11 ივლისი, 2024 წელი,
საქმე №ას- 1164-2022 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - შპს „ ჯ.გ. G. G.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს - ტ–ს“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ ჯ.გ. G. G.“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან შემკვეთი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 13 ივლისის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ამ გადაწყვეტილებით შპს „ს - ტ–სის“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან ექსპედიტორი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა; მოპასუხეს - 1 447 634 აშშ დოლარის გადახდა დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.
საკასაციო პრეტენზიით, გასაჩივრებული განჩინება, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, სახელდობრ: კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილ ფაქტობრივ გარემოებად, რომ მოსარჩელემ - 1 447 634 აშშ დოლარის საექსპედიტორო მომსახურება გაუწია, რის შედეგადაც დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება იქნა მიღებული (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2014 წლის 9 ივნისს მხარეებს შორის #სკ-ტ/ე-09-14 ექსპედიციის ხელშეკრულება (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ექსპედიციის ხელშეკრულება) გაფორმდა, რომლის მიხედვით, შემკვეთი ავალებდა, ხოლო ექსპედიტორი კისრულობდა ტვირთის ტრანსპორტირების ორგანიზებასთან და გადაზიდვის სატრანსპორტო-საექსპედიციო მომსახურების გაწევასთან, ასევე სარკინიგზო ტრანსპორტთან დაკავშირებულ შემკვეთის სხვა დავალებების შესრულების ვალდებულებებს, როგორც აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისე დსთ-ს სხვა ქვეყნებში.
4.4. ურთიერთობების ცალკეული სახეობები, რომლებიც კონკრეტულ პარტიებს, სამუშაოებსა და გაწეული მომსახურების მოცულობას ეხებოდა, დამატებითი დანართებით განისაზღვრა და ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია (იხ. შეთანხმების 1.3 პუნქტი).
4.5. შეთანხმების მოქმედების ვადა 2014 წლის 31 დეკემბრამდე განისაზღვრა.
გარიგების ვადის ამოწურვამდე 30 დღით ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ წერილობითი შეტყობინების არარსებობის პირობებში, სახელშეკრულებო ვადა თითოეულ შემდგომ კალენდარულ წელზე გაგრძელდებოდა (იხ. შეთანხმების 6.1. პუნქტი).
4.6. 2014 წლის 9 ივნისის ექსპედიციის ხელშეკრულების #1 დანართით, მხარეებს შორის სარკინიგზო ფრახტის განაკვეთი და გადაზიდვის მარშრუტი შეთანხმდა, რომელიც 2014 წლის 30 ივნისამდე მოქმედებდა.
4.7. 2014 წლის 1 ივლისს მხარეებს შორის ექსპედიციის ხელშეკრულების #2 დანართი გაფორმდა, რომლითაც შეთანხმდა სარკინიგზო ფრახტის განაკვეთი და გადაზიდვის მარშრუტი, იგი ძალაში იყო 2014 წლის 30 სექტემბრამდე.
4.8. 2015 წლის 28 აპრილს ხელშეკრულების #3 დანართი გაფორმდა, რომლის მიხედვით, მხარეები სარკინიგზო ფრახტის განაკვეთზე და გადაზიდვის მარშრუტზე შეთანხმდნენ. შეთანხმებული განაკვეთი 2015 წლის 30 ივნისამდე მოქმედებდა.
4.9. i@gtIo.ch (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხის ელექტრონული ფოსტა) მოპასუხის/კასატორის ელექტრონული ფოსტის მისამართია.
4.10. მოპასუხის ელექტრონული ფოსტის მეშვეობით მოსარჩელესთან გადაზიდვისთვის საჭირო საკითხები თანხმდებოდა, კერძოდ:
4.10.1 ზედნადების შევსებასთან დაკავშირებული ინსტრუქციისა და ინვოისის მიწოდების ასევე ცალკეული საკითხების შეთანხმებისთვის გამიზნული ელექტრონული წერილი და გადახდის კოდები, მოსარჩელის სახელზე მოპასუხის ელექტრონული ფოსტიდან იგზავნებოდა.
კერძოდ, ერთ-ერთი წერილი ასეთი შინაარსისაა -„მივიღეთ ინსტრუქციები, რისთვის გიხდით მადლობას, მაგრამ რკინიგზამ მოგვაწოდა ზედნადების ძველი ვარიანტები. გთხოვთ, დაგვიდასტუროთ მისაღებია თუ არა ზედნადების ძველი ვარიანტები აზერბაიჯანის რკინიგზისთვის“ (იხ. ელექტრონული წერილები).
4.10.2. 2015 წლის 14 დეკემბერს მოპასუხის ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნილი იქნა მოსარჩელის შედგენილი ინსტრუქცია, რომლის მიხედვით, ბათუმიდან სადგურ სანგაჩალში - 7 941 ტონა ბენზინი 144 ცისტერნის მეშვეობით გადაიზიდებოდა, გადამხდელს აზერბაიჯანის რკინიგზაში წარმოადგენდა - ,, T.T.A.", გამგზავნი იყო - ,,G. ." L, ხოლო ტვირთის მიმღები - ,,A" L.
2015 წლის 17 დეკემბერს, ბათუმი-სანგაჩალის მიმართულებით 148 ცისტერნით გადაზიდულ იქნა - 7 883,194 ტონა ბენზინი (იხ. ზედნადებების რეესტრი), ზედნადებების თანახმად, აზერბაიჯანის რკინიგზაში გადამხდელს წარმოადგენდა - ,, T.T.A.", გამგზავნი იყო - ,,G. ." L, ხოლო ტვირთის მიმღები - ,,A . L“.
4.10.3. 2014 წლის 12 დეკემბერს, მოპასუხეს ელექტრონულ მისამართზე მოსარჩელის მიერ შედგენილი ინსტრუქცია გაეგზავნა, რომლის მიხედვით, 10 378,932 ტონა ბენზინი, 195 ცისტერნის მეშვეობით ბათუმიდან სადგურ - კიშლამდე გადაიზიდებოდა, გადამხდელს აზერბაიჯანის რკინიგზაში წარმოადგენდა - ,,ტ–ს კ.ტ–ი", გამგზავნი იყო - ,,G. ." L, ხოლო ტვირთის მიმღები - ,,A" L.
2014 წლის 19-25 დეკემბერს დეკემბერს, ბათუმი-კიშლის მიმართულებით 180 ცისტერნით - 10 338 ტონა ბენზინი გადაიზიდა (იხ. ზედნადებების რეესტრი), ზედნადებების თანახმად, აზერბაიჯანის რკინიგზაში გადამხდელს წარმოადგენდა - ,,ტ–ს კ.ტ–ი", გამგზავნი იყო - ,,G. ." L, ხოლო ტვირთის მიმღები - ,,A." L. (იხ. ზედნადებები).
4.10.4. ზედნადებში მითითებული გადაზიდვის დეტალები, მოპასუხის ელექტრონულ ფოსტაზე მისულ გაგზავნის ინსტრუქციასთან თანხვედრაშია.
4.11. ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება მოსარჩელემ მოახდინა (შპს „ტ–ს ტ.ა–ი,შპს ტ. ტ. და შპს „ა–ს.“ ტვირთის ღირებულებას მოსარჩელის დავალებით ანაზღაურებდნენ).
4.12. მოსარჩელემ მოპასუხეს - 1 447 634 აშშ დოლარის საექსპედიტორო მომსახურება გაუწია (იხ. ზედნადებების დაჯამების გაერთიანებული რეესტრი).
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, გაწეული მომსახურების ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730.1 (ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა, გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია) და 743-ე (პროვიზია გადახდილ უნდა იქნეს მას შემდეგ, რაც ექსპედიტორი გადასცემს ტვირთს სატ–სპორტო ორგანიზაციას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
6. კასატორის ძირითადი პრეტენზია მტკიცებულებების არასათანადოდ შეფასებას ემყარება. მისი მითითებით, სასამართლომ არ გაიზიარა ის გარემოება, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ კასატორის სასარგებლოდ მომსახურების გაწევის ფაქტი წინამდებარე დანართებით არ დასტურდებოდა.
მოსარჩელემ საექსპედიტორო მომსახურება არა მათ, არამედ შვეიცარიაში რეგისტრირებულ კომპანიას - „GTL OiL Trade and Invest Gmbh-ს“ გაუწია, ამასთან, ზედნადებებით დასტურდებოდა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტვირთის გადაზიდვის ორგანიზებას არა მოსარჩელე, არამედ შპს „ტ.ტ.ა–ნი“ ახდენდა.
7. კასატორის ამ პრეტენზიებს საკასაციო სასამართლო უარყოფს და განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს მხარეთა თანასწორობისა (სსსკ-ის მე-5 მუხლი) და შეჯიბრებითობის (სსსკ-ის მე-4 მუხლი) ფუნდამენტურ პრინციპებზე დაყრდნობით.
სამოქალაქო პროცესში მხარეები ვალდებული არიან სათანადო მტკიცებულებების წარდგენის გზით დაადასტურონ მათი პოზიციის გასამყარებლად მითითებული გარემოებების არსებობა (სსსკ-ის 102-ე მუხლი). მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. ამ გარემოებების დამტკიცება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
8. მტკიცების ტვირთი - ესაა სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს (იხ. სუსგ საქმე №ას-833-833-2018, 16 ნოემბერი, 2018 წელი; №ას-867-834-2016, 22 ნოემბერი, 2018 წელი).
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ამდენად, მტკიცებულების გამოკვლევა უპირველესად, გულისხმობს მისი შინაარსის სრულყოფილ შესწავლა-ანალიზს, ხოლო შემდეგ მისი იურიდიული ძალის (დამაჯერებლობის, სარწმუნოობის) შემოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ას-406-383-2014, 17 აპრილი, 2015 წელი).
10. დადგენილია, რომ მხარეები სახელშეკრულებო ურთიერთობაში იმყოფებოდნენ, კერძოდ, მხარეთა შორის არსებობდა ექსპედიციის ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოსარჩელეს საექსპედიტორო მომსახურების გაწევის, ხოლო მოპასუხეს მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვალდებულება ეკისრებოდა.
ამასთან, გაწეული მომსახურების მოცულობის შესახებ მხარეები ხელშეკრულების დანართების, რომლებიც ძირითადი შეთანხმების განუყოფელი ნაწილია, გაფორმებით თანხმდებოდნენ.
ასევე დადგენილია, რომ მხარეები #1, #2 და #3 დანართებით სარკინიგზო ფრახტის განაკვეთზე და გადაზიდვის მარშრუტზეც შეთანხმდნენ.
საყურადღებოა, რომ მომსახურების დაკვეთა ხდებოდა მოპასუხის კუთვნილ ელ. ფოსტის მისამართიდან და სარკინიგზო ზედნადებშიც ტვირთის გამგზავნად, არა შვეიცარული კომპანია არამედ, მოპასუხე ფიქსირდება.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მხარეები არამარტო სამართლებრივი ურთიერთობის ზოგად პრინციპებზე, არამედ შესასრულებელი სამუშაოს კონკრეტულ პირობებსა და კონკრეტული პერიოდისთვის გასაწევი სამუშაოს ღირებულებაზეც შეთანხმდნენ.
ხოლო იმ მოსაზრების გაზიარების შემთხვევაში, რომ მოსარჩელე მოპასუხეს მომსახურებას არ უწევდა ცხადია, მათ შორის დამატებითი შეთანხმებების დადების საჭიროებაც არ უნდა წარმოშობილიყო, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, ვინაიდან დანართი N2 და N3 მხარეთა მიერ მომდევნო პერიოდზეა გაფორმებული.
დადგენილია, ისიც, რომ ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება მოსარჩელემ მოახდინა (შპს ტ. ტ.ა–ნი, შპს ტ. ტ. და შპს „ა–ს–ი“ ტვირთის ღირებულებას მოსარჩელის დავალებით ანაზღაურებდნენ). საწინააღმდეგო მტკიცებულება გარდა მოპასუხის ზეპირსიტყვიერი განმარტებისა, საქმეში არ წარდგენილა.
ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს პროვიზიის საფასური - 1 447 634 აშშ დოლარი არ არქვს გადახდილი, რაც შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძველს ქმნიდა.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“ # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81) ამდენად საკასაციო პალატა აღარ გაანალიზებს კასატორის არაარსებით არგუმენტებს.
13. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების ფარგლებში, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის (სსსკ-ის 407-ე მუხლი), კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით.
14. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი ვერ მიუთითებს. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
15. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
16. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
17. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარისა (საგადახდო დავალება - #0, გადახდის თარიღი - 25.10.2022), 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ ჯ.გ. G. G.“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. შპს „ ჯ.გ. G. G.“ (ს/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 8 000 ლარის (საგადახდო დავალება - #0, გადახდის თარიღი - 25.10.2022), 70% - 5600 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
გიორგი მიქაუტაძე
ლევან მიქაბერიძე