31 ოქტომბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-712-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიზო უბილავა,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ც.ი–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა.თ–ნი, ა.მ–ნი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 აპრილის განჩინება
დავის საგანი - სატრანსპორტო საშუალების ქსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2017 წლის 29 იანვრის ავტოსაგზაო შემთხვევისას, ........ სახელმწიფო ნომრის მქონე „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი, ........ სახელმწიფო ნომრის მქონე „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილს შეეჯახა.
2. 2017 წლის 30 იანვარს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლით ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე ა.ი–ძის (ბრალდებული) მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოება დაიწყო.
3. სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის 2019 წლის 23 იანვრის დადგენილებით ა.მ–ნი (შემდეგში - პირველი მოსარჩელე ან დაზარალებული) დაზარალებულად ცნეს.
4. სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ა.ი–ძე გამართლდა, ვინაიდან ვერ დადგინდა, რომ ....... სახელმწიფო ნომრის მქონე „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილს ის მართავდა.
5. ....... სახელმწიფო ნომრის მქონე „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი რეგისტრირებულია ც.ი–ძის (შემდეგში - მოპასუხე ან კასატორი) სახელზე, ხოლო ........ სახელმწიფო ნომრის მქონე „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილი ა.თ–ნის (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) სახელზეა დარეგისტრირებული და მას ეკუთვნის.
6. 2017 წლის 29 იანვარს, ახალქალაქში, თავისუფლებისა და დარბინიანის ქუჩების კვეთაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში ბრალეული იყო ........ სახელმწიფო ნომრის მქონე „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილის მძღოლი.
7. შპს „მ.ჯ–ას“ მიერ გაცემული ანგარიშფაქტურითა და სალაროს ქვითრით დასტურდება გაწეული სამედიცინო სერვისის დასახელება, ოდენობა და ფასი - ჯამურად 350 ლარი.
8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასაქონლო-ფინანსური ექსპერტიზის 2017 წლის 9 ნოემბრის დასკვნის მიხედვით, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილ, .... სახელმწიფო ნომრის მქონე „მერსედეს ბენცის“ მარკის ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა, საორიენტაციოდ, 19 500 ლარს შეადგენდა.
9. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული 19 850 ლარის ოდენობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მოპასუხის წინააღმდეგ მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
10. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
11. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით მოპასუხემ გაასაჩივრა, რომელმაც ამ გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 2 აპრილის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
- სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-8 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 999-ე მუხლზე დაყრდნობით სარჩელი წარმატებულად ჩათვალა.
13. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი შემდეგი დასაბუთებით წარმოადგინა:
- სსკ-ის 999.4 მუხლის პირველი და მესამე წინადადების ლოგიკური განმარტებით შეიძლება დავასკვნათ, თუკი პირი სატრანსპორტო საშუალებას მისი მფლობელის ნებართვის გარეშე იყენებს (არამართლზომიერი მფლობელი) და ამ სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციით სხვას ზიანს მიაყენებს, პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელს დაეკისრება და, არა - სატრანსპორტო საშუალების მფლობელს.
კონკრეტულ შემთხვევაში, ავტომობილის მოპასუხის მიერ გადაცემის ფაქტი სასამართლოს არ დაუდგენია, რის გამოც, გასაჩივრებული განჩინება კანონთან შეუსაბამოა.
14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 სექტემბრის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი დაუშვებელია:
15. სსსკ-ის 391.5 შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
16. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
17. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ ისინი სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
18. მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტებიდან გამომდინარე, სარჩელის სამართლებრივი საფუძველი უნდა ვეძიოთ სსკ-ის 999.1 (მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი) ზიანი), 408.1 (იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება) და 409-ე (თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება) მუხლებში.
19. განსახილველი საკითხის განხილვისას, უნდა გავითვალისწინოთ საკასაციო პალატის არაერთ განჩინებასა თუ გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებული განმარტებები:
სსკ-ის 999-ე მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან (პასუხიმგებლობა მიყენებული ზიანის გამო პირს ეკისრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი მოქმედება არის ბრალეული) განსხვავებულ – სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ამ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების დადგომის შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას. ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ სამოქალაქოსამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ.: სუსგ, №ას-1280-1220-2014, 19.02.2015; №ას-39-38-10, 15.07.2010; №ას-494-463-2010, 9.11.2010; №ას-1657-1554-2012, 10.10.2013).
სამოქალაქო კანონმდებლობა მომეტებული საფრთხის წყაროს იურიდიულ მფლობელთა მიმართ, პასუხისმგებლობის მაღალ სტანდარტს აწესებს, რაც ნივთის სპეციფიკური თვისებებიდან - გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ან გამოუსწორებელი ზიანი (ადამინის სიცოცხლის ხელყოფა, ნივთის დაზიანება და ა.შ.) - გამომდინარეობს. ნორმის მიზანია, ასეთი ნივთის იურიდიული მფლობელები აიძულოს, განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ თავიანთ საკუთრებაში არსებული საფრთხის შემცველი საშუალების გამოყენებიდან გამომდინარე შესაძლო ნეგატიურ შედეგებს (შდრ. სუსგ: №ას-630-2019, 30.09.2020).
20. საგულისხმოა, რომ სსკ-ის 999.1 მუხლი, ბრალეულობის მიუხედავად, სატრანსპორტო საშუალების იურიდიულ მფლობელს პასუხისმგებლობას აკისრებს მომეტებული საფრთხის წყაროს (სატრანსპორტო საშუალების) ექსპლუატაციით გამოწვეული ზიანისთვის.
არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მყარად დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკა, დელიქტური ვალდებულების ზოგადი და კერძო შემთხვევის მარეგულირებელი ნორმების ურთიერთმიმართების თაობაზე, რომლის თანახმადაც, დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, სსკ-ის 463-ე მუხლის მიხედვით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს, როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია სსკ-ის 999.4 მუხლის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე - სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-254-239-2010, 20.07.2010; №ას-39-38-10, 15.07.2010).
თავის მხრივ, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების საფუძველს სსკ-ის 998-ე მუხლი ადგენს, რომლის პირველი ნაწილის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში რამდენიმე პირი მონაწილეობს, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.
21. კონკრეტულ საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელეს ზიანი მოპასუხის საკუთრებაში არსებული ავტომობილის შეჯახების შედეგად მიადგა. აღნიშნული დასკვნის საფუძველი საქმეზე წარმოდგენილმა მტკიცებულებამ შექმნა, სახელდობრ, საუბარია, სისხლის სამართლის საქმეზე 2021 წლის 17 მარტს მიღებულ განაჩენსა და დაზარალებულად ცნობის დადგენილებაზე.
ის გარემოება, რომ, საქმის მასალებით არ დადგენილა, თუ ვინ მართავდა მოპასუხის კუთვნილ ავტომობილს, ამ უკანასკნელის პასუხისმგებლობისგან განთავისუფლებას ვერ გამოიწვევს, რამდენადაც მოპასუხეს არ მიუთითებია, რომ ავტომობილი მოჰპარეს ან სხვაგვარად მისი ნების საწინააღმდეგოდ გავიდა მისი მფლობელობიდან.
შესაბამისად, ივარაუდება, რომ მოპასუხემ თავად გადასცა ავტომობილი მესამე პირს სამართავად ან, როგორც მესაკუთრემ, ვერ უზრუნველყო ავტომობოლის სათანადო მეთვალყურეობა, რის გამოც შესაძლებელი გახდა მესამე პირის მიერ ავტომობილის გამოყენება, რასაც მოყვა ავტოსაგზაო შემთხვევა. შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, დაზარალებული, ავტომობილის მესაკუთრისთვის ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებით არის აღჭურვილი (სსკ-ის 999.1 მუხლი).
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ უშუალოდ ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული არ არის მოპასუხის არამართლზომიერი ქმედებით, სსკ-ის 999.1 მუხლიდან გამომდინარე, იგი მაინც პასუხისმგებელია ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად დამდგარი ზიანისთვის.
22. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ზიანის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა ასევე გასაზიარებელია, ვინაიდან მის დასადასტურებლად მოსარჩელემ ექსპერტის დასკვნა წარმოადგინა, რომლის თანახმადაც, ავტომობილზე მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა საორიენტაციოდ 19 500 ლარს შეადგენდა.
იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მიყენებული ზიანის ოდენობა უფრო მცირე იყო, მოპასუხის მტკიცების ტვირთში შედიოდა, თუმცა, კასატორმა, აღნიშნული ტვირთი ვერ დაძლია და საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოს არ წარუდგინა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო დამაჯერებელი და სარწმუნო არგუმენტებით მტკიცების ტვირთის რეალიზება. მას მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების (საექსპერტო დასკვნა) გასაქარწყლებლად სასამართლოსთვის არანაირი მტკიცებულება არ წარუდგენია.
23. რაც შეეხება სარჩელის ხანდაზმულობას, მოცემული საკითხის შეფასებისას, საქმის მასალებით გამოვლენილი შემდეგი გარემოებებია მხედველობაში მისაღები:
- სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების პროკურორის 2019 წლის 23 იანვრის დადგენილებით, 2017 წლის 29 იანვარს მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის გამო მიყენებული ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის პირველი მოსარჩელე დაზარალებულად იქნა ცნობილი. აღნიშნული შემთხვევის გამო, მოპასუხის ძმას, ა.ი–ძეს, ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევაში (რამაც სხვა პირის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება გამოიწვია) ედებოდა ბრალი.
- ახალციხის რაიონული სასამართლოს 2021 წლის 17 მარტის განაჩენით ბრალდებული გამართლდა, ხსენებული განაჩენი კი, 2022 წლის 17 მარტს შევიდა კანონიერ ძალაში შევიდა.
დელიქტიდან გამომდინარე წარმოქმნილ მოთხოვნაზე სსკ-ის 1008-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სპეციალური ვადა ვრცელდება, კერძოდ, ამ ნორმის მიხედვით, დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა არის 3 წელი იმ მომენტიდან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ზიანის ან ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
ზემომითითებული გარემოებების გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ კანონიერად მიიჩნია, რომ, ხანდაზმულობის ვადის დინება მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულისთვის სისხლის სამართლის საქმეზე მიღებული განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან დაიწყო, რადგან სწორედ ამ განაჩენით დადგინდა საბოლოოდ ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა მოპასუხის კუთვნილი ავტომანქანით. შესაბამისად, მოსარჩელემ სწორედ ამ მომენტიდან შეიტყო ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებული პირის შესახებ.
24. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
25. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
26. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ც.ი–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ც.ი–ძეს (პ/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 992.50 ლარის (საგადახდო დავალება 23396322897, გადახდის თარიღი 20.08.2024) 70% - 694.75 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა
ლევან მიქაბერიძე