საქმე №ას-1280-2024
7 ნოემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე - გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ.ბ–ძე (განმცხადებელი)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2022 წლის 12 დეკემბერს მოსარჩელედ მითითებულმა პირებმა - ხ.დ–ძემ, ზ.ბ–ძემ, გ.დ–ძემ, ზ.ბ–ძემ, ზ.ბ–ძემ, ზ.ბ–ძემ, ც.კ–მა, მ.წ–მა, შ.ვ–ძემ, გ.ვ–ძემ, ზ.ვ–ძემ, ლ.გ–ვამ, მ.წ–მა, ი.ჯ–მა, რ.წ–მა, ჯ.წ–მა, მ.მ–ძემ, ი.მ–ძემ, შ.ლ–მა, ა.ბ–ძემ, ი.ბ–ძემ, გ.ბ–ძემ, ზ.კ–მა, ლ.ხ–მა, მ.წ–მა, ბ.წ–მა, მ.ბ–ძემ, მ.წ–მა, ფ.წ–მა, კ.წ–მა, რ.წ–მა, ე.წ–მა, ვ.ბ–ძემ, თ.ბ–ძემ - წარადგინეს სარჩელი, მოპასუხე შპს ,,ჯ.მ–ის‘’ მიმართ და მოითხოვეს ზიანის ანაზღაურება.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 დეკემბრის განჩინებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის მიღებაზე, ე.წ–ს უარი ეთქვა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების მიღებაზე.
3. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივრები შეიტანეს გ.ბ–ძემ და ე.წ–მა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინებებით გ.ბ–ძისა და ე.წ–ის კერძო საჩივრები, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა გ.ბ–ძემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებით გ.ბ–ძის განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათ გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 11 დეკემბრის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ბ–ძემ.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით გ.ბ–ძეს დაევალა კერძო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) კერძო საჩივარი დედანი ხელმოწერით, რომელშიც ნათლად და გარკვევით იქნება ჩამოყალიბებული კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით და კერძო საჩივრის საფუძვლები (მიზეზები); ბ) 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
9. ზემოაღნიშნული განჩინება მხარეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2024 წლის 15 ოქტომბერს პირადად.
10. გ.ბ–ძემ 2024 წლის 27 ოქტომბერს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით საქართვლოს უზენაეს სასამართლოსი გამოაგზავნა განცხადება, სადაც ითხოვს ხარვეზის ვადის გაგრძელებას 10 დღით, ასევე ითხოვს ზემოაღნიშნული განჩინების განმარტებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. მითითებული ნორმის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო კერძო საჩივრის განხილვისას ხელმძღვანელობს მოცემული ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი ნორმებით.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
14. განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით გ.ბ–ძეს დაევალა, მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: ა) კერძო საჩივარი დედანი ხელმოწერით, რომელშიც ნათლად და გარკვევით იქნება ჩამოყალიბებული კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა გასაჩივრებულ განჩინებასთან მიმართებით და კერძო საჩივრის საფუძვლები (მიზეზები); ბ) 50 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.
15. ხარვეზის შესახებ განჩინება კერძო საჩივრის ავტორს გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, კერძო საჩივარში მითითებულ მისამართზე - ჭიათურა, სოფ. ..... საქმეში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებით დგინდება, რომ გზავნილი 2024 წლის 15 ოქტომბერს ჩაბარდა ადრესატს პირადად (იხ. ჩაბარების დასტური ს.ფ. 414).
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისთვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 16 ოქტომბერს და ამოიწურა 2024 წლის 20 ოქტომბერს. ვინაიდან 20 ოქტომბერი იყო არასამუშაო დღე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო სამუშაო დღეს, 2024 წლის 21 ოქტომბერს.
18. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ 2024 წლის 27 ოქტომბერს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოვიდა გ.ბ–ძის განცხადება, ხარვეზის ვადის გაგრძელებისა და განჩინების განმარტების თაობაზე.
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას. ვინაიდან გ.ბ–ძემ განცხადება წარმოადგინა ხარვეზის განჩინებით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს ხარვეზის გაგრძელებისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინების განმარტების თაობაზე.
20. გამომდინარე იქედან, რომ კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ ხარვეზის განჩინებით დადგენილ ვადაში განცხადება წარმოადგინა საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ.ბ–ძის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველი;
2. გ.ბ–ძის შუამდგომლობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინების განმარტების თაობაზე დარჩეს განუხილველი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და გასაჩივრდება.
მოსამართლე გიზო უბილავა