Facebook Twitter

საქმე №ას-901-2024 11 ოქტომბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ი.ჯ–ი“ (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს გაუქმება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ი.ჯ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი ან მიმწოდებელი) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, შემსყიდველი ან პენიტენციური დაწესებულება) 2020 წლის 7 აგვისტოს №191431/01 წერილის საფუძველზე დარიცხული პირგასამტეხლო 7307.73 ლარიდან შემცირდა 730.77 ლარამდე. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ/შემსყიდველმა, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 5 აპრილის გადაწყვეტილება და, ახალი გადაწყვეტილებით, მიმწოდებლის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

4.1. მხარეთა შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა. საქმეში წარმოდგენილია 2019 წლის 27 ნოემბერს მოსარჩელეს, როგორც მიმწოდებელს, და მოპასუხეს, როგორც შემსყიდველს, შორის დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №11/66 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მომსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

4.2. ხელშეკრულების 3.7 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საერთო სავარაუდო ღირებულება შეადგენს 73 077 497.50 ლარს.

4.3. ხელშეკრულების 4.1-4.2 პუნქტების თანახმად, მიმწოდებელი იძლევა გარანტიას, რომ შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) და მის მიერ მიწოდებული ყველა პროდუქტის ხარისხი უპასუხებს ხელშეკრულების პირობებს და დააკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიმწოდებელი ვალდებულია, კვებითი მომსახურების გაწევისას გამოიყენოს მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტი, ხოლო წარმოებული პროდუქციის უვნებლობამ და ხარისხმა დააკმაყოფილოს როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები, ისე №1 დანართით გათვალისწინებული ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები.

4.4. ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება უწყვეტად უნდა განხორციელდეს ყოველდღიურად, 2019 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

4.5. ხელშეკრულების 9.1 პუნქტის თანახმად, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას თითოეული დარღვევისათვის ცალ-ცალკე, წინამდებარე ხელშეკრულებით და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

4.6. ხელშეკრულების 9.5 პუნქტის თანახმად, უხარისხო მზა საკვები პროდუქტის მიწოდების შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით. აღნიშნული პირგასამტეხლო დაანგარიშდება თითოეულ უხარისხო მზა კერძზე ან მზა პროდუქტზე. პირგასამტეხლო არ გამოიყენება მიმწოდებლის მიერ შესაბამის ვადაში დაწუნებული პროდუქტის ჩანაცვლების შემთხვევაში.

4.7. ხელშეკრულების 9.7 პუნქტის თანახმად, უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრება პირგასამტეხლოს გადახდა ხელშეკრულების საერთო ღირებულების 0.01%-ის ოდენობით უხარისხო ან ვადაგასული პროდუქტის თითოეულ სახეობაზე.

4.8. ხელშეკრულების №1 დანართის მე-15 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ვაშლის თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ან პირველი ხარისხის, საშუალო ზომის (6-9 სმ), სახეობის შესაბამისად (ივერია, სტარტი, გოლდენდელიშესი), მკვრივი, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების, მავნებლების, მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანებების გარეშე, დაფასოებული ყუთებში. სურსათის უვნებლობა, ეტიკეტირება, შეფუთვა და ტრანსპორტირების პირობები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და მოქმედ სტანდარტებს.

4.9. მიმწოდებლის მიერ გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს №17 განყოფილების სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისათვის განკუთვნილ სასადილოში 2020 წლის 22 ივლისს შეტანილი უხარისხო ვაშლი 23 ივლისს შეცვლილი იქნა ვაშლატამით, რომელიც შესაბამისობაშია სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთათვის განსაზღვრულ სასურსათო ნორმებთან (იხ. 2020 წლის 23 ივლისის ოქმი);

4.10. მოპასუხის 2020 წლის 7 აგვისტოს №191431/01 წერილით, მოსარჩელეს 2019 წლის 27 ნოემბრის ხელშეკრულების №1 დანართის (ხილი, ბოსტნეული) მე-15 პუნქტის დარღვევის გამო დაეკისრა პირგასამტეხლო 7307.73 ლარის ოდენობით და აღნიშნულის გადასახდელად ორი სამუშაო დღე განესაზღვრა.

4.11. მოსარჩელეს 2020 წლის 07 აგვისტოს №191431/01 წერილით დაკისრებული პირგასამტეხლო - ჯამში 7307.73 ლარის ოდენობით მოპასუხისთვის არ აუნაზღაურებია.

4.12. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი 2020 წლის 22 ივლისის ოქმით, ფოტო სურათებით და მხარეთა განმარტებებით დასტურდება, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ სასადილოში, მოპასუხის მიერ შეტანილი ვაშლი არ შეესაბამება ხელშეკრულებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

4.13. პენიტენციური დაწესებულების გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს კვების ინსპექტირების კომისიის 2020 წლის 22 ივლისის ოქმის თანახმად, გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს №17 განყოფილების (ყაზარმული) სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისათვის განკუთვნილ სასადილოში მოპასუხის მიერ შემოტანილი ვაშლი არის საკვებად უვარგისი, კერძოდ, აღენიშნება გარეგნული დაზიანებები (დაბეჟილობა), არის უგემური (მკვახე) და არასტანდარტული ზომის (პატარა). ოქმზე თანდართული ფოტოსურათებით დგინდება, რომ ვაშლი არის დაბეჟილი და პატარა ზომის (იხ. ტ.II, ს.ფ. 130-134). ხელშეკრულების №1 დანართის მე-15 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ვაშლის თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ან პირველი ხარისხის, საშუალო ზომის (6-9 სმ), სახეობის შესაბამისად (ივერია, სტარტი, გოლდენდელიშესი), მკვრივი, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების, მავნებლების, მექანიკური და ბაქტერიოლოგიური დაზიანებების გარეშე, დაფასოებული ყუთებში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანილი ვაშლი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების მოთხოვნებს.

4.14. საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ, პენიტენციურ დაწესებულებაში ნაკლიანი ვაშლის შეტანით დაარღვია მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება.

4.15. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოპასუხემ/აპელანტმა სადავოდ გახადა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს 10-ჯერ შემცირება და მიუთითა ხელშეკრულების სპეციფიკურ საგანზე - პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მომსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვა. აღნიშნულიდან გამომდინარე აპელანტმა მიუთითა, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მიმართ განსაკუთრებული გულისხმიერების გამოჩენის საჭიროებაზე. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე (მიმწოდებელი) ხშირად არღვევს ხელშეკრულების პირობებს იმის იმედით, რომ სასამართლო ხელშეკრულებით განსაზღვრულ/დაკისრებულ პირგასამტეხლოს შეამცირებს.

4.16. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, გამოსაკვლევი იყო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლოს ოდენობის კანონიერება და მართლზომიერება.

4.17. სააპელაციო სასამართლოს გაიზიარა აპელანტის/მოპასუხის პრეტენზია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს არაგონივრულობასთან დაკავშირებით.

4.18. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელემ დაარღვია მოპასუხესთან გაფორმებული ხელშეკრულება და გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო შემცირდა 10-ჯერ და 7307.73 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 730.77 ლარით.

4.19. სააპელაციო სასამართლოს განმარტებთ, პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან. პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

4.20. მოცემულ საქმეზე სადავო იყო მენარდის მიერ ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გაანგარიშების საკითხი, რომელიც გამოთვლილია ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. შესაბამისად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებიდან სადავო არა პირგასამტეხლოს დარიცხვის მართლზომიერება, არამედ მოპასუხის მიერ განსაზღვრული ოდენობა.

4.21. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის მართლზომიერება და განმარტა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გამოანგარიშება სრული სახელშეკრულებო თანხიდან შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით. შესაბამისად, აღნიშნული დებულება უნდა განიმარტოს იმგვარად, რომ მხედველობაში იქნას მიღებული ხელშეკრულების არსი, ის, თუ რა შედეგის მიღწევას ისახავდნენ მიზნად მხარეები ხელშეკრულების დადებით.

4.22. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში: სსკ-ი) 420-ე მუხლი სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კერძოდ, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ანუ ფულადი თანხის ოდენობა, თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი ხელშეკრულებითაა შეთანხმებული, სასამართლო თავისუფალი ნების ავტონომიის პირობებში, მოკლებულია შესაძლებლობას პირგასამტეხლოს გამოთვლის პრინციპი შეცვალოს. რაც შეეხება იმ გარემოებას, პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს „აშკარა შეუსაბამობის“ თაობაზე მტკიცებულებებს წარადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს.

4.23. განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ/შემსყიდველმა პირგასამტეხლო დაიანგარიშა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, რაც სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მართლზომიერი და გონივრული ოდენობაა, რადგან დარღვეული ხელშეკრულების საგანი იყო სპეციალური პენიტენციური დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მომსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

4.24. მიმწოდებელმა/მოსარჩელემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა/მოპასუხისათვის მიცემული გარანტია იმის თაობაზე, რომ შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) და მის მიერ მიწოდებული ყველა პროდუქტის ხარისხი უპასუხებდა ხელშეკრულების პირობებს და დააკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიმწოდებელი ვალდებული იყო, კვებითი მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტი, ხოლო წარმოებული პროდუქციის უვნებლობას და ხარისხს უნდა დაეკმაყოფილებინა როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები, ისე №1 დანართით გათვალისწინებული ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები.

4.25. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ხელშეკრულების შინაარსზე და მისი შესრულების, მომსახურების იმ სახეზე, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული, ასევე - ნაკისრ ვალდებულებაზე, რაც ხელშეკრულების მიხედვით ყოველდღიურ შესასრულებელ პირობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების შესრულება მიემართება ისეთი სპეციალურ დაწესებულებაში პროდუქტის შეტანას, როგორიც სასჯელაღსრულების, პენიტენციური დაწესებულებაა და ამ დაწესებულებაში მოთავსებული პირების, პატიმრებისა და საპატიმროს მოსამსახურე პირების კვებას უკავშირდება.

4.26. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარემ (მოსარჩელემ) დაარღვია ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება, მას მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელისათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო გონივრულია და სრულად შეესაბამება განსახილველ შემთხვევაში მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, იგი შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ არის და შესაბამისად, სსკ-ის 420-ე მუხლით განმტკიცებული დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს არ იძლევა.

5. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ 2019 წლის 27 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N11/66 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 10-ჯერ შემცირება, არ არის დასაბუთებული და ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლოს სარჩელი არ უნდა დაეკმაყოფილებინა.

6. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

6.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

6.2. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სასამართლოს მსჯელობა უხარისხო პროდუქციის მიღებით გამოწვეულ ზიანზე არარელევანტურია მითითებულ საქმესთან დაკავშირებით. სააპელაციო სასამართლომ, თავისი ინიციატივით მიუთითა და იმსჯელა ზიანზე, მიუხედავად იმისა, რომ კვებით მომსახურებით მოსარგებლე პირებს ზიანი არ მიდგომიათ, რომლითაც დაარღვია შეჯიბრებითობის პრინციპი.

6.3. კასატორის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი. პირგასამტეხლოს ოდენობა მიბმულია ხელშეკრულების სრულ ღირებულებასთან, რაც გულისხმობს კვებითი მომსახურების ღირებულებას 2019 წლის 1 დეკემბრიდან ხელშეკრულების მოქმედების ვადის ბოლომდე. შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა არ არის ინდივიდუალურად განხილული მხარეთა მიერ და განსაზღვრული კონკრეტული დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე. ხელშეკრულებასთან შეუსაბამო პროდუქციის მიწოდებას არანაირი კავშირი არ აქვს იმასთან, თუ რა ღირებულების კვებითი მომსახურება იყო გაწეული დარღვევამდე და რა ღირებულების კვებითი მომსახურება უნდა იყოს გაწეული ხელშეკრულების ვადის ბოლომდე. აღნიშნულიდან გამომდინარე კასატორის შეფასებით, უსამართლოა პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ხელშეკრულების სრული ღირებულების გათვალისწინება.

6.4. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისად დადებულ ხელშეკრულებებში პირგასამტეხლო გათვალისწინებულია არა სადამსჯელო ფუნქციით, არამედ ვალდებულების შეუსრულებლობის პრევენციით, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულების ჯეროვან შესრულებას.

6.5. კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება „შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულებაზე“ მსჯელობისთვის. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დგინდება, რომ 2020 წლის 22 ივლისს გარე დაცვისა და აღმოსავლეთის სამმართველოს N17 განყოფილების სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისთვის განკუთვნილ სასადილოში გაწეული მთლიანი დღის კვებითი მომსახურების ღირებულება იყო 231 ლარი, იგივე ღირებულების იყო კვებითი მომსახურება 23 ივლისსაც. თავად სადავო ვაშლის ღირებულება იყო 29.7 ლარი. სასამართლოს არ გაუთვალისწინებია აღნიშნული გარემოება და ზოგადად მიუთითა პირგასამტეხლოს ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან დაანგარიშების მართლზომიერებაზე და გონივრულ ოდენობაზე.

6.6. კასატორის განმარტებით ვაშლი ჩანაცვლდა ვაშლატამით. იმ შემთხვევაში, თუ საუბარი იქნებოდა მზა კერძზე, მოსარჩელეს პირგასამტეხლო საერთოდ არ დაეკისრებოდა. მიმწოდებლის განმარტებით, მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულების 9.5 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ უხარისხო მზა საკვების მიწოდების შემთხვევაში, მოსარჩელეს პირგასამტეხლო დაეკისრება მხოლოდ მაშინ, თუ არ ჩაანაცვლებს უხარისხო მზა საკვებს ხარისხიანით. შესაბამისად, კასატორის შეფასებით განსაზღვრული პირგასამტეხლო არის არაგონივრული და დაუშვებელია მიმწოდებლის დაჯარიმება მხოლოდ პროდუქტის აღმოჩენის გამო, როდესაც ის არ ყოფილა გამოყენებული კვებით მომსახურებაში.

6.7. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

6.8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

9. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად დააკისრა, მოპასუხის სასარგებლოდ, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს გადახდა.

10. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ; N ას- 1027-2020, 27.11.2020წ; N ას-634-2021, 4.11.2021წ; N ას-1363-2021, 5.04.2022წ; N ას-1183-2022, 23.12.2022წ; N ას-1572-2022, 5.05.2023წ.).

11. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებების (იხ. წინამდებარე განჩინების 4.1-4.14 ქვეპუნტქები) და მსჯელობას პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან მიმართებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება. ასევე, ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გაანგარიშებას მოსარჩელისთვის დასაკისრებელი პირგასამტეხლოს თაობაზე და მიიჩნევს, რომ მის გასაბათილებლად კასატორს დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიები არ წარმოუდგენია. მიმწოდებლის მტკიცებით, დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია და დაუსაბუთებელია მისი გამოთვლა ხელშეკრულების სრული ღირებულებიდან.

12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებში წარმოდგენილია პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს კვების ინსპექტირების კომისიის 2020 წლის 22 ივლისის ოქმი, რომლის თანახმად, გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს N17 განყოფილების (ყაზარმული) სავალდებულო სამხედრო მომსახურეებისთვის განკუთვნილ სასადილოში, მოსარჩელის მიერ შეტანილი ვაშლი იყო საკვებად უვარგისი, კერძოდ აღენიშნებოდა დაზიანებები (დაბეჟილობა), უგემური (მკვახე) და არასტანდარტული ზომის (პატარა) რაც ოქმზე თანდართული ფოტოსურათებითაც დგინდება.

13. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების N1 დანართის მე-15 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ვაშლის თითოეული მიწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ან პირველი ხარისხის, საშუალო ზომის (6-9სმ), სახეობის შესაბამისად (ივერია, სტარტი, გოლდენდელიშესი), მკვრივი, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების, მავნებლების, მექანიკური და პაქტერიოლოგიური დაზიანებების გარეშე, დაფასოების ყუთებში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში შეტანილი ვაშლი არ შეესაბამებოდა ხელშეკრულების მოთხოვნებს და დაირღვა მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულება.

14. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ კერძო სამართალში ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი მოქმედებს, რაც სსკ-ის მე-10 მუხლითაა რეგლამენტირებული, კერძოდ, სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს შეუძლიათ განახორციელონ კანონით აუკრძალავი, მათ შორის კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი ნებისმიერი მოქმედება. იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულების მხარეები სწორედ თავისუფალი ნების გამოვლენის პირობებში, საკუთარი შეხედულებისამებრ აყალიბებენ გარიგების პირობებს, კერძო სამართალი მათ მიერ ნაკისრი ვალდებულების განუხრელ დაცვას მოითხოვს. pacta sunt servanda- ს პრინციპის თანახმად, ხელშეკრულება უნდა შესრულდეს, რაც ხელშეკრულებისადმი ერთგულების გამოვლინებას წარმოადგენს. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (შდრ. სუსგ-ები №ას-1079-2019, 30.09.2019წ.; №ას-672-2021 23.09.2021წ.; ას-1194.2022, 8.06.2023წ.; №ას-480-2023 20.09.2023წ.; №ას-328-2023, 20.06.2023წ.; №ას-553-2023 28.09.2023წ.).

15. საკასაციო სასამართლო თავის ერთ-ერთ განჩინებაში მიუთითებს, რომ სამოქალაქო სამართლით განმტკიცებული მხარეთა ავტონომიურობის პრინციპი ყველაზე ნათლად ხელშეკრულების თავისუფლებაში გამოიხატება. ხელშეკრულების თავისუფლება ეფუძნება მხარეთა სურვილს, დაამყარონ კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობა. ხელშეკრულების თავისუფლება ორი ნაწილისაგან შედგება: ა) ხელშეკრულების დადების თავისუფლება; ბ) ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება. ხელშეკრულების შინაარსის თავისუფალი განსაზღვრა გულისხმობს იმასაც, რომ სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მე-2 წინადადების მიხედვით, „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსით განმტკიცებული ხელშეკრულების სახეები არ არის ამომწურავი. ხელშეკრულების მხარეებს, როგორც წესი უფლება აქვთ, დამოუკიდებლად აირჩიონ ხელშეკრულების ტიპიც და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი. (იხ: სერგი ჯორბენაძე, ხელშეკრულების თავისუფლება სამოქალაქო სამართალში, თბილისი, 2017, გვ. 103; სუსგ Nას-405-2021; 29.06.2021წ.).

16. ხელშეკრულება მიიჩნევა მხარეთა ნების დეკლარაციად და ასახავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ წინასწარ შეთანხმებულ პირობებს. მხარეთა შეთანხმების შედეგად მიღებულ დოკუმენტში პირობების/დათქმების დაზუსტება შესაძლებელია ამავე მხარეების შეთანხმების გზით. ხელშეკრულების ავტონომიურობის პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტები ვალდებულნი არიან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები განუხრელად დაიცვან და მათ შორის დადებული ხელშეკრულების შესაბამისად იმოქმედონ (სუსგ. N ას-237-2019, 17.05.2019წ.).

17. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით მოსარჩელისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს, დარღვევის შეუსაბამო, მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ინსტრუმენტისა და მისი დანიშნულების უგულებელმყოფ ოდენობასთან დაკავშირებით. ზოგადად, როდესაც სასამართლო, მხარის შედავების პირობებში, შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობს, მხარს უჭერს იმ პრინციპს, რომ პირგასამტეხლო არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან უნდა დაანგარიშდეს, არამედ შეუსრულებელი (დარჩენილი) ვალდებულების მოცულობიდან. ამასთან საგულისხმოა ისიც, თუ რა სახის ვალდებულების შეუსრულებლობაზეა საუბარი, მისაწოდებელი პროდუქციის ოდენობა, ხარისხი თუ ვადაა დარღვეული, რაც თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში ფასდება სასამართლოს მიერ, ამასთან, რამდენად მნიშვნელოვანია ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროს და ადგილას შესრულებისადმი შემკვეთის (კრედიტორის) ინტერესი. საკასაციო სასამართლო არაერთ საქმეზე განმარტავს, რომ ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ. სუსგ-ები: Nას-164-160-2016, 28.07.2016წ; N ას-349-2019, 11.06.2019 წელი; N ას-581-2019, 31.07.2019წ; N ას-971-2019, 28.10.2019წ; N ას-1164-2019, 22.11.2019 წ; N ას-1597-2019, 13.12.2019 წ; N ას-1435-2018, 08.05. 2020 წ; N ას-1716-2019, 19.02. 2021წ; N ას-213-2022, 06.06.2022 წ; N ას-473-2022, 07.07.2022 წ; N ას-183-2021, 29.11.2022 წ; N ას-56-2023, 28.09.2023 წ; N ას-946-2024, 7.08.2024წ;N ას- 693-2024, 10.10.2024წ.). თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თითოეულ საქმეზე ინდივიდუალურად უნდა დადგინდეს და შემოწმდეს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შესაძლებელია განსხვავებული იყოს შემთხვევა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მყარად დადგენილ სასამართლო პრაქტიკაზე, კერძოდ, როდესაც ხელშეკრულების მხარე არის მეწარმე სუბიექტი, მისი პასუხისმგებლობის ხარისხი ბევრად აღემატება ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის ხარისხს, რომელიც შესაძლებელია იყოს ხელშეკრულების სუსტი მხარე, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსს და მის თანმდევ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური ოდენობის. „განსახილველ შემთხვევაში, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენს მეწარმე სუბიექტი, რომელიც თავისუფალი და გაცნობიერებული ნების გამოვლენის საფუძველზე დათანხმდა პირგასამტეხლოს კონკრეტულ ოდენობას და როგორც სახელშეკრულებო ურთიერთობაში კონტრაჰირებულ მეწარმე სუბიექტს, მისი სტატუსიდან გამომდინარე, ფიზიკური პირისგან განსხვავებული პასუხისმგებლობითა და სტანდარტით მოეთხოვება ვალდებულების სამართლებრივ შედეგებზე პასუხისგება.“ (შეად. სუსგ-ებს: N ას-189-2022, 16.09.2022 წ; N ას-310-2022, 16.12.2022 წ; N ას-889-2022, 23.03.2023წ; N ას-65-2024, 15.04. 2024 წ; N ას-1519-2023, 21.06. 2024 წ; N ას-485-2024, 28.06.2024 წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.). ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს შემცირების გზით მოვალისათვის დაკისრებული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს ვალდებულების შეუსრულებლობისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა და იმ ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც კრედიტორს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა. (სხვა მრავალთა შორის იხ. სუსგ N ას-504-2024, 4.10.2024წ.).

18. სსკ-ის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. კერძო სამართალში მოქმედი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი სხვა პირობებზე შეთანხმების გარდა, ასევე პირგასამტეხლოს ოდენობაზე თავისუფლად შეთანხმებასაც გულისხმობს. თუმცა, სამოქალაქო პროცესში მოქმედი შეჯიბრებითობის პრინციპისგან ერთ-ერთ გამონაკლისს სწორედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლოს ოდენობის სასამართლოს ინიციატივით შემცირება წარმოადგენს.

19. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც, მოვალე ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას იხდის. პირგასამტეხლოს არსებობისთვის აუცილებელია მხარეთა შორის წერილობითი შეთანხმება და მისი ფულადი თანხით გამოხატვა, რომელიც იდენტიფიცირებადი უნდა იყოს. აღნიშნული წინაპირობებიდან ორივე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ვინაიდან სადავო ხელშეკრულებებში პირგასამტეხლოს შესახებ შეთანხმება არსებობს და იგი ფულადი სახითაა გამოსახული.

20. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოცემულ საქმეზე პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით და ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების, გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და „აიძულებს“ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს იძულებითი ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (იხ. სუსგ N ას-428-428-2018, 13.07.2018 წ; N ას-400-2023, 10.10.2023წ; N ას-835-2023, 25.10.2023წ; N ას-355-2019, 26.10.2023წ.; N ას-1164-2023, 4.12.2023წ; N ას-1218-2023, 10.01.2024წ; N ას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).

22. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ)დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება“ (იხ. სუსგ-ები N ას-816-767-2015, 19.11.2015წ.; Nას-428-428-2018, 13.07.2018 წ; Nას-603-2023, 20.07.2023წ; Nას-744-2023, 12.09.2023წ; Nას-355-2019, 29.10.2023წ; Nას-1164-2023, 4.12.2023წ; Nას-1218-2023, 10.01.2024წ; Nას-1210-2023. 18.01.2024წ; N ას-504-2024, 4.10.2024წ.).

23. „პირგასამტეხლო, როგორც უპირველესად კრედიტორის სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი მექანიზმი, ძალმოსილი შეიძლება იყოს მხოლოდ მაშინ, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას“ (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.7, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf).

24. პირგასამტეხლოს მოთხოვნა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარღვევის საკითხი წინასწარაა განსაზღვრული, კერძოდ ვალდებულების დარვევის როგორც იდენტიფიცირება, ისე მისი დადგენა უნდა იყოს შესაძლებელი, ხოლო ასეთი მოთხოვნის დაყენება კი არ უნდა მოდიოდეს შეუსაბამობაში საკანონმდებლო დანაწესებთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის თვალსაზრისით ყურადსაღებია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის საკითხი. ვალდებულების დარღვევა შეიძლება გამოიხატოს როგორც ვალდებულების არაჯეროვნად შესრულებაში, ასევე ვალდებულების შეუსრულებლობაში. პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის ვალდებულების დარღვევა (შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება) აუცილებლად მოვალის ბრალეულობით უნდა იქნეს გამოწვეული. თუ არ დადგინდება მოვალის ბრალი, მაშინ მის მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნასაც არ ექნება სამართლებრივი საფუძველი (იხ. სერგი ჯორბენაძე, საქართველოს სამოქალაქო კოდესის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 417, ველი 23-26).

25. დადგენილია, რომ მიმწოდებელმა დაარღვია შემსყიდველთან გაფორმებული ხელშეკრულება, ამასთან პირველი ინსტანციის სასამართლომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო 10-ჯერ შეამცირა და მოსარჩელეს 7307.73 ლარის ნაცვლად, 730.77 ლარი დააკისრა.

26. საქმეში წარმოდგენილი, 2020 წლის 22 ივლისის №1 ოქმის თანახმად, გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს №17 განყოფილების (ყაზარმული) სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეებისათვის განკუთვნილ სასადილოში, მოსარჩელის მიერ, შეტანილ იქნა საკვებად უვარგისი ვაშლი, კერძოდ, ვაშლი ვიზუალურად იყო დაზიანებული (დაბეჟილი), ხოლო გემოთი უგემური (მკვახე) და არასტანდარტული ზომის. ხელშეკრულების დანართი №1-ის მე-15 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ვაშლი - თითოეული მოწოდებული პარტია უნდა იყოს უმაღლესი ან პირველი ხარისხის, საშუალო ზომის (6-9 სმ), სახეობის შესაბამისად მკვრივი, საღი, მწიფე, ჭკნობის ნიშნების და ა.შ დაზიანებების გარეშე. აღნიშნული ოქმით და მასზე დართული ფოტოსურათებით უდავოდ დასტურდებოდა მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების დანართი №1-ის მე-15 პუნქტის დარღვევა, რაც საფუძველს აძლევდა სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიმწოდებლისთვის მოეთხოვა ხელშეკრულებით განსაზღვრული/შეთანხმებული ოდენობის პირგასამტეხლო.

27. სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას, რომ განსახილველ შემთხვევაში სადავოა მენარდის/მიმწოდებლის მხრიდან ვალდებულების დარღვევისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შემკვეთის/მიმწოდებლის მიერ გაანგარიშების საკითხი, რომელიც გამოთვლილია ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან. შესაბამისად, სადავო არის არა პირგასამტეხლოს დარიცხვის მართლზომიერება, არამედ - მისი ოდენობა. პირგასამტეხლოს შეფასებითვის, მნიშვნელოვანია პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლვე ვადიდან და ა.შ.

28. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გამოანგარიშება ხელშეკრულების საერთო სავარაუდო თანხიდან (იხ. წინამდებარე განჩინების 4.2 ქვეპუნქტი) შესაბამისი პროცენტული მაჩვენებლით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს განმარტებას, რომ გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების არსი, ის, თუ რა შედეგის მიღწევას ისახავდნენ მიზნად მხარეები ხელშეკრულების დადებით.

29. სსკ-ის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. ხელშეკრულების დებულება უნდა განიმარტოს ხელშეკრულების სხვა დებულებებთან ერთობლიობაში და არა სადაო დებულება განცალკევებულად მისი სიტყვა-სიტყვითი მნიშვნელობით, რადგან თითოეული დებულება ხელშეკრულების შესრულების საერთო მიზანს უნდა ემსახურებოდეს.

30. სსკ-ის 420-ე მუხლის (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. მართალია, პირგასამტეხლოს განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, დასახელებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, მხარის მოთხოვნის საფუძველზე იმსჯელოს და შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო მხარეთა მიერ გამოვლენილი ნების მიუხედავად. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, იგი არ წარმოადგენს მხარეთა აბსოლუტურ უფლებას და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფი ვალდებულება(იხ. სუსგ-ები: Nას-1158-1104-2014, 6.05.2015წ.; N ას-1199-1127-2015, 13.04.2016 წ; Nას-708-678-2016, 27.01.2017 წ; N ას-51-2022, 22.07.2022წ; N ას-941-2022, 31.10.2022წ; N ას-626-2023, 7.07.2023წ; N ას-400-2023, 20.10.2023წ.; Nას-1389-2023, 30.01.2024წ.).

31. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი, პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. ამ კრიტერიუმებში იგულისხმება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა;

32. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო მხოლოდ კვალიფიციური შედავების არსებობის შემთხვევაშია უფლებამოსილი, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევას სასამართლო მოვალის კვალიფიციური შესაგებლის არსებობის შემთხვევაში ახორციელებს და მის გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად შეუსაბამო და არაგონივრულია პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. საკასაციო სასამართლოს დადგენილი პრაქტიკის თანახმად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების შეფასება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამოობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი) არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა... თუ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების მოთხოვნა კვალიფიციური შედავების ფორმით არ მოხდება, მაშინ სასამართლოს ხელთ აქვს მხოლოდ კრედიტორსა და მოვალეს შორის შეთანხმებით, სახელშეკრულებო თავისუფლებით გამყარებული ნება - მოთხოვნილი პირგასამტეხლოს სახით და კრედიტორის მიერ დასაბუთებული დარღვევა, როგორც პირგასამტეხლოს დაკისრების წინაპირობა (ჩიტაშვილი ნათია; პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17, http://lawjournal.ge/wp-content/uploads/2020/04/Shedarebiti-Samartali-2-2020-14-31.pdf; ასევე შეად. სუსგ-ებს: N ას-827-2021, 03.12.2021წ; N ას-384-2020, 28.03.2022წ; N ას-51-2021, 01.04.2022წ; N ას-1098-2021, 26.07.2022წ.; Nას-1206-2023, 17.11.2023წ.; №ას-852-2023, 26.01.2024წ.).

33. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშებული პირგასამტეხლოს ოდენობა მოცემულ შემთხვევაში გონივრულია, ვინაიდან დარღვევა უკავშირდება ხელშეკრულებას, რომლის საგანსაც წარმოადგენს პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა, პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ - ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სავალდებულო სამხედრო მომსახურეთა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა კვებითი მომსახურების შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მიმწოდებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა, იმის თაობაზე, რომ შესყიდვის ობიექტის (მომსახურების) და მის მიერ მიწოდებული ყველა პროდუქტის ხარისხი უპასუხებდა ხელშეკრულების პირობებს და დააკმაყოფილებდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. მიმწოდებელი ვალდებული იყო, კვებითი მომსახურების გაწევისას გამოეყენებინა მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტი, ხოლო წარმოებული პროდუქციის უვნებლობას და ხარისხს უნდა დაეკმაყოფილებინა როგორც საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მოქმედი სტანდარტები, ისე №1 დანართით გათვალისწინებული ტექნიკური და ხარისხობრივი მაჩვენებლები.

34. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად შეაფასა ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების, მომსახურების ის სახე, რომელიც ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. ასევე, გარემოება და ნაკისრი ვალდებულება, რაც ხელშეკრულების მიხედვით ყოველდღიურ შესასრულებელ პირობას გულისხმობს. მნიშვნელოვანია, რომ ხელშეკრულების შესრულება მიმართულია ისეთ სპეციალურ დაწესებულებაში პროდუქტის შეტანაზე, როგორიც არის პენიტენციური დაწესებულება და ამ დაწესებულებაში მოთავსებული პირების, პატიმრებისა და საპატიმროს მომსახურე პირების კვება.

35. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოსარჩელეს ორმხრივი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, მართებულად დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო. ამასთან, მიმწოდებლისთვის/კასატორისთვის დაკისრებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა გონივრულია და სრულად შეესაბამება მოვალის მიერ ხელშეკრულების დარღვევის ხასიათს, შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალი არ არის და სასამართლოს მხრიდან სსკ-ის 420-ემუხლით განმტკიცებულ დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლის საჭიროება არ ვლინდება.

36. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ 2019 წლის 27 ნოემბრის სახელმწიფო შესყიდვის სესახებ N11/66 ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკისრებული პირგასამტეხლოს პირველი ინსტანციის გასაჩივრებული გადაწყვეტილებით 10-ჯერ შემცირება, არ არის დასაბუთებული და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

37. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

38. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს. საკასაციო სასამართლოს მიერ უარყოფილია კასატორის საკასაციო განაცხადის დასაშვებად ცნობა და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება, როგორც დასაბუთებული და კანონიერი.

39. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ი.ჯ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. შპს „ი.ჯ–ს“ (ს/კ #......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 29.07.2024 წლის #23073301990 საგადახდო დავალებით გადახდილი 328.84 ლარის 70% - 230.18 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური