7 ნოემბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-1159 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - გ.დ–ა (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.ი–ძე (მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა (ძირითად სარჩელში), ალიმენტის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. გ.დ–ა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) ასაჩივრებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივლისის განჩინებას გარდაბნის მუნიციპალიტეტში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი სასამართლოს 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ამ გადაწყვეტილებით, გ.ი–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შეწყდა სსგს გარდაბნის სამსახურის მიერ 1996 წლის 20 სექტემბერს #84 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება;
შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა; შეგებებულ მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდისათვის დაეკისრა ალიმენტის -400 ლარის გადახდა ყოველთვიურად - 2023 წლის 9 ოქტომბრიდან.
კასატორი მიიჩნევდა, რომ განჩინება არ იყო დასაბუთებული მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, სახელდობრ:
კასატორის მტკიცებით, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა, უსაფუძვლოდ დააკმაყოფილეს გ.ი–ძის სასარჩელო მოთხოვნა, არ გაითვალისწინეს შეგებებული მოსარჩელის სურვილი ოჯახის შენარჩუნების თაობაზე და შესარიგებელი ვადის განსაზღვრის გარეშე დააკმაყოფილეს სარჩელი.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. მხარეები 1996 წლის 20 სექტემბრიდან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 1106-ე მუხლი; იხ. ქორწინების მოწმობა).
4.4. ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ორი შვილი - 1996 წლის 17 ოქტომბერს დაბადებული ჯ. და 2010 წლის 19 ოქტომბერს დაბადებული ლ.ი–ძე (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც ბავშვი, მოსარჩელისა და მოპასუხის შვილი ან არასრულწლოვანი).
4.5. მოსარჩელე უფროს შვილთან ერთად რამდენიმე წელი ცხოვრობდა და მუშაობდა საზღვარგარეთ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ გარკვეულ დროით ცხოვრობდა გარდაბანში მეუღლესთან და უმცროს შვილთან ერთად.
2023 წლის მაისიდან კი, ცხოვრობს ოჯახისგან მოშორებით, კერძოდ, დასაქმებულია სამშენებლო სამუშაოებზე და იმყოფება თბილისში. მოპასუხე უმცროს შვილთან ერთად გარდაბანში ცხოვრობს. მოსარჩელეს რამდენიმე თვეა უმცროს შვილთან ურთიერთობა არ ჰქონია.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის მოთხოვნა სსკ-ის 1122-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან (ქორწინება წყდება განქორწინებით), 1123.1 (განქორწინება ხდება სასამართლო წესით, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა, სხვა შემთხვევაში – სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში) და 1127.3 (განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია) მუხლებიდან გამომდინარეობდა.
6. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი ყველა ფაქტობრივი წანამძღვარი და სამართლებრივად სწორად შეაფასა ისინი, სახელდობრ:
7. კასატორის ძირითადი პრეტენზია იმაში მდგომარეობს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს მისი სურვილი ოჯახის შენარჩუნების თაობაზე და შესარიგებელი ვადის განსაზღვრის გარეშე დააკმაყოფილეს სასარჩელო მოთხოვნა ქორწინების შეწყვეტის შესახებ.
7.1. აღნიშნული მოსაზრების საწინააღმდეგოდ, დადგენილია, რომ მხარეები ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის პოზიცია სარჩელის აღძვრის (2023 წლის 17 აგვისტო) შემდეგაც უცვლელია და იგი კატეგორიულად ითხოვს მოპასუხესთან განქორწინებას, ასევე გამორიცხავს მეუღლესთან შერიგებასა და შემდგომი თანაცხოვრების შესაძლებლობას.
მისი მითითებით, საზღვარგარეთ ყოფნისას მხარეთა შორის ურთიერთობა დაიძაბა და ადგილი ჰქონდა არაერთ კონფლიქტს, ამასთან, საზღვარგარეთ გაიცნო სხვა ქალბატონი, რომელთან ერთადაც ცხოვრობს და გადაწყვეტილი აქვს ახალი ოჯახის შექმნა.
შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მსჯელობას, რომ მხარეებს ფაქტობრივად ჰქონდათ დრო შერიგებისათვის, რაც სათანადო ნების არსებობის შემთხვევაში შეიძლება მიჩნეული იქნეს გონივრულ ვადად.
მხარეთა შორის შერიგებისა და ოჯახის შენარჩუნების შეუძლებლობა კი, ქორწინების შეწყვეტის საფუძველია. მოხმობილი გარემოებების უარსაყოფად კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია არ წარმოუდგენია.
8. „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ვრცელ განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას (სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.).
მითითებული ნორმით დაცვად კატეგორიათა რიგს მიეკუთვნება პირის ოჯახური ცხოვრების ხელშეუხებლობა, ყოველი პირის ლეგიტიმური შესაძლებლობა, თავად აირჩიოს მეუღლედ პირი, რომელთანაც სურს საოჯახო ურთიერთობის დამყარება, ასევე, დაცულია ოჯახური ცხოვრების შეწყვეტის უფლება (შდრ. სუსგ №ას-1753-2018, 15.02.2019წ).
9. სსკ-ის 1106-ე მუხლის შესაბამისად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია კანონით დადგენილი წესით.
მათი თანხმობა წარმოადგენს როგორც დაქორწინებისათვის აუცილებელ პირობას სსკ-ის 1107-ე მუხლის „ბ" ქვეპუნქტის საფუძველზე, ისე შემდგომში, აუცილებელ პირობას ოჯახის შენარჩუნებისათვის. სწორედ მეუღლეთა თანხმობით გამოიხატება ნებაყოფლობითი ქორწინების პრინციპი.
10. ამდენად, რადგანაც მოპასუხეს სასამართლოსთვის არ წარუდგენია სათანადო მტკიცებულება, რომელიც მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნების შესაძლებლობას დაადასტურებდა, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას და მიიჩნევს, რომ რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე სასარჩელო მოთხოვნა მართებულად დაკმაყოფილდა.
11. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (შდრ. სუსგ №ას-338 -2021, 11.06.2021წ).
12. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ნ.ტ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახდო დავალება #24007153209, გადახდის თარიღი 03.10.2024წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ.დ–ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. გ.დ–ას (პ/ნ ......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნ.ტ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 150 ლარის (საგადასახდო დავალება #24007153209, გადახდის თარიღი 03.10.2024წ), 70% - 105 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა