საქმე №ას-610-2024 6 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – მ.ჯ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ც.კ–ი, ე.კ–ი და ო.კ–ი (მოპასუხეები)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა და სარჩელის საფუძვლები:
1.1. მ.ჯ–მა (შემდგომში – მოსარჩელე ან კასატორი) სარჩელი აღძრა ც., ე. და ო.კ–ების (შემდგომში – მოპასუხეები ან აპელანტები ან მოწინააღმდეგე მხარეები) მიმართ, რომლითაც მოითხოვა, მარტვილის რაიონის სოფელ ......., მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (ნივთის ფუნქცია: სასოფლო-სამეურნეო; 2862 კვ.მ დაზუსტებული ფართი; ს/კ: ........) (შემდეგში - საზიარო უძრავი ქონება) საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით.
1.2. მოსარჩელემ მოთხოვნა იმით დაასაბუთა, რომ 2021 წლის 13 სექტემბერს აუქციონზე შეიძინა საზიარო უძრავი ქონების ¼ წილი და მესაკუთრედ დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში.
1.3. მოპასუხეები უარს აცხადებენ საზიარო უძრავი ქონების გამიჯვნაზე და საზიარო უძრავი ქონების საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენების საშუალებას მოსარჩელეს არ აძლევენ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.2. მოპასუხეებმა წარმოადგინეს მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, რომელშიც უარყვეს საზიარო საგნის ნატურით გაყოფის შესაძლებლობა. ამასთან, აღნიშნეს, რომ მოსარჩელე, მიწის ნაკვეთის მესაკუთრედ მანამდე არ ჩაითვლება, სანამ არ დასრულდება მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის წინააღმდეგ აღძრულ ადმინისტრაციულ სარჩელზე დავა სენაკის რაიონულ სასამართლოში, რომელშიც დავის საგანია მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავი ქონების საკუთრების უფლებით აღრიცხვის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებლო ბიუროს განკარგულებისა და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების კანონიერება. მოპასუხეთა განმარტებით, თუკი ადმინისტრაციული დავის დასრულების შემდეგ მოსარჩელის საკუთრების უფლება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული დარჩება, მოპასუხეები მოსარჩელეს გადაუხდიან საზიარო საგნის ღირებულებას.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
3.1. სენაკის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. ნატურით გაყოფის გზით გაუქმდა მარტვილის რაიონის სოფელ ......., მე-16 ქ. N18-ში მხარეთა თანასაკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე (ს.კ: ......), საზიარი უფლება.
3.2. აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის უარყოფის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა.
4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:
4.1.ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით საზიარო უფლების გაუქმებისა და ქონების ნატურით გაყოფის თაობაზე სარჩელი, არ დაკმაყოფილდა.
4.2.სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2021 წლის 13 სექტემბერს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიერ ჩატარებულ აუქციონზე საზიარო უძრავი ქონება შეიძინა მოსარჩელემ, რაზეც გამოიცა განკარგულება №A12061151-045/001 და 2021 წლის 20 სექტემბერს უძრავ ქონებაზე მოსარჩელის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა.
4.3.საზიარო საგნის თანამესაკუთრეები არიან მხარეები და თითოეულის წილი საერთო საკუთრებაში შეადგენს ¼- ¼ ნაწილს.
4.4.სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 29 ივნისის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მხარეთა საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის კუთვნილი ¼ წილის (715.5მ2) გამოყოფა შესაძლებელია №1 დანართში მითითებული კონფიგურაციის შესაბამისად.
4.5.ზემოაღნიშნული საექსპერტო დასკვნის ირგვლივ განმარტების მისაცემად, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა გ.რ–ძემ სასამართლოს შეკითხვაზე, შესაძლებელია თუ არა სადავო მიწის ნაკვეთისა და სახლის ოთხ ტოლ თანაბარ ნაწილებად დაყოფა ღირებულების შემცირების გარეშე, უპასუხა: „ოთხ თანაბარ დამოუკიდებელ ნაწილებად დაყოფა მიწის ნაკვეთისა და სახლის, შეუძლებელია“. ექსპერტმა განმარტა, რომ თუ სახლი მოექცევა მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილში, მაშინ შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ოთხ ნაწილად გაყოფა, მაგრამ დანარჩენი სამი მესაკუთრის წილის ნატურით გამოყოფა სადავო უძრავი ქონებიდან, კერძოდ, სახლიდან, მისი ღირებულების შემცირების გარეშე, შეუძლებელია, რადგან სახლი არის ძალიან პატარა.
4.6.სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული დავა, თბილისის სააღსრულებო ბიუროს განკარგულების კანონიერებისა და მის საფუძველზე მ.ჯ–ის საკუთრების უფლების რეგისტრაციის კანონიერების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე, სადაც მესამე პირის სახით მონაწილეობდა მ.ჯ–ი, სენაკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.
4.7.ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში-სსკ-ის) სსკ-ის 961.1 და 963-ე მუხლებით და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ნატურით გაყოფის გზით საზიარო უფლების გაუქმების შესახებ, დაუსაბუთებლად მიიჩნია, შემდეგი მოსაზრებების გამო:
4.8.საზიარო უფლება საზიარო საგნის (საგნების) ნატურით გაყოფისას უქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება, დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. ორივე კომპონენტი ერთდროულად უნდა არსებობდეს, რომ დადგეს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგი. ორივე შემთხვევაში, ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე (სუსგ №ას-1148-1094-2014, 19 მარტი, 2015წ.). ღირებულებაში კი, იგულისხმება არა ნივთის საბაზრო ღირებულება (ფასი), არამედ მოიაზრება მისი საგნობრივი (ფუნქციონალური) დანიშნულება, რომელიც არ უნდა შემცირდეს ნივთის გაყოფით ანუ, ნატურით გასაყოფმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ის ასრულებდა გაყოფამდე (სუსგ Nას-67-65-2014, 31 ივლისი, 2014წ.).
4.9.სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ მოდავე მხარეებს, გარდა მიწის ნაკვეთისა, თანასაკუთრებაში აქვთ საცხოვრებელი სახლი, რომელზეც, მოსარჩელე არ აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ, მასზე პრეტენზია აქვთ მოპასუხეებს.
4.10. საექსპერტო დასკვნის მიხედვით სადავო მიწის ნაკვეთიდან შესაძლებელია მოსარჩელის კუთვნილი ¼ წილის (715.5 მ2) გამოყოფა, თუმცა, ექსპერტის ზეპირი განმარტებით დადგენილია, რომ სახლის ოთხ ან სამ თანამესაკუთრეზე გაყოფა, ერთგვაროვან ნაწილებად, მისი ღირებულების შემცირების გარეშე, ტექნიკურად შეუძლებელია. ამის მიზეზი ისაა, რომ სადავო სახლი არის პატარა და თვისობრივად არ იძლევა ოთხ ნაწილად გაყოფის შესაძლებლობას.
4.11. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მართალია, მოპასუხეები არიან ოჯახის წევრები, თუმცა, საზიარო საგნის იმგვარად გაყოფა, როგორც ეს მოსარჩელეს წარმოუდგენია, კერძოდ, საზიარო საგნიდან კუთვნილი ¼ წილის გამოყოფას, ხოლო დანარჩენ სამ თანამესაკუთრეს შორის საზიარო საგანზე თანასაკუთრების შენარჩუნებას, სსკ-ი არ ითვალისწინებს.
4.12. დადგენილი სასამართლო პრაქტიკით საზიარო უფლების გაუქმება და უძრავი ნივთიდან წილის ნატურით გამოყოფა ხდება საზიარო საგნის მესაკუთრეთა რაოდენობის გათვალისწინებით და არა ერთი და იმავე ინტერესის მქონე მესაკუთრეთა დაჯგუფების შედეგად. საზიარო უფლების გაუქმება, როდესაც ეს ხდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე საერთო საკუთრება (სუსგ-ები Nას-39-39-2016, 01.03.2016წ.; Nას-1080-1000-2017, 27 ოქტომბერი, 2017წ.). მტკიცების საგანში შემავალი იმგვარი გარემოებების არსებობა, როგორიცაა: ა) იდეალური წილის შესაბამისად საზიარო საგნის ოთხ ერთგვაროვან ნაწილებად დაყოფის შესაძლებლობა, რადგან სადავო უძრავ ნივთს ოთხი თანამესაკუთრე ჰყავს და ბ) გაყოფის შედეგად წარმოშობილი ინდივიდუალური საგნის ფუნქც. (ღირებულებითი) თვისების შენარჩუნების მტკიცემის ტვირთი, მოსარჩელეს დაეკისრა, რომელმაც ვერ შეძლო იმ ფაქტების დამტკიცება, რომ საზიარო ქონების ოთხ თანაბარწილად (რეალურად) გაყოფა, გამოყოფილი ნაწილის ღირებულებისა და, ფუნქც. დანიშნულების შემცირება-შეცვლის გარეშე, შესაძლებელია.
5. საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და ფაქტობრივ სამართლებრივი საფუძვლები:
5.1.სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების და სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით საკასაციო საჩივარი წარადგინა მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელე).
5.2.კასატორი აღნიშნავს, რომ მოსარჩელემ დააზუსტა მოთხოვნა, კერძოდ, შენობის გაყოფაზე უარი თქვა, რადგან საზიარო მიწის ნაკვეთზე დამაგრებული შენობა-ნაგებობის ფართი მცირე იყო და მხოლოდ მიწის ნაკვეთის გამიჯვნა მოითხოვა. სააპელაციო სასამართლოს სწორედ ამ კუთხით უნდა შეეფასებინა ფაქტობრივი გარემოებები და ემსჯელა საზიარო უძრავი ქონების ფუნქციურ დანიშნულებაზე. პირველი ინსტანციის სასამართლო ადგილზე დათვალიერებით დარწმუნდა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულის მიწის ნაკვეთი მარტივად გაიყოფოდა და მოსარჩელე თავისუფლად შეძლებდა მისი წილი ფართის დამუშავებას. კასატორის მითითებით, საზიარო უფლების გაუქმება, საზიარო საგნის გაყიდვით, წარმოადგენს უკიდურეს საშუალებას, ხოლო საზიარო საგნის ნატურით გაყოფა წარმოადგენს გაყოფის სასურველ და უფრო სამართლიან საშუალებას, რადგან ამ გზით, ნივთზე საკუთრება შენარჩუნდება. უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის დროს არსებობს რისკი, რომ ნივთი რეალურ ღირებულებაზე ნაკლებად გასხვისდეს. ნივთის იძულებით რეალიზაცია მოპასუხეთა ინტერესშია, რომ მოსარჩელემ, სოციალურად დაუცველმა, მარტოხელა დედამ, აუქციონის გზით დაკარგოს საკუთრების უფლება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად, ხოლო ამავე წლის 30 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის სამართლებრივი საფუძვლით.
7. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, მხარეთა ახსნა-განმარტებების შეფასებისა და საკასაციო საჩივრის ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
9. საქმეზე დადგენილია და საკასაციო საჩივრებით დასაშვები, დასაბუთებული პრეტენზია წამოყენებული არ არის, რომ:
9.1 საზიარო საგნის თანამესაკუთრეები არიან მხარეები და თითოეულის წილი საერთო საკუთრებაში შეადგენს ¼- ¼ ნაწილს.
9.2 სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2023 წლის 29 ივნისის საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მხარეთა საერთო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთიდან მოსარჩელის კუთვნილი ¼ წილის (715.5მ2) გამოყოფა შესაძლებელია №1 დანართში მითითებული კონფიგურაციის შესაბამისად. აღნიშნულ საექსპერტო დასკვნასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწვეულმა ექსპერტმა გ.რ–ძემ სასამართლოს შეკითხვაზე: შესაძლებელია თუ არა სადავო მიწის ნაკვეთისა და სახლის ოთხ ტოლ თანაბარ ნაწილებად დაყოფა ღირებულების შემცირების გარეშე, უპასუხა: „ოთხ თანაბარ დამოუკიდებელ ნაწილებად დაყოფა მიწის ნაკვეთისა და სახლის, შეუძლებელია“. ექსპერტმა განმარტა, რომ თუ სახლი მოექცევა მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილში, მაშინ შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ოთხ ნაწილად გაყოფა, მაგრამ დანარჩენი სამი მესაკუთრის წილის ნატურით გამოყოფა სადავო უძრავი ქონებიდან, კერძოდ, სახლიდან, მისი ღირებულების შემცირების გარეშე, შეუძლებელია, რადგან სახლი არის ძალიან პატარა.
10. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, საზიარო უფლების გაუქმება ქონების ნატურით გაყოფის გზით, სსკ-ის 953-ე (თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება ამ თავის წესები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს), 961.1 (თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება), 963-ე (საზიარო უფლება უქმდება ნატურით გაყოფისას, თუ საზიარო საგანი საგნები შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე, თანაბარი წილების განაწილება მონაწილეთა შორის ხდება კენჭისყრით) მუხლებიდან გამომდინარეობს.
11. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საზიარო უფლება, სსკ-ის მიხედვით, განეკუთვნება კანონისმიერ ვალდებულებათა ურთიერთობების კატეგორიას. სსკ-ის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საერთო (თანაზიარი და წილადი) საკუთრება წარმოიშობა კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. ამდენად, საზიარო უფლების მოწილეებს უფლებები და ვალდებულებები კანონიდან წარმოეშობათ და მათ შორის ურთიერთობები კანონით წესრიგდება. განსახილველი დავის მონაწილე მხარეები არიან უძრავი ქონების თანამესაკუთრეები, რომელიც წარმოადგენს საზიარო უფლების ობიექტს და მხარეები ერთმანეთთან კანონისმიერ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებიან (სუსგ №ას-602-2019, 22 თებერვალი, 2022 წელი).
12. სსკ-ის 173-ე მუხლის მიხედვით, საერთო საკუთრების ორი ფორმაა მოცემული: საზიარო და წილადი საკუთრება. წილადი საკუთრების თანამესაკუთრეს ეკუთვნის განსაზღვრული წილი საერთო საკუთრებაში. საკუთრების წილი თვითონ არის საკუთრება, სამართლებრივი გაგებით. როგორც წესი, წილად თანასაკუთრებაზე გამოიყენება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი საკუთრების წესები. თანასაკუთრება არის სამოქალაქო კოდექსით აღიარებული ერთადერთი შესაძლებლობა, დაყოფილ იქნეს საკუთრების განკარგვის უფლებამოსილება ერთ ნივთზე; თანაზიარი საკუთრება არსებობს მაშინ, როცა თითოეული თანამესაკუთრის წილი საერთო ქონებაშია იდეალური წილის სახით და, თუ სხვა რამ არ არის დადგენილი, ივარაუდება, რომ თითოეულ თანამესაკუთრეს ეკუთვნის თანაბარი წილი (ლევან თოთლაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი II, თბილისი, 2018წ., მუხ.173, ველი 1).
13. სსკ-ის 953-ე მუხლის თანახმად, თუ უფლება რამდენიმე პირს ერთობლივად ეკუთვნის, მაშინ გამოიყენება სსკ-ის 953-968-ე მუხლები, თუკი კანონიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. ამავე კოდექსის 961-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულ მოწილეს შეუძლია, ნებისმიერ დროს მოითხოვოს საზიარო უფლების გაუქმება. თავის მხრივ, სსკ-ის 963-ე მუხლის დისპოზიც. ანალიზი საზიარო უფლების ნატურით გაყოფისათვის აუცილებელ წინაპირობად ითვალისწინებს საგნის გაყოფას მხოლოდ ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ფაქტობრივი გარემოებებია: 1. საზიარო საგანი (საგნები) შეიძლება დაიყოს ერთგვაროვან ნაწილებად; 2. ამგვარი დაყოფის შედეგად არ მცირდება ნივთის ღირებულება. ორივე კომპონენტი უნდა არსებობდეს ერთდროულად და ორივე შემთხვევაში ნატურით გამოყოფილმა საგანმა არ უნდა დაკარგოს ის დანიშნულება, რასაც ასრულებდა გაყოფამდე (სუსგ Nას-1217-2018, 13.12.2018წ.; Nას-1389-1309-2017, 30.04.2018წ.). ამდენად, საზიარო უფლება შეიძლება გაუქმდეს წილების შესაბამისად ნატურით გაყოფით, თუ შესაძლებელია მისი გაყოფა ერთგვაროვან ნაწილებად ღირებულების შემცირების გარეშე. წილთა ერთგვაროვნება გულისხმობს მათ სამეურნეო დანიშნულებას (იხ. Sprau, in Palandt BGB Komm, 72. Aufl., 2013, §752, Rn. 1,2,3).
14. საზიარო უფლების მქონეს, ნებისმიერ დროს, შეუძლია მოითხოვოს თავისი იდეალური წილის რეალურად გამოყოფა. შეზღუდვა, რომელსაც კანონმდებელი აღნიშნული უფლების რეალიზაციის მიზნებისათვის აწესებს, იმაში მდგომარეობს, რომ ამით არ უნდა შეილახოს სხვა თანაზიარი მესაკუთრის საკუთრების უფლება. ამდენად, დაუშვებელია საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით, თუ შეუძლებელია ყველა თანამესაკუთრის საკუთრების უფლების ღირებულების შენარჩუნება საკუთარი იდეალური წილის შესაბამისად (სუსგ №ას-1977-2018, 22.03.2019წ.; სუსგ №ას-1080-1000-2017, 27.10.2017წ.).
15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ როგორც კვლევის განმახორციელებელმა ექსპერტმა თავად განმარტა, ოთხ თანაბარ, დამოუკიდებელ ნაწილებად მიწის ნაკვეთისა და სახლის დაყოფა, შეუძლებელია. მისი განმარტებით, თუ სახლი მოექცევა მიწის ნაკვეთის ერთ ნაწილში, მაშინ შესაძლებელია მიწის ნაკვეთის ოთხ ნაწილად გაყოფა, მაგრამ დანარჩენი სამი მესაკუთრის წილის ნატურით გამოყოფა სადავო უძრავი ქონებიდან, კერძოდ, სახლიდან, მისი ღირებულების შემცირების გარეშე, შეუძლებელია. სახლი არის ძალიან პატარა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზიარო საგანი (მიწის ნაკვეთი და მასზე მყარად დამაგრებლი შენობა-ნაგებობა) დაკარგავს იმ სამომხმარებლო ფუნქციას, რაც გააჩნდა გაყოფამდე.
16. განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეები ოჯახის წევრები არიან, უძრავი ნივთის გაყოფის მოსარჩელის მიერ შემოთავაზებულ ვერსიას სსკ-ი არ ითვალისწინებს, კერძოდ, მოსარჩელე მიწის ნაკვეთზე განთავსებულ შენობა-ნაგებობაზე პრეტენზიას არ აცხადებს (იხ., საკასაციო საჩივარი); კასატორის მიზანია მიწის ნაკვეთიდან კუთვნილი ¼ წილის გამოყოფა; თუმცა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკითხის ამგვარად მოწესრიგების პირობებში მივიღებდით, რომ უძრავი ნივთის ერთ ნაწილში დადგინდება ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო დანარჩენ ნაწილში - თანასაკუთრება, რაც დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან შეუსაბამოა. საზიარო უფლების გაუქმება, როდესაც ეს ხდება ნატურით გაყოფის გზით, ნიშნავს თანასაკუთრების რეჟიმიდან ინდივიდუალური საკუთრების რეჟიმზე გადასვლას, ანუ დაუშვებელია საზიარო საგანი ისე გაიყოს, რომ ნივთის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდებოდეს ინდივიდუალური საკუთრება, ხოლო სხვა ნაწილზე - საერთო საკუთრება (სუსგ №ას-1080-1000-2017, 27.10.2017, №ას-754-2021, 02.12.2021წ.).
17. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობები ნატურით გაყოფის გზით საზიარო უძრავ ქონებაზე საზიარო უფლების გაუქმების თაობაზე, არ არსებობდა, კანონიერი და დასაბუთებულია. შესაბამისად, არ არსებობს მოსარჩელის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
18. სსსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
19. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 264.3, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ჯ–ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გოჩა ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე