Facebook Twitter

ბს-1034-988(კ-07) 28 ნოემბერი, 2007 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ნუგზარ სხირტლაძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე შეამოწმა კასატორის ს. გ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საკასაციო პალატა გაეცნო კასატორის ს. გ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივარს და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი, განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, დაუშვებლობის მოტივით, ვინაიდან, არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს, რომლის შესაბამისადაც, ,,საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.” საქმეში არსებული საფოსტო გზავნილების ჩაბარების შესახებ შეტყობინებით ირკვევა, რომ ს. გ-სა და მ. ა-ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 ივნისის განჩინება ჩაჰბარდა 2007 წლის 11 სექტემბერს (ს.ფ.191), მათ კი აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს 2007 წლის 12 ნოემბერს (ს.ფ.200), ესე იგი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთი, რომელიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, დარჩება განუხილველი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ს. გ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია კანონით განსაზღვრული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

ს ა რ ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 397-ე მუხლით და

Dდ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. გ-ისა და მ. ა-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.