Facebook Twitter

საქმე №ას-1042-2024 11 ოქტომბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ა.წ–ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე–ი“ (ყოფილი შპს "ჩ–ბი ...") (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა.წ–ის (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან დასაქმებული) სარჩელი შპს „ე–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, დამსაქმებელი ან კომპანია/ორგანიზაცია) წინააღმდეგ, შრომითი ურთიერთობის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 აპრილის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

3. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები:

3.1. მოპასუხე კომპანია წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც 2010 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე.

3.2. მოპასუხის საქმიანობა მოიცავს ორ მიმართულებას: 1)ონლაინ მიმართულებას, რომელიც გულისხმობს კომპანიის ვებ გვერდის www.europebet.com მართვას და აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობას ამ საიტზე და 2) ოფლაინ მიმართულებას, რომელიც გულისხმობს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ფიზიკური ობიექტების გახსნას და მართვას, ტოტალიზატორის და სათამაშო აპარატების სალონების ქონას. თავის მხრივ ოფლაინ მიმართულება დამატებით იყოფა ტოტალიზატორისა და სათამაშო აპარატების სალონების მიმართულებად.

3.3. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის, 2018 წლის 09 მარტს, დაიდო უვადო შრომითი ხელშეკრულება, რომლის მიხედვით დასაქმებული ოფლაინ ბიზნეს მენეჯერის თანამდებობაზე დასაქმდა და იკისრა ვალდებულება, შეასრულოს მისთვის დაკისრებული სამუშაო იმ მოცულობით და წესით, რაც განსაზღვრულია წინამდებარე შრომითი ხელშეკრულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციით, კომპანიაში მოქმედი ,,შრომის შინაგანაწესით“ და სხვა მოქმედი შიდა ნორმატიული დოკუმენტაციით ასეთის არსებობის შემთხვევაში. დასაქმებულის სამუშაო ადგილად განისაზღვრა ქალაქი თბილისი, სათავო ოფისი.

3.4. ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა შრომის ანაზღაურება და გადახდის წესი, რომლის თანახმად დასაქმებულის შრომის ანაზღაურება შეადგენდა თვეში 3125 ლარს, საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით, რომელიც წარმოადგენს დასაქმებულის ძირითად ანაზღაურებას.

3.5. ხელშეკრულების დანართით N2 ,,სამუშაო პირობების შეთავაზების შესახებ“ ირკვევა, რომ მოსარჩელის საქმიანობა კომპანიაში განსაზღვრულია ოფლაინ ბიზნეს მენეჯერის პოზიციაზე ტოტალიზატორის მიმართულებით, რომელიც მოიცავს შემდეგ ძირითად ფუნქცია-მოვალეობებს: 1. ფილიალების სამუშაო პროცესის დაგეგმვა; 2. შემოსავლების სამსახურის (www.rs.ge) ვებ გვერდზე ასატვირთი/განსათავსებელი დოკუმენტაციის მომზადება და ატვირთვა; 3. ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშების მომზადება; 4. ფილიალებში მიმდინარე სამუშაო პროცესების გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო პროცედურების განხორციელება და მენეჯერების მხარდაჭერა; 5. უშუალო ხელმძღვანელის დავალების და საჭიროების შესაბამისად მის სამუშაო ფუნქცია-მოვალეობებთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება.

3.6. ქვეყანაში გავრცელებული კოვიდ პანდემიის გამო, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მასშტაბით დაიხურა ყველა ტოტალიზატორი და სათამაშო აპარატების სალონი.

3.7. საქმეში წარმოდგენილია 2020 წლის 26 აგვისტოს, 15 მაისის, 16 ნოემბრის, 1 დეკემბრის, 2021 წლის 1 ივლისის, 31 მაისის ბრძანებები, რომელთა თანახმად თელავის, ბათუმის, თბილისის მასშტაბით კოსტავას, მარნეულის, ოზურგეთის და ქუთაისის ფილიალებში, ეკონომიური გარემოებების საფუძველზე, დაიხურა მოპასუხის ფილიალი და შემცირდა 107 საშტატო ერთეული.

3.8. მხარეთა შორის სადავო არაა ის გარემოება, რომ 2020 წელს პანდემიის გამო, დასაქმებულის დროებით სამუშაო ადგილად განისაზღვრა ქალაქი ზუგდიდი. კომპანიამ 2020 წლიდან დაკეტა ყველა ოფლაინ ობიექტი და მხოლოდ ერთი, ზუგდიდის ფილიალი შეინარჩუნა, სადაც დაასაქმა მოსარჩელე. ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად იმისთვის, რომ კომპანიას ჰქონდეს ან/და შეინარჩუნოს ონლაინ თამაშობების გამართვის უფლება- ლიცენზია, მას უნდა ჰქონდეს ერთი ფიზიკური ობიექტი მაინც. სხვა შემთხვევაში ის დაკარგავს ონლაინ თამაშობების მოწყობის უფლებას და ლიცენზიას.

3.9. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის N322 დადგენილების თანახმად ,,იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“, 6.6 პუნქტით აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიწოდება აიკრძალა, ტოტალიზატორები და სათამაშო აპარატის სალონები დაიხურა და აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომსახურების მიწოდება დასაშვები გახდა მხოლოდ ელექტრონული ფორმით. მოპასუხის განმარტებით სწორედ ამ საკანონმდებლო დათქმის გამო გახდა იძულებული შეენარჩუნებინა ერთი ობიექტი ქ.ზუგდიდში, სადაც დაასაქმა კიდეც მოსარჩელე.

3.10. ზუგდიდის ფილიალის ზარალი, 2021 წლის აგვისტოდან, მინიმუმ - 100%-ს შეადგენდა, ხოლო ტოტალიზატორის მიმართულება, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული ყოველთვიურად საშუალოდ - 500%-იან ზარალს იღებდა.

3.11. 2022 წლის 1 თებერვლიდან გაუქმდა ოფლაინ ბიზნესის განვითრების მენეჯერის საშტატო ერთეული და ვიდეო კონტროლის ოპერატორის ორი საშტატი ერთეული. დამსაქმებელი კომპანიის მხრიდან აღნიშნულ პოზიციებსა და ოფლაინ ობიექტის მიმართულებით ვაკანსიები არ გამოცხადებულა.

3.12. მოსარჩელესთან 2022 წლის 14 იანვარს შეწყდა შრომითი ურთიერთობა. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში: სშკ ან ორგანული კანონი) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ პუნქტი, რომლის მიხედვით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები. მოსარჩელის გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით სახელმწიფოს მიერ დაწესებული შეზღუდვა/აკრძალვები, მათ აღსრულების გართულებული მექანიზმები და სათამაშო სფეროს მიმართ მოქმედი რეგულაციები. ასევე ქვეყანაში არსებული რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, ფინანსური მაჩვენებლები და სხვა ეკონომიკური გარემოებები, რამაც აუცილებელი გახადა სამუშაო ძალის შემცირება.

3.13. მოსარჩელემ, 2022 წლის 26 იანვარს, წერილით მიმართა დამსაქმებელი კომპანიის დირექტორს, მოითხოვა შრომითი ხელეკრულების შეწყვეტის თაობაზე ბრძანების გადაცემა და განმარტება, თუ რა მოცულობით მოხდა სამუშაო ძალის შემცირება მთლიანად კომპანიაში თითოეული პოზიციის მითითებით, აგრეთვე ინფორმაცია, ბოლო თვისა და მიმდინარე პერიოდის განმავლობაში ვაკანსიის არსებობის შესხებ.

3.14. დასაქმებულის 2022 წლის 26 იანვრის წერილის პასუხად დამსაქმებელმა 2022 წლის 10 თებერვალს მოსარჩელეს წერილობით აცნობა, რომ განხორციელებული რეორგანიზაციის ფარგლებში შემცირდა ოფლაინ ბიზნესის განვითარების საშტატო ერთეული და ვიდეო კონტროლის ოპერატორის ორი საშტატო ერთეული. აგრეთვე აცნობა, რომ ოფლაინ მიმართულებით კომპანიის მხრიდან ახალი ვაკანსიები არ გამოცხადებულა. მოსარჩელის/დასაქმებულის მტკიცება, რომ დამსაქმებელმა კომპანიამ ოფლაინ მიმართულებაზე ახალი ვაკანსიები გამოაცხადა საქმის მასალებით არ დასტურდება.

4. სააპელაციო სასამართლომ, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, დაასკვნა, რომ მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობა გამომდინარეობდა შრომითი ხელშეკრულებიდან.

4.1. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო პერიოდში შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა რეგულირდება სშკ-ის 47-48-ე მუხლებით, რომელთაგან პირველი მოიცავს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებს, ხოლო მეორე არეგულირებს შეწყვეტის პროცედურულ მხარეს.

4.2. სააპელაციო სასამართლომ, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე განმარტა, რომ დამსაქმებელი კომპანიის დირექტორის 2022 წლის 14 იანვრის ბრძანებით, მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის შეწყდა შრომითი ხელშეკრულება და დასაქმებული გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სადავო ბრძანების თანახმად, მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი (ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას). შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს უნდა შეეფასებინა დამსაქმებელ ორგანიზაციაში რეორგანიზაციის გამო, მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება.

4.3. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სადავო ბრძანებაში მითითებული საფუძვლით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას, დამსაქმებელმა უნდა დაასაბუთოს და დაამტკიცოს, რომ მან დაიცვა კუმულაციურად ორი მოთხოვნა მაინც: 1) არსებობდა ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები და 2) აღნიშნულის შედეგად აუცილებელი იყო სამუშაო ძალის შემცირება. ამასთან, პირველი ელემენტი შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს მეორე ელემენტი. დამსაქმებელმა უნდა წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონიერ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში.

4.4. სააპელაციო სასამართლომ შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები და გამოარკვია, რომ მოპასუხემ (დამსაქმებელმა) საპროცესო კანონმდებლობით მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის რეალიზების პირობებში, უზრუნველყო დაესაბუთებინა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება, რომ სადავო ბრძანების გამოცემა, კომპანიაში დაწყებულმა რეორგანიზაციამ განაპირობა, რასაც ქვეყანაში არსებულმა გლობალურმა კოვიდ პანდემიამ შეუწყო ხელი. მოპასუხემ მოსრჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად შეწყვიტა.

4.5. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, უდავოდ დასტურდება, რომ მოპასუხე დაწესებულება წარმოადგენს მოგებაზე ორიენტირებულ სუბიექტს. საქმეში წარმოდგენილი ფინანსური მაჩვენებლით 2021 წლის აგვისტოს თვიდან, ზუგდიდის ფილიალის ზარალი მინიმუმ 100%-ს შეადგენდა, ხოლო ტოტალიზატორის მიმართულება, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული ყოველთვიურად, საშუალოდ, 500%-იან ზარალს იღებდა, სწორედ ამ გარემოებამ გამოიწვია მოპასუხე ორგანიზაციაში განხორციელებული რეორგანიზაცია, შემცირდა არაერთი საშტატო ერთეული და სამსახურიდან გათავისუფლდა არაერთი დასაქმებული, მათ შორის - მოსარჩელეც. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქმეში წარმოდგენილი არაა რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ რეორგანიზაციის შემდეგ დამსაქმებელი კომპანიის მიერ დამატებული იქნა შტატები, მით უფრო იმ ფუნქციათა განხორციელებისათვის, რაზედაც მოსარჩელე იყო დასაქმებული და რომელზედაც სხვა პირები დასაქმდნენ. აღნიშნულის საწინააღმდეგო სხვა რაიმე მტკიცებულებები მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა.

4.6. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, დამსაქმებელ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულის თანამდებობიდან გათავისუფლება არ ატარებდა ფორმალურ ხასიათს, იყო კანონიერი, დასაბუთებული და გააჩნდა ობიექტურად ლეგიტიმური მიზანი, რის გამოც არ არსებობდა მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

5. საკასაციო სამართალწრმოების ეტაპი

5.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

5.2. კასატორის განმარტებით სასამართლომ არ იმსჯელა იმ საკითხზე, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების პერიოდში დამსაქმებელს ვაკანსიები ჰქონდა გამოცხადებული ისეთ პოზიციებზე, რომლის შესრულება მოსარჩელეს შეეძლო. მოპასუხის მიერ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაზე მითითების მიუხედავად, დასტურდება, რომ დამსაქმებელს იმ დროისთვის ვაკანსიები ჰქონდა გამოცხადებული.

5.3. კასატორის მორიგი პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ არ შეაფასა ის გარემოება, რომ მოპასუხეს არ წარმოუდგენია ორგანიზაციის მთლიანი მოგება/ზარალის შესახებ ინფორმაცია, დაუშვებელია რეორგანიზაციის საფუძველი გახდეს რომელიმე სამსახურისა თუ ფილიალის ზარალი, მაშინ როდესაც ეს ფაქტი სათანადო მტკიცებულებით არ დასტურდება. დამსაქმებელმა წარმოადგინა დოკუმენტი, რომელიც თითქოსდა ადასტურებს რეორგანიზაციის ეკონიმიკურ საფუძვლებს, თუმცა აღნიშნული დოკუმენტი შექმნილია მოპასუხის მიერ და შეუძლებელია მის საფუძველზე კომპანიის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება.

5.4. კასატორის განმარტებით, დამსაქმებელმა ვერ დაასაბუთა კასატორის სამსახურიდან გათავისუფლების კრიტერიუმები, თუ რის საფუძველზე განხორციელდა თანამშრომელთა რანჟირება და სამსახურიდან გათავისუფლება.

5.5. კასატორის განმარტებით, სასამართლომ სწორად არ შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, კერძოდ ზუგდიდის ფილიალის გაუქმება და წყალტუბოში ახალი ფილიალის შექმნა მიუთითებს, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა არა რეორგანიზაციას, არამედ - არასასურველი კადრების სამსახურიდან გათავისუფლებას.

5.6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 აგვისტოს განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის წინაპირობების შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის საკასაციო განაცხადი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ-ი) 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ იგი დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

7. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396 - ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება); საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო განაცხადი.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

9. საკასაციო პრეტენზიების მართებულობის საკითხის შემოწმებამდე საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

10. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელემ მოითხოვა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურისანაზღაურება.

11. საკასაციო სასამართლო, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა შრომითსამართლებრივი ხასიათისაა, რომელიც ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას. სამოქალაქო სამართალსა და სამოქალაქო საპროცესო სამართალში მოქმედი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი პრინციპისაგან განსხვავებით,შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (იხ. სუსგ-ები: N ას-98-94-2016, 26.07.2016წ; N ას-368-2019, 31.07.2019წ; N ას-1350-2019, 27.11.2019 წ; N ას-1061-2021, 18.02.2022წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ; №ას-1441-2023, 12.07.2024წ. ). ამასთან, შრომითსამართლებრივ დავებში მნიშვნელოვანია გამოირიცხოს დამსაქმებლის მიერ საკუთარი უფლების ბოროტად გამოყენება.

12. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში უთითებს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება.

13. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან). მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან. მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64) - იხ. შეად. სუსგ-ებს N ას-1298-2018; 22.03.2019წ; N ას-1329-2018, 22.02.2019წ; N ას-1610-2019, 07.02.2020წ.)

14. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი დავის განხილვისას მტკიცების ტვირთის განაწილების სპეციფიკურობა განპირობებულია მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობების არსებობით. ამ კატეგორიის დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. აღნიშნული დასკვნა იმ ძირითადი პრინციპიდან გამომდინარეობს, რომ დამსაქმებელს დასაქმებულთან შედარებით გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები (შეად. სუსგ-ებს: N ას-922-884-2014, 16.04.2015 წ; Nას-483-457-2015, 07.10.2015 წ; N ას-182-171-2017, 27.12.2019წ; N ას-1429-2020, 18.03.2022წ; N ას-456-2021, 22.03.2022წ; N ას-57-2022, 13.04.2022წ.; Nას-1438-2022, 2.02.2023წ.; №ას-283-2024 26.04.2024წ.).

15. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს, კერძოდ, სადავო ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნა, სშკ-ის 47-48-ე მუხლებიდან გამომდინარეობს. ზემოაღნიშნული მუხლების კუმულატიური ერთობლიობა ადგენს, რომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებლის პოზიტიური ვალდებულებაა დაასრულოს დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ლეგიტიმური გზებით, ხოლო ნეგატიური ვალდებულება წარმოადგენს იმას, რომ დამსაქმებელს არ უნდა შეეძლოს დასაქმებულის სამსახურიდან გაშვება შესაბამისი და გამართლებული საფუძვლის გარეშე, ამიტომ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის იმ რეგულაციებს, რომლებიც სშკ-ის 47-ე და 48-ე მუხლებშია მოცემული, აქვთ ერთგვარი ,,შემაკავებელი ეფექტი“, რომლის საფუძველიც არის წინაპირობა შრომის ურთიერთობათა მხარეების თვითნებური, გაუმართლებელი გადაწყვეტილებების აღკვეთისთვის.

16. განსახილველ შემთხვევაში, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველია კონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას; შესაბამისად, საკასაციო სასამართლომ უნდა შეაფასოს დამსაქმებელ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაციის გამო, მოსარჩელესთან შეწყვეტის მართლზომიერება - შეწყდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობა ზემოხსენებული ნორმის შემადგენლობის სრული დაცვით.

17. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო პირველ რიგში ამოწმებს, რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. ამ საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად (იხ. სუსგ-ები:№ას-151-147-2016, 19.04.2016წ.; №ას-539-539-2018, 21.12.2018წ.; ას-1276-2022, 6.07.2023წ.; №ას-157-2024 28.05.2024წ.; №ას-175-2022 28.06.2024წ.; №ას-1431-2023, 3.06.2024წ.). მუშაკის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ ყოველ კონკრეტულ ბრძანებას თავისი საფუძველი გააჩნია, რაც ამართლებს ან არ ამართლებს მის გამოცემას. ასეთ დროს, სასამართლოს როლი სწორედ ბრძანების საფუძვლის მართლზომიერების საკითხის გამორკვევაა, რაც დასაქმებულის სარჩელის იურიდიული ბედის განმსაზღვრელია (იხ. სუსგ-ები: №ას-151-147-2016,19.04.2016წ.; №ას-1304-2020, 11.06.2021წ.; №ას-157-2024 22.07.2024წ.). შესაბამისად, ხელშეკრულების შეწყვეტის სხვა საფუძვლის განმაპირობებელი გარემოებები, რომლებიც არ ყოფილა სადავო ბრძანებით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი, ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი.

18. საკასაციო სასამართლომ არაერთ განჩინება/გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მოქმედი სშკ-ის 47.1-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები შეიძლება არსებობდეს დამოუკიდებლად, თუმცა იმისათვის, რომ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა საფუძვლიანად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, ნებისმიერ აღნიშნულ გარემოებას შედეგად მოჰყვებოდეს სამუშაო ძალის შემცირება. როდესაც დამსაქმებელი რეორგანიზაციის გადაწყვეტილებას იღებს, უნდა დარწმუნდეს, რომ აღნიშნული ნაბიჯი შეესაბამება ორგანიზაციის ინტერესებს და, ამავე დროს, გაუმართლებლად არ ხელყოფს დასაქმებულთა კანონიერ უფლებებს. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ რეორგანიზაცია მუშაკთან ხელშეკრულების შეწყვეტის ფორმალური საფუძველი არ არის და ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული, ორგანიზაციული ცვლილებები არ უნდა იქცეს უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება დასაქმებულთა უფლებებს. დასაქმებულის სამუშაოდან დათხოვნისას, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობების განხორციელების შემთხვევაშიც კი უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ დასაქმებულთა სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი შეიძლება გახდეს საწარმოში განხორციელებული არა ყოველგვარი, არამედ ისეთი რეორგანიზაცია, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება ან ახალი საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამდებობებისათვის დაწესებული ისეთი ფუნქციები, რომლებიც არსებითად განსხვავდება რეორგანიზაციამდე არსებული შესაბამისი თანამდებობებისათვის დაწესებული ფუნქციებისგან“ (იხ. სუსგ-ები: №ას-665-636-2016, 9.12.2016წ; N ას-982-2023, 26.01.2024წ.; №ას-1301-2023, 5.04.2024წ.; №ას-157-2024 22.07.2024წ.). ორგანიზაციაში მიმდინარე სტრუქტურული და ორგანიზაციული ცვლილებები, მხოლოდ იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ იგი თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე (იხ. სუსგ-ები: N ას-1334-2021, 02.03.2022წ; ას-982-2023, 26.01.2024წ.; Nას-157-2024, 22.07.2024წ.). იმისათვის, რომ შეფასდეს ორგანიზაციული ცვლილებები ობიექტურობის თვალსაზრისით, მისი აუცილებლობა და მიზანშეწონილობა, დამსაქმებელი ვალდებულია, წარმოაჩინოს თანმიმდევრული სურათი, რომელიც გონივრულ დამკვირვებელს დაარწმუნებს მთელი ამ პროცესის სისწორესა და კანონიერებაში (იხ. სუსგ-ები: Nას-1444-1364-2017, 9.03.2018წ; N ას-703-2023, 30.10.2023წ; ას-982-2023, 26.01.2024წ., Nას-1544-2023, 29.03.2024 წ.; Nას-157-2024, 22.07.2024წ.).

19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ დამსაქმებელმა მასზე დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, დაასაბუთა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის კანონიერება. კერძოდ, სადავო ბრძანების გამოცემა, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე, განპირობებული იყო კომპანიაში დაწყებული რეორგანიზაციით, რომლის გამომწვევი მიზეზით ქვეყანაში არსებული კოვიდ პანდემია იყო და მოპასუხემ მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება მოქმედი შრომის კანონმდებლობის შესაბამისად შეწყვიტა.

20. საქმის მასალებით დასტურდება, რომ დამსაქმებელი წარმოადგენს მოგებაზე ორიენტირებულ სუბიექტს. საქმეში წარმოდგენილი ფინანსური მაჩვენებლით 2021 წლის აგვისტოდან, ზუგდიდის ფილიალის ზარალი მინიმუმ 100%-ს შეადგენდა, ხოლო ტოტალიზატორის მიმართულება, სადაც მოსარჩელე იყო დასაქმებული ყოველთვიურად, საშუალოდ, 500%-იან ზარალს იღებდა. აღნიშნულმა გარემოებამ კი გამოიწვია რეორგანიზაცია, შემცირდა არაერთი საშტატო ერთეული და სამსახურიდან გათავისუფლდა არაერთი დასაქმებული, მათ შორის მოსარჩელე. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი არაა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ რეორგანიზაციის შემდეგ კომპანიამ დაამატა შტატები, მით უფრო იმ ფუნქციათა განხორციელებისთვის, რაზედაც მოსარჩელე იყო დასაქმებული. აღნიშნული გარემოების საპირწონე რაიმე მტკიცებულება დასაქმებულს არ წარმოუდგენია.

21. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ შრომის თავისუფლება არ არის აბსოლუტური ხასიათის კონსტიტუციური უფლება, ამასთან, მნიშვნელოვანია, საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესი, რომელიც შრომის კონსტიტუციური თავისუფლების მომწესრიგებელი ნორმის ნაწილია და იმავდროულად მეწარმეობის თავისუფლებას ადგენს. საქართველოში განხორციელებული შრომის კანონმდებლობის რეფორმის ერთ-ერთი მიზანი სწორედ დასაქმებულის უფლებების დაცვა იყო, ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ შრომის სამართალი დაკავშირებულია ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან და თითოეული დასაქმებულის საქმის ინდივიდუალური შეფასებისას გამოყენებული უნდა ე.წ. „favor prestatoris“ პრინციპი, რაც დასაქმებულთათვის სასარგებლო წესთა უპირატესობას ნიშნავს. სწორედ აღნიშნული პრინციპის გამოყენებისას, საჭიროა დამსაქმებლის და დასაქმებულის მოთხოვნებისა და ინტერესების წონასწორობის დაცვა სამართლიანობის, კანონიერებისა და თითოეული მათგანის ქმედების კეთილსინდისიერების კონტექსტში. ცხადია, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მომწესრიგებელი თითოეული საფუძვლის გამოყენებამდე, დასაბუთებული უნდა იყოს მისი გამოყენების წინაპირობა (იხ. სუსგ-ები: N ას-941-891-2015, 29.01.2016წ; N ას-997-2021, 30.11.2021წ; N ას-1255-2021, 2.03.2022წ; N ას-840-2020, 15.04.2022წ; ას-1298-2021, 16.06.2022წ; N ას-466-2021, 27.09.2022წ; N ას-388-2021, 31.10.2022წ; . N ას-300-2022, 15.02.2023წ.);

22. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით გარანტირებული შრომის თავისუფლება და სხვა სოციალური უფლებები ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებს უკავშირდება და ძირითადი უფლებების განხორციელების წინაპირობაა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით შრომის თავისუფლება იმას ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება, თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში, თავად აირჩიოს შრომითი საქმიანობის ესა თუ ის სფერო, ასევე, შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს ვალდებულება, იზრუნოს მოქალაქეთა დასაქმებაზე და დაიცვას მათი შრომითი უფლებები. კონსტიტუციით დაცულია არამარტო უფლება, აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება, განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო (იხ. საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/2-389).

23. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში განმარტავს, რომ რეორგანიზაცია არის საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სტრუქტურის შეცვლა, გადაკეთება, გარდაქმნა ან მისი ორგანიზაციულსამართლებრივი ფორმის შეცვლა, რასაც შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევებში, მოჰყვეს შტატების შემცირება, მაგრამ, რაც მთავარია, ამგვარი ცვლილებები აუცილებელს უნდა ხდიდეს შტატების შემცირებას, ვინაიდან, რეორგანიზაცია თავისთავად არ იწვევს შტატების შემცირებას. საწარმოში რეორგანიზაციის რეალურად (სტრუქტურის ან სამართლებრივი ფორმის შეცვლის, გადაკეთების, გარდაქმნის) განხორციელების შემთხვევაში, საწარმოს ადმინისტრაცია ვალდებულია, ასაბუთოს შტატების შემცირების აუცილებლობა, რათა შტატები ფორმალურად არ შემცირდეს და არ იქცეს ადმინისტრაციის მიერ უმართებულო გადაწყვეტილების მიღების კანონისმიერ საფუძვლად. დამსაქმებელი კომპანიის ადმინისტრაციის მიერ ამგვარი ნების გამოვლენა, მიუხედავად იმისა, რა ფორმით არსებობს იგი (აქტი, ბრძანება, გარიგება), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დისპოზიციური შინაარსით (საჯარო წესრიგისა და ზნეობის წინააღმდეგობა), ბათილია და მას იურიდიულ შედეგს არ უკავშირებს. ამდენად, რეორგანიზაცია, თუნდაც მართლზომიერად ჩატარებული, ყოველთვის არ ქმნის დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების ლეგიტიმურ საფუძველს. შესაბამისად, დასაქმებულის სამსახურიდან ნებისმიერი, მათ შორის - რეორგანიზაციის საფუძვლით დათხოვნის საკითხის გადაწყვეტისა და არჩევანის დროს დამსაქმებელი ვალდებულია, იხელმძღვანელოს გონივრული და დასაბუთებული კრიტერიუმით, რაც გამორიცხავს ეჭვის საფუძველს გადაწყვეტილების მიღების პროცესში და დაუსაბუთებლად არ ხელყოფს დასაქმებულის კანონიერ ინტერესს, მის შრომით უფლებებს (იხ. სუსგ-ები ას-1298-2021, 16.06.2022წ; N ას-466-2021, 27.09.2022წ; N ას-388-2021, 31.10.2022წ; . N ას-300-2022, 15.02.2023წ.);

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ დამსაქმებელ დაწესებულებაში განხორციელებული რეორგანიზაცია, რომლის საფუძველზეც დასაქმებულთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა, იყო კანონიერი, დასაბუთებული, გააჩნდა ობიექტურად ლეგიტიმური მიზანი და არ იყო ფორმალური ხასიათის. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არ არსებობს მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებელი კომპანიის ბრძანების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანება კანონიერია, არ არსებობს მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის, იძულებითი განაცდურის და პირგასამტეხლოს დაკისრების, როგორც არამართლზომიერი გადაწყვეტილების გაუქმების თანმდევი შედეგის, საფუძველი.

26. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

27. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 407.1-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.წ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ა.წ–ს (პირადი #.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს 12.08.2024 წლის #23283777917 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% - 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური