24 ოქტომბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-631 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ა.ჟ–ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი - ხელშეშლის აღკვეთა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ა.ჟ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, 1-ლი აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც მისი საკასაციო საჩივარი უარყოფილ იქნა;
შპს „ა–ას“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მეორე აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხისთვის პროცესის ხარჯების ანაზღაურების დაკისრების ნაწილში ახალციხის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება:
სარჩელის უარყოფის ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად; ა.ჟ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ 150 ლარის გადახდა დაეკისრა.
1.1. კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება საქმეში დაცული მტკიცებულებების არაადექვატური შეფასებისა და შეჯერების გარეშე მიიღო, რითაც უგულველყო მოსარჩელის კონსტიტუციით დაცული საკუთრების უფლება (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეები ახალციხეში, ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ, კერძოდ:
4.4. ახალციხეში, ....... (...... ქუჩა #11) მდებარე უძრავი ქონება, ს/კ-ით #........ მოსარჩელის საკუთრებაა.
4.5. ახალციხეში, ....... მდებარე უძრავი ქონება, ს/კ-ით #....... კი, მოპასუხეს ეკუთვნის.
4.6. მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ შენობას ოთხი კარები აქვს, კერძოდ, ორი დასავლეთით (რომლითაც შენობა უკავშირდება საჯარო სივრცეს), ერთი ჩრდილოეთით და ერთი აღმოსავლეთით (ორივე შემთხვევაში, კარები მოპასუხის ნაკვეთზე გადის).
4.7. მოპასუხის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთზე მდებარე ნაგებობა, მოსარჩელის კუთვნილი შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე კარს ემიჯნება, რომლის დემონტაჟსაც ითხოვს მოსარჩელე, რათა კუთვნილ შენობას ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან, მოპასუხის ნაკვეთის გავლით დაუკავშირდეს.
4.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის 2021 წლის 23 მარტის დასკვნის თანახმად (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპერტიზის დასკვნა):
ახალციხეში, ....... (........ ქუჩა N11-ში) მდებარე N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა N1-ის პირველ სართულზე, ლურჯი ფერით დაფიქსირებული ფართი(ებ)ის, (რომლებიც ერთობლიობაში წარმოადგენენ ახალციხეში, ....... მდებარე 1995 წლის 20 ივლისს მომზადებულ ტექნიკური პასპორტში არსებულ რესტორან „მ–ს", სასრგებლო ფართით 611.50 კვ.მ-ი (ს/კ .......) ოთახი N1ს, N2-ს, N3-ს და N4 (იხ. დანართ N2-ზე ლურჯი ფერით დაფერილი ოთახები), ჩრდილო - აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შესასვლელ კართან მოხვედრა ფაქტობრივი მდგომარეობით შესაძლებელია ორი მხრიდან, ........ ქუჩიდან.
კერძოდ, ერთი მხრიდან შესაძლებელია ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან, N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული ერთსართულიანი შენობა N1-ის სამხრეთ ნაწილის გავლით.
ხსენებული მისასვლელი გზის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს საავტომობილო მოასფალტებულ გზას, ხოლო მცირედი ნაწილი გადის შენობა N1-ის სამხრეთ ნაწილში არსებულ შიდა ფართ(ებ)ში, მაგრამ აღნიშნული გზის დასაწყისში (........ ქუჩის მხარეს) ფაქტობრივად მოწყობილია შლაგბაუმი და შესაბამისად ხსენებული მიმართულებით მოძრაობა შეზღუდულია.
მეორე მხრიდან შესაძლებელია ასევე ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან, დაურეგისტრირებელი სივრცის, N...... საკადასტრო კოდი რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის, N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ერთსართულიანი შენობა N1-ის სამხრეთ ნაწილის გავლით.
კერძოდ ხსენებული მისასვლელი გზის ძირითადი ნაწილი წარმოადგენს საავტომობილო მოასფალტებულ გზას, ხოლო მცირედი ნაწილი გადის შენობა N1-ის სამხრეთ ნაწილში არსებულ შიდა ფართებში, მაგრამ აღნიშნული გზის ერთ ნაწილში (N......... მიწის ნაკვეთის სამხრეთ-დასავლეთ ზღვარზე) ფაქტობრივი მდგომარეობით ღობეზე მოწყობილია შესასვლელი კარი და შესაბამისად ხსენებული მიმართულებით ქ. ახალციხეში, ......... (........ქუჩა NI1-ში) მდებარე N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა N1-ის პირველ სართულზე, ლურჯი ფერით დაფიქსირებული ფართ(ებ)ის, ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შესასვლელ კართან მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა, ტექნიკურად შესაძლებელია ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან (...... ქუჩიდან), N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ორსართულიანი შენობა N1-ის სამხრეთ ნაწილის გავლით. მის ძირითად ნაწილზე უკვე არსებობს მისასვლელი საავტომობილო მოასფალტებული გზა (იხ. დანართ N4-ზე ყვითელი ფერით ნაჩვენები მიმართულება).
აღნიშნული მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებულ იქნება ადგილზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის. მოხვევის რადიუს(ებ)ის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას).
ასევე საჭირო იქნება გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება, საჭირო იქნება შლაგბაუმის სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება. N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული ერთსართულიანი შენობა N1-ის სამხრეთ ნაწილის სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება და ხსენებულ ნაწილზე გზის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების ჩატარება.
აღნიშნული სამუშაოების დასაზუსტებლად საჭიროა შედგენილ იქნას შესაძლო გზის მოწყობის პროექტი და მიღებულ იქნას ყველა საჭირო ნებართვა შესაბამისი სამსახურების მხრიდან (სსიპ „ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ საპროექტო მომსახურებას არ ანხორციელებს. შესაბამისად ხსენებული პროექტის მომზადება უნდა მოხდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე საპროექტო ორგანიზაციის მიერ).
4.9 ალტერნატიული ვარიანტის მიხედვით ქ.ახალციხეში, ....... (.......ქუჩა N11-ში) მდებარე N...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა N1-ის პირველ სართულზე, ლურჯი ფერით დაფიქსირებული ფართ(ებ)ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე შესასვლელ კართან მისასვლელი საავტომობილო გზის მოწყობა, ტექნიკურად შესაძლებელია ჩრდილო-დასავლეთ ნაწილიდან ......... ქუჩიდან, დაურეგისტრირებელი სივრცის, N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის, N......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული ერთსართულიანი შენობა N1-ის სამხრეთ ნაწილის გავლით. რომლის ძირითად ნაწილზე უკვე არსებობს მისასვლელი საავტომობილო მოასფალტებული გზა (იხ. დანართ N4-ზე იასამნისფერი ფერით ნაჩვენები მიმართულება).
აღნიშნული მისასვლელი გზის მოწყობის შემთხვევაში საჭიროა შედგენილ იქნას შესაბამისი პროექტი, რომელიც დაზუსტებული იქნება ადგილზე (პროექტი მოიცავს გზის ფართის. მოხვევის რადიუს(ებ)ის, კონფიგურაციის და სიგანის ზუსტ განსაზღვრას). ასევე საჭირო იქნება გზის მოწყობასთან დაკავშირებული რიგი სამშენებლო და სადემონტაჟო სამუშაოების ჩატარება, შესაბამისად ხსენებული პროექტის მომზადება უნდა მოხდეს შესაბამისი კომპეტენციის მქონე საპროექტო ორგანიზაციის მიერ.
4.10 ქ.ახალციხეში, ....... მდებარე 1995 წლის 20 ივლისს მომზადებულ ტექნიკური პასპორტში არსებული მონაცემებით რესტორან „მ–ს“ ეზოდან გააჩნია სამი დამოუკიდებელი შესასვლელი კარი. კერძოდ ორი კარი მდებარეობს ხსენებული ფართის დასავლეთ ნაწილში (ერთი კარი მდებარეობს ოთახი N1-ში, ხოლო მეორე კარი მდებარეობს ოთახი N2-ში), ხოლო მესამე კარი მდებარეობს ჩრდილო- აღმოსავლეთ ნაწილში (ოთახი N4-ში -იხ. დანართი N2).
5. ხელშეშლის აღკვეთის, დემონტაჟის გზით უძრავ ქონებასთან მისასვლელის გათავისუფლებისა და საკანალიზაციო სისტემის გადატანის თაობაზე მოთხოვნის წარუმატებლობა სსკ-ის 176-ე (მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა) და 180.1 (თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო-, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს) მუხლების ფაქტობრივი შემადგენლობის არ არსებობამ განაპირობა.
6. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 176-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან გამომდინარე, „მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მეზობელ ნაკვეთებზე ისეთი ნაგებობების აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვა, რომლებიც დაუშვებლად ხელყოფენ ნაკვეთით სარგებლობის უფლებას და ეს იმთავითვე აშკარაა“.
176-ე მუხლი, შესაძლებელია ითქვას, თავისი სამართლებრივი ბუნებიდან გამომდინარე, სამეზობლო ზემოქმედებათა თმენის ვალდებულების მომწესრიგებელ 175-ე მუხლზე მაღლაც დგას იმ კონტექსტში, რომ მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ანიჭებს ნაგებობის აშენების ან ექსპლუატაციის აკრძალვის შესაძლებლობას იმ შემთხვევაში, თუკი სახეზეა ორი წინაპირობა: ნაკვეთით სარგებლობის უფლების დაუშვებელი ხელყოფა და ეს იმთავითვე აშკარაა. დასახელებული კუმულატიური პირობები ქმნიან, განსახილველ შემთხვევაში, უკვე აშენებული ნაგებობის ექსპლუატაციის აკრძალვის მოთხოვნის წინაპირობას, რომელიც საკუთრებით სარგებლობის შეზღუდვის მკაცრი ფორმაა (შდრ. სუსგ # ას-413-396-2016, 15.07.2016).
7. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ მხარეები წარმოადგენენ მომიჯნავედ მდებარე უძრავი ნივთების მესაკუთრეებს. მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნაგებობა კუთვნილ შენობასთან ჩრდილო -აღმოსავლეთის მხრიდან, მოპასუხის ნაკვეთის გავლით დაკავშირებაში უშლის ხელს.
8. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სარჩელის საფუძვლად მითითებულ იმ გარემოებაზე, რომ სადავო ნაგებობით ილახება მოსარჩელის საკუთრების უფლება იმ თვალსაზრისით, რომ კუთვნილ შენობასთან ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან, მოპასუხის ნაკვეთის გავლით დაკავშირებაში ეშლება ხელი.
9. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს სსკ-ის 115-ე მუხლის დანაწესზეც, რომლის დეფინიციით: სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
10. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მოპასუხის საკუთრებაში არსებულ შენობის არსებობით მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე არსებითი ხასიათის ზემოქმედების დამტკიცება, რაც ამ უკანასკნელისთვის საკუთრებით სარგებლობის უფლების დაუშვებელ და აშკარა ხელყოფას გამოიწვევდა, მოსარჩელემ ვერ ვერ შეძლო;
მხოლოდ ის ფაქტი, რომ სადავო ნაგებობით მისი საკუთრების უფლება ილახება იმ თვალსაზრისით, რომ შენობასთან ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან, მოპასუხის ნაკვეთის გავლით დაკავშირებაში ხელი ეშლება, არ ქმნის ნაგებობის დემონტაჟის დავალების საკმარის საფუძველს, მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც, მოსარჩელის კუთვნილი ნაგებობა საჯარო გზას დასავლეთის მხარეს არსებული ორი კარით უკავშირდება და ჩრდილოეთით არსებული კარიც, მოპასუხის ეზოს განაშენიანებისაგან თავისუფალი სივრცის გავლით, პირდაპირ საჯარო გზისკენ, ......... ქუჩისკენ მიემართება.
11. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ სათანადო და რელევანტური მტკიცებულებებით ვერ დაამტკიცა საკუთრებით სარგებლობის უფლების დაუშვებელი და ისეთი ხასიათის ხელყოფის ფაქტი, რომელიც მოპასუხის კუთვნილი ნაგებობის დემონტაჟის აუცილებლობას დაასაბუთებდა.
12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კასატორის მეორე მოთხოვნის - საკანალიზაციო ქსელის გადატანის ნაწილშიც და მის ყურადღებას მიაქცევს სსსკ-ის 177.3 ( სარჩელში სრულყოფილად და თანმიმდევრულად უნდა იყოს ასახული მოსარჩელის მოსაზრებები საქმის თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასთან და მტკიცებულებასთან დაკავშირებით) და 178.1 მუხლის „ე“ (სარჩელში უნდა აღნინიშნოს კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს) ქვეპუნქტზე, რომელთა მიხედვით, მოსარჩელეს დასახელებული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ნაწილში სათანადო ფაქტები საერთოდ არ წარმოუდგენია. კერძოდ დამაჯერებელი მსჯელობის არარსებობის პირობებში გაურკვეველია თუ სად და რა ფორმით განთავსებული ქსელის დემონტაჟს ითხოვდა მოსარჩელე; ამასთან სადავო გარემოების დასადასტურებლად საქმეში წარდგენილი ფოტოსურათით საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების დადგენა შეუძლებელია.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ.Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა დეტალურად აღარ იმსჯელებს განსახილველი საკასაციო საჩივრის ყველა პრეტენზიაზე.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
15. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
17. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე შ.ჯ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #7836, გადახდის თარიღი 04.07.2024წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა.ჟ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ა.ჟ–ს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს შ.ჯ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება #7836, გადახდის თარიღი 04.07.2024წ), 70% - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა