საქმე №ას-310-2023 11 მაისი, 2023 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
თამარ ზამბახიძე (მომხსენებელი),
რევაზ ნადარაია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – შპს „ჰ.გ. და ხ.ს.ჯ.კ.ფ.ს–ში“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ.ტ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.01.2023 წლის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება
დავის საგანი – კომპენსაციის დაკისრება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 29.06.2022 წლის გადაწყვეტილებით რ.ტ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოსარჩელე“ ან „დასაქმებული“) სარჩელი მოპასუხის - შპს „ჰ.გ. და ხ.ს.ჯ.კ.ფ.ს–ში“ (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც „მოპასუხე“, „დამსაქმებელი“ ან „კასატორი“) მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი მოპასუხის პროექტის მენეჯერის №03/05 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოსარჩელის მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისთვის კომპენსაციის სახით 2780.61 ლარის გადახდა.
2. გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და საფუძვლები:
3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 18.01.2023 წლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. განჩინება ეფუძნება შემდეგს:
3.1. 08.04.2021 წელს დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება 12 თვის ვადით, 08.04.2022 წლამდე. მოსარჩელე დასაქმდა ექსკავატორის მძღოლის თანამდებობაზე, სადაც მისი საშუალო თვიური ხელფასი შეადგენდა 1191,69 ლარს.
3.2. დამსაქმებლის პროექტის მენეჯერის ბრძანებით მოსარჩელე 26.02.2022 წლიდან (40 დღით ადრე) გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
3.3. მოპასუხეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შესაგებელი არ წარუდგენია, არც შესაგებლის წარდგენის ვადის გაგრძელების თაობაზე მოუმართავს სასამართლოსათვის. 1 თვისა და 4 დღის გადაცილებით წარდგენილ შესაგებელთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა, რომ იგი მხედველობაში ვერ მიიღებოდა. იმაზე მითითებით, რომ სარჩელში აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები სრულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნებს, მიუხედავად შესაგებლის ვადის დარღვევით შემოტანისა, საქმეზე დაინიშნა სასამართლო სხდომა.
3.4. დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნის კანონიერების საკითხის გარკვევა შესაძლებელია, მხოლოდ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ, მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც დამსაქმებლის მტკიცებით, გამოიხატა იმაში, რომ მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოსარჩელე სამუშაოზე 5 დღის განმავლობაში არ გამოცხადებულა.
3.5. მოსარჩელის მითითება მასზე, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. პალატის მითითებით, შეჯიბრებითობის პრინციპის ერთ-ერთი გამოხატულება არის სარჩელზე შესაგებლის წარდგენის სავალდებულოობა. მოსარჩელე სწორედ შესაგებლით არკვევს სარჩელში მითითებულ რომელ ფაქტებს ხდის სადავოდ მოპასუხე და რომელი გარემოებების მტკიცება მოუწევს მას.
3.6. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოპასუხეს სარჩელზე შესაგებელი არ წარუდგენია. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ, შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარე, თავისი საპროცესო უფლება არ გამოიყენა, სარჩელში დაფიქსირებული ფაქტების უარსაყოფად და გასაქარწყლებლად არც რაიმე გარემოებებზე მიუთითებია და არც მათი დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოუდგენია, რის გამოც, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს სარჩელში დაფიქსირებული შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1) მოსარჩელის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ადგილი არ ჰქონია; 2) მოპასუხემ არასწორად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ვადაზე ადრე შეუწყვიტა მოსარჩელეს შრომითი ხელშეკრულება და არ დაუშვა სამუშაოს შესასრულებლად, რამაც განაპირობა ის ფაქტი, რომ მოსარჩელემ ვერ მიიღო შესაბამისი შრომის ანაზღაურება. ასეთ ვითარებაში, დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ დამსაქმებელმა ვერ დაადასტურა, დასაქმებულის მხრიდან რაიმე სახის დარღვევა, რაც გახდებოდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, სშკ-ის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე შრომის ხელშეკრულების შეწყვეტა არამართლზომიერია, რაც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, სადავო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია.
3.7. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ერთგვარ ალტერნატივას სთავაზობს სასამართლოს სახელდობრ, მიიღოს გადაწყვეტილება დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის, ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ან სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით კომპენსაციის მიკუთვნების შესახებ. კომპენსაცია წარმოადგენს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივ შედეგს იმ შემთხვევისათვის, როდესაც არ კმაყოფილდება მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენისა და მისი ტოლფასი თანამდებობით უზრუნველყოფის თაობაზე. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრას, ამას კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს. კომპენსაციის, როგორც დასაქმებულის უფლებრივი რესტიტუციის საშუალების დადგენა და მისი ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს დისკრეციაა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იქნეს ის დრო, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. შრომითსამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონო დათხოვნით მიადგა.
3.8. იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელესთან 08.04.2021 წელს დაიდო შრომითი ხელშეკრულება 12 თვის ვადით, 08.04.2022 წლის ჩათვლით, რაც გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის უკვე გასულია, ამასთან, შრომითი ურთიერთობა არამართლზომიერად შეწყდა, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასაქმებულის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის ყველაზე ადეკვატურ ზომას მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება წარმოადგენს. შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის პერიოდში მოსარჩელის მატერიალური დანაკარგის, ასევე, იმ მორალური ზიანის გათვალისწინებით, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამსახურის მოძებნამდე განიცდის, სააპელაციო პალატამ გონივრულად და პროპორციულად მიიჩნია მოპასუხისათვის კომპენსაციის სახით 2780,61 ლარის გადახდის დაკისრება.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა:
4. კომპენსაციის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ და მოითხოვა მისი გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ) 391-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
6. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
7. შრომითსამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ნების თავისუფალი გამოვლენის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას (სშკ-ის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილი). შრომითი ურთიერთობებისადმი წმინდა სახელშეკრულებო მიდგომის გამოყენება არ არის მიზანშეწონილი, რადგან კლასიკურად ასეთი ურთიერთობა მოიცავს მის მონაწილეთა შეთანხმებას თანაბარ საწყისებზე, მაშინ, როდესაც შრომით ურთიერთობაში ერთი პირი ნებაყოფლობით თანხმდება მეორის დაქვემდებარებაში ყოფნას (სუსგ №ას-98-94-2016, 26.07.2016წ; №ას-368-2019, 31.07.2019წ.).
8. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესაგებლის წარუდგენლობისას სარჩელში მითითებული ყველა ფაქტობრივი გარემოება უდავოდ და, შესაბამისად, დამტკიცებულად ითვლება (შდრ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილება, საქმეზე №ას-664-635-2016, პ.202). განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხის მიერ შესაგებლის დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო დამტკიცებულად იქნა მიჩნეული, რომ მოსარჩელის მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ადგილი არ ჰქონია; მოპასუხემ არასწორად, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ვადამდე შეწყვიტა მოსარჩელესთან 08.04.2022 წლამდე მოქმედი შრომითი ხელშეკრულება. აღნიშნული გარემოებები მიჩნეულ იქნა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის საფუძვლად.
9. დამსაქმებლისთვის დასაქმებულის სასარგებლოდ დაკისრებული თანხა წარმოადგენს სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრულ კომპენსაციას, რომელიც გათავისუფლების შესახებ უკანონო გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში დასაქმებულის პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის/ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფის ერთგვარი ალტერნატივაა, კერძოდ, სშკ-ის 48-ე მუხლის მე-8 ნაწილი განსაზღვრავს, რომ სასამართლოს მიერ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შრომითი ხელშეკრულება შეუწყდა, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით (სუსგ №ას-1327-1265-2014, 29.01.2016წ.).
10. კომპენსაცია შრომითი ურთიერთობის არამართლზომიერი შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური ნორმით გათვალისწინებული დამსაქმებლის პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ზომაა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს დასაქმებულისათვის მინიმალური სოციალური გარანტიის შექმნას, რაც მას სავსებით განასხვავებს პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისაგან. კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებული სამართლებრივი საკითხი განეკუთვნება სასამართლოს დისკრეციის სფეროს, რა დროსაც, გათვალისწინებული უნდა იქნეს, რომ შრომით სამართლებრივი კომპენსაცია ერთდროულად ფარავს იმ მატერიალურ დანაკარგს, რაც მხარემ უკანონოდ დათხოვნით განიცადა და რასაც იგი საშუალოდ შესატყვისი სამუშაოს მოძებნამდე განიცდის, ასევე, იმ მორალურ ზიანს, რაც მას უკანონოდ დათხოვნით მიადგა. ამდენად, კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში (სუსგ №ას-1208-2018, 18.02.2021წ., პუნ.105; №ას-1101-2022, 17.11.2022წ., პუნ.57). შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია მასზე, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოები კომპენსაციაზე მსჯელობისას გასცდნენ სარჩელის საგანს.
11. ვინაიდან დადგენილია, რომ მხარეთა შორის არსებობდა ვადიანი შრომითი ურთიერთობა, რომელიც დამსაქმებელმა ხელშეკრულების დასრულებამდე შეწყვიტა და რომლის ვადა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომენტში გასული იყო, არ არსებობდა დასაქმებულის სამსახურში აღდგენისა და აღდგენამდე განაცდურის დაკისრების საფუძველი. შესაბამისად, დასაქმებულის დარღვეული შრომითი უფლების აღდგენის ადეკვატურ ზომად მართებულად განისაზღვრა მისთვის კომპენსაციის მიკუთვნება (შდრ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18.03.2015წ; №ას-1327-1265-2014, 29.01.2016წ.). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ დამსაქმებლისთვის დაკისრებული კომპენსაცია გონივრულია (შდრ. სუსგ №ას-1327-1265-2014, 29.01.2016წ.).
12. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, # 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
13. კასატორმა ვერ შეძლო დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარმოდგენა, რითაც ვერ დაძლია გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება და ვერ შეძლო მისი გაბათილება სარწმუნო მტკიცებულებებით. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. ასეთ საფუძველზე ვერც კასატორი მიუთითებს. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით. გასაჩივრებული განჩინება კანონიერია, ხოლო საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობები არ არსებობს, რაც მისი არსებითად განსახილველად დაუშვებლად ცნობის სამართლებრივი საფუძველია.
14. სსსკ-ის 401.4 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და კასატორს გადახდილი აქვს საკასაციო სამართალწარმოებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარი, მას უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჰ.გ. და ხ.ს.ჯ.კ.ფ.ს–ში“-ს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
2. შპს „ჰ.გ. და ხ.ს.ჯ.კ.ფ.ს–ში“-ს (ს/ნ: ..............) უკან დაუბრუნდეს ა.ვ–ძის (პ/ნ .......) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადახდო დავალება 16329440023), გადახდის თარიღი 09.03.2023წ.) 70% – 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150.
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე
რევაზ ნადარაია