7 ნოემბერი, 2024 წელი
საქმე №ას-894-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - სს „თ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - თ.ძ–ა, მ.თ–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ძ–ა (შემდეგში - პირველი მოსარჩელე) და მ.თ–ი (შემდეგში - მეორე მოსარჩელე) 2014 წლის 7 ივლისიდან ქ.თბილისში, ......ქუჩის N19-ში მდებარე 540კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი - N........, თბოსადგური N4, შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც მიწის ნაკვეთი) თანამესაკუთრეები არიან, თითოეული მოსარჩელის საკუთრებად მათზე მდებარე შენობა-ნაგებობებთან ერთად 270-270კვ.მ მიწის ნაკვეთია დარეგისტრირებული.
2. მიწის ნაკვეთზე მდებარე 30.68კვ.მ შენობა-ნაგებობა (შემდეგში - სადავო ქონება ან შენობა-ნაგებობა) სს „თ–ის“ (შემდეგში - მოპასუხე, კასატორი ან საწარმო) ფაქტობრივ მფლობელობაშია, კერძოდ, შენობა-ნაგებობაში მოპასუხეს 1986 წლიდან N3580 სატრანსფორმატორო ჯიხური აქვს განთავსებული და კომერციულ საქმიანობას ეწევა, კერძოდ, თავის მომხმარებლებს ელექტროენერგიას აწვდის.
3. მოპასუხეს არ აქვს მოსარჩელეთა თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სადავო შენობა-ნაგებობის ფლობის მართლზომიერი საფუძველი.
4. შენობა-ნაგებობაში არსებული N3580 სატრანსფორმატორო ქვესადგური (სატრანსფორმატორო ჯიხური) მოპასუხის საკუთრებაა, იგი ელექტროდანადგარია, რომლითაც ტრანსფორმატორის მეშვეობით ერთი ტიპის ძაბვის ელექტროენერგია მეორე ხასიათის ძაბვის ელექტროენერგიად გარდაიქმნება.
5. მოსარჩელეთა მიწის ფართობისა და მასზე მდგომი შენობა-ნაგებობის ერთი კვადრატული მეტრის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ფასი 2014-2019 წლებში ექსპერტის დასკვნით დაახლოებით 2.7 აშშ დოლარით განისაზღვრა.
6. 2014 წლის 10 ოქტომბერს, მოსარჩელეებმა წერილობით მიმართეს მოპასუხეს და, მათი ნების საწინააღმდეგოდ, მათივე თანასაკუთრებით უკანონოდ სარგებლობის გამო უახლოესი ერთი წლის განმავლობაში სატრანსფორმატორო ჯიხურის გატანა და ამ ვადის განმავლობაში იჯარის საფასურის სახით მესაკუთრეთა სასარგებლოდ ყოველთვიურად 500 ლარის გადახდა შესთავაზეს, რაზეც მოპასუხეს პასუხი არ გაუცია.
7. სადავო შენობა-ნაგებობის მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მათთვის გადაცემისა და ხსენებული ქონების უკანონოდ სარგებლობის გამო მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით მოსარჩელეებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს.
8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 18 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა.
9. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 ნოემბრის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
10.1. სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო წინამდებარე განჩინების 1-5 პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით შემდეგზე მიუთითა:
- მოცემული დავის საგანი არ შეეხება სატრანსფორმატორო ქვესადგურის მფლობელობასა და საკუთრებას, მოსარჩელე არ უთითებს, რომ იგი ქვესადგურის მფლობელი ან მესაკუთრეა, არამედ, მისი პრეტენზია იმ უძრავ ქონებას შეეხება, რომელშიც სატრანსფორმატორო ქვესადგურია განთავსებული;
- სადავო შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლება დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერით, რასაც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას არც მოპასუხე არ შედავებია.
- ქვესადგური მოძრავი ნივთია, რომლის განცალკევება სადავო უძრავი ქონებისგან მისი დაზიანების გარეშეც შესაძლებელია.
- მოსარჩელეთა საკუთრებით კომერციული დანიშნულებით სარგებლობის უფლების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია. მხარეთა შორის არც რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა და არც სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, რითაც მოსარჩელეები (მესაკუთრეები) შეიძლება მოპასუხესთან მიმართებით შეზღუდულიყვნენ.
10.2. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, არსებობს ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც დადგენილია, რომ სადავო ქონების მესაკუთრე მოსარჩელეა, ხოლო მოსარჩელის საკუთრების ფაქტობრივ ფლობას მოპასუხე ახორციელებს და ფლობის მართლზომიერების დასადასტურებლად რაიმე მტკიცებულება მას არ წარმოუდგენია (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში - სსკ-ის 170.1, 172-ე, 183.1, 312.1, 168-ე მუხლები).
10.3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, კერძოდ, იმის გამო, რომ 2014 წლის 7 ივლისის შემდგომ მოპასუხე უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელი იყო, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო შემთხვევაზე ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი უნდა გავრცელებულიყო, რაც სსკ-ის 982-ე მუხლითაა მოწესრიგებული და რასაც ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა უკავშირდება.
იმაზე მითითებით, რომ საქმეზე წარმოდგენილი საექსპერტო დასკვნის საწინააღმდეგო რაიმე მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მასზე დაყრდნობით განსაზღვრული დასაკისრებელი თანხის ოდენობა.
11. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოტივით სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ საკასაციო საჩივარი წარმოადგინა. ამავდროულად, კასატორი, საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებასაც მოითხოვს და, თავის მოთხოვნებს შემდეგნაირად ასაბუთებს:
- სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ გაამახვილა სატრანსფორმატორო ქვესადგურის დანიშნულებაზე, რადგან სატრანსფორმატორო ჯიხური დამოუკიდებელი ობიექტია (რკინის კონსტრუქციული ნაგებობაა), რომელიც შენობაში ვერ განთავსდება. განადგურებისა და მნიშვნელოვანი დაზიანებების გარეშე ტრანსფორმატორებისა და მისი მოწყობილობების გამოცალკევება შეუძლებელია, რის გამოც სსკ-ის 150-ე მუხლის შესაბამისად ისინი შენობა-ნაგებობის არსებით შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ.
- მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეთა მესაკუთრედ რეგისტრაციის ნაწილში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებები და რეგისტრაციის უფლების დამდგენი დოკუმენტები (პრივატიზაციის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი და საკუთრების მოწმობა) ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით არის გასაჩივრებული. იმ პირობებში, როდესაც სადავო ქონებაზე მოსარჩელეთა საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხი ადმინისტრაციული სასამართლოს განხილვის საგანია, დასახელებული ადმინისტრაციული საქმის განხილვამდე წინამდებარე სამოქალაქო საქმის განხილვა შეუძლებელი იყო.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით მოპასუხის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
13. სსსკ-ის 391.5 მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
ზემოაღნიშნული ნორმა განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემომითითებული საფუძვლით.
14. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება განაპირობა.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიმართ კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია, ამიტომ საკასაციო სასამართლოსათვის ისინი სავალდებულოა.
15. მოცემულ საქმეზე საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანია, წარმატებულია თუ არა სადავო ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის, გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში მისი მოსარჩელეთათვის გადაცემისა და, აღნიშნული ქონების უკანონო ფლობით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების თაობაზე აღძრული მოთხოვნები.
16. უკანონოდ დაკავებული უძრავი ქონების გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველს სსკ-ის 172.1 მუხლი ქმნის. ამ ნორმის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
რაც შეეხება მოცემული დავის საკვანძო საკითხს, კერძოდ, არის თუ არა მოპასუხე უძრავი ნივთის მართლზომიერი მფლობელი - აღნიშნულ შეკითხვას სააპელაციო სასამართლომ უარყოფითი პასუხი გასცა, რისი დასაბუთებისათვის საჭირო არგუმენტები გასაჩივრებულ განჩინებაში ამომწურავად წარმოადგინა. ზემომითითებული დასკვნის საფუძველი სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დადგენილად ცნობილმა გარემოებებმა შექმნა, რომლებიც კასატორს დასაბუთებული შედავების (პრეტენზია) გზით არ გაუქარწყლებია. აქედან გამომდინარე, ეს გარემოებები საკასაციო პალატისთვის სავალდებულოა (სსსკ-ის 407.2 მუხლი). მოცემული საკითხის შეფასებისას, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, საქმის მასალებით გამოვლენილი შემდეგი გარემოებები:
- დავის საგანი არ შეეხება სატრანსფორმატორო ქვესადგურის მფლობელობასა და საკუთრებას, მოსარჩელე მხარე არ უთითებს, რომ იგი ქვესადგურის მფლობელი ან მესაკუთრეა, არამედ, მისი პრეტენზია იმ უძრავ ქონებას შეეხება, რომელშიც სატრანსფორმატორო ქვესადგურია განთავსებული, ხოლო, სადავო შენობა-ნაგებობაზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლება დადასტურებულია საჯარო რეესტრის ამონაწერით, რასაც საქმის განხილვისას რელევანტური არგუმენტების მოშველიებით ვერც მოპასუხე შეედავა.
- მოსარჩელეთა საკუთრების კომერციული დანიშნულებით სარგებლობის უფლების არსებობის დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს არ წარუდგენია. მხარეთა შორის არც რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობა და არც სხვა კანონისმიერი საფუძველი არ არსებობს, რითაც მოსარჩელეები (მესაკუთრეები) შეიძლება მოპასუხესთან მიმართებით შეზღუდულიყვნენ.
შექმნილ ფაქტობრივ მოცემულობაში, სადავო ქონების მოპასუხისგან გამოთხოვის შესახებ მოწინააღმდეგე მხარის სარჩელის წარმატების საფუძველი ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია, რამდენადაც სსკ-ის 168-ე მუხლის თანახმად, მესაკუთრის პრეტენზიის გამო, ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას.
17. რაც შეეხება ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოსარჩელის მოთხოვნას, აღნიშნული მოთხოვნის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მართებულად მიიღო საქმის მასალებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ 2014 წლის 7 ივლისის შემდგომ მოპასუხე უძრავი ქონების არამართლზომიერი მფლობელია. აღნიშნული დასკვნის გათვალისწინებით, სსკ-ის 982-ე მუხლის (პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს, მისი თანხმობის გარეშე, განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი) შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნა წარმატებულად უნდა ჩაითვალოს.
18. რაც შეეხება მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხს, ვინაიდან საქმეზე დადგენილია, რომ 2014 წლის 10 ოქტომბერს მოპასუხისთვის ცნობილი გახდა მათი თანასაკუთრებით სარგებლობისთვის მოსარჩელეთა მხრიდან მისთვის ყოველთვიური ანაზღაურების მოთხოვნის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ სადავო თანხის გადახდა მოპასუხეს მითითებული დღიდან უნდა დაჰკისრებოდა. გარდა ამისა, სადავოსამართლებრივი ურთიერთობის მიმართ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გაავრცელა სსკ-ის 128.3 მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის საერთო 10-წლიანი ვადა, რის შესაბამისადაც 2019 წლის 3 დეკემბერს წარდგენილი სარჩელი ხანდაზმულად მართებულად არ ჩაითვალა.
19. მცდარია კასატორის მხრიდან იმაზე მითითებაც, რომ მოსარჩელეთა საკუთრების რეგისტრაციის კანონიერების საკითხის ადმინისტრაციული სამართალწარმოების ფარგლებში განხილვის გამო, არსებობდა წინამდებარე საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.
მოცემული კუთხით საკითხის შეფასებისას საყურადღებოა სსკ-ის 312.1 მუხლის შინაარსი, ამ ნორმის მიხედვით, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საკასაციო პალატამ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიმართ მოქმედი უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მიზანია სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა ინტერესების დაცვა და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობის უზრუნველყოფა.
სანამ უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული უფლება კანონიერად ითვლება, მანამდე უფლებამოსილ პირს შეუძლია, თავისუფლად განკარგოს ეს ქონება, ვიდრე რეგისტრაციის საფუძველი (სამოქალაქოსამართლებრივი გარიგება, ადმინისტრაციული აქტი, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და სხვა) არ გაუქმდება. ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია მოქმედებს იმ დრომდე, ვიდრე პრეზუმირებული ფაქტის უსწორობა არ დამტკიცდება. ეს კი მიიღწევა უფლების საფუძვლად არსებული გარიგების ბათილობით. უფლების ნამდვილობის გამომრიცხველი გარემოებების არსებობის ფაქტი სასამართლომ უნდა დაადგინოს (იხ. სუსგ. Nას-320-2020, 18.02.2021წ.; Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.).
გარდა ამისა, საკასაციო პალატამ განმარტა, რომ მარტოოდენ გასაჩივრების ფაქტი არ აჩერებს საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის მოქმედებას, თუ არ დადასტურდა უფლების ნამდვილობის ხარვეზი თავად გარიგების მხარეთა მიერ ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. მანამდე ივარაუდება, რომ რეგისტრაციის შედეგად განხორციელებული ჩანაწერი სწორია და, შესაბამისად, უფლება ნამდვილი (იხ. სუსგ. Nას-1542-1462-2017, 30.01.2018წ.; Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).
კანონის ზემომითითებული ნორმის შინაარსი, ასევე, დასახელებულ განჩინებებში ასახული საქართველოს უზენაესი სასამართლოს მსჯელობა, საფუძველს ქმნის დასკვნისათვის, რომ მოცემულ შემთხვევაში, უნდა დავეყრდნოთ საჯარო რეესტრის ჩანაწერების უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციას. ეს პრეზუმფცია იმაში გამოიხატება, რომ სადავო ქონების მესაკუთრეები მოსარჩელე არიან, რაც სათანადო წესით ამ ფაქტის უსწორობის დამტკიცებამდე პრეზუმირებულია.
აქედან გამომდინარე, კასატორის მიერ მითითებული არგუმენტი საქმის განხილვის შეჩერების საფუძველს ვერ წარმოშობს და ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს უარი კასატორის შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე კანონიერია.
როგორც ზემოთ განიმარტა, მოსარჩელეებს, რომლებიც ამჟამად უძრავი ქონების მესაკუთრეები არიან, აღნიშნული ქონების მოპასუხისგან გამოთხოვის სრული უფლება აქვთ, რაც კანონიერად დაკმაყოფილდა.
20. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორებმა ვერ მიუთითეს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორებმა ვერ გააქარწყლეს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
22. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. შესაბამისად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. სს „თ–ს“ (ს/ნ .......) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1 256.28 ლარის (საგადახდო დავალება №985, გადახდის თარიღი - 13.03.2024 (ბანკში საგადახდო დავალების წარდგენის თარიღი - 13.03.2024, მიღების თარიღი - 13.03.2024) 70% - 879.39 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა