Facebook Twitter

ას-1-2024

18 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – ლ.ლ–ძე, თ.დ–ნი (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – „ს.ს.ე–მა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – კომპენსაციის გადახდის დაკისრება, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის გადახდის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ლ.ლ–ძემ (შემდეგში - პირველი მოსარჩელე, კასატორი) და თ.დ–ნმა (შემდეგში - მეორე მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრეს სს „ს.ს.ე–მის“(შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, შემდეგი სასარჩელო მოთხოვნებით:

ლ.ლ–ძის მოთხოვნა: 1.1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 02 მაისის ბრძანების ბათილად ცნობა; 1.2. სამსახურში აღდგენის ნაცვლად, მოპასუხისათვის ლ.ლ–ძის სასარგებლოდ კომპენსაციის - 60190 ლარის გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხისათვის ლ.ლ–ძის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით ყოველთვიურად 6019 ლარის გადახდის დაკისრება 2019 წლის 02 მაისიდან, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე; 1.4. მოპასუხისათვის ლ.ლ–ძის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნებისთვის, 2019 წლის 02 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6019 ლარის 0,07%–ს გადახდის დაკისრება (იხ., ტ.2. ს.ფ. 2-15; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ტ.3. ს.ფ. 241).

თ.დ–ნის მოთხოვნა: 1.1. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ 2019 წლის 02 მაისის ბრძანების ბათილად ცნობა; 1.2. სამსახურში აღდგენის ნაცვლად მოპასუხისათვის თ.დ–ნის სასარგებლოდ კომპენსაციის - 13750 ლარის გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხისათვის თ.დ–ნის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის სახით 14166 ლარის გადახდის დაკისრება; 1.4. მოპასუხისათვის თ.დ–ნის სასარგებლოდ ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის, 2019 წლის 02 მაისიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2500 ლარის 0,07%–ს გადახდის დაკისრება; (იხ. სარჩელი, ტ.1. ს.ფ. 2-16; დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა ტ. 3. ს.ფ. 241).

1.1. მოპასუხემ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელები არ ცნო.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილებით ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლებმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მათი მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება მოითხოვეს.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 19 დეკემბრის განჩინება, ბათილად იქნა ცნობილი სს „ს.ს.ე–მის“ 2019 წლის 02 მაისის N04/კ-პ ბრძანება ელექტროსისტემის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან ლ.ლ–ძესთან და ელექტროსისტემის პროექტების ნებართვების დეპარტამენტის სატყეო სამსახურის უფროსთან თ.დ–ნთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის უფლებრივი რესტიტუციის ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილებით ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 24 სექტემბრის გასაჩივრებული გადაწყვეტილება სადავო ნაწილში და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის სარჩელები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სასარჩელო მოთხოვნები იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის კანონით დადგენილი პროცენტის/პირგასამტეხლოს გადახდის შესახებ არ დაკმაყოფილდა. სარჩელები მოპასუხისათვის კომპენსაციის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „ს.ს.ე–მას“ ლ.ლ–ძის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა დარიცხული 6 თვის ხელფასის 36114 ლარის (დარიცხული თანხა) ოდენობით. სს „ს.ს.ე–მას“ თ.დ–ნის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა დარიცხული 3 თვის ხელფასის 7500 ლარის (დარიცხული თანხა) ოდენობით.

8. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8.1. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების ფარგლებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატის შესაფასებელი იყო სასარჩელო მოთხოვნები მხოლოდ კომპენსაციის, იძულებითი განაცდურისა და პირგასამტეხლოს დაკისრებასთან მიმართებით, ვინაიდან, საკასაციო პალატამ განთავისუფლების შესახებ ბრძანებები თვითონვე მიიჩნია უკანონოდ.

8.2. 2015 წლის 06 ივლისს, სს „ს.ს.ე–მას“ და ლ.ლ–ძეს შორის დაიდო უვადო შრომის ხელშეკრულება, რომლითაც მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დაინიშნა პროექტების ნებართვების და სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

8.3. სს „ს.ს.ე–მის“ 2018 წლის 03 მარტის ბრძანებით ცვლილება შევიდა ლ.ლ–ძესთან დადებულ შრომით ხელშეკრულებაში და მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება 6019 ლარით განისაზღვრა.

8.4. სს „ს.ს.ე–მის“ 2018 წლის 06 ნოემბრის ბრძანებით ლ.ლ–ძე გადაყვანილი იქნა საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე და მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება 6019 ლარით განისაზღვრა.

8.5. სს „ს.ს.ე–მის“ 2019 წლის 02 მაისის ბრძანებით ლ.ლ–ძესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა საქართველოს შრომის კოდექსის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

8.6. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო მოპასუხე კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 26 მარტს მომზადებულ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები.

8.7. 2018 წლის 06 ნოემბერს სს „ს.ს.ე–მასა“ და თ.დ–ნს შორის დაიდო ვადიანი შრომის ხელშეკრულება (2019 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით), რომლითაც მოსარჩელე მოპასუხე კომპანიაში დაინიშნა პროექტების ნებართვების და სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის სატყეო სამსახურის უფროსის პოზიციაზე. მოსარჩელის შრომის ყოველთვიური ანაზღაურება 2500 ლარით განისაზღვრა.

8.8. მოპასუხე კომპანიის 2019 წლის 02 მაისის ბრძანებით მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37–ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

8.9. მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას საფუძვლად დაედო მოპასუხე კომპანიის შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2019 წლის 26 მარტს მომზადებულ ანგარიშში მოყვანილი ფაქტები.

8.10. პალატამ აღნიშნა, რომ შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს და შრომის კოდექსი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას, მიიღოს კომპენსაციის დაკისრების გადაწყვეტილება, როგორც სამსახურში აღდგენის ალტერნატივა და საკმარისი რესტიტუცია. პალატამ გამართლებულად მიიჩნია მოსარჩელე ლ.ლ–ძისათვის კომპენსაციის სახით 36114 ლარის (დარიცხული თანხა) მიკუთვნება, რაც შეადგენს მისი 6 თვის სახელფასო ანაზღაურების ოდენობას. სასამართლომ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ, ლ.ლ–ძე მალევე დასაქმდა და შესაბამისად 6 თვის ჯამური ოდენობის კომპენსაცია მიჩნეულ იქნა გონივრულ ოდენობად. რაც შეეხება თ.დ–ნის უფლებრივ რესტიტუციას, პალატამ მხედველობაში მიიღო ის გარემოება, რომ თ.დ–ნი მოპასუხე ორგანიზაციაში დასაქმებული იყო განსაზღვრული ვადით, შესაბამისად დასახელებული მოსარჩელის სასარგებლოდ კომპენსაციის ოდენობა, შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადის გათვალისწინებით, უნდა განსაზღვრულიყო შრომის ანაზღაურების 3 თვის ოდენობით, რაც შეადგენდა 7500 ლარს (დარიცხული თანხა).

8.11. რაც შეეხება იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნებს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა აღნიშნული მოთხოვნების დაკმაყოფილების საფუძველი. ვინაიდან, მოსარჩელეებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლით მიეკუთვნათ კომპენსაცია. სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის და არსებული პრაქტიკის გათვალისწინებით კი, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება დაკავშირებული იყო სამსახურში აღდგენის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებასთან, რასაც განსახილველ საქმეში ადგილი არ ჰქონია. პალატის მოსაზრებით, გარდა აღნიშნულისა, გაუმართლებელი იყო იძულებითი განაცდურის ანაზღაურება იმ საფუძვლითაც, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, სადავო პერიოდში (განთავისუფლების შემდეგ) მოსარჩელეები დასაქმებული იყვნენ სხვა

ორგანიზაციაში და იღებდნენ ხელფასს, რომლის ოდენობაც აღემატებოდა ხელფასის იმ თანხის ოდენობას, რომლებსაც მოსარჩელეები მიიღებდნენ, რომ არ მომხდარიყო სამსახურიდან მათი განთავისუფლება.

8.12. სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად მიიჩნია მოთხოვნა პირგასამტეხლოსთან მიმართებითაც, რომელიც თავის მხრივ დაკავშირებულია მოქმედი შრომითი ურთიერთობის დროს მისაღები ხელფასის დაყოვნებასთან. მიუთითა, რომ კონკრეტულ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულება შეწყვეტილია და დასაქმებულებს მიეცათ კომპენსაცია, რასთან მიმართებითაც პირგასამტეხლოს დაკისრება შრომის კოდექსით გათვალისწინებული არ არის.

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 21 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა. ლ.ლ–ძემ და თ.დ–ნმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით იძულებითი განაცდურის ანაზღაურების, ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტისა და კომპენსაციის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება. სს „ს.ს.ე–მამ“ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და მოპასუხისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ 2 თვის სახელფასო ანაზღაურების ოდენობით კომპენსაციის დაკისრება.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 იანვრის განჩინებით სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 18 მარტის განჩინებით სს „ს.ს.ე–მის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, ხარვეზის შეუვსებლობის გამო.

12. ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:

12.1. კასატორები მიიჩნევენ, რომ სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა საკანონმდებლო დეფინიციის - იძულებითი განაცდურის განმარტება. სააპელაციო პალატამ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი იძულებით განაცდური გადააკვალიფიცირა კომპენსაციად და მოპასუხეს დააკისრა მიზერული კომპენსაცია.

12.2. სააპელაციო პალატამ ის ფაქტი, რომ მოსარჩელეები გათავისუფლების შემდეგ სხვაგან დასაქმდნენ, ჩათვალა იძულებითი განაცდურის მიცემის გამომრიცხავ გარემოებად. კომპენსაციის დაკისრებისას კი არ გაითვალისწინა ის ფაქტობრივი გარემოებები, რომ ლ.ლ–ძე დასაქმებული იყო უვადოდ და მოპასუხეს კომპენსაცია უნდა დაკისრებოდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, ხოლო თ.დ–ნი დასაქმებული იყო ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით და ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე პერიოდი შეადგენდა 5 თვეს და 15 დღეს, რის გამოც კომპენსაციის ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო აღნიშნული პერიოდის გათვალისწინებით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

14. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

16. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორების შედავების საფუძვლიანობა.

18. მოსარჩელეთა მიერ თავდაპირველად მოთხოვნილი შედეგის - შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების, ასევე კომპენსაციის დაკისრების - სამართლებრივი საფუძველია სადავო პერიოდში მოქმედი „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 (შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ; შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით), 38.8-ე (სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით), 31-ე „შრომის ანაზღაურების ფორმა და ოდენობა განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით. ამ მუხლის ნორმები გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. შრომის ანაზღაურება გაიცემა თვეში ერთხელ. დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი“, 44-ე (შრომითი ურთიერთობისას მხარის მიერ მეორე მხარისათვის მიყენებული ზიანი ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394.1-ე (მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება) და 408.1-ე (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) მუხლები.

19. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები სადავოდ ხდიან უფლებრივი რესტიტუციის სახით იძულებითი განაცდურის, ასევე ანაზღაურებისა და ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის კანონით გათვალისწინებული პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრებაზე უარის თქმას და მხოლოდ კომპენსაციის მიკუთვნებას, ამავდროულად, სადავოდ ხდიან მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობას. კასატორები, საკასაციო საჩივრის პრეტენზიად მიუთითებენ, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად უთხრა მათ უარი იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე. კასატორები ასევე მიიჩნევენ, რომ ლ.ლ–ძის შემთხვევაში მოპასუხეს კომპენსაცია უნდა დაკისრებოდა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პერიოდისათვის, ხოლო თ.დ–ნის სასარგებლოდ მოპასუხისათვის დასაკისრებელი კომპენსაცია უნდა განსაზღვრულიყო ხელშეკრულების მოქმედების ვადის ამოწურვამდე დარჩენილი დროის - 5 თვისა და 15 დღის გათვალისწინებით.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 08 ივნისის გადაწყვეტილებით ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი სს „ს.ს.ე–მის“ 2019 წლის 02 მაისის N04/კ-პ ბრძანება მოსარჩელეებთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ამდენად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, მოსარჩელეების სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, შესულია კანონიერ ძალაში. შესაბამისად, საკასაციო პალატის კვლევის საგანს არ წარმოადგენს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობა/არარსებობის საკითხი. დასაქმებულებთა საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელია მხოლოდ ის, თუ რამდენად სწორად იქნა გამოყენებული მათი დარღვეული შრომითი უფლების რესტიტუციის სახედ მარტოოდენ კომპენსაცია და რამდენად სწორად განისაზღვრა ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მისი ოდენობა. პალატა ამავდროულად მიუთითებს, რომ საკასაციო საჩივრის ფარგლებში შესაფასებელ საკითხთან მიმართებით, სრულად გამოკვლეულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც დამატებით კვლევას არ საჭიროებს.

21. კასატორების ერთ-ერთ პრეტენზია არის ის, რომ სასამართლოს მიერ არასწორად მოხდა საკანონმდებლო დეფინიციის - იძულებითი განაცდურის განმარტება. სააპელაციო პალატამ მოსარჩელეების მიერ მოთხოვნილი იძულებით განაცდური გადააკვალიფიცირა კომპენსაციად და მოპასუხეს დააკისრა მიზერული კომპენსაცია. ამ მიმართებით საკასაციო პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეებს მათი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენა, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა არ მოუთხოვიათ, ხოლო სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით, რაც იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ მუხლში მითითებულია დამსაქმებლის ვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, კერძოდ, ნორმა დამსაქმებელს ავალდებულებს, პირვანდელ სამუშო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილია უკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ხოლო, თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (შდრ. სუსგ Nას-951-901-2015, 29.01.2016წ.; N ას-931-881-2015., 29.01.2015წ). კერძოდ, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების ბათილობის პირობებში, რაღა თქმა უნდა, შედეგობრივი თვალსაზრისით მიიჩნევა, რომ დასაქმებულთან დადებული ხელშეკრულება არც შეწყვეტილა, შესაბამისად, უპირველესი და ყველაზე მართებული სამართლებრივი შედეგი პირვანდელი მდგომარეობის აღდგენაა. თუმცა, ვინაიდან შრომის კოდექსი დასაქმებულის უფლებებში რესტიტუციის სხვა შესაძლებლობებსაც იძლევა, აღნიშნული ნიშნავს იმას, რომ როდესაც პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა შეუძლებელი ან მიზანშეუწონელია, გამოკვლეულ უნდა იქნეს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული სხვა შესაძლებლობები თანმიმდევრობით. ამდენად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში, მისი სადავოობისას, დასაქმებული უფლებამოსილია: 1) ან მოითხოვოს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანების (გადაწყვეტილების) ბათილად ცნობა და პირვანდელ ან ტოლფას სამუშაო ადგილზე აღდგენა (ამ შემთხვევაში, მოსარჩელეს ასევე შეუძლია მოითხოვოს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება), 2) ან ბრძანების ბათილად ცნობასთან ერთად, აღდგენის ნაცვლად, მოითხოვოს კომპენსაცია.

22. აღნიშნულიდან გამომდინარე, სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის თანახმად, განაცდური დამსაქმებელს იმ შემთხვევაში ეკისრება, თუ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ბათილად იქნა ცნობილი და ამასთან, უკანონოდ დათხოვნილი პირი იმავე ან ტოლფას თანამდებობაზე აღდგება. მოცემულ შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელეებს სამსახურში აღდგენის შესახებ სასარჩელო მოთხოვნები სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ, შესაბამისად, არც დამდგარა დღის წესრიგში დასაქმებულთა ძირითად თუ ტოლფას სამუშაოზე აღდგენის საკითხი. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა განაცდურის ანაზღაურებაზე, რამეთუ, როგორც აღინიშნა, განაცდურის ანაზღაურების დაკისრება დამსაქმებლისათვის, მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ დასაქმებული აღდგება პირვანდელ ან ტოლფას სამუშაოზე. საკასაციო პალატა აქვე დამატებით განუმარტავს კასატორს იმას, რომ კომპენსაციის დაკისრებასთან ერთად განაცდურის დაკისრებას ითვალისწინებს არა სადავო ურთიერთობის დროს მოქმედი რედაქცია, არამედ, ითვალისწინებს შრომის კოდექსის ამჟამად მოქმედი რედაქცია (კერძოდ, 48-ე მუხლის მე-9 ნაწილი), რაც განსახილველ შემთხვევაზე ვერ გავრცელდება. პალატა, კასატორებს ასევე განუმარტავს კომპენსაციის ცნებას, რომელიც არაერთხელ გამხდარა საკასაციო პალატის განმარტების საგანი. შესაბამისად, ამ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მრავალი განჩინება თუ გადაწყვეტილება არსებობს. წინამდებარე დავის გადაწყვეტის მიზნებისათვის, საკმარისია, ხსენებული სასამართლო პრაქტიკიდან ერთ-ერთზე მითითებაც. კერძოდ, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ: კომპენსაცია, როგორც დარღვეული უფლების აღდგენის საშუალება, წარმოადგენს არა ხელფასს, იძულებით განაცდურს ან სხვა რაიმე გასაცემელს, არამედ ის თანხაა, რომელიც შრომითი ურთიერთობის უკანონოდ შეწყვეტის გამო დასაქმებულის ინტერესების დაცვის საკანონმდებლო საშუალებაა და თავის თავში მოიცავს ზემოთ ჩამოთვლილ ყველა გასაცემელს (იხ. სუსგ Nა-2851-გან-5-2019, 21.06.2019წ.)

23. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ადგილი არ ჰქონია სასამართლოს მიერ საკანონმდებლო დეფინიციის - იძულებითი განაცდურის არასწორ განმარტებას და კასატორების პრეტენზია იძულებითი განაცდურის დაკისრებაზე უარის თმის ნაწილში საფუძველს მოკლებულია. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი მოსარჩელეებს იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე.

24. ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის სასარჩელო მოთხოვნა ასევე შეეხებოდა პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრებას. აღნიშნული მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. პალატამ მიიჩნია, რომ დაუსაბუთებელია მოსარჩელეების მოთხოვნა პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ, ვინაიდან, პირგასამტეხლო მიემართება მოქმედი შრომის ხელშეკრულების ფარგლებში ნამუშევარი დროის შესაბამისად მისაღებ ხელფასზე ანაზღაურების დაყოვნებას და არა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ არსებულ მოცემულობას. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ მსჯელობას და დამატებით აღნიშნავს, რომ კასატორები მართალია, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებენ სრულად, თუმცა, საკასაციო საჩივრით აღნიშნულ მოთხოვნთასთან მიმართებით დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ.

25. კასატორების საკასაციო პრეტენზია ასევე შეეხება სასამართლოს მიერ განსაზღვრული კომპენსაციის ოდენობას. პალატა განმარტს, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის გამოანგარიშების წესსა და კრიტერიუმებს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების, დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებულ უნდა იქნეს, რომ შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე - იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამავდროულად, გასათვალისწინებელია უკანონოდ დათხოვნილი სუბიექტის ასაკი, კომპეტენცია, სამსახურის შოვნის პერსპექტივა, ოჯახური მდგომარეობა, სოციალური მდგომარეობა, ასევე, დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა და ა.შ. (იხ. სუსგ: Nას-1161-2018, 15.10.2020; Nას-267-2021, 11.06.2021). ერთ-ერთი საქმის განხილვისას, საკასაციო პალატამ დაადგინა, რომ სხვადასხვა ქვეყნის სასამართლო პრაქტიკის განზოგადება ქმნის კომპენსაციის გამოთვლის შესაძლებლობას შემდეგი კრიტერიუმებით: კომპანიის ლიკვიდურობა; პირის შანსები შრომის ბაზარზე; პირის სოციალური მდგომარეობა; დამსაქმებლის ფინანსური მდგომარეობა; პირი სხვაგან დასაქმდა თუ არა დავის პერიოდში; სამუშაო სტაჟი; დამსაქმებლის საწარმოუნარიანობა; პირის მუშაობის ხანგრძლივობა დამსაქმებელთან (იხ. სუსგ, საქმე №ას-1339-1259-2017, 30.07.2018).

26. მოცემულ შემთხვევაში უდავოა, რომ მოსარჩელე - ლ.ლ–ძე უვადო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შედეგად გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან, ხოლო, თ.დ–ნი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შედეგად გათავისუფლდა დაკავებული პოზიციიდან. შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას, იგი ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით დგინდება. როგორც უკვე აღინიშნა, კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, გათვალისწინებული უნდა იქნეს კომპენსირების მიზანი. კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. კომპენსაციის განსაზღვრასთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ ეს არის პასუხისმგებლობის ზომაც, რაც ეკისრება დამსაქმებელს მუშაკის უკანონოდ დათხოვნისათვის (იხ. სუსგ-ები №ას-1208-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი; Nას-727-680-2017, 15 სექტემბერი, 2017 წელი).

26. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ შემოსავლების სამსახურის 2020 წლის 12 მარტის წერილებზე, რომლის მიხედვით, ლ.ლ–ძის დასაბეგრი შემოსავალი 2019 წლის 01 მაისიდან 2020 წლის 10 მარტისათვის შეადგენდა 157935.46 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 31696.79 ლარს. თ.დ–ნის მიერ 2019 წლის 01 მაისიდან 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენდა 86397.45 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი 17046.06 ლარს. შემოსავლების სამსახურის აღნიშნული წერილებიდან დგინდება, რომ ლ.ლ–ძემ 2019 წლის მაისის თვეში ხელფასის სახით შპს „ბ.პ.პ–დან“ მიიღო 14030.61 ლარი (დაკავებული გადასახადი 2750 ლარი), ხოლო თ.დ–ნმა 2019 წლის მაისის თვეში ხელფასის სახით, შპს „დ.ზ. და გ.ს.ს.ც.გ–დან“ მიიღო 1913.27 ლარი (დაკავებული გადასახადი 375 ლარი). აღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია, რომ სს „ს.ს.ე–მიდან“ გათავისუფლების შემდგომ, ორივე მოსარჩელე დასაქმდა იმავე თვეში, რასაც პალატა აფასებს როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს კომპენსაციის ოდენობის გონივრულობის დადგენისას და მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე, მოპასუხისათვის მოსარჩელეების სასარგებლოდ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კომპენსაცია სწორად იქნა განსაზღვრული და აღნიშნულის საწინააღმდეგო დასაბუთებული საკასაციო შედავება კასატორებს არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, არ იკვეთება სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს მიერ დამსაქმებლისათვის დაკისრებული კომპენსაციის გადახედვის სამართლებრივი მოცემულობა (იხ. სუსგ, საქმე Nას-787-736-2017, 10.11.2017წ.). პალატა მიიჩნევს, რომ ასევე არ არსებობს ლ.ლ–ძის იმ საკასაციო პრეტენზიის გაზიარების სამართლებრივი საფუძველი, რომლის თანახმად, მოპასუხეს კომპენსაცია უნდა დაეკისროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე. როგორც უკვე აღინიშნა, კომპენსაციის ოდენობის გამოთვლა სასამართლოს დისკრეციაა, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხისათვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობა დაანგარიშებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისად, რის გამოც გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლასთან მისი ოდენობის დაკავშირება, საფუძველს მოკლებულია.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოსარჩელეთა უფლებრივი რესტიტუციის სახედ კომპენსაცია და გონივრულად განსაზღვრა მოპასუხისათვის დასაკისრებელი კომპენსაციის ოდენობა. კასატორებს კი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისათვის არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული.

28. კასატორების წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით საადვოკატო/იურიდიული მომსახურებისათვის 2000 ლარის დაკისრება.

29. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის მეორე მხარისათვის დაკისრების საკითხის გადაწყვეტის წესი მოცემულია სსსკ-ის 53-ე მუხლში. ნორმის პირველი ნაწილის დანაწესით, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ისა. ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

30. საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, „საპროცესო კანონმდებლობა პროცესის ხარჯების საკითხის განხილვის თაობაზე რაიმე სპეციალური წარმოების სახეს არ იცნობს, გარდა კოდექსის 261-ე (დამატებითი გადაწყვეტილება) მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. სასამართლოს ყოველთვის შეუძლია გამოიტანოს გადაწყვეტილება პროცესის ხარჯების თაობაზე, თუკი ამას მხარეები მოითხოვენ და დაადასტურებენ სათანადო მტკიცებულებებით. სასამართლოსთვის მინიჭებული ამგვარი ლეგიტიმური უფლება გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ, მითითებას სასამართლო ხარჯების განაწილების თაობაზე, აგრეთვე მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადასა და წესზე) ნაწილის დებულებიდან. საპროცესო ხარჯების განაწილება მხარეთა შორის ხდება თითოეულ ინსტანციის სასამართლოში ცალ-ცალკე და იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ზემდგომი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებას, ამას მოჰყვება პროცესის ხარჯების განაწილების ცვლილებაც. საკასაციო პალატის შეფასებით, ვინაიდან არსებობს დავის გადაწყვეტასთან ერთად იმავე დავაზე გაწეული ხარჯების დაბრუნების სამართლებრივი მექანიზმი, ხოლო საპროცესო კანონი სპეციალურ რეგულაციას არ იცნობს, მხარეებმა პროცესის ხარჯების დაბრუნების (მეორე მხარისათვის მათ სასარგებლოდ დაკისრება) შესახებ უნდა მიუთითონ ძირითად სასარჩელო (შესაგებლის) მოთხოვნასთან ერთად, წინააღმდეგ შემთხვევაში, ივარაუდება, რომ მათ პრეტენზია პროცესის ხარჯებთან დაკავშირებით არ გააჩნიათ. ამასთან, მხარეებს არ უნდა შეეზღუდოთ პროცესის ხარჯების მოთხოვნის უფლება საქმის მომზადების დასრულების შემდგომ, ან საქმის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში განხილვის ეტაპზე, თუკი ხარჯების საკითხი სწორედ საქმის განხილვის ამ სტადიაზე წარმოიშვა და მანამდე მხარისთვის ამ ფაქტის შესახებ ობიექტურად ცნობილი ვერ იქნებოდა“ (იხ. სუსგ №ას-165-158-2013, 27 იანვარი, 2014 წელი). მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ მოსარჩელეების წარმომადგენელი განსახილველ საქმეში ჩართულია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში, სადაც მას შუამდგომლობა მოსარჩელეების მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ არ წარუდგენია. რაც შეეხება საკასაციო საჩივრის განხილვის ეტაპზე გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯის მოპასუხისათვის დაკისრებას, ვინაიდან საკასაციო საჩივარი მოცემული განჩინებით დაუშვებლად არის ცნობილი, სსსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიდან გამომდინარე, საკასაციო ინსტანციის სასამართლოში სასამართლოსგარეშე ხარჯის ანაზღაურების საფუძველი კასატორებს არ წარმოშობიათ.

31. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარისათვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით საადვოკატო/იურიდიული მომსახურებისათვის 2000 ლარის დაკისრების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

31. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

32. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.

33. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

34. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

36. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად. თუმცა, საკასაციო საჩივარს ერთვის თითოეული კასატორის მიერ 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. შესაბამისად, კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, თითოეულ კასატორს 300 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.

2. ლ.ლ–ძისა და თ.დ–ნის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარისათვის თითოეული მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოსგარეშე ხარჯის სახით საადვოკატო/იურიდიული მომსახურებისათვის 2000 ლარის დაკისრების შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

3. ლ.ლ–ძეს (.....) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი (საგადახდო დავალება N20521731904, გადახდის თარიღი 10.02.2024).

4. თ.დ–ნს (.......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 ლარი (გადახდის ქვითარი N38275152, გადახდის თარიღი 12.02.2024).

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე