საქმე №ას-897-2023 10 ოქტომბერი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ს.კ.უ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.შ–ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2022 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 05.04.2022 წლის გადაწყვეტილებით ვ.შ–იას (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“, „დასაქმებული“) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „ს.კ.უ–ს“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“, „კასატორი“) მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ორი თვის კომპენსაციის - 7500 ლარის ანაზღაურება, სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების სახით 900 ლარისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, ასევე არ დაკმაყოფილდა მოთხოვნა 7500 ლარის 0.07%-ის ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
2. გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძველი:
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 29.11.2022 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. მოსარჩელე 01.04.2018 წლიდან დასაქმებული იყო მოპასუხესთან და მისი ყოველთვიური დარიცხული შრომის ანაზღაურება (ხელფასი) შეადგენდა 3750 ლარს.
3.2. 05.08.2020 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა შეთანხმება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შრომის ხელშეკრულება შეწყდებოდა 01.09.2020 წლიდან. მოსარჩელე იღებდა ვალდებულებას მითითებული პერიოდისთვის სრულად გადაებარებია საქმეები დამსაქმებლის მიერ დასახელებული შემცვლელისთვის, გაეწია კონსულტაცია და გადაებარებინა დიკუმენტაცია. შეთანხმებით განისაზღვრა, რომ დასაქმებულს მიეცემოდა კომპენსაცია შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ორი თვის ხელფასის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 დღის ვადაში. შეთანხმების მე-5 პუნქტის მიხედვით, დასაქმებულს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე არანაირი ფინანსური მოთხოვნა დამსაქმებლის მიმართ არ გააჩნდა. თავის მხრივ, დამსაქმებელი ადასტურებდა, რომ დასაქმებულის მიმართ არ ჰქონდა რაიმე სახის მოთხოვნა.
3.3. უდავოა, რომ შეთანხმებით გათვალისწინებული ორი თვის კომპენსაცია მოპასუხეს მოსარჩელისთვის არ გადაუხდია. მოპასუხე კომპენსაციის გადაუხდელობის საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ არ შეასრულა თავისი მოვალეობა და სრულყოფილად არ გადააბარა საქმეები უფლებამონაცვლეს, თავს არიდებდა მასთან სატელეფონო საუბარს და კონსულტაციებს. მოპასუხემ ასევე მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.
3.4 სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოთხოვნა კომპენსაციის დაკისრების თაობაზე ხანდაზმული არ არის.
3.4.1. მოსარჩელის მოთხოვნაა 05.08.2020 წლის შეთანხმების საფუძველზე მოპასუხისათვის ორი თვის კომპენსაციის დაკისრება. შეთანხმების საფუძველზე, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლებოდა 01.09.2020 წლიდან, ხოლო დამსაქმებელს კომპენსაცია უნდა გადაეხადა ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 დღის ვადაში. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ დავის გადასაწყვეტად გამოყენებული უნდა ყოფილიყო სადავო პერიოდში მოქმედი საქართველოს შრომის კოდექსის (შემდგომში სშკ) დებულებები, რომელიც სპეციალურ ნორმას ხანდაზმულობასთან მიმართებით არ შეიცავდა. ამდენად, ვინაიდან დღეს მოქმედი ნორმა (სშკ-ის 74-ე მუხლი), რომელიც შეეხება შრომითი დავების ხანდაზმულობას, გარდა ამავე კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობილი დავებისა, მოთხოვნის წარმოშობის მომენტში არ არსებობდა და სშკ-ს დაემატა მხოლოდ 29.09.2020 წელს, სშკ-ის 1.2 მუხლზე დაყრდნობით, გამოყენებული უნდა იყოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) ზოგადი ნორმები ხანდაზმულობასთან მიმართებაში. სსკ-ის 129-ე მუხლის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 07.09.2021 წელს, შესაბამისად, იგი ხანდაზმული არ არის.
3.4.2. რაც შეეხება მოპასუხის მსჯელობას, რომ სასარჩელო მოთხოვნის მიმართ გამოყენებული უნდა ყოფილიყო სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლით გათვალისწინებული გასაჩივრების 30 დღიანი ვადა, პალატა აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის დასრულება, ისევე როგორც დაწყება, შესაძლებელია მოხდეს თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგად. მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა შეთანხმებით დაასრულეს შრომითი ურთიერთობა. ასეთ შემთხვევაში, არც სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლი და არც დღეს მოქმედი 48-ე მუხლი დამსაქმებელს კომპენსაციის გადახდას არ ავალდებულებს. კომპენსაციაზე შეთანხმება მოხდა მხარეთა დისპოზიციური ნების საფუძველზე, რაც გამორიცხავს ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გამოყენებას წინამდებარე სასარჩელო მოთხოვნის მიმართ.
3.5. შრომითი ურთიერთობა წარმოიშობა მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით. შრომითი ხელშეკრულება თავისი ბუნებით კერძო სამართლებრივი ბუნებისაა, შესაბამისად მასზე ვრცელდება მხარეთა თანასწორობისა და ნების ავტონომიის პრინციპი. განსახილველ შემთხვევაში დამსაქმებელმა თავისუფალი ნების საფუძველზე იკისრა მოსარჩელისათვის ორი თვის კომპენსაციის გადახდის, ხოლო დასაქმებულმა - უფლებამონაცვლისთვის საქმეების სრულყოფილად გადაბარების ვალდებულება. ამავე შეთანხმებით, მხარეებმა დაადასტურეს, რომ ერთმანეთის მიმართ მოთხოვნა არ გააჩნდათ. საქმეში წარმოდგენილია 24.08.2020 წლის საქმეთა გადაბარების აქტი, რომლის თანახმად, გადაბარების პროცესი დაიწყო 24.07.2020 წელს და დასრულდა 24.08.2020 წელს. აქტზე ხელმოწერით მხარეებმა დაადასტურეს, რომ გადაბარების პროცესი ჩატარდა სრულყოფილად. რაც შეეხება დამსაქმებლის მითითებას მასზე, რომ მოსარჩელის შემცვლელის მიერ დროთა განმავლობაში აღმოჩენილი იქნა არაერთი დარღვევა დასაქმებულის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული ზეგავლენას ვერ მოახდეს 05.08.2020 წლის შეთანხმებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე.
3.6. სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს, შესაბამისად, თვითონვე არიან პასუხისმგებელი ხელშეკრულების შინაარსის ნეგატიურ შედეგებზე. მოპასუხემ გამოხატა ნება დასაქმებულისათვის გადაეხადა ორი თვის კომპენსაცია, ხოლო დასაქმებულმა იკისრა საქმეების გადაბარებისა და კონსულტაციის გაცემის ვალდებულება. საქმეში წარმოდგენილი აქტით დასტურდება, რომ დასაქმებულმა შეასრულა თავისი ვალდებულება და საქმეები გადააბარა დამსაქმებელს, რაც ამ უკანასკნელმა დაადასტურა ხელმოწერით. შესაბამისად, მოპასუხე ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს შეთანხმებული კომპენსაცია.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა
4. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
8. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანია შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მხარეთა დისპოზიციური ნების გამოვლენის შედეგად მიღწეული შეთანხმებით გათვალისწინებული კომპენსაციის დამსაქმებლისთვის დაკისრების კანონიერება.
9. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის (ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით. შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით. შრომითი ხელშეკრულებით არ შეიძლება განისაზღვროს ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ნორმები, რომლებიც აუარესებს დასაქმებულის მდგომარეობას) დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შრომის სახელშეკრულებო ურთიერთობების მიმართ ვრცელდება სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით (კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ, დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას) გათვალისწინებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, თუ იგი არ ეწინააღმდეგება სპეციალურ მოწესრიგებას (სუსგ Nას-171-171-2018, 30.07.2018წ.).
10. განსახილველ შემთხვევაში, სახელშეკრულებო თვითბოჭვის პირობებში მხარეები შეთანხმდნენ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისა და დასაქმებულისათვის ორი თვის კომპენსაციის გადახდაზე, დასაქმებულმა კი, თავის მხრივ, იკისრა მისი შემცვლელისთვის საქმეების სრულყოფილად გადაბარების ვალდებულება. სასამართლოს მიერ 24.08.2020 წლის საქმეთა გადაბარების აქტის საფუძველზე დადგენილია და საკასაციო საჩივრით დასაბუთებულად შედავებული არ არის, რომ საქმეთა გადაბარების პროცესი დაიწყო 24.07.2020 წელს და დასრულდა 24.08.2020 წელს, რა დროსაც აქტზე ხელმოწერით მხარეებმა დაადასტურეს, რომ გადაბარების პროცესი ჩატარდა სრულყოფილად. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას დროთა განმავლობაში აღმოჩენილი დარღვევების შესახებ, როგორც სააპელაციო სასამართლომაც მართებულად განმარტა, აღნიშნული მსჯელობა ზეგავლენას ვერ მოახდენს მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენით მიღწეული შეთანხმებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულებაზე. მოსარჩელე უფლებამოსილია მოპასუხისაგან მოითხოვონ შეთანხმებული კონპენსაციის ანაზღაურება, თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებულია, ჯეროვნად და კეთილსინდისერად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება - თანახმად სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილისა.
11. რაც შეეხება კასატორის მსჯელობას სარჩელის ხანდაზმულობის შესახებ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის გადაწყვეტისას მართებულად იხელმძღვანელა სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმადაც სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. სასამართლოს მიერ დადგენილია და შედავებული არ არის, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა შეწყვეტილად ითვლებოდა 01.09.2020 წლიდან, ხოლო დამსაქმებელს კომპენსაცია უნდა გადაეხადა ხელშეკრულების შეწყვეტიდან 5 დღის ვადაში. ამდენად, კომპენსაციის ანაზღაურების მოთხოვნის ხანდაზმულობის საკითხის შეფასებისთვის გამოყენებული უნდა იქნეს იმ პერიოდში მოქმედი სამართლებრივი მოწესრიგება, როდესაც მოსარჩელეს წარმოეშვა მოთხოვნის უფლება, რაც პირდაპირ კავშირშია ხანდაზმულობის ვადის ათვლის დაწყებასთან (შდრ. სუსგ Nას-1573-2022, 17.03.2023წ.). მოთხოვნის წარმოშობის დროს მოქმედი შრომის კოდექსის დებულებები სპეციალურ ნორმას ხანდაზმულობასთან მიმართებით არ შეიცავდა, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს არა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მართლზომიერების კვლევა, რომლის მიმართაც ვრცელდება სადავო პერიოდში მოქმედი სშკ-ის 38-ე მუხლის მე-6 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის 30 დღიანი ვადა, არამედ შეთანხმებული კომპენსაციის ანაზღაურება, რომელთან მიმართებითაც სშკ არ აწესებდა სპეციალურ ნორმას (შდრ. სუსგ Nას-723-2022, 28.10.2022წ.). პალატა მიუთითებს, რომ დღეს მოქმედი სშკ-ის 74-ე მუხლი, რომელიც შეეხება შრომითი დავების ხანდაზმულობას (გარდა ამავე კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე წარმოშობილი დავებისა), მოთხოვნის წარმოშობის მომენტში არ არსებობდა და იგი კოდექსს დაემატა მხოლოდ 29.09.2020 წელს განხორციელებული ცვლილების შედეგად, რომელიც ამოქმედდა იმავე წლის 5 ოქტომბერს. ამდენად, სშკ-ის 1.2 მუხლზე დაყრდნობით, გამოიყენება სსკ-ის ზოგადი ნორმები ხანდაზმულობასთან მიმართებაში (შდრ. სუსგ Nას-1573-2022, 17.03.2023წ.; სუსგ Nას-723-2022, 28.10.2022წ.). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ვინაიდან სარჩელი წარდგენილია სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ხანდაზმულობის სამწლიან ვადაში, იგი ხანდაზმული არ არის.
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, ხოლო კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 280.87 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „ს.კ.უ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. სს „ს.კ.უ–ს“ (ს/ნ: ......) უკან დაუბრუნდეს თ.ტ–ძის (პ/ნ ....) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 401.25 ლარის (საკრედიტო საგადახდო დავალება №1, გადახდის თარიღი 17.05.2023წ.) 70% – 280.87 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია