Facebook Twitter

საქმე №ა-5778-გან-15-2024 8 ნოემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – სს "პ.ბ.ს–ო"

განმცხადებლის მოთხოვნა – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - განცხადების უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილებით:

1.1. სს „პ.ბ.ს–ოს“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.2. ი.ლ–ძის, გ.ჩ–ის, შპს „ე–სა“ და შპს „ო.გ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.3. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება შპს „მ.ო–ის“ სასარგებლოდ დაკმაყოფილებული სარჩელისა და სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

1.4. შპს „მ.ო–ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

1.5. სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

1.6. მოპასუხე შპს „ო.გ–სა“ და ი.ლ–ძეს, მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ: 1) 2019 წლის 21 მაისის N ..... საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 162 535.23 ევრო (ას სამოცდაორი ათას ხუთას ოცდათხუთმეტი ევრო და ოცდასამი ევროცენტი), საიდანაც 138 201.58 (ას ოცდათვრამეტრი ათას ორას ერთი ევრო და ორმოცდათვრამეტი ევროცენტი) კრედიტის ძირითადი თანხაა; 6 201.98 (ექვსი ათას ორას ერთი ევრო და ოთხმოცდათვრამეტი ევროცენტი) - დარიცხული საპროცენტო სარგებელი; 18 131.67 (თვრამეტი ათას ასოცდათერთმეტი ევრო და სამოცდაშვიდი ევროცენტი)- ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით; 2) 2021 წლის 4 მაისის N 0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 340 575.19 აშშ დოლარი (სამას ორმოცი ათას ხუთას სამოცდათხუთმეტი აშშ დოლარი და ცხრამეტი ცენტი), საიდანაც 283 300 (ორას ოთხმოცდასამი ათას სამასი) აშშ დოლარი კრედიტის ძირითადი თანხაა; 4 878.85 აშშ დოლარი (ოთხი ათას რვაას სამოცდათვრამეტი აშშ დოლარი და ოთხმოცდახუთი ცენტი) დარიცხული საპროცენტო სარგებელი, 52 396.34 აშშ დოლარი (ორმოცდათორმეტი ათას სამას ოთხმოცდათექვსმეტი აშშ დოლარი და ოცდათოთხმეტი ცენტი) ვადაგადაცილებისათვის დარიცხული პირგასამტეხლო;

1.7. ამ განჩინების 1.6 პუნქტით განსაზღვრული კრედიტორული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, მოხდა იპოთეკით დატვირთული შემდეგი ქონების რეალიზაცია: შპს „მ.ო–ის“ (ს/ნ ......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა .......; ქ. თბილისი, ქუჩა ......; საკადასტრო კოდი: ......., არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართობით 254 კვ.მ და მასზე არსებული შენობა-ნაგებობები;

1.8. მოპასუხეებს შპს „ო.გ–“-ს და ი.ლ–ძეს, მოსარჩელე სს „პ.ბ.ს–ოს“ სასარგებლოდ, სოლიდარულად გადასახდელად დაეკისრათ N0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის - 283 300 აშშ დოლარის (ორას ოთხმოცდასამი ათას სამასი) წლიური 9 %-ის ოდენობით მიუღებელი შემოსავალის გადახდა, 2021 წლის 31 დეკემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების დღემდე;

1.9. სს „პ.ბ.ს–ოს“ შეგებებული სარჩელი დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

1.10. დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინება (კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3, მე-8, მე-10, მე-14 პუნქტების სააპელაციო სასამართლოს მიერ უცვლელად დატოვების ნაწილში);

1.11. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 2 ნოემბრის განჩინება (საქმე N 2/29009-21), რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს თ.გ–ძის მიერ 2021 წლის 7 ოქტომბერს გაცემული N 211122958 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება A21162437;

1.12. შპს "მ.ო–ის", სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ, დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის - 20 000 ლარის გადახდა;

1.13. ი.ლ–ძეს, შპს "ო.გ–ს", გ.ჩ–ს და შპს "ე–ს", სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ 13 000 ლარის გადახდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2024 წლის 4 ნოემბერს, განცხადებით მომართა სს "პ.ბ.ს–ოს" წარმომადგენელმა და მოითხოვა, რომ საკასაციო სასამართლომ განმარტოს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, კერძოდ მოპასუხეებისათვის დაკისრებული იურიდიული მომსახურების საფასურის 8 118 აშშ დოლარის დაკმაყოფილების მიზნით უნდა მოხდეს თუ არა შპს „მ.ო–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (ს/კ .......) აუქციონზე რეალიზაცია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ ბანკის წარმომადგენლის განცხადება არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 262-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი ბუნდოვანია. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ არ არის აღსრულებული და თუ არ გასულა ვადა, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს. სასამართლო უფლებამოსილია გადაწყვეტილების განმარტების საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეგზავნება შეტყობინება, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს გადაწყვეტილების განმარტების საკითხის განხილვას“.

4. მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების განმარტების პირობაა, რომ განსამარტი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს აღსრულებული, რადგან თუკი გადაწყვეტილება აღსრულებულია, ცხადია, ასეთ ვითარებაში აღარ არსებობს განმარტების მიზანი - აღსრულების ხელშეწყობა. საგულისხმოა ისიც, რომ დაუშვებელია განმარტების შედეგად გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონმდებელი გადაწყვეტილების განმარტების საფუძვლად სარეზოლუციო ნაწილის ბუნდოვანებას მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება უკვე ჩამოყალიბებული სარეზოლუციო ნაწილის ფარგლებში უნდა განიმარტოს, იმ შედეგის შეუცვლელად, რაც ამ გადაწყვეტილებით დგება. დაუშვებელია განმარტების შედეგად იმგვარი დებულების ასახვა, რაც იმთავითვე არ ეწერა და არ გამომდინარეობდა განსამარტი გადაწყვეტილებიდან (სხვა მრავალთა შორის შეად. სუსგ-ებს: N ას-1209-2022, 28.11.2022წ; N ა-6247-გან-27-202228.11.2022წ; N ა-1453-გან-6-2023, 10.04.2023წ; N ა-2274-გან-13-2023, 30.05.2023წ; N ას-2372-გან-26-2023, 16.06.2023წ.).

5. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების საფუძველი, სსსკ-ის 262-ე მუხლის თანახმად, რის გამოც არ უნდა დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი განცხადების მოთხოვნა.

6. საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილება ეხება თავდაპირველი სარჩელის სრულად უარყოფას და შეგებებული სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილებას, შესაბამისად, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში აისახა სააპელაციო სასამართლოს განჩინების შეცვლილი ნაწილი, ხოლო დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დარჩა. რაც შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით სს "პ.ბ.ს–ოს" სასარგებლოდ მოპასუხეთათვის დაკისრებული იურიდიული მომსახურების ხარჯს, მისი მიღების მიზნით, განმცხადებელმა საქალაქო სასამართლოს უნდა მიმართოს, რადგან საკასაციო სასამართლოს არ შეუცვლია სააპელაციო სასამართლოს განჩინება პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული იურიდიული მომსახურების ნაწილში.

7. საკასაციო სასამართლო განმცხადებელს მიუთითებს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანი არ არის და განმარტებას არ საჭიროებს. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში გარკვევით და ნათლად წერია, თუ ვის რისი გადახდა დაეკისრა. რაც შეეხება, უზრუნველყოფილი მოთხოვნის ფარგლებს, ამაზე მხარეთა შეთანხმება არსებობდა.

8. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ N0004205.001-002 საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია სს "პ.ბ.ს–ოსა" და შპს "ო.გ–ს" შორის, ხსენებული სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება ს/კ ...... იპოთეკის ხელშეკრულებაში N0004205.001/01 (იპოთეკის საგანი - უძრავი ქონება ს/კ ......) მითითებულია, რომ იპოთეკით სრულად უზრუნველყოფილია იპოთეკარის მოთხოვნები, მათ შორის და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე: შემადგენელი საკრედიტო, საბანკო გარანტიების, აკრედიტივების, ოვერდრაფტების ხელშეკრულებებიდან, და სრულად უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ ათვისებული ძირითადი თანხების, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოების, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების, ასევე სასამართლოს, არბიტრაჟის, აღსრულების, იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს წარმოშობილი 3.3 პუნქტში აღწერილი ძირითადი ხელშეკრულებიდან და მის ფარგლებში მოქმედი (ან მომავალში გასაფორმებელი) ხელშეკრულებებიდან (დაკავშირებული ხელშეკრულებები) რომლის მხარეებს, გარდა ბანკისა, წარმოადგენს/წარმოადგენენ ძირითადი ხელშეკრულების არსებული მხარეები (მსესხებელი/მსესხებლები) ან/და ის პირები, რომლებიც მომავალში გახდებიან სამომავლო მხარეები (მსესხებელი/მსესხებლები).

9. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უძრავი ქონებით ს/კ ........ უზრუნველყოფილია, როგორც ძირითადი დავალიანება, ასევე, მისგან წარმოშობილი დავალიანებები, მათ შორის მითითებულია სასამართლოს, არბიტრაჟის, აღსრულების, იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯები წარმოშობილი 3.3 პუნქტში აღწერილი ძირითადი ხელშეკრულებიდან და მის ფარგლებში მოქმედი (ან მომავალში გასაფორმებელი) ხელშეკრულებებიდან (დაკავშირებული ხელშეკრულებები) რომლის მხარეებს, გარდა ბანკისა, წარმოადგენს/წარმოადგენენ ძირითადი ხელშეკრულების არსებული მხარეები (მსესხებელი/მსესხებლები) ან/და ის პირები, რომლებიც მომავალში გახდებიან სამომავლო მხარეები (მსესხებელი/მსესხებლები).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე, 262-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სს "პ.ბ.ს–ოს" განცხადება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 12 ივნისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის განმარტების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

თ. ძიმისტარაშვილი