Facebook Twitter

¹ბს-1034-985(კ-06) 11 იანვარი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 24.11.06წ. განჩინების გაუქმებაზე საქართველოს კოტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

გ. ე-ემ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ მოპასუხისთვის სახლეფასო დავალიანების 862,97 ლარის გადახდის დაკისრება.

მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 1992-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატის სამეურნეო სამმართველოში. 2004 წლის აგვისტოში იგი გათავისუფლდა სამსახურიდან სისტემაში მიდმინარე რეორგანიზაციის გამო. სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდისთვის დარჩა მიუღებელი ხელფასი 826,27 ლარის ოდენობით, საიდანაც ხელზე მისაღები თანხა შეადგენს 698,79 ლარს, რაც აღიარებულია კონტროლის პალატის მიერ. მოსარჩელის მითითებით მან არაერთხელ მიმართა საქართველოს კონტროლის პალატას დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით, მაგრამ მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მოპასუხე მხარემ აცნობა მას, რომ თუ ფინანსთა სამინისტროს მიერ მოხდებოდა წლის განმავლობაში დამატებითი თანხის გამოყოფა, დაკმაყოფილდებოდა მისი მოთხოვნა და დაიფარებოდა სახელფასო დავალიანება.

სასარჩელო განცხადებას თან დაერთო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილის მიერ 14.09.04წ. ¹210/17, 23.03.05წ. ¹335/17 ცნობები, რომლებითაც გ. ე-ეს ეცნობა, რომ დავალიანების დაფარვა მოხდება ფინანსთა სამინისტროს მიერ პალატისათვის შესაბამისი დაფინანსების შემდეგ. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის პირველი მოადგილის 15.06.05წ. ¹719/17 ცნობით დადასტურდა გ. ე-ის მიმართ სახელფასო დავალიანების არსებობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.08.05წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე საქართველოს კონტროლის პალატას დაეკისრა მოსარჩელე გ. ე-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების 862 ლარისა და 97 თეთრის გადახდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.08.05წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის სახელფასო დავალიანების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის დაკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 24.11.06წ. განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 26.08.05წ. გადაწყვეტილება.

საააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: გ. ე-ე 1992-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს კონტროლის პალატაში. დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა 2004 წლის აგვისტოში. სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გ. ე-ის მიმართ სახელფასო დავალიანების ოდენობა შეადგენს 862,97 ლარს.

სააპელაციო პალატის მითითებით ,,საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 2.2 მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატის თანამშრომელი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს და მის მიმართ გამოიყენება მითითებული კანონის ნორმები. ამავე კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო- ხელფასი. ხოლო მე-14.1 მუხლის თანამხად, საქართველოს შრომის კანონმდებლობა მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, მუშას ან მოსამსახურეს მისი დათხოვნისას, საწარმოსგან, დაწესებულებისაგან, ორგანიზაციისაგან კუთვნილი თანხა ეძლევა დათხოვნის დღეს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ დარღვეული იქნა მითითებულ ნორმათა მოთხოვნები, ვინაიდან გათავისუფლების დღიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დღემდე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გ. ე-ის მიმართ საბოლოო ანგარიშსწორება არ მომხდარა.

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლობის მოტივით არ გაიზიარა კონტროლის პალატის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სახელფასო დავალიანების გადახდა უნდა დაეკისროს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისთვის სახელფასო დავალიანების დაკმაყოფილების უზრუნველყოფის დაკისრება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის.

კასატორის განმარტებით მოსარჩელის მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანება გამოიწვია 1998-2000 წლებში ქვეყანაში შექმნილმა მძიმე ეკონომიურმა მდგომარეობამ, რის გამოც არ მოხდა კონტროლის პალატის შენახვის ხარჯებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული დაცული მუხლების სრულად დაფინანსება. არც შემდგომ პერიოდში იქნა გათვალისწინებული ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონში საქართველოს კონტროლის პალატისთვის თანხის გამოყოფა გაუცემელი ხელფასების და სამივლინებო დავალიანებათა დასაფარავად. საქართველოს 2001-2006 წლების ,,სახელმწიფო ბიჯეტის შესახებ” კანონებით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანების დაფარვის ხარჯებისთვის, მათ შორის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად სახელმწიფო სამსახურიდან დათხოვნილ მუშაკთა საბოლოო ანგარიშსწორებისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნა გარკვეული თანხები, საიდანაც საქართველოს კონტროლის პალატას დღემდე ასიგნება არ მიუღია. ,,საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის თანახმად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენს საბიუჯეტო დაწესებულებას და დაფინანსების სხვა წყარო არ გააჩნია. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელიც გამოდის სახელმწიფოს სახელით, წარმოადგენს სოლიდარულ მოვალეს კონტროლის პალატასთან ერთად, მისი სოლიდარული ვალდებულება წარმოშობილია კონტროლის პალატასთან ერთად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გასაჩივრებული განჩინების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან. საკასაციო სასამართლოს სადავო საკითხის მიმართ გააჩნია ჩამოყალიბებული ერთიანი პოზიცია და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში საქმეს არ გააჩნია პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაშვების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.