის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია). მოცემული ნორმის ანალიზის საფუძველზე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ დაზღვევის ხელშეკრულება ორმხრივი, სასყიდლიანი და რეალური ხელშეკრულებაა. დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შენატანი, ხოლო მზღვეველი მოვალეა აანაზღაუროს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი.

საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ დაზღვევა არის ურთიერთობა ფიზიკური და იურიდიული პირების პირადი და ქონებრივი ინტერესების დასაცავად, გარკვეული გარემოების (სადაზღვევო შემთხვევის) დადგომისას, ამ პირთა მიერ გადახდილი სადაზღვევო შენატანებით (სადაზღვევო პრემიებით) ფორმირებული ფულადი ფონდებისა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროების ხარჯზე.

აქედან გამომდინარე, მხარეთა მიერ დაზღვევის ხელშეკრულებაში შეთანხმებული პირობების დაცვა უმნიშვნელოვანესია ვინაიდან გამოირიცხოს მზღვეველის მიმართ სათანადო საფუძვლის გარეშე თანხის დაკისრება, შესაბამისად მაქსიმალურად შეიზღუდოს დამზღვევის არაკეთილსინდისიერი მოქმედების წახალისება და ამით, საფრთხე არ დაემუქროს სამართლებრივ სივრცეში დაზღვევის რეალურ დანიშნულებასა და მიზანს.

20. საკასაციო პალატის შეფასებით, განსახილველი დავის ფარგლებში სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მოცემული დავის ძირითადი კვლევის საგანი, კერძოდ, არსებობს თუ არა მოსარჩელის მიერ მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიკაციის საფუძველი. ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ შეკითხვას სწორად გასცა პასუხი, რისი დამადასტურებელი არგუმენტებიც გასაჩივრებულ განჩინებაში საკმარისად წარმოადგინა და მათი მოტივაცია საკასაციო პრეტენზიით უარყოფილი ვერ იქნა.

მტკიცებულებების ერთობლიობით სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ მძღოლის ქმედებაში იკვეთება უხეშ გაუფრთხილებლობად კვალიფიკაციისთვის აუცილებელი ელემენტები, რადგან მან ავტომობილის მართვისას ელემენტარული წინდახედულობის ნორმები აშკარად და უხეშად დაარღვია, ამავე მოქმედებამ კი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია. ამასთან, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დამდგარი მძიმე შედეგი მხარეს შეეძლო აეცილებინა, რისთვისაც აუცილებელი წინდახედულების ნორმების გათვალისწინება საკმარისი იყო.

21. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

22. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

23. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.გ.წ.კ–იის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „გ.წ.კ–ს“ (ს/ნ - .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 850 ლარის (საგადახდო მოთხოვნა - 240307181542405, გადახდის თარიღი - 3.07.2024) 70% - 595 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე