საქმე №ას-632-2023 6 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ფ.ს–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „უ.ე.ლ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება/განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „უ.ე.ლ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „მოსარჩელე კომპანია) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ფ.ს–ის“ (შემდგომში - „მოპასუხე“, „მოპასუხე კომპანია“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მის სასარგებლოდ 5 550 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდის დაკისრება, 600 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში, 3 882 ლარისა და 1 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარში გადახდის დაკისრება.
2. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 5 550 აშშ დოლარისა და 600 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა.
4. მოსარჩელემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე წარადგინა სააპელაციო საჩივარი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით მოსარჩელის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ დაკმაყოფილდა; მოსარჩელე კომპანიის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და სასამართლო ხარჯების განაწილების ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტი) და აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება; მოპასუხე კომპანიას მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა სატვირთო ავტომობილის შეკეთების ხარჯის - 3 882 ლარისა და ავტომობილის შეკეთების დროს ავტომობილის მოცდენით გამოწვეული ზიანის - 1 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდა; მოპასუხე კომპანიას მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ დაეკისრა ასევე იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1 000 ლარის ანაზღაურება.
6. სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა მოპასუხე კომპანიამ.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 17 თებერვლის განჩინებით მოპასუხე კომპანიის საჩივარი არ დაკმაყოფილდა; ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, რომელიც დანიშნული იყო 2022 წლის 09 დეკემბერს 15:00 საათზე, არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე - მოპასუხე კომპანია.
9. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საჩივრის ავტორი არ მიუთითებდა სსსკ-ის 233.1 და 215.3. მუხლებით გათვალისწინებულ, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების რომელიმე საფუძველზე. საჩივრის ავტორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვდა მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და ამავე კოდექსის 230.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დადგენილად ჩათვალა მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლის მიერ საჩივარსა და სააპელაციო სასამართლოსათვის მიცემულ განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხემ დაარღვია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კერძოდ, მოპასუხისთვის მიწოდებული ტვირთის ავტომობილებიდან ჩამოტვირთვა წარმოადგენდა მის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას. ტვირთის დაცლის დროს დაზიანდა ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილი. ვინაიდან სატვირთო ავტომობილი მოსარჩელის საკუთრებას არ წარმოადგენდა და ავტომობილის მოცდენის გამო მოსარჩელეს ეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოსარჩელემ საკუთარი ხარჯებით სასწრაფოდ შეაკეთა სატვირთო ავტომობილი და გააგზავნა თურქეთში, რათა მოცდენილი დღეების ოდენობა და, შესაბამისად, დამატებითი ხარჯი არ გაზრდილიყო. საქართველოში ავტომობილის შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 3 882 ლარი, ხოლო მოცდენის 10 დღის გამო დამატებით მოსარჩელეს დაეკისრა 1 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება. შესაბამისად, მოსარჩელე მიიჩნევდა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმებულიყო იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა დაცლის დროს სატვირთო ავტომობილის დაზიანების შედეგად დამდგარი ზიანის 1 000 აშშ დოლარისა და 3 882 ლარის ანაზღაურების შესახებ.
11. სააპელაციო სასამართლომ სსსკ-ის 230.2 მუხლის მოთხოვნათა მიხედვით, სამართლებრივი თვალსაზრისით შეაფასა ზემოთაღნიშნული დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები და მიიჩნია, რომ ეს გარემოებები სსკ-ის 396-ე, 394.1., 408.1., 679-ე მუხლების თანახმად, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის მოთხოვნას.
12. დავის არსებით მხარესთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იხილავს მტკიცებულებებს, არ შედის წარმოდგენილი მტკიცებულებების არსებით კვლევაში, მსჯელობს მხოლოდ სარჩელის შინაარსის ფარგლებში და სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას.
13. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 261-ე და 37-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ, ვინაიდან ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები წარმოადგენს სასამართლოსგარეშე ხარჯებს და არა - სასამართლო ხარჯებს, რასაც სსსკ-ის 261.1. მუხლის „გ“ ქვეპუნქტი მოიაზრებს და მიუთითებს სწორედ სასამართლო ხარჯების გადაუწყვეტობის შემთხვევაში სსსკ-ის 261-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობაზე, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების რეჟიმში სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ემსჯელა ადვოკატის ხარჯებზე. პალატის მოსაზრებით, სსსკ-ის 53-ე მუხლზე მითითებით და იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელს ერთვოდა ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ N17/06/20-01, ასევე, 22.06.2020 წლის N9444 საგადასახადო დავალება (ს.ფ. 48-54; 55), სააპელაციო საჩივრის ფარგლებში და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას, მართებული იყო მოპასუხე კომპანიისთვის მოსარჩელე კომპანიის სასარგებლოდ იურიდიული მომსახურების ხარჯის - 1 000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.
14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხე კომპანიამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება.
15. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
15.1. მოპასუხემ სააპელაციო საჩივარზე წარადგინა სააპელაციო შესაგებელი, რომლითაც არ დაეთანხმა მოთხოვნას. მოპასუხე მხარისთვის სასამართლო სხდომის თარიღი ცნობილი რომ ყოფილიყო, სასამართლო სხდომაზე აუცილებლად გამოცხადდებოდა, თუმცა, მოხდა გაუგებრობა და მხარეს გამორჩა სააპელაციო საჩივართან ერთად გაგზავნილი უწყება. აღნიშნული არ წარმოადგენს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, თუმცა, როდესაც მხარე მონაწილეობს პირველი ინსტანციის სასამართლოში გამართულ ყველა სხდომაში და ახორციელებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს, აშკარაა, რომ მის მიზანს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს;
15.2. სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია;
15.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ავტომანქანის შეკეთების ხარჯი 3882 ლარის ოდენობით. საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ მოპასუხე კომპანიის ტვირთის გადაზიდვის პროცესში დაზიანდა ავტომანქანა, თუმცა, საქმის მასალებით არ დგინდება, კონკრეტულად რა ვითარებაში დაზიანდა, ვის მიერ, რა იყო ამ დაზიანების მიზეზი, მიუძღოდა თუ არა აღნიშნულში ბრალი მოპასუხეს თუ მოსარჩელის დაუდევარმა ქმედებამ გამოიწვია ავტომანქანის დაზიანება და სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად;
15.4. მოსარჩელის ავტომანქანის დაზიანების შესაძლო რისკი ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა. ამასთან, გაუგებარია, რა პრინციპით შეიძლება დაეკისროს მხარეს იმ ზიანის ანაზღაურება, რომლის დადგომაშიც მას არავითარი ბრალი არ მიუძღვის და რომლის განჭვრეტაც მხარეთა მიერ ხელშეკრულების დადების პროცესში შეუძლებელი იქნებოდა;
15.5. სასამართლოს აუცილებლად უნდა გაეთვალისწინებინა სსკ-ის 412-ე მუხლი, რომლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს;
15.6. რაც შეეხება ავტომობილის შეკეთების დროს ავტომობილის მოცდენით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების საკითხს, აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაც არამართებულია, რადგან არც მოსარჩელის ახსნა-განმარტებით, არც სარჩელითა და წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოპასუხე კომპანიის ქმედება ან უმოქმედობა, რამაც უშუალოდ ავტომანქანის დაზიანება გამოიწვია. შესაბამისად, მოცემული გარემოება ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას გამორიცხავს;
15.7. ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა არამართებულად, სასამართლომ არასწორად განსაზღვრა სახელმწიფო ბაჟისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების ოდენობაც.
16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 მაისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
17. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 22 ივნისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების სამართლებრივი დასაბუთება და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
19. საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას [სსსკ-ის 410-ე მუხლი].
20. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
21. კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ დაუსწრებელ გადაწყვეტილებას და ასევე ამ გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინებას იმ საფუძვლით, რომ სარჩელში/სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო/სააპელაციო მოთხოვნას.
22. სსსკ-ის 387-ე მუხლი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
23. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
24. განსახილველ შემთხვევაში კასატორი სადავოდ ხდის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ზემოაღნიშნული მესამე წინაპირობის არსებობას, რომლის შემოწმების შედეგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი შემადგენლობა (დადგენილად მიჩნეული გარემოებები) იურიდიულად ამართლებს სააპელაციო მოთხოვნას და კასატორის პრეტენზია დაუსაბუთებელია.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო სამართალწარმოებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მხარეთა მიერ საპროცესო ვალდებულებების შესრულებისადმი პატივისცემისა და მათი პასუხისმგებლობის დონის ამაღლებას უზრუნველყოფს. ის საპროცესო დისციპლინის განმტკიცებასა და პროცესის გამარტივებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, ეს ინსტიტუტი სსსკ-ის მე-3 და მე-4 მუხლებით განმტკიცებული სამართალწარმოების ფუნდამენტური დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების რეალიზაციაა. თუ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისას კანონით გათვალისწინებული წინაპირობები დაცულია, მისი გაუქმება სათანადო დასაბუთების გარეშე დაუშვებელია.
26. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).
27. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.
28. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე კომპანიის წარმომადგენლის მიერ სააპელაციო საჩივარსა და სააპელაციო სასამართლოსათვის მიცემულ განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები: მოპასუხემ დაარღვია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კერძოდ, მოპასუხისთვის მიწოდებული ტვირთის ავტომობილებიდან ჩამოტვირთვა წარმოადგენდა მის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას. ტვირთის დაცლის დროს დაზიანდა ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილი. ვინაიდან სატვირთო ავტომობილი მოსარჩელის საკუთრებას არ წარმოადგენდა და ავტომობილის მოცდენის გამო მოსარჩელეს ეკისრებოდა ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მოსარჩელემ საკუთარი ხარჯებით სასწრაფოდ შეაკეთა სატვირთო ავტომობილი და გააგზავნა თურქეთში, რათა მოცდენილი დღეების ოდენობა და, შესაბამისად, დამატებითი ხარჯი არ გაზრდილიყო. საქართველოში ავტომობილის შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 3 882 ლარი, ხოლო მოცდენის 10 დღის გამო დამატებით მოსარჩელეს დაეკისრა 1 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება, იურიდიულად ამართლებს სააპელაციო მოთხოვნას მოპასუხისთვის დაცლის დროს სატვირთო ავტომობილის დაზიანების შედეგად დამდგარი ზიანის 1 000 აშშ დოლარისა და 3 882 ლარის ანაზღაურების შესახებ. კერძოდ, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია: 394.1 [მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის], 396-ე [მოვალემ თავისი კანონიერი წარმომადგენლის და იმ პირთა მოქმედებისათვის, რომელთაც იგი იყენებს საკუთარ ვალდებულებათა შესასრულებლად, ისეთივე მოცულობით უნდა აგოს პასუხი, როგორც საკუთარი ბრალეული მოქმედების დროს], 408.1 [იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება] და 412-ე მუხლები [ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს].
29. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების ცენტრალურ და უზოგადეს ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 394.1. მუხლი, რომელიც კრედიტორს მოვალის მიერ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენების წინაპირობებია: 1) ზიანი; 2) ქმედების მართლწინააღმდეგობა; 3) მიზეზობრივი კავშირი; 4) ბრალი.
30. სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის აუცილებელია დადასტურდეს, რომ მოვალეს ნაკისრი ჰქონდა ის ვალდებულება, რომლის დარღვევასაც ედავება კრედიტორი, ასევე სახეზე უნდა იყო აღნიშნული ვალდებულების დარღვევა, რაც კრედიტორისთვის ზიანის მიყენების პირდაპირი და უშუალო საფუძველი გახდა.
31. საკასაციო პალატის განმარტებით, საკითხი იმის შესახებ, რომელი ფაქტობრივი გარემოებები რა მტკიცებულებებით დასტურდება, წარმოადგენს არსებითი მსჯელობის ეტაპზე განსახილველ საკითხს და არა -დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში განსახილველ საკითხს, შესაბამისად, მოსარჩელე კომპანიის მითითება, რომ მოპასუხემ დაარღვია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები, კერძოდ, მოპასუხისთვის მიწოდებული ტვირთის ავტომობილებიდან ჩამოტვირთვა წარმოადგენდა მის ვალდებულებასა და პასუხისმგებლობას, ასევე, მითითება იმის შესახებ, რომ ტვირთის დაცლის დროს დაზიანდა ერთ-ერთი სატვირთო ავტომობილი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის რეჟიმში წარმოადგენდა საკმარის წინაპირობას მისთვის ზიანის ანაზღაურების დასაკისრებლად. სააპელაციო საჩივარში მოსარჩელე ასევე ნათლად და არაორაზროვნად მიუთითებს, რომ სატვირთო ავტომობილის დაზიანება მოხდა მოპასუხისა და მისი კონტრაქტორის ქმედებათა გამო (იხ. სააპელაციო საჩივარი, ტ. 1, ს.ფ. 237). შესაბამისად, კასატორის პრეტენზია, რომ მოსარჩელის ავტომანქანის დაზიანების შესაძლო რისკი ხელშეკრულებით განსაზღვრული არ ყოფილა, ამასთან, საქმის მასალებით არ დგინდება, კონკრეტულად რა ვითარებაში დაზიანდა, ვის მიერ, რა იყო ამ დაზიანების მიზეზი, მიუძღოდა თუ არა აღნიშნულში ბრალი მოპასუხეს, უსაფუძვლოა, რადგან, როგორც ზემოთ აღინიშნა, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში სასამართლო მტკიცებულებებს არ იკვლევს.
32. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სახელშეკრულებო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შემთხვევაში მოსარჩელეს ეკისრება ქონებრივი დანაკლისის ფაქტობრივი გარემოების დამტკიცების ვალდებულება. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ფარგლებში სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია დადგენილად სააპელაციო საჩივარში მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა თანახმად, საქართველოში ავტომობილის შეკეთების ღირებულებამ შეადგინა 3 882 ლარი, ხოლო მოცდენის 10 დღის გამო დამატებით მოსარჩელეს დაეკისრა 1 000 აშშ დოლარის გადახდის ვალდებულება.
33. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად ჩამოყალიბებული პრაქტიკის თანახმად, [ქონებრივი] ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი)“ (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი).
34. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. კერძოდ, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ საქმე №ას-553-2019, 19 მარტი, 2021 წელი; საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი). სსკ-ის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე №ას-459-438-2015, 07 ოქტომბერი, 2015 წელი; №ას-630-593-2012, 11 ივნისი, 2012 წელი).
35. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის სწორედ ის ოდენობა, რაც უზრუნველყოფს იმ მდგომარეობის აღდგენას, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ამასთან, ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხისთვის მიწოდებული ტვირთის ავტომობილებიდან ჩამოტვირთვა წარმოადგენდა მის პასუხისმგებლობას, სატვირთო ავტომობილის დაზიანების შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება, რომელიც მოიცავს ავტომობილის შეკეთების ხარჯსა და მოცდენით გამოწვეულ ზიანს, იყო სავარაუდო გონივრული ადამიანის თვალთახედვით და აღიქმება ვალდებულების დარღვევის ნორმალურ შედეგად.
36. გამომდინარე აქედან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, რომლებიც, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, ჩაითვალა დამტკიცებულად, იურიდიულად ამართლებდა მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნას სატვირთო ავტომობილის შეკეთების ხარჯის - 3 882 ლარისა და ავტომობილის შეკეთების დროს ავტომობილის მოცდენით გამოწვეული ზიანის - 1 000 აშშ დოლარის ეკვივალენტის ეროვნულ ვალუტაში გადახდის თაობაზე. ამდენად, მოცემულ საქმეზე არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა იგი ძალაში, ხოლო საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები ვერ გახდება მათი გაუქმების საფუძველი.
37. ვინაიდან საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს კასატორის მიერ გაღებული ხარჯის მხარეთა შორის განაწილების სსსკ-ის 53-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები, ამასთან, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 430 ლარიდან ზედმეტად გადახდილი 109,25 ლარი (საკასაციო საჩივრის ფასი სახელმწიფო ბაჟის გადახდის დღეს (10.04.2023) არსებული ლარის მიმართ აშშ დოლარის გაცვლის ოფიციალური კურსის გათვალისწინებით, შეადგენდა 6415 ლარს (3882 ლარი + 2533 ლარი (1000 აშშ დოლარი x 2,5330)), რომლის 5% 320,75 ლარია. შესაბამისად, ზედმეტად გადახდილია 109,25 ლარი (430 ლარი-320,75ლარი)).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ფ.ს–ის“ საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე დარჩეს უცვლელი;
3. შპს „ფ.ს–ს“ (ს/კ: ......) დაუბრუნდეს მ.მ–ძის (პ/ნ: ......) მიერ 2023 წლის 10 აპრილს №1681122966 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 430 (ოთხას ოცდაათი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი - 109 (ას ცხრა) ლარი და 25 თეთრი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;
4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა.ძაბუნიძე