Facebook Twitter

ას-1024-2024

27 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ლ.ს–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.კ–ნი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა, თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. მ.კ–ნმა (შემდეგში: მოსარჩელე) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოში ლ.ს–ის (შემდეგში: მოპასუხე, კერძო საჩივრის ავტორი) მიმართ, ხელშეშლის აღკვეთისა და თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ.კ–ნის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აღიკვეთა მოპასუხე ლ.ს–ის ხელშეშლა და მოსარჩელეს მიეცა შესაძლებლობა, საცხოვრებლად შევიდეს საჯარო რეესტრში N......საკადასტრო კოდით მოსარჩელის თანასაკუთრებად რეგისტრირებულ ბინაში N33, მდებარე მისამართზე: ქ. თბილისი, ....... სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის 25080 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილება უკანონო ხელშეშლის აღკვეთის შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში, მიექცა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ლ.ს–მა და მოითხოვა აღნიშნულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებით ლ.ს–ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო.

5.1. პალატამ მიუთითა, რომ ლ.ს–ი პირადად ესწრებოდა 2023 წლის 27 ნოემბერს, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას. შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის წარდგენის 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 28 დეკემბერს და ამოიწურა 2024 წლის 10 იანვარს. საქმის მასალებით დგინდებოდა, რომ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2024 წლის 18 იანვარს, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 16 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ლ.ს–მა და მოითხოვა მისი გაუქმება და დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერება.

6.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია მომზადებული იყო თუ არა გადაწყვეტილება 2023 წლის 28 დეკემბრისათვის და მისი მომზადების შესახებ როდის ეცნობა მოპასუხე მხარეს. კერძო საჩივრის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ პროცესში მონაწილეობდა წარმომადგენლის გარეშე, რის გამოც გასაჩივრების ვადის ათვლის კანონით დადგენილი წესი მის მიმართ არ უნდა იქნეს გამოყენებული.

6.2. ლ.ს–ი ასევე მიუთითებს, რომ საქართველოს მთავრობის N500 დადგენილებით 2024 წლის 3 იანვრიდან 5 იანვრის ჩათვლით დღეები განისაზღვრა უქმე დღეებად, ხოლო 30 დეკემბრიდან 2024 წლის 2 იანვრის ჩათვლით იყო არასამუშაო დღეები. შესაბამისად, 2023 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 08 იანვრამდე გადაწყვეტილება ვერ ჩაბარდებოდა უქმე დღეების გამო. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი დაუკავშირდა მოსამართლის თანამშემწეს, რომელმაც განუცხადა, რომ გადაწყვეტილებას ჩააბარებდა 2024 წლის 09 იანვარს. აღნიშნულიდან გამომდინარე, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების ჩაბარების მომდევნო დღიდან.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

8. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

9. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ, ლ.ს–ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერების საკითხი.

10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

11. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებას სადავოდ ხდის იმ საფუძვლით, რომ 2023 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 08 იანვრამდე იყო არასამუშაო დღეები და გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაუკავშირდეს მის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების თარიღს - 2024 წლის 09 იანვარს.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი, წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე, პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. უდავოა, რომ ლ.ს–ი სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს არ წარმოადგენს, რაც სასამართლოს წარმოუშობდა ვალდებულებას, მისთვის გადაწყვეტილება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით გაეგზავნა. ასეთზე კერძო საჩივრის ავტორიც არ მიუთითებს, ხოლო, ის გარემოება, რომ მოპასუხე მხარე სასამართლოში წარმოდგენილი იყო ადვოკატის გარეშე, არ წარმოადგენს სსსკ-ის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტად მხარის მიჩნევის საფუძველს.

13. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს (სუსგ. №ას-873-2018, 31 იანვარი 2019 წელი). გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების ინსტიტუტი მოიცავს როგორც უშუალოდ დაინტერესებული მხარისათვის (ან მისი წარმომადგენლისათვის) გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებას, ასევე ამ ჩაბარების ფაქტის არსებობის პრეზუმფციასაც, რაზეც ვრცელდება საპროცესო ვადის გამოთვლის ერთიანი საპროცესო წესი (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლი).

14. ამდენად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591 მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი (სუსგ საქმეზე №ას-1161-1106-2014, 30 დეკემბერი 2014 წელი).

15. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში.

16. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და არც კერძო საჩივრით არის სადავო, რომ ლ.ს–ი ესწრებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2023 წლის 27 ნოემბერს გამართულ სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. შესაბამისად, მოპასუხე მხარისათვის ცნობილი იყო საქმის განხილვის შედეგი, გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, წესი და ვადა. სადავო არ არის, რომ მოპასუხეს არ მიუმართავს სასამართლოსათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. საქმის მასალებით არ დასტურდება გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ვადის დარღვევით მომზადების ფაქტი. შესაბამისად, ლ.ს–ისათვის პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა დაიწყო 2023 წლის 28 დეკემბერს და ამოიწურა 2024 წლის 10 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე - ოთხშაბათი. საკასაციო პალატა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს გადაწყვეტილების მისთვის ჩაბარების მომენტიდან, ვინაიდან, 2023 წლის 30 დეკემბრიდან 2024 წლის 08 იანვრამდე იყო უქმე დღეები, ვერ გაიზიარებს. როგორც უკვე აღინიშნა, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2023 წლის 28 დეკემბერს და ამოიწურა 2024 წლის 10 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე და მანამდე გამოცხადებულ უქმე დღეებთან სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დაკავშირება საფუძველს მოკლებულია.

17. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის შუამდგომლობას დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების შესახებ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს იმ საპროცესო მოქმედების შესრულებას, რომელიც სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით იყო გათვალისწინებული. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს ასეთი საპროცესო მოქმედების შესრულება. გასაჩივრებული განჩინებით გათვალისწინებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეჩერება შეუძლია, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს. პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ შეიცავს მტკიცებას, თუ რატომ უნდა იქნეს შეჩერებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით კანონის საფუძველზე მიქცეული დაუყოვნებელი აღსრულება, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

18 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.ს–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ლ.ს–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

3. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 თებერვლის განჩინება.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე