საქმე №ას-673-2021 28 აპრილი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.კ–ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021 წლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა:
1. სს „ლ.ბ–მა“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „ბანკი“) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ.კ–ის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „მსესხებელი“ ან „კასატორი“) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ სესხზე არსებული დავალიანების, 11606.96 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირი თანხაა 8352.89 ლარი, პროცენტი - 3254.07 ლარი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.04.2020 წლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 8352.89 ლარის ანაზღაურება. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
2.1. 26.08.2015 წელს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №1720464, რომლის საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა 20 900 ლარის სამომხმარებლო საბანკო კრედიტი, 48 თვის ვადით (26.08.2019 წლამდე), წლიური საპროცენტო სარგებელი - 39%; ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან/და არაჯეროვანი შესრულებისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2.2. საბანკო კრედიტის უზრუნველსაყოფად მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 26.08.2015 წელს დაიდო გირავნობის ხელშეკრულება; გირავნობის საგანს წარმოადგენდა მოპასუხის საკუთრებაში არსებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, შემდეგი მახასიათებლებით: მარკა, მოდელი - RANGE ROVER SPORT, გამოშვების წელი - 2006 წელი, სახელმწიფო ნომერი: ......... გირავნობის საგნით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 34873 ლარით.
2.3. 25.01.2017 წლის მდგომარეობით, ბანკის ექსპერტ-შემფასებლის მიერ გირავნობის საგანი შეფასდა 9900 ლარად. 2017 წლის სექტემბერში ბანკმა განახორციელა დაგირავებული ავტომობილის რეალიზაცია 9920 ლარად. აღნიშნული თანხით დაიფარა პროცენტი - 1112.51 ლარი, სესხის ძირი - 8762.69 ლარის ოდენობით, რეალიზაციის ხარჯი - 45 ლარი.
2.4. გირავნობის საგნის რეალიზაციამდე, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ გადახდილი აქვს ჯამურად 14323.48 ლარი (ძირი, პროცენტი, ჯარიმა). მოპასუხემ 26.09.2017 წლიდან შეწყვიტა სესხის შეთანხმებული გრაფიკით დაფარვა.
2.5. მოპასუხის დავალიანება, 16.11.2018 წლის მდგომარეობით, ბანკის მიერ გაცემული დავალიანების შესახებ ცნობის თანახმად, შეადგენს 11606.96 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 8352.89 ლარი, სესხზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი - 3254.07 ლარი.
2.6. მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 26.08.2015 წელს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება მოქმედებს მხარეთა მიერ ნაკისრი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებამდე (9.1 პუნქტი). მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 26.08.2015 წელს დადებული გირავნობის ხელშეკრულების თანახმად, თუ ბანკის მიერ გირავნობის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისათვის გირავნობის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები, რომელიც გამომდინარეობს ძირითადი ხელშეკრულებიდან, ბანკი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს დამგირავებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. გირავნობის საგნის ღირებულება დგინდება ბანკის მიერ დამოუკიდებლად შერჩეული აუდიტის შეფასების აქტის საფუძველზე (7.3 პუნქტი); გირავნობის ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ანთავისუფლებს დამგირავებელს გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (მათ შორის თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დაფარვისათვის) ამგვარი ვალდებულების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე (8.3 პუნქტი).
2.7. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში სსკ) 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლებით, ამავე კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით. სასამართლოს მითითებით, ვინაიდან გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დაფარვისათვის, ბანკის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ სესხის ძირითადი თანხის - 8352.89 ლარის დაკისრების ნაწილში იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო. რაც შეეხება ბანკის მოთხოვნას მოპასუხისათვის საპროცენტო სარგებლის სახით 3254.07 ლარის დაკისრების თაობაზე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სასამართლოს მითითებით, გირავნობის საგნის რეალიზაციის შემდგომ ბანკის პასიური ქმედებით მსესხებელს შეექმნა საფუძვლიანი ვარაუდი, ბანკის წინაშე საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი ვალდებულების სრულად შესრულებით ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მხოლოდ მოსარჩელემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით - სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 16.04.2021 წლის გადაწყვეტილებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.04.2020 წლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3254.07 ლარის გადახდა. გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგს:
4.1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობა პროცენტის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და მიიჩნია, რომ არსებობდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.
4.2. სსკ-ის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამდენად, კანონი უფლებას ანიჭებს კრედიტის გამცემს კრედიტის ამღების მიერ საკრედიტო ვალდებულების ზედიზედ ორჯერ დარღვევის შემთხვევაში შეწყვიტოს ხელშეკრულება. მოცემული ნორმა წარმოადგენს კრედიტორის ინტერესების დამცავ აღმჭურველ ნორმას და საბანკო კრედიტის გამცემს ანიჭებს უფლებას, ვალდებულების დარღვევისას, შესაბამისი პირობების დაცვით მოშალოს ხელშეკრულება, თუმცა თავად უფლების არსიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება გაიგივდეს ვალდებულებასთან და მისი გამოყენება, მხოლოდ უფლების მქონე პირის ნებაზეა დამოკიდებული - კრედიტის გამცემს შეუძლია მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტა ან გააგრძელოს სახელშეკრულებო ურთიერთობა (სუსგ №ას-145-135-2015, 23.04.2015წ.). სახელშეკრულებო თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, კონტრაჰენტის გადასაწყვეტია დარჩეს სახელშეკრულებო ურთიერთობაში, თუ შეწყვიტოს იგი. ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება კრედიტორის უფლებაა და არა მოვალეობა. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოვალეს ვალდებულება არ შეუსრულებია 2017 წლის სექტემბრის შემდეგ, სარჩელი სასამართლოში წარდგენილია 2018 წლის ნოემბერში, ერთი წლისა და 2 თვის შემდეგ, რაც ვერ შეფასდება კრედიტორის მიერ თავისი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად და არაკეთილსინდისიერ ქცევად.
4.3. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების 9.3.1. პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში, პროცენტისა და პირგასამტეხლოს დარიცხვა გრძელდება და გადახდას ექვემდებარება იძულებითი ან მსესხებლის მიერ ნებაყოფლობით აღსრულების მომენტისათვის გაანგარიშებული თანხით, არსებული დავალიანების გადახდის მიზნით. 9.3.3. პუნქტის მიხედვით, ბანკი უფლებამოსილია დაიწყოს იძულებითი აღსრულების მიქცევა უზრუნველყოფის საგანზე (ასეთის არსებობისას). იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფის საგნ(ებ)ის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების სრულად დაფარვისათვის (მათ შორის ერთმნიშვნელოვნად კრედიტის ან/და კრედიტის თანხასთან დაკავშირებული გადასახდელების თანხების გადახდისათვის) მსესხებელს დაეკისრება პასუხისმგებლობა დარჩენილი დავალიანების ნაშთზე. იგივე პირობა ვრცელდება იმ ხარჯებზე, რაც შეიძლება წარმოიშვას ბანკის მიერ უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციის პროცესში. 9.4. პუნქტი ადგენს, რომ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისგან ამგვარი ვალდებულების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
4.4. ხელშეკრულების 8.3 პუნქტი ადგენს, რომ გირავნობის ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეწყვეტა არ ათავისუფლებს დამგირავებელს გირავნობის ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების სრულად და ჯეროვნად შესრულებისაგან (მათ შორის თუ გირავნობის საგნის რეალიზაციიდან მიღებული თანხა საკმარისი არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დაფარვისათვის) ამგვარი ვალდებულების იძულებითი ან ნებაყოფლობითი შესრულების მომენტამდე.
4.5. სააპელაციო პალატის მითითებით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ სესხის ძირ თანხაზე პროცენტის დარიცხვა გაგრძელდებოდა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგაც, ვალდებულების სრულად შესრულებამდე. ხელშეკრულებით ასევე დადგინდა, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ დაფარავდა ბანკის წინაშე არსებულ დავალიანებას, აღსრულება მიექცეოდა მსესხებლის სხვა ქონებაზე. ხელშეკრულებებზე ხელმოწერით მსესხებელმა გამოხატა ნება საკუთარი თავი შეებოჭა ზემოთ მითითებული პირობებით, შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ გირავნობის საგნის რეალიზაციით, თუ მიღებული არ იქნებოდა საკმარისი ოდენობის თანხა, პროცენტის დარიცხვა არ შეწყდებოდა. სწორედ მას უნდა გამოეჩინა წინდახედულება და შესაბამისი გულისხმიერებით მოკიდებოდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
7. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
8. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
9. მსესხებლის საკასაციო საჩივრის ფარგლებში საკასაციო პალატა აფასებს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - 3254.07 ლარის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების კანონიერებას. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 06.04.2020 წლის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 8352.89 ლარის ანაზღაურება, კანონიერ ძალაშია შესული.
10. სსკ-ის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ასევე, 868.1 მუხლით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი (საკრედიტო ხელშეკრულების დადების პერიოდში მოქმედი რედაქცია). ამავე კოდექსის 403.1 მუხლით, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სესხის/კრედიტის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და დამატებითი, ანუ აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება არსებობს (სუსგ №ას-1705-1689-2011, 04.06.2012წ; №ას-827-2021, 03.12.2021წ.). პროცენტი არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“ (შოთაძე, სესხის ხელშეკრულების მოდერნიზაციის აუცილებლობა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, საიუბილეო კრებული: რომან შენგელია 70, 2012, გვ. 364).
11. საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას, რომ მხარეთა შორის 26.08.2015 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებებზე ხელმოწერით მსესხებელმა გამოხატა ნება საკუთარი თავი შეებოჭა შეთანხმებული პირობებით, შესაბამისად, მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ თუ გირავნობის საგნის რეალიზაციით მიღებული არ იქნებოდა საკმარისი ოდენობის თანხა, დაუფარავ სესხის ძირზე პროცენტის დარიცხვა არ შეწყდებოდა (შდრ. სუსგ №ას-957-2021, 28.04.2022წ., პუნ.21, 23; №ას-398-2021, 20.12.2022წ., პუნ. 10; №ას-900-858-2013, 30.10.2015წ., პუნ. 13).
12. ისეთ პირობებში, როცა გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით დადგენილია გირავნობის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხით ვალდებულების ნაწილობრივ შეწყვეტის შემდგომ სესხის ძირითადი თანხის - 8352.89 ლარის ნაწილში ვალდებულების არსებობა და მხარეთა შორის უდავოა საკრედიტო ხელშეკრულებით შეთანხმება ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში ვალდებულების სრულად შესრულებამდე განსაზღვრული პროცენტის დარიცხვის გაგრძელებაზე, მართებულია სააპელაციო პალატის დასკვნა გადაუხდელი პროცენტის მოპასუხისათვის დაკისრების კანონიერების შესახებ.
13. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
14. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
15. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.კ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. ნ.კ–ს (პ/ნ: .....) უკან დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №0, გადახდის თარიღი 16.06.2021წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
თეა ძიმისტარაშვილი