Facebook Twitter

№ას-1148-2024 08 ნოემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ბ-ს“ (ადრინდელი საფირმო სახელწოდება შპს „ბ.ა.ს–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე))

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ლ–ბ“ (ადრინდელი საფირმო სახელწოდება შპს „რ.ა.ს–სი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე))

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2023 წლის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა/თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ბ“-მა (ადრინდელი საფირმო სახელწოდება შპს „ბ.ა.ს–ი“) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე, „შეგებებული სარჩელით მოპასუხე“, „კასატორი“) სარჩელი წარადგინა შპს „ა.ლ–ბის“ (ადრინდელი საფირმო სახელწოდება შპს „რ.ა.ს–სი“) (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „შეგებებული სარჩელით მოსარჩელე“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის CHEVROLET EXP, გამოშვების წელი - 2010, საიდენტიფიკაციო ნომერი - ……… გამოთხოვა. მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელის მიმართ და მოითხოვა შესრულებული სამუშაოსათვის გაწეული ხარჯის - 7982 ლარის გადახდა.

2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 31.05.2022 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 4882 ლარის გადახდა (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.1, ს.ფ. 251-263). გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2023 წლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. სარჩელი ავტომანქანის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვის თაობაზე დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, შეგებებული სარჩელით მოპასუხეს შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2000 ლარის ანაზღაურება (იხ.: გადაწყვეტილება, ტ.2, ს.ფ.138-155). გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 23.09.2024 წლის განჩინებით საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორს მიეცა 10 დღე მის შესავსებად (იხ.: ტ.2, ს.ფ. 189-191).

5. კასატორმა ხარვეზის შევსების ვადაში სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, შემდგომ წარმოადინა დაზუსტებული განცხადებებიც (ტ.2, ს.ფ.200,203,228), რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი განცხადების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს.

7. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში მხარეს ერთმევა უფლება კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. სსსკ-ის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე.

8. კასატორის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა (მინდობილობა, ტ.2, ს.ფ.48) განცხადებით მომართა სასამართლოს, რომლითაც უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე.

9. სსსკ-ის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა, ხოლო ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე (იხ.: სუსგ №ას-712-2020, 04.03.2021 წელი; №ას-1238-2022, 04.10.2022 წელი, ას-1104-2023, 25.12.2023 წელი).

10. კასატორმა განაცხადა, რომ საკასაციო საჩივარზე ამბობს უარს, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ამდენად, მან განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რადგან კასატორმა საკასაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ შეავსო და განაცხადა უარი საკასაციო საჩივარზე, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად. ამდენად, საკასაციო საჩივარზე უარის თქმა მის წარმოებაში მიღებამდე, მისი განუხილველად დატოვების საფუძველია (შდრ. სუსგ №ას-1238-2022, 04.10.2022; №ას-1225-2023, 03.11.2023). ყოველივე აღნიშნულზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პალატამ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 284-ე, 285-ე, 396.4 მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ–ას“ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 21.07.2023 წლის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: თამარ ზამბახიძე