Facebook Twitter

საქმე №ას-532-2023 6 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – ბ.ა–ი (მოპასუხე), თ.ა–ი (შეგებებული სარჩელით მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ი–ვა (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მესამე პირი – სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

არასრულწლოვნები – მ. და დ.ი–ები

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა (ძირითადი სარჩელით), მშობლის უფლების შეზღუდვა (შეგებებული სარჩელით)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ნ.ი–ვამ (შემდგომში - „მოსარჩელე“, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „მოწინააღმდეგე მხარე“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.ა–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კასატორი“) მიმართ არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის დედასთან განსაზღვრის მოთხოვნით.

2. სარჩელის საფუძვლები:

2.1. აზერბაიჯანის მოქალაქეებს, ნ.ი–ვასა და მის მეუღლეს, ა.ი–ს, ხელოვნური განაყოფიერების გზით, 2020 წლის 3 იანვარს, შეეძინათ 2 შვილი: დ.ი–ვი და მ.ი–ვი, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან.

2.2. მათი დაბადებიდან მოკლე დროში, ა.ი–ს ლეიკემიის დიაგნოზი დაუდგინდა და ნ.ი–ვამ მეუღლე სამკურნალოდ წაიყვანა აზერბაიჯანში, ხოლო მცირეწლოვანი შვილები მცირე ხნით დაუტოვა ბავშვების მამიდას - ბ.ა–ს. 2020 წლის სექტემბერში, აზერბაიჯანში გარდაიცვალა ა.ი–ი. ამ შემთხვევის შემდეგ ბ.ა–მა კონტაქტი გაწყვიტა ნ.ი–ვასთან, არ პასუხობდა მის სატელეფონო ზარებს და დაბლოკა სოციალურ ქსელებში, რის შედეგადაც შვილებთან კომუნიკაცია შეუზღუდა.

2.3. სადავო პერიოდში, Covid-19-ით გამოწვეული პანდემიიდან გამომდინარე, ქვეყნებს შორის მიმოსვლა აკრძალული იყო, რის გამოც ნ.ი–ვამ ვერ შეძლო საქართველოში ჩამოსვლა და შვილების მიმართ მშობლის ვალდებულების აღსრულება. საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შემდგომ ნ. ი–ვა ჩამოვიდა საქართველოში და 2021 წლის 27 მარტს, შვილების წაყვანის მიზნით ესტუმრა ბ.ა–ს მისამართზე (ქ. თბილისი, ........., ბინა #44), თუმცა, ბ.ა–მა უარი განაცხადა დედისათვის შვილების გადაცემაზე, მოიმიზეზა ბავშვების გეგმური ვაქცინაცია და სხვა ყოფითი პრობლემები.

2.4. ნ.ი–ვამ, კანონით დადგენილი წესით გაცემული დაბადების მოწმობების მიუხედავად, ვერ შეძლო თავის მცირეწლოვან შვილებთან დ. და მ. ი–ვებთან ურთიერთობა და მათი საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე წაყვანა, რითიც დაირღვა დედის და უპირატესად ბავშვების კანონიერი ინტერესები.

3. შეგებებული სარჩელის საფუძვლები:

3.1. ბ.ა–მა და თ.ა–მა წარადგინეს შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვეს ნ.ი–ვასთვის მშობლის წარმომადგენლობით უფლების შეზღუდვა, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, საზღვარგარეთ გაყვანის, პასპორტისა და სხვა დოკუმენტაციის მომზადების, სამედიცინო მომსახურების განსაზღვრისა და განათლების ნაწილში.

3.2. მოსარჩელეთა მტკიცებით, დ. და მ.ი–ვები დაიბადნენ სუროგატი დედის მეშვეობით (მამის ა. ი–ვის ბიოლოგიური მასალისა და დონორის კვერცხუჯრედის გამოყენების გზით) დღენაკლულები და ჯანმრთელობის პრობლემებით. დაბადებიდანვე მოთავსდნენ ინკუბატორში და მათზე ზრუნავდნენ როგორც ფიზიკურად, ასევე – მატერიალურად ბ.ა–ი (ქალიშვილობის გვარი - ი–ვა) და თ.ა–ი, რადგან ე.წ. მშობლები (სუროგაციის ხელშეკრულებით) არ იმყოფებოდნენ საქართველოში.

3.3. ბავშვები, გამოჯანმრთელების შემდგომ, ა. ი–ვის თხოვნითა და თანხმობით, მიიყვანეს ბ. და თ.ა–ებთან აღსაზრდელად ოჯახში. გარდაცვალებამდე ა.ი–მა სთხოვა დას, რომ ბავშვებისათვის სრულწლოვანებამდე გაეწია მეურვეობა, რადგან მას არ სურდა, გარდაცვალების შემთხვევაში თავისი გენეტიკური შვილების აღზრდა მიენდო ბავშვებისათვის სრულიად უცხო ადამიანისათვის - ნ.ი–ვისათვის.

3.4. მოსარჩელეებს აქვთ დამაკმაყოფილებელი საყოფაცხოვრებო პირობები ბავშვების სრულფასოვანი აღზრდისათვის. ოჯახს ეკონომიკური პრობლემები არ გააჩნია, ბავშვების საჭიროებები დაკმაყოფილებულია. მოსარჩელეებთან მიჯაჭვულობის გამო მცირეწლოვანი და-ძმის დაშორება მათთან სერიოზულ ზიანს მიაყენებს ბავშვების ფსიქიკას. იმისათვის, რომ დაცული იყოს ბავშვების უფლებები, საჭიროა იზრდებოდნენ ერთად და, სწორედ, მოსარჩელეების მიერ, მოსარჩელეების ოჯახში, გარდაცვლილი ბიოლოგიური მამის – ა. ი–ვის ნების თანახმად.

3.5. მცირეწლოვანი დ.ი და მ.ი–ვები მოინათლნენ ქრისტიანული წესით და იზრდებიან ქრისტიან ხატმწერთა ოჯახში. ნ.ი–ვა არის მუსულმანი - ეროვნებით აზერბაიჯანელი და აზერბაიჯანის მოქალაქე. ნ.ი–ვას არასდროს არ უზრუნია დ. და მ.ი–ვებზე, მას მხოლოდ ბავშვების გაყვანა სურს აზერბაიჯანში, რაც მათთვის საფრთხის შემცველია.

3.6. მოსარჩელეთა მტკიცებით, ნ.ი–ვას უნდა შეეზღუდოს ფორმალურად მინიჭებული დედობის უფლება, რადგან მას დ. და მ.ი–ვებთან არ ქონია რაიმე ურთიერთობა არასდროს (როგორც ბიოლოგიურ-ფიზიკური, ასევე – მატერიალური), დაბადებიდან 2021 წლის 28 მარტამდე არც კი უნახავს ისინი. ნ.ი–ვას არასდროს უზრუნია დ. და მ.ი–ვებზე. ბავშვებს დიდი მიჯაჭვულობა აქვთ ბ. და თ.ა–ებთან, ხოლო ნ.ი–ვა არც უნახავთ არასდროს.

4. მოპასუხის პოზიცია ძირითად სარჩელზე:

4.1. ბ.ა–მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, ვინაიდან ბავშვების დაბადების მომენტისათვის არცერთი პოტენციური მშობელი არ იმყოფებოდა საქართველოში, ბავშვებისათვის დაბადების მოწმობების აღება დ. და მ.ი–ვებზე შეუძლებელი იყო და ამიტომ მათმა წარმომადგენელმა მიმართა სასამართლოს. დ. და მ.ი–ვების დაბადების მოწმობებში მშობლებად ნიშანა და ა. ი–ვები, სწორედ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე დარეგისტრირდნენ.

4.2. გარდა ამისა, პოტენციურ მშობლებს ნიშანა და ა. ი–ვებს არასოდეს უნახავთ და მითუმეტეს არასდროს უზრუნიათ დ. და მ.ი–ვებზე. ა. ი–ვი ბავშვების დაბადებიდან მალევე გარდაიცვალა აზერბაიჯანში. ა. ი–ვმა, ინვიტრო განაყოფიერებისათვის ბიოლოგიური მასალის ჩაბარების შემდგომ დატოვა საქართველოს ტერიტორია და მას შემდგომ მხოლოდ ერთხელ იყო ჩამოსული ცოტა ხნით.

4.3. ა. ი–ვმა გარდაცვალებამდე სთხოვა თავის დას, ბ.ა–სა და მის მეუღლეს, თ.ა–ს, გაეწიათ მეურვეობა და აღეზარდათ მ. და დ.ი–ები სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, ასევე, არავითარ შემთხვევაში არ გადაეცათ ბავშვები ნ.ი–ვასათვის, რომელიც ბავშვებისათვის სრულიად უცხო ადამიანი იყო. ა. ი–ვის თხოვნას პირნათლად ასრულებენ როგორც ბ., ისე თ.ა–ები და დაბადებიდან ზრდიან დ. და მ.ი–ვებს, როგორც საკუთარ შვილებს.

5. მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე:

5.1. ბავშვები დაიბადნენ ნაადრევად და მოათავსეს ე.წ. ხელოვნურ ინკუბატორში, სადაც ნ.ი–ვა ყოველდღე ნახულობდა მათ. ამ პერიოდს დაემთხვა კორონავირუსისგან (covid-19) გამოწვეული შეზღუდვები, რაც გამოიხატებოდა ნახვის შეზღუდვით. მიუხედავად ამისა, ნ.ი–ვა საავადმყოფოს შესასვლელამდე ყოველ დღე მიდიოდა, რათა მიმღებ განყოფილებაში თავისი შვილების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია პირადად გაეგო. ამ პერიოდში ა. ი–ვს ლეიკემიის დიაგნოზი დაუდასტურდა. ნ.ი–ვამ მეუღლე სამკურნალოდ წაიყვანა აზერბაიჯანში, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში ჩაიკეტა საზღვრები. სწორედ ამის გამო, ნ.ი–ვამ ვერ მიმართა პირადად დ. და მ.ი–ვების დაბადების მოწმობის გაცემის თაობაზე. თუმცა მშობლად რეგისტრაციის შესახებ მისმა ადვოკატმა განაცხადა ნ.ი–ვას მითითების შესაბამისად.

5.2. 2020 წლის 12 სექტემბერს, აზერბაიჯანში გარდაიცვალა ა.ი–ი, რომლის გარდაცვალების შემდეგ, ბ.ა–მა ყოველნაირი კონტაქტი გაწყვიტა ნ.ი–ვასთან. საჰაერო მიმოსვლის აღდგენიდან მოკლე დროში ნ.ი–ვა ჩამოვიდა საქართველოში და 2021 წლის 27 მარტს შვილების წაყვანის მიზნით, ესტუმრა ბ.ა–ს. მან უარი განაცხადა დედისათვის შვილების გადაცემაზე, მოიმიზეზა ბავშვების გეგმური ვაქცინაცია და სხვა ყოფითი პრობლემები.

5.3. ნ.ი–ვამ, კანონით დადგენილი წესით გაცემული დაბადების მოწმობების მიუხედავად, ვერ მოახერხა მცირეწლოვან შვილებთან - დ. და მ.ი–ვებთან ურთიერთობა და მათი საკუთარ საცხოვრებელ მისამართზე წაყვანაზე.

5.4. ორსულობის პერიოდში ე.ჭ–ზე ზრუნავდნენ ნ.ი–ვა და მისი მეუღლე ა. ი–ვი. ისინი ყოველთვიურად 300 აშშ დოლარს უხდიდნენ ე.ჭ–ს და უზრუნველყოფდნენ მას საკვებით. ბ.ა–ი არ ზრუნავდა ბავშვებზე და არც ა. ი–ვს არ უთხოვია მისთვის, რომ მისი შვილებისთვის მიეხედა.

5.5. ნ.ი–ვას ბავშვების მოვლისათვის ყველა საჭირო პირობა აქვს, უზრუნველყოფილია როგორც ფინანსურად, ასევე – საცხოვრებლით და შეუძლია, აღზარდოს თავისი შვილები. ნ.ი–ვას აქვს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთი, სახლი და შემოსავლის წყარო. შესაბამისად, არასრულწლოვნები იქნებიან უზრუნველყოფილი.

6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

6.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით, ბ.ა–ის მიმართ არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ ნ.ი–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა.

6.2. 2020 წლის 3 იანვარს დაბადებული მ.ი–ვისა და დ.ი–ვის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა დედის - ნ.ი–ვას საცხოვრებელი ადგილი. ნ.ი–ვას მიმართ მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ ბ.ა–ისა და თ.ა–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ ნ.ი–ვას შუამდგომლობაც.

6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ბ.ა–მა და თ.ა–მა წარადგინეს სააპელაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:

7.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2023 წლის 22 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

7.2. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის N2/4681-20 გადაწყვეტილებით, ა.ი–ი და ნ.ი–ვა ცნობილ იქნენ 2020 წლის 3 იანვარს დაბადებული დ.ი–ვისა და მ.ი–ვის მშობლებად, რის საფუძველზეც არასრულწლოვნების დაბადების სააქტო ჩანაწერი შესაბამისად შეიცვალა და დედის გრაფაში ჩაიწერა ნ.ი–ვა, მამის გრაფაში – ა.ი–ი. პალატამ მიიჩნია, რომ მშობლის უფლების ჩამორთმევისა და შეზღუდვის ფაქტობრივი მოცემულობა, ან/და ნ.ი–ვას დედის გრაფაში მითითების სადავოდ ქცევის რაიმე საფუძველი არ არსებობდა.

7.3. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ არასრულწლოვნები ცხოვრობდნენ მამიდასთან - ბ.ა–თან, რადგან მხარეებს შორის ურთიერთობა მკვეთრად იყო გართულებული. არასრულწლოვანი ბავშვების მამიდის ოჯახსა და მათ დედას - ნ.ი–ვას გამწვავებული, კონფლიქტური დამოკიდებულება ჰქონდათ, ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე დავის გამო, რაც არასრულწლოვნების ფსიქო-ემოციაზე უარყოფითად აისახებოდა. დედის ყოველი შეხვედრა შვილებთან მიმდინარეობდა მწვავე ემოციურ გარემოში, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენდა არასრულწლოვანებზე. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილი უნდა განსაზღვრულიყო მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

7.4. სააპელაციო პალატის აზრით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ბავშვები იზრდებოდნენ მამიდასთან და გენეტიკურად არ იყვნენ ნ.ი–ვას შვილები, არ ნიშნავდა, რომ არასრულწლოვნების საცხოვრებელ ადგილად უნდა განსაზღვრულიყო მამიდის საცხოვრებელი ადგილი. პალატის მითითებით, მშობელი და სხვა პირები არ სარგებლობენ ბავშვთან დაკავშირებით თანაბარი უფლებებით. უპირველესი უფლება ეკუთვნის მშობელს, თუმცა მისი უპირატესობა შესაძლოა, უარყოფილ იქნეს, თუ ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. პალატამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წინამდებარე საქმეში წარმოდგენილი არაერთი მტკიცებულებისა და საქმეში ჩართული მესამე პირის წარმომადგენლის, ფსიქოლოგისა და არასრულწლოვანთა ადვოკატის შეფასებების, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის, საქმეში ჩართული ფსიქოლოგისა და არასრულწლოვანთა წარმომადგენლის შეფასებების საფუძველზე, ბავშვების ფსიქოემოციური ჯანმრთელობის შენარჩუნების მიზნით, სასამართლომ არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესად მიიჩნია მათი საცხოვრებელი ადგილის დედის საცხოვრებელი ადგილით განსაზღვრა.

7.5. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტების შედავება ნ.ი–ვასთვის მშობლის უფლების შეზღუდვის ნაწილში და მიუთითა, რომ ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: (ა) არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; (ბ) არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა ან გამორიცხვა პროპორციული ზომა, და (გ) არის თუ არა უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (საჰინი გერმანიის წინააღმდეგ, 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII). განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ არასრულწლოვნების დედას მშობლის უფლებები ჩამორთმეული არ აქვს და რამდენადაც ბავშვების მამა გარდაცვლილია, ნ.ი–ვა წარმოადგენს ბავშვების ერთადერთ კანონიერ წარმომადგენელს. ამასთან, არასრულწლოვნების მამიდა არ არის მეურვე სამართლებრივი გზით და ბ.ა–ს არ გააჩნია რაიმე სამართლებრივი საფუძველი თავისი ძმისშვილების ინტერესების წარმომადგენლობისათვის. მით უფრო იმ შემთხვევაში, როდესაც დედას არც მშობლის უფლება არ აქვს ჩამორთმეული და არც მისი მხრიდან ნეგატიური ზეგავლენის კვალი არ იკვეთება არასრულწლოვნების მიმართ. დედის მხრიდან გამოთქმულია მზაობა, იზრუნოს შვილებზე და აღზარდოს ისინი. აღნიშნულის საწინააღმდეგო რაიმე გარემოება კი გამოვლენილი არ არის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, რაც სააპელაციო საჩივარს დაუსაბუთებელს ხდიდა.

7.6. ამავე გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ ნ.ი–ვას კერძო საჩივარი. ეს გადაწყვეტილება დაეფუძნა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულებების ფარგლებში დედასა და ბავშვებს შორის კონტაქტი დამყარდა და მათი ურთიერთდამოკიდებულება დადებითად შეიცვალა, ხსენებული ტენდენციის შენარჩუნებისთვის კი, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიქცეულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რათა ნ.ი–ვასა და ტყუპებს შორის კავშირი არ გამწყდარიყო და დედას შესაძლებლობა მისცემოდა, ურთიერთობა დაემყარებინა შვილებთან, დაკავებულიყო მათი აღზრდით და მათზე ზრუნვით შეუზღუდავად, მშვიდ და კეთილსაიმედო გარემოში.

7.7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინეს ბ.ა–მა და თ.ა–მა, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით – სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ასევე, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერება.

8. კასატორების მოთხოვნა და საფუძვლები:

8.1. კასატორთა მტკიცებით, სააპელაციო პალატამ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, განჩინება ეფუძნება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების არასრულ და არასწორ შეფასებას.

8.2. კასატორები აცხადებენ, რომ მცირეწლოვანი დ.ი და მ.ი–ვები მოინათლნენ ქრისტიანული წესით და იზრდებიან ქრისტიან ხატმწერთა ოჯახში. ნ.ი–ვა არის მუსულმანი – ეროვნებით აზერბაიჯანელი და აზერბაიჯანის მოქალაქე. ნ.ი–ვას არასდროს უზრუნია დ. და მ.ი–ვებზე, მას მხოლოდ ბავშვების გაყვანა სურს აზერბაიჯანში, რაც მათთვის საფრთხის შემცველია.

8.3. მათივე მითითებით, სასამართლოს არ გამოუკვლევია ნ.ი–ვას საცხოვრებელი პირობები აზერბაიჯანში, სადაც მას სურს არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებლად წაყვანა. სასამართლომ გამოიკვლია მხოლოდ მის მიერ საქართველოში დაქირავებული სახლი, რაც საქმის გარემოებების არასათანადო შეფასებას მოწმობს, რადგან გადაწყვეტილების მიღების შემდგომ იგი ბავშვებთან ერთად დატოვებს ქვეყანას და დაბრუნდება აზერბაიჯანში. ამასთან, არასწორია ის მითითებაც, თითქოს ნ.ი–ვას აზერბაიჯანში ერთპიროვნულ საკუთრებაში აქვს საცხოვრებელი სახლი, რადგან ის ქონება, რომელზეც მოსარჩელე მიუთითებს, წარმოადგენს ბ.ა–ისა და ა. ი–ვის მშობლების დანაშთ ქონებას, რომელიც ბ.ა–საც ეკუთვნის.

8.4. კასატორები ასევე ამტკიცებენ, რომ გარდაცვალებამდე ა.ი–მა სთხოვა თავის დას, რომ ბავშვებისათვის მას სრულწლოვანებამდე გაეწია მეურვეობა, რადგან მას არ სურდა, მისი გარდაცვალების შემთხვევაში მისი გენეტიკური შვილების აღზრდა მიენდო ბავშვებისათვის სრულიად უცხო ადამიანისათვის – ნ.ი–ვისათვის. ამ გარემოებას ისიც ადასტურებს, რომ გარდაცვლილმა პირმა არ იზრუნა მოსარჩელესთან ერთად, ერთ ოჯახად ცხოვრებაზე და ბავშვები კლინიკიდან პირდაპირ თავისი დის საცხოვრებელ სახლში გადაიყვანა.

8.5. ბ.ა–ის მტკიცებით, მოსარჩელე არ არის ბავშვის ბიოლოგიური მშობელი, რადგან რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკის მიერ გაცემული N033/20 ცნობის თანახმად, ემბრიონის შექმნისას მოსარჩელის კვერცხუჯრედი არ გამოყენებულა.

8.6. კასატორები ითხოვენ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერებას და აცხადებენ, რომ ისინი არასრულწლოვანებს დაბადებიდან სამი წლის განმავლობაში ზრდიდნენ, როგორც საკუთარ შვილებს, ამიტომ მათთან ემოციურად მჭიდროდ არიან დაკავშირებული, ასევე ბავშვებიც მიჩვეული არიან საცხოვრებელ ადგილსა და გარემოს, რის გამოც მათი განცალკევება და მოსარჩელესთან ერთად სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად გაყვანა მძიმედ იმოქმედებს მათ ფსიქიკაზე.

8.7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 8 მაისის განჩინებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, ბ.ა–ისა და თ.ა–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ნ/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე დადგენილად მიიჩნევა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

- ნ.ი–ვა და ა.ი–ი ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2001 წლის 22 მარტიდან;

- რეპროდუქციული პრობლემების გამო, ნ.ი–ვამ რამდენჯერმე მიმართა ხელოვნურ განაყოფიერებას, თუმცა უშედეგოდ. მკურნალობა მიმდინარეობდა თბილისში, ბ. და თ.ა–ების მორალური და მატერიალური მხარდაჭერით. თბილისში ყოფნისას მეუღლეები ცხოვრობდნენ ა.ი–ის დის სახლში, მათ ჰქონდათ კარგი ურთიერთობა. მოგვიანებით გადაწყვიტეს სუროგაცია, რისთვისაც გამოყენებულ იქნა ა.ი–ის ბიოლოგიური მასალა და დონორის კვერცხუჯრედი. სუროგატი დედის, ე.ჭ–ის, საშვილოსნოს ღრუში გადატანილ იქნა ნ.ი–ვასა და ა.ი–ის ემბრიონები. ორსულობის მე-7 თვეს, 2020 წლის 3 იანვარს, დაიბადნენ ტყუპები - მ.ი–ვი და დ.ი–ვი და გადაიყვანეს ინკუბატორში;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის N2/4681-20 გადაწყვეტილებით, ა.ი–ი და ნ.ი–ვა ცნობილ იქნენ 2020 წლის 3 იანვარს დაბადებული დ.ი–ვისა და მ.ი–ვის მშობლებად, რის საფუძველზეც შესაბამისი ცვლილება შევიდა არასრულწლოვნების დაბადების სააქტო ჩანაწერში და დედის გრაფაში მიეთითა დედა - ნ.ი–ვა, მამის გრაფაში მამა - ა.ი–ი;

- 2020 წლის თებერვალში ა.ი–ს დაუდგინდა მწვავე მიელოიდური ლეიკემია, რემისიის ინდუქციის პირველი კურსი, ვირუსული B ჰეპატიტი. ის მკურნალობდა კლინიკა „ვივამედში“, გაიარა პოლიქიმიოთერაპიული მკურნალობის კურსი, შესაბამისი თერაპია. მკურნალობისათვის საჭირო გარკვეული თანხა გადახდილია თ.ა–ის მიერ. შემდგომ მან მკურნალობა გააგრძელა აზერბაიჯანში. ა.ი–ი გარდაიცვალა 2020 წლის 12 სექტემბერს, აზერბაიჯანში, ქ. ბაქოს ზაქათალას რაიონში. გარდაცვლების მიზეზად დაფიქსირდა პნევმონია. გარდაცვლილს აღენიშნებოდა გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, მწვავე ლიმფლობლასტური ლეიკოზი და პნევმონია;

- ინკუბატორის დატოვების შემდეგ მიმდინარე პერიოდამდე დ.ი–ვი და მ.ი–ვი ცხოვრობენ და იზრდებიან ა.ი–ის დასთან - ბ.ა–თან, მისამართზე: თბილისი, ........... სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ერთიანი ელექტრონული ბაზის მიხედვით, თ.ა–ის საკუთრებაში არსებულ მისამართზე, თბილისი, ........, რეგისტრირებულია 5 პირი: თ.ა–ი, ზ.ა–ი, ბ.ა–ი, მ.ი–ვი და დ.ი–ვი. არასრულწლოვნების ჯანმრთელობაზე, კვებასა და აღზრდაზე ზრუნავენ ბ.ა–ი და მისი მეუღლე თ.ა–ი. ბავშვები აღრიცხვაზე იმყოფებოდნენ შპს „ს.ჰ–ი ?-ში“ და ყველა ასაკობრივი ვაქცინაც გაკეთებული აქვთ. არასრულწლოვნები მონათლული არიან ქრისტიანული წესით;

- ბ.ა–ი და მისი მეუღლე ოთხოთახიან ბინაში ცხოვრობენ დ. და მ.ი–ვებთან ერთად. სახლში დაცულია ჰიგიენის ნორმები, ბავშვების საჭიროებების მიხედვითაა მოწყობილი, აღჭურვილია საჭირო ავეჯითა და საოჯახო ტექნიკით. ბავშვები განსაკუთრებულ მიჯაჭვულობას ამჟღავნებენ ბ–სა და მისი მეუღლის - თ–ის მიმართ, ეხუტებიან, სთხოვენ ხელში აყვანას, დახმარებას. ინტერესს იჩენენ გარემოსა და მისთვის ახალი ადამიანების მიმართ, რაც მათი ასაკისათვის ნორმალურია. არიან ფრთხილები, მითითებებს აღიქვამენ და ემორჩილებიან. არ ახასიათებთ ქცევითი თავისებურებები, არ ჰქონიათ თვითდაზიანების მცდელობა ან სხვა სახის რთული ქცევა, ცნობენ ბ.სა და თ–ის ვაჟს და იმ ადამიანებს, ვინც მათ სახლში ხშირად სტუმრობს. ბავშვებს ოჯახში განსაკუთრებული მზრუნველობითა და სიყვარულით ეპყრობიან. დ. და მ.ი–ვები ჯერჯერობით არ დადიან საბავშვო ბაღში, მათზე ზრუნავენ მამიდა ბ.ა–ი და მისი მეუღლე თ.ა–ი. ორივე ბავშვი უზრუნველყოფილია სეზონური ტანისამოსით და ასაკის შესაფერისი კვების რაციონითა და უსაფრთხო საცხოვრებელი გარემო-პირობებით, კოგნიტური და მოტორული განვითარების ხელშემწყობი სათამაშოებით, სამედიცინო მომსახურებითა და სხვა საჭიროებებით. ბავშვებსა და მათი მამიდის ოჯახის წევრებს შორის შესამჩნევია სიყვარული და მზრუნველობა. ბავშვები ეხუტებიან მამიდას, როცა რაიმე სჭირდებათ მას მიმართავენ, ოჯახში ზრუნავენ ბავშვებზე და მათი საჭიროებების დაკმაყოფილება პრიორიტეტულადაა მიჩნეული. ბავშვების მამიდის ოჯახის შეფასების პერიოდში არ გამოკვეთილა ფაქტები, რომლებიც ბავშვის მიმართ ძალადობის ან შეუსაბამო დამოკიდებულების მაჩვენებელი შეიძლება ყოფილიყო. ბავშვების პირველადი საჭიროებები დაკმაყოფილებულია, აქვთ მზრუნველი, ადეკვატური გარემო. საჭიროების შემთხვევაში, მამიდა უწესებს საზღვრებს, ბავშვების ასაკისა და განვითარების ეტაპების გათვალისწინებით და ასწავლის სოციუმში ცხოვრების წესებსა და ნორმებს. ბ.ა–ი და მისი მეუღლე ცდილობენ, დ.ი და მ. თავად გაზარდონ, მოარიდონ ისინი ყოველგვარ გარემოებას, რაც მათი აზრით, ბავშვებისათვის საფრთხეს წარმოადგენს, შეუქმნან მათ მომავალი ცხოვრებისათვის მყარი საფუძველი;

- ფსიქოლოგიური ცენტრ „პერსონას“ დასკვნაც, რომელიც ეხება არასრულწლოვნების ბ.ა–სა და თ.ა–თან მიჯაჭვულობის საკითხს. ფსიქოლოგ ნ.წ–ის შეფასებით, ბავშვებს პოზიტიური მიჯაჭვულობა აქვთ ა–ების ოჯახის მიმართ. თ.ა–ს ეძახიან „პაპას“. თ.ა–ს სთხოვდნენ, კისერზე დაესვათ და ოთახში გაესეირნებინათ. იღიმებიან, ბედნიერად და დაცულად გრძნობდნენ თავს. ხელის მოკიდებით მიანიშნებდნენ ზ–ს, რომ უნდოდათ მისი თამაშის პროცესში ჩართვა, ბავშვების ქცევაზე დაკვირვებით ისინი აღმზრდელების მიმართ გამოხატავენ დადებით ემოციებს. საქმეში წარმოდგენილია თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე ჩართული ამავე სამსახურის ფსიქოლოგ თ.ს–ას მიერ მომზადებული ფსიქოლოგიური დასკვნაც, რომლის თანახმად, ქცევაზე დაკვირვებით ბავშვები აღმზრდელების მიმართ დადებით ემოციებს გამოხატავენ. ხშირად მიდიან ბიძიასა და მამიდასთან, ეხუტებიან და გამოხატავენ სითბოს მათ მიმართ. ბავშვებს აქვთ სანდო მიჯაჭვულობა მამიდასა და ბიძასთან, სთხოვენ მათ ხელში აყვანას, ეფერებიან და გამოხატავენ სითბოს ჩახუტებით, კოცნით. რაიმეზე უკმაყოფილების შემთხვევაში, მიდიან ბიძასთან და სთხოვენ ხელში აყვანას. სახლში არის მშვიდი ატმოსფერო, აღსანიშნავია, რომ ტყუპები მშვიდად, ლაღად და უსაფრთხოდ გრძნობენ თავს სახლში;

- თ.ა–ი არის მხატვართა კავშირის წევრი და ეწევა შემოქმედებით საქმიანობას. 2013 წლიდან თ.ა–ი და ბ.ა–ი რეგულარულად იღებენ შემოსავალს კომპანიისგან, Tempus-Berlin GmbH, გალერეა ARS PRO DONO-ს მიერ შეკვეთილი ნახატების შესრულებისთვის;

- საქართველოში კორონავირუსის (covid-19) გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლაზე შეზღუდვების დაწესების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვები ამოქმედდა 2020 წლის 18 მარტის 00:00-დან. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაწესდა შეზღუდვა 2020 წლის 14 მარტიდან, რომელიც მოქმედებდა 2022 წლის 18 აპრილის ვითარებით. 2020 წლის სექტემბრიდან 2021 წლის მარტამდე, გამონაკლის შემთხვევებში, საქართველოს მოქალაქეს შეეძლო, ემოგზაურა აზერბაიჯანში სახმელეთო გზით, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტთან არსებული კომისიის მიერ გაცემული სპეციალური ნებართვის საფუძველზე. საჰაერო მიმოსვლა აღდგა 2021 წლის 19 მარტიდან;

- ნ.ი–ვა საქართველოში დაბრუნდა 2021 წლის მარტში და მიმართა ბ.ა–ს ბავშვების დაბრუნების მიზნით, თუმცა მას არ მისცეს მათი ნახვის შესაძლებლობა;

- მხარეთა შორის კონფლიქტური დამოკიდებულებაა. აღძრულია არაერთი სისხლის სამართლის საქმე მხარეთა მიმართ მათი განცხადებების საფუძველზე, გაფორმდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი თ.ა–ის მიმართ, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 29 ოქტომბრის დადგენილებით დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოება შეწყდა შემთხვევის არარსებობის გამო;

- არასრულწლოვნებსა და ნ.ი–ვას შორის გაიმართა შეხვედრა სასამართლოს მიერ გაცემული დროებითი განკარგულებების ფარგლებში, კერძოდ: თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 22 ივლისის დროებითი განკარგულებით, მოსარჩელე ნ.ი–ვას შუამდგომლობა დროებითი განკარგულების მიღების თაობაზე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ნ.ი–ვას არასრულწლოვან შვილებთან – 2020 წლის 3 იანვარს დაბადებულ დ.ი–ვთან და 2020 წლის 3 იანვარს დაბადებულ მ.ი–ვთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა წინამდებარე განჩინების მიღებიდან 2 თვის განმავლობაში ყოველი კვირის ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, 3 საათით, ბავშვების რეჟიმის გათვალისწინებით, მათ საცხოვრებელ ადგილზე ან ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ხოლო 2 თვის შემდეგ ყოველდღე დროის იმავე მონაკვეთში ნეიტრალურ ტერიტორიაზე, საჭიროებისამებრ სოციალური მუშაკის დასწრებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 22 ივლისის განჩინებით გამოცემული დროებითი განკარგულება შეიცვალა იმგვარად, რომ ნ.ი–ვას არასრულწლოვან შვილებთან – 2020 წლის 3 იანვარს დაბადებულ დ.ი–ვთან და 2020 წლის 3 იანვარს დაბადებულ მ.ი–ვთან ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირის ორშაბათი, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, 3 საათით, ბავშვების რეჟიმის გათვალისწინებით, ბავშვების საცხოვრებელ ადგილზე ან ნეიტრალურ ტერიტორიაზე, ასევე, ოთხშაბათი და პარასკევი, 10:00 საათიდან 14:00 საათამდე, ნ.ი–ვას საცხოვრებელ მისამართზე, ქ. თბილისი, საბურთალო, ......, წაყვანის უფლებით და მათი დაბრუნების ვალდებულებით. სასამართლოს 2022 წლის 14 მარტის განჩინებით კი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის განჩინებით გამოცემული დროებითი განკარგულება შეიცვალა იმგვარად, რომ ნ.ი–ვას არასრულწლოვან შვილებთან, 2020 წლის 3 იანვარს დაბადებულ დ.ი–ვთან და 2020 წლის 3 იანვარს დაბადებულ მ.ი–ვთან, ურთიერთობისათვის განესაზღვრა ყოველი კვირის ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ნ.ი–ვას საცხოვრებელ მისამართზე წაყვანის უფლებით და მათი დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო ერთი თვის შემდეგ - ორშაბათს, 12:00 საათიდან სამშაბათს, 11:00 საათამდე, ოთხშაბათსა და პარასკევს, 12:00 საათიდან 17:00 საათამდე, ნ.ი–ვას საცხოვრებელ მისამართზე წაყვანის უფლებით და მათი დაბრუნების ვალდებულებით. აღნიშნული განჩინებებით დადგენილი ურთიერთობის წესის აღსრულების პროცესი მიმდინარეობდა მხარეებს შორის კონფლიქტითა და სოციალური მუშაკისა და საპატრულო პოლიციის ჩართულობით;

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2021 წლის 26 აპრილის განჩინებით, დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე N2/8924-21 მოსარჩელე ბ.ა–ისა და თ.ა–ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ნ.ი–ვას არასრულწლოვანი შვილების დ.ი–ვისა და მ.ი–ვის მიმართ შეეზღუდა მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება - საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და პასპორტის აღების ნაწილში. ასევე, ნ.ი–ვას შეეზღუდა არასრულწლოვანი შვილების დ.ი–ვისა და მ.ი–ვის საქართველოდან გაყვანა/გადაადგილება და საზღვრის კვეთა;

- ნ.ი–ვას საცხოვრებელი მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზაქათალის რაიონ სოფელ ...... ნ.ი–ვას აზერბაიჯანში ჰყავს დედა და ძმა

- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2021 წლის 6 აგვისტოს დასკვნის თანახმად, ნ.ი–ვას შარდის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები: ოპიატები, კოკაინი, ბუპრენორფინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანიბინოლი, ბარბიტურის მჟავას ნაწარმები, ბენზოდიაზეპინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები. გარდა ამისა, სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში 2021 წლის 26 ოქტომბერს ნ.ი–ვას ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნით, იგი დაავადებული არ არის, მას შეუძლია შეიგნოს საკუთარი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი;

- საქმის მასალებით არ დადასტურდა ის გარემოება, რომ ა. ი–ვმა სთხოვა დას, არ გადაეცა ბავშვები ნ.ი–ვასათვის და მათ აღზრდაზე პასუხისმგებლობა 18 წლამდე ა–ების ოჯახს აეღო. აღნიშნული შინაარსის „დანაბარებთან“ მიმართებით შეკითხვა დაესვა ზ.ა–ს, რომელმაც მისი შინაარსის ბ.ა–ისეული განმარტება ვერ დაადასტურა და განმარტა, რომ ბიძა სთხოვდა მის მშობლებს, ეზრუნათ არასრულწლოვნებზე, მიეხედათ მათთვის მისი გარდაცვალების შემდგომ;

- საკომლო წიგნის თანახმად, ნ.ი–ვას სახელზე ირიცხება გარდაცვლილი მეუღლის მშობლისაგან დანაშთი 2013 წელს აშენებული 1-სართულიანი, 4-ოთახიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 120, საცხოვრებელი ფართით 80 კვ.მ, 1.44 ჰა წილი მიწა და 0.15 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაშენებულია თხილის ბაღი, რომელიც ოჯახის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს;

- საქმის განხილვის დროს არასრულწლოვან მ.ი–ვსა და დ.ი–ვზე დედის - ნ.ი–ვას, მხრიდან არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ზეგავლენის კვალი. არასრულწლოვნები დადებით ემოციებს ამჟღავნებენ დედის – ნ.ი–ვას მიმართ, დავის მიმდინარეობისას არასრულწლოვნებსა და ნ.ი–ვას შორის ჩამოყალიბდა პოზიტიური მიჯაჭვულობა. თავდაპირველი სარჩელის მოპასუხე და გაერთიანებული სარჩელის მოსარჩელეები ბ.ა–ი და თ.ა–ი მუდმივად მიუთითებდნენ, რომ ბავშვებს არ სურთ ნ.ი–ვასთან ურთიერთობა და დედა სათანადოდ არ ზრუნავს შვილებზე. აღნიშნულის დასადასტურებლად მათ წარმოადგინეს არაერთი ფოტო და ვიდეოჩანაწერი, საპატრულო პოლიციის ოქმები, მოწმეთა ჩვენებები. სხდომაზე დაკითხულმა ვ.დ–ძემ დაადასტურა, რომ ნ.ი–ვასთან ურთიერთობისას ბავშვები არ ტიროდნენ, თუმცა, იგი უკავშირებს იმ გარემოებას, რომ ნიშანა ხშირად კანფეტებით ცდილობდა ბავშვების კეთილგანწყობის მოპოვებას;

- მოწმე დ.ლ–ის განმარტებით, ბავშვები არ გამოხატავდნენ ნიშანასთან ურთიერთობის სურვილს, არ აქცევდნენ მას ყურადღებას. მ–სა და დ.ს ისეთივე დამოკიდებულება ჰქონდათ ნიშანასთან, როგორიც სხვა ნებისმიერ ნაცნობ პირთან შეიძლება ჰქონოდათ. ნიშანა არ აქცევდა სათანადო ყურადღებას ბავშვებს. სათამაშოდ ერთ ბავშვს უშვებდა, რათა მეორე ჩამოესრიალებინა. მუდმივად ცდილობდა, არ გაეშვა ბავშვები თ. ა–თან. ერთად ორივე ბავშვი არ წაუყვანია, ძირითადად მიჰყავდა ცალ-ცალკე;

- ბავშვები არ იცნობდნენ მოსარჩელეს და პირველ შეხვედრებზე მის მიმართ ჰქონდათ ადეკვატური რეაქცია - მათ სურდათ აღმზრდელებთან ყოფნა და უარს აცხადებდნენ ნ.ი–ვასთან მისვლაზე. თუმცა ეს ვითარება ეტაპობრივად შეიცვალა. თავდაპირველად, დედასთან ურთიერთობა დაამყარა დ–მა, რასაც მისი აღმზრდელები, ასევე მოწმეები ხსნიდნენ იმით, რომ დ. იოლად ამყარებს ურთიერთობას უცნობებთანაც. შემდგომში ნ. ი–ვამ შეძლო ურთიერთობა მ–თანაც. არასრულწლოვნები აღმზრდელების გარეშე თამაშობდნენ სკვერში დედასთან ერთად, ხოლო მოგვიანებით, დროებითი განკარგულების შეცვლის შემდეგ, ნ. ი–ვამ ისინი წაიყვანა თავის საცხოვრებელში. როდესაც ვითარება შეფასდა სოციალური მუშაკის მიერ - როგორც ფსიქოლოგი, ისე სოციალური მუშაკი აცხადებს, რომ ბავშვები თავს კარგად გრძნობდნენ დედასთან, ეთამაშებოდნენ მას, იწვევდნენ სათამაშოდ;

- თავდაპირველად დ–მა ინტერესი გამოხატა სათამაშო მანქანის მიმართ, ხოლო მოგვიანებით, გაუჩნდა დედასთან სიახლოვის მოთხოვნილება და მიეხუტა, რაზეც ნიშანას ბუნებრივად დიდი სიხარული აღეძრა. მ. ემოციებს უზიარებს დედას, დედა ცდილობს, ორივეს მიმართ მზრუნველი იყოს. ფსიქოლოგი განმარტავს, რომ ნ.ი–ვას, როგორც დედის უნარები, რასაკვირველია, დასახვეწია გარკვეული მიმართულებებით, მან უნდა ისწავლოს, როგორ იურთიერთოს შვილებთან, მაგ: თამაშის დროს, ინსტრუქციის მიცემისას, რა წინადადებები უნდა გამოიყენოს, რათა ბავშვები ასაკის შესაბამისად შემეცნებითი, ემოციური კუთხით სწორად განვითარდნენ. ფსიქოლოგი შენიშნავს, რომ ნ.ი–ვა სიყვარულითა და ზრუნვით ამყარებს კომუნიკაციას არასრულწლოვნებთან, ეს იგრძნობა და ადვილი შესამჩნევია მიმართვისას მის ინტონაციაშიც, ის მაქსიმალურად ენერგიულად არის ჩართული ბავშვებთან თამაშისას და ასეთ დროს ბედნიერია. თუმცა, შეინიშნება შესაძლო კულტურული ფაქტორით განპირობებული სქესის უპირატესობა ან დ–ის მსგავსება მამასთან და მისი მონატრებით განპირობებული ქცევა, დ–ის მიმართ არსებობს რისკი, რომ ნიშანა შეეცდება, მისი გასაკეთებელი თავად აკეთოს, რაც დამოუკიდებლობის განვითარებისათვის შემაფერხებელი ქცევა შეიძლება აღმოჩნდეს, ერთგვარ უპირატესობას ავლენს დ–ის მიმართ (ჯერ დ., შემდეგ მ.), რაც შეეხება მშობლობის უნარებს: მოვლის ნაწილში, რაც გულისხმობს სისუფთავეს, აქცევს ყურადღებას, საუბარშივე აღნიშნავს, რომ უნდა გამოკვებოს, სანამ მამიდასთან დააბრუნებს, ნ.ი–ვა ცდილობს, აღზრდის მეთოდის ნაწილში ქცევის შეცვლისთვის გამოიყენოს შენიშვნა, აქებს კიდეც, თუმცა, მას სჭირდება, განმავითარებელი აქტივობების მნიშვნელობის გააზრება, რომ მხოლოდ გასართობი არ არის კონკრეტული თამაში და ის ავითარებს ასაკის შესაბამის უნარებს, სხვაგვარად რომ ვთქვათ, დაეხმარებოდა მშობელთა სკოლის გავლა ცოდნის გაფართოებას ასაკობრივი თავისებურებების ჭრილში, მისი მხრიდან, ასევე აღზრდის მოქნილი სტილის გამოყენებისათვის იქნებოდა უპირატესი. აღსანიშნავია, რომ მას შეზღუდულად აქვს დრო ბავშვებთან და თანდათან ისწავლის დედობისთვის დამახასიათებელ ქცევებსაც. პირველ ვიზიტზე მ. უცხოდ იქცეოდა და დედას ეკვროდა, რაც მათ შორის არსებულ სიახლოვესა და კავშირზე მიუთითებდა, მეორე ვიზიტისას კი დ. იქცეოდა მსგავსად და ფსიქოლოგთან დედასთან ფიზიკური სიახლოვის შემდეგ ურთიერთობდა. ფსიქოლოგმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთა მამიდას, ბ.ა–ს, შესთავაზა კვლევაში მონაწილეობის მიღება. სატელეფონო საუბარში მან აღნიშნა, რომ მას კერძო ფსიქოლოგი ჰყავს და მასთან უნდა გამართოს კვლევა;

- დროებითი განკარგულების აღსრულების ფარგლებში წარმოდგენილია სოციალური მუშაკის მიერ შედგენილი დოკუმენტაცია, სადაც იგი განმარტავს, რომ ბავშვები დ. და მ.ი–ვები ნ.ი–ვასთან თავს მშვიდად და კარგად გრძნობდნენ. ბავშვები ნიშანას მიერ ინიცირებულ თამაშებში აქტიურად ერთვებოდნენ, უღიმოდნენ და მის მიმართ ნდობას გამოხატავდნენ, მისკენ გარბოდნენ და ეხუტებოდნენ, ნიშანა ეფერებოდა ბავშვებს, წაახალისებდა მათ მიერ ინიციატივის გამოჩენას და აქტიურობას, ათვალიერებინებდა გარემოს, მიუთითებდა სხვადასხვა ნივთზე. ნ.ი–ვა ბავშვებთან ურთიერთობისას სრულიად ადეკვატური და მშვიდი იყო, გაწონასწორებული, მაქსიმალურად ინარჩუნებდა დადებით განწყობას, ცდილობდა შვილების დაცვას უარყოფითი ემოციებისგან. იჩენდა სიფრთხილეს მათთან ურთიერთობის პროცესში, იცავდა მათ პოტენციური საფრთხისაგან. გამოხატავდა მზრუნველობას, სითბოს, სიყვარულს შვილების მიმართ. თბილისის იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის მოთხოვნის საფუძველზე ჩართული ამავე სამსახურის ფსიქოლოგ თ.ს–ას მიერ მომზადებული დასკვნაც. ფსიქოლოგის შეფასებით, დ.ი და მ. ადაპტირდებიან იმ გარემოში, სადაც დედა არის, უპრობლემოდ მიჰყვებიან ნიშანას სახლის გარე ტერიტორიაზე და ჩერდებიან მასთან ერთად. ბავშვების გუნება-განწყობა დედასთან ერთად, ჩვეულებისამებრ, მხიარულია. აღსანიშნავია, რომ ტყუპები დედასთან რაიმეზე პროტესტს ან უკმაყოფილებას არ გამოხატავენ. მ–ს მხიარულად გაჰყავს დროს ნ.ი–ვას საცხოვრებელ ადგილზე, თამაშობს, ცელქობს, იმალება კარადაში და ელოდება, რომ თამაშში აჰყვნენ. დ. უცხო ადამაინების დანახვისას ისევ მორცხვობს, შემდგომ კი ისიც თამამდება და თამაშობს. ნ.ი–ვა ადასტურებს, რომ „დ. უცხო ადამიანების მიმართ თავდაპირველად მორცხვობს“, რის შემდგომაც ნიშანა ცდილობს, დ–ს კონტაქტის დამყარებაში დაეხმაროს, მიმართავს მსგავსი ფრაზებით - „დე აბა ვთქვათ ეს რა არის ..“, რა დროსაც დ. დედას კოცნის. საცხოვრებელ ადგილზე ყოფნის დროს, დ. ძირითადად დედასთან ერთად იყო, ნიშანას დ. აჰყავდა ხელში და ეფერებოდა. ნ.ი–ვა ორივე ბავშვის მიმართ თანაბარ მზრუნველობასა და სითბოს გამოხატავს. ობიექტური შეფასებით, ბავშვებს არ აქვთ უცხოობის, პროტესტის განცდა დედის მისამართით. ვიზიტის დროს არ გამოკვეთილა რაიმე ისეთი გარემოება, რაც ტყუპებისა და ნიშანას ურთიერთდამოკიდებულობის ნეგატიურ მხარეზე მიუთითებს;

- პერიოდულად ერთ-ერთ ბავშვი უარს აცხადებდა დედასთან წასვლაზე, რასაც ბ. და თ. ა–ბი ხსნიდნენ ბავშვებისათვის არასასურველი ქცევით. ბ. და თ.ა–ები აცხადებდნენ, რომ დ–ა დაზიანებები ლოყასა და ტუჩზე დედასთან ყოფნის პერიოდში მიიღო, თუმცა შემდეგ უარყვეს აღნიშნული. მოგვიანებით ისინი აცხადებდნენ, რომ ნ. ი–ვამ სპეციალურად მიაყენა დამწვრობა დ–ს. დამწვრობის ფაქტი უდავოა, თუმცა უტყუარი მტკიცებულებებით ბავშვის დაზიანების ფაქტის დედასთან კავშირი არ დასტურდება. ნ.ი–ვას განმარტებით, ბ. და თ.ა–ები რიგ შემთხვევებში განზრახ ქმნიდნენ ისეთ ვითარებას, რომ ბავშვებს არ გასჩენოდათ მასთან წასვლის. საქმეში წარმოდგენილია ვიდეო ჩანაწერები (ნაწილი წარმოდგენილია მოსარჩელის, ხოლო ნაწილი მოპასუხის მიერ), სადაც აღბეჭდილია, რომ ბ.ა–ი მიჰყვება ნ.ი–ვას, რომელსაც მიჰყავს ბავშვები და უხმობს მათ. ერთ შემთხვევაში ის სადარბაზოს ღიობიდან ეზოში ეძახის მ–ს, რომელიც, როგორც ჩანს, გაჰყვა დედას. ისეთ ვითარებაში, როდესაც ბავშვებისთვის პირველად მიჯაჭვულობის ობიექტს მამიდა და ბიძა წარმოადგენენ, ბავშვების ბუნებრივი სავარაუდო რეაქცია მათთან დაბრუნება იქნებოდა. ჩანაწერებით დასტურდება ნ. ი–ვას განმარტებაც, რომ მისი მისვლის დროისათვის სადარბაზოს უჯრედში განთავსებული იყო ხოლმე ზამბარებიანი საწოლი, წყლით სავსე ვარცლი, რაც იწვევდა ბავშვების იქ თამაშის სურვილს, რის გამოც უარს აცხადებდნენ დედასთან წასვლაზე;

- სოციალური მუშაკის 2022 წლის 14 თებერვლის დასკვნაში ასახულია საპატრულო პოლიციის თანამშრომლის განმარტება, რომლის თანახმად, ბავშვები და ნიშანა იყვნენ ა–ების კორპუსიდან საკმაოდ შორს წამოსულები, ამ მანძილამდე დ. თავისუფლად გაჰყვა დედას, მაგრამ პატრულის თანამშრომელი გამოთქვამდა ეჭვს, რომ თ. ა–ი სპეციალურად მიჰყვებოდა უკან დედასა და შვილებს, რომ გარკვეულ მომენტში ბავშვი გასტირებოდა და ხელი შეეშალა აღსრულების პროცესისთვის. შედეგად დ–მა ისევ ტირილი დაიწყო, რაც თ. ა–მა ტელეფონით გადაიღო. გარდა ამისა, დ–ის დამოკიდებულების ცვლილება, სავარაუდოდ, განაპირობა 2021 წლის 19 დეკემბრის ფაქტმა, როდესაც შეხვედრების ხანგრძლივი შეწყვეტის შემდეგ ის დედამ წაიყვანა ექიმთან გახეთქილ ტუჩზე ნაკერის დადების მიზნით, რაც, ცხადია, უსიამოვნო და მტკივნეული პროცედურაა. შესაბამისად, დედასთან ერთად ავტომანქანაში ჩაჯდომას ის მისთვის არასასიამოვნო ფაქტს უკავშირებს;

13. საკასაციო პალატა, უპირველესად, განმარტავს, რომ სასამართლომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს მხარისათვის განჭვრეტადი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მხარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Ruiz Torija v. Spain, §§ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიძლება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუხის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელია მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა, ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა აძლევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ., გადაწყვეტილება საქმეზე Seryavin and Others v. Ukraine §§ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებებზე (იხ. Kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands, § 59; Perez v. France, § 80). ამასთან, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ ჰქონდეთ კომენტარის საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასა და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით (იხ. Milatova and others v. The Czech republic §59; Niderost-huber v. Switzerland, § 24; K.S. v. finland § 21; ).

14. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის კანონიერება წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ. ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ბავშვის უფლებათა კოდექსის 24.1 მუხლის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდის, განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.

15. კასატორები არ ეთანხმებიან გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს იმის შესახებ, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია, არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი ადგილი და პრეტენზიას აცხადებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ, საქმის გარემოებების ყოველმხრივ და სრულად გამოკვლევის თაობაზე. საკასაციო საჩივრის პრეტენზიების გათვალისწინებით საკასაციო პალატის კვლევის საგანს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენა წარმოადგენს. ამ მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულ მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში (იხ.სუსგ №ას-716-2021, 23 ივნისი, 2022წ.).

16. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის №12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი). ამავდროულად, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით, დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე–12 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები, გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს, რომ ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულებრივ საცხოვრებელ ადგილად. სტანდარტულად, ბავშვის ჩვეულებრივი საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობს რეალურად ბავშვი ანუ ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად დამოკიდებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ფსიქოემოციურ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე (იხ. სუსგ №ას-70-2022, 16 თებერვალი, 2022 წ.; №ას-53-51-2016, 6 ივლისი, 2016 წელი, ასევე იხ. სუსგ №ას-1302-2023 18 იანვარი, 2024 წელი).

17. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზეც. საოჯახოსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალკე თავის სახით არის გამოყოფილი, რადგან მას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები. ამ თავისებურებას განაპირობებს საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკა, რომელიც უპირატესად პირადული და განგრძობადია. ერთ-ერთ ფუნდამენტურ თავისებურებას საოჯახოსამართლებრივი დავების განხილვისას, სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ინკვიზიციურობის პრინციპის უფრო ფართოდ გამოყენება. მართალია, საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძოსამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვნის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას.

18. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს, რომელიც იხილავს კონკრეტულ საოჯახო-სამართლებრივ დავას, მინიჭებული აქვს უფლება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის მე-2 ნაწილისა და 354-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, არ დასჯერდეს მხოლოდ მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და თავისი ინიციატივით განსაზღვროს იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა (მტკიცების საგანი). მაშასადამე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დებულება არის სპეციალური ნორმა და მას უპირატესობა ენიჭება ამავე კოდექსის 103-ე მუხლით გათვალისწინებულ ზოგად ნორმასთან შედარებით. ამ კატეგორიის საქმეთა განხილვისას სასამართლოს შეუძლია: ა) თავად განსაზღვროს მტკიცების საგანი, ე.ი. იმ გარემოებათა წრე, რომელთა დადგენის გარეშე შეუძლებელია საქმის სწორად გადაწყვეტა; ბ) თავისი ინიციატივით გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზეც მხარეებს არ მიუთითებიათ, მაგრამ აქვთ მნიშვნელობა მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების დასადგენად (იხ., სუსგ №ას-173-2022, 8 ივლისი, 2022წ.)

19. საოჯახო საქმეთა განხილვისას პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სასამართლოს აძლევს უფლებას, „წარმართოს საქმის წარმოება“, რაც ნიშნავს იმას, რომ სასამართლო არსებით გავლენას ახდენს საქმის მიმდინარეობასა და პროცესის შედეგზე. სასამართლომ საქმის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე უნდა უზრუნველყოს, რომ მხარეებმა წარადგინონ განმარტებები და შესაბამისი შუამდგომლობები. სასამართლოს აკისრია ვალდებულება, მისცეს მხარეებს განმარტებები, რომლითაც ისინი გადალახავენ დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებიდან გამომდინარე სიძნელეებს. შეჯიბრებითობის პრინციპის პარალელურად, სასამართლოს გადაცემული აქვს პროცესის მატერიალური ხელმძღვანელობის უფლებამოსილება, თუმცა აქ დგება ამ ორი პრინციპის, მხარეთა შეჯიბრებითობისა და სასამართლოს აქტიურობის პრინციპების პროპორციის საკითხი. ამიტომაც, შეჯიბრებითობის პრინციპი არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც სასამართლოს უკიდურესი პასიურობა. საპროცესო კანონმდებლობით სასამართლოს არ ერთმევა უფლება, შესთავაზოს მხარეებს, წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები, ასე მაგალითად, მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან დავა შეეხება არასრულწლოვნის კანონიერ ინტერესებს, აქ უპირატესია ბავშვის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელი წინაპირობების გათვალისწინება. შესაბამისად, არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლოს ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები (იხ., სუსგ საქმე №ას-53-51-2016, 6 ივლისი, 2016 წელი.).

20. ამასთან, საკასაციო პალატა მიუთითებს ბავშვთა უფლებების შესახებ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის მე-18 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის შესაბამისად, მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს. ამავე კონვენციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავისი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. 1989 წლის 20 ნოემბრის ბავშვის უფლებების შესახებ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას.

21. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია, უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით, უპირველესად, უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

22. მაშასადამე, სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახოსამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლის საფუძველზე კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სამოქალაქო კოდექსის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას (ბავშვთა უფლებათა კონვენციის 3.1 მუხლი). ბავშვი არ უნდა განშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

23. საქართველოს კონსტიტუციით, მის მიერ ხელმოწერილი და რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაერთიანებული ერების 1989 წლის კონვენციით და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და განსაზღვრულია, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში (სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1197). მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი, არასრულწლოვნის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა მშობლის უფლების მქონე მშობლების საცხოვრებელი, ხოლო სამეურვეო პირისა - მეურვის საცხოვრებელი ადგილი.

24. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაერთიანებული ერების კონვენციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: „მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულად იქონიოს პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტი ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება“. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებულ ოჯახური ცხოვრების უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და, შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადაწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობასა და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). საქმეში “საჰინი გერმანიის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ განმარტა, რომ „კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს ბავშვისა და მშობლების ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას და ამ ბალანსის ძიებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). აღნიშნულმა პრინციპმა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც ჰპოვა ასახვა, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებებსა და მოვალეობებს შვილების მიმართ, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თუმცა, იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

25. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები: (ა) არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; (ბ) არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა ან გამორიცხვა პროპორციული ზომა, და (გ) არის თუ არა უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები უნდა გათვალისწინდეს მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII).

26. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტში გადმოცემულ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების მამა გარდაცვლილია, ბავშვების დედას კი, არ ეძლეოდა შესაძლებლობა, ჯეროვანი ურთიერთობა ჰქონოდა მის შვილებთან, აღეზარდა და ეზრუნა მათზე. ბავშვებს დაბადებიდან ზრდიდა მამიდა და მისი ქმარი, რომელთაც განსაკუთრებულად დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ბავშვების დედასთან, ისინი დავის სასამართლოში განხილვის ეტაპზეც, ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ არასრულწლოვნებსა და მათ დედას შორის დამყარებულიყო ჯანსაღი ურთიერთობა, ეს ყოველივე კი მაშინ, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 9 ივნისის N2/4681-20 გადაწყვეტილებით, ა.ი–ი და ნ.ი–ვა ცნობილ იქნენ 2020 წლის 3 იანვარს დაბადებული დ.ი–ვისა და მ.ი–ვის მშობლებად, რის საფუძველზეც შესაბამისი ცვლილება შევიდა არასრულწლოვნების დაბადების სააქტო ჩანაწერში და დედის გრაფაში მიეთითა დედა - ნ.ი–ვა, მამის გრაფაში მამა - ა.ი–ი. შესაბამისად, გაცემულია არასრულწლოვნების დაბადების მოწმობები, სადაც ნ.ი–ვა ფიქსირდება დედის გრაფაში. განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ დაბადების მოწმობების ნამდვილობა, საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე, კანონით დადგენილი წესით, სადავოდ არ გამხდარა, მშობლის უფლება ჩამორთმეული არ არის, რაც სასამართლოს უქმნის ვარაუდს, რომ ერთ-ერთი მშობლის (მამის) გარდაცვალების პირობებში, ერთადერთი კანონიერი წარმომადგენელი არასრულწლოვანი ბავშვებისა, არის დედა - ნ.ი–ვა.

27. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „რ. და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ, ECHR,18.12.2018წ,“ მიუთითა, რომ მშობლისა და ბავშვის ერთად ყოფნის, თანაცხოვრების სიამოვნება ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის, „ოჯახური ცხოვრების“ უფლების ძირითადი არსია, მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობა მშობელსა და ბავშვს შორის გარკვეულწილად პრობლემურია. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური ცხოვრება, კონვენციის მიხედვით ძირითადად დაცულია სახელმწიფოს მხრიდან შერჩევითი ჩარევის შემთხვევებისგან, დამატებით არსებობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება – „პატივი სცეს“ ოჯახურ ცხოვრებას. სახელმწიფოს პოზიტიური ღონისძიება მე-8 მუხლის მიზნებისთვის გულისხმობს სახელმწიფო ორგანოების ნაბიჯებს, გააერთიანოს მშობლები და ბავშვები, ხელი შეუწყოს მათ ერთმანეთთან დაბრუნებას. ოჯახების გაერთიანება ეხება არა მარტო იმ შემთხვევებს, როდესაც ბავშვი მოთავსებულია სახელმწიფო სამზრუნველო დაწესებულებაში, საიდანაც უწევს ოჯახში დაბრუნება, არამედ იმ შემთხვევებსაც, როდესაც მშობლებს შორის მიმდინარეობს ბავშვებთან ურთიერთობისა და საცხოვრებლის განსაზღვრის თაობაზე საოჯახო დავა. ეს პოზიტიური ვალდებულება გულისხმობს როგორც კანონმდებლობის არსებობას, ისე - მის ეფექტიან აღსრულებას. სასამართლო ამოწმებს, იყოს თუ არა დაცული ბალანსი ინდივიდისა და საზოგადოების, მათ შორის, მესამე პირების, ინტერესებს შორის. ამ ბალანსის დაცვის პროცესში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესს, რომელიც, გარემოებების არსიდან და სირთულიდან გამომდინარე, შესაძლოა, აჭარბებდეს მშობლების ინტერესის დაცვის მიზანს. ამავე დროს, სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ბავშვი მოწყვლადია და განსაკუთრებულ დაცვას საჭიროებს.

28. თავის მხრივ, არასრულწლოვნის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) – მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის – სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია უნივერსალური საერთაშორისოსამართლებრივი აქტებითაც, რომლებიც სახელმწიფო მხრიდან აწესებენ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, დაცულ იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისაგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, მოცემულ შემთხვევაში – დედასთან, რათა გაძლიერდეს ერთჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესით ბავშვთან ურთიერთობის შეზღუდვისათვის (შდრ. სუსგ-ები: №ას-63-59-2017, 13 ნოემბერი, 2018წ.; № ას-1837-2019, 16 ივნისი, 2020 წ ; № ას- 440-2020, 13 აპრილი, 2021 წ; № ას-434-2021, 30 ივლისი, 2021წ; №ას-173-2022, 08 ივლისი, 2022 წ; №ას-1635-2022, 31 მარტი, 2023 წ.).

30. საკასაციო პალატის მოსაზრებით, როდესაც საქმე არასრულწლოვნის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასა და ერთადერთ ცოცხალ მშობელთან ურთიერთობის მოწესრიგებას ეხება, განსაკუთრებული სიფრთხილით შეფასებას მოითხოვს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პირებისა თუ შესაბამისი სპეციალისტების (ფსიქოლოგის) დასკვნები, რომელთა შინაარსიც დეტალურადაა გადმოცემული და შესწავლილი წინამდებარე განჩინების მე-12 პუნქტში. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება სრულად შეესაბამება ზემოთ აღწერილ საერთაშორისო პრინციპებსა და მიდგომებს. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებმა გასაჩივრებული განჩინების არაკანონიერების, ძირითადი სარჩელის უარყოფისა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების აუცილებლობაში საკასაციო პალატა ვერ დაარწმუნეს. დასაბუთებულ შედავებად ვერ მიიჩნევა საკასაციო საჩივარში მოყვანილი ზეპირი ახსნა-განმარტებები, რომლებიც საქმეში წარმოდგენილი არცერთი განკუთვნადი მტკიცებულებით არ დგინდება, და წარმოადგენს მხოლოდ კასატორთა მიერ ფაქტების სუბიექტურ აღქმას/გადმოცემას. სახელდობრ, მათ ვერ დაადასტურეს არასრულწლოვანთა მამის მიერ მისი დისთვის ბავშვების სრულწლოვანებამდე აღზრდის მინდობის ფაქტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც ნ.ი–ვა და მისი მეუღლე მრავალი წლის განმავლობაში ცდილობდნენ შვილების ყოლას. ამიტომ, მეტად სარწმუნოა სააპელაციო პალატის ის დასკვნა, რომ ამგვარი თხოვნის არსებობის პირობებშიც, ა. ი–ვი დის ოჯახს არასრულწლოვნებზე იმგვარ ზრუნვას „ავალებდა“, რაც შეიძლება ახლო ნათესაური კავშირით იქნეს ნაკარნახევი წეს-ჩვეულებებიდან გამომდინარე და არ გულისხმობდა ნ.ი–ვას, როგორც დედის გამორიცხვას ბავშვების ცხოვრებიდან.

31. ასევე ვერ იქნება გაზიარებული კასატორთა მოსაზრება ბავშვის სავარაუდო საცხოვრებელი ადგილის არასათანადო გამოკვლევასთან დაკავშირებით. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საკომლო წიგნის თანახმად, ნ.ი–ვას სახელზე ირიცხება გარდაცვლილი მეუღლის მშობლისაგან დანაშთი 2013 წელს აშენებული ერთსართულიანი, ოთხოთახიანი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი, საერთო ფართით 120, საცხოვრებელი ფართით 80 კვ.მ, 1.44 ჰა წილი მიწა და 0.15 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე გაშენებულია თხილის ბაღი, რომელიც ოჯახის შემოსავლის წყაროა, საპირისპიროს დამადასტურებელი მტკიცებულება კი, კასატორებს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ წარმოუდგენიათ. გარდა ამისა, სოცმუშაკებისა და ფსიქოლოგების დასკვნაში ვკითხულობთ, რომ საქართველოში ყოფნის დროსაც, ნ.ი–ვამ გაითვალისწინა ყველა მითითება, რათა ბავშვებისთვის მეტად კომფორტული და ღირსეული საცხოვრებელი გარემო შეექმნა, რაც სპეციალისტების სხვა დასკვნებთან ერთობლივად, რომლებიც დედასა და შვილებს შორის ურთიერთობას, ფსიქოემოციურ დამოკიდებულებას, ზრუნვის ხარისხსა და დედის ბავშვების აღზრდის მიმართ მზაობას აღწერს, ადასტურებს, რომ ბავშვები დედასთან იქნებიან მშვიდ, წყნარ, ოჯახურ, უსაფრთხო და თბილ გარემოში.

32. შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ გამოიკვეთა ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მათთვის განსაზღვრული ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა და საცხოვრებელ ადგილად მამიდის და მისი ქმრის - კასატორების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა.

33. საკასაციო პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივი აღსრულების შეჩერების თაობაზე კასატორთა შუამდგომლობას. ზოგადად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა უშვებს გამონაკლისსაც, როდესაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად გადაეცემა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა გამო გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება, მხარეს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ან, თუ გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი აღმოჩნდება. სასამართლო გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების წინაპირობებს ადგენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილი. დასახელებული ნორმის საფუძველზე, კანონმდებელი უშვებს განსაკუთრებული კატეგორიის დავებზე გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევას მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც გამოწვეულია დავის საგნის სპეციფიკურობის გათვალისწინებით, მოსარჩელის ინტერესების მომეტებულად დაცვის საჭიროებიდან. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა დაუკავშირა იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულებების ფარგლებში დედასა და ბავშვებს შორის კომუნიკაცია შედგა, კონტაქტი დამყარდა და მათი ურთიერთდამოკიდებულება დადებითად შეიცვალა, ხსენებული ტენდენციის შენარჩუნებისთვის კი, პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიქცეულიყო დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, რათა არ გამწყდარიყო ნ.ი–ვასა და ტყუპებს შორის დამყარებული კავშირი და დედას შესაძლებლობა მისცემოდა, იურთიერთოს შვილებთან, დაკავდეს მათი აღზრდით და მათზე ზრუნვით შეუზღუდავად, მშვიდ და კეთილსაიმედო გარემოში. ამგვარად, იმ პირობებში, როდესაც სააპელაციო პალატის განჩინებაზე წარდგენილი საკასაციო საჩივარიც დაუსაბუთებლობის გამო, დაუშვებლად იქნა მიჩნეული, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ გადაწყვეტილების შეჩერების ფაქტობრივსამართლებრივი საფუძვლები.

34. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი ვერ მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

35. კასატორებმა ვერ დაასაბუთეს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება.

36. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

37. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

38. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

ბ.ა–ისა და თ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად; ბ.ა–ისა და თ.ა–ის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების დროებით შეჩერებასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი