Facebook Twitter

საქმე № ზ-453-ა-11-2024

11 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე;

განმცხადებელი - ე.პ–დი, ლ.პ–დი

მოწინააღმდეგე მხარე - რ.გ–ძე

განმცხადებლის მოთხოვნა - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი - სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 09 ნოემბრის გადაწყვეტილებით რ.გ–ძის სარჩელი ე.პ–დისა და ლ.პ–დის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხე ე.პ–დს და ლ.პ–დს მოსარჩელე რ.გ–ძის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 36 960 ლარის გადახდა.

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 9 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინეს ე.პ–დმა და ლ.პ–დმა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.

3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განჩინებით, ე.პ–დის და ლ.პ–დის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად და დაინიშნა საქმის არსებითი განხილვა, სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2024 წლის 04 მარტს 14:00 საათზე.

4. სასამართლოს მთავარი სხდომის, ასევე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების თაობაზე მხარეებს ეცნობათ სსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო უწყებით, რაც ჩაბარდა აპელანტს ე.პ–დს პირადად 2024 წლის 29 იანვარს, ამავე დღეს ე.პ–დმა, როგორც ოჯახის წევრმა (შვილი) ჩაიბარა ლ.პ–დის სახელზე გაგზავნილი უწყება, თუმცა 2024 წლის 04 მარტს 14:00 საათზე სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტები არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის მიზეზების თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის.

5. სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა მოწინააღმდეგე მხარემ რ.გ–ძემ უარი განაცხადა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, ასევე სასამართლო სხდომის გადადებაზე და სასამართლოს წინაშე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე იშუამდგომლა, რაც 2024 წლის 4 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინეს მოპასუხეებმა, რომლთაც მოითხოვეს განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო ინსტანციაში დაბრუნება.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით ე.პ–დისა და ლ.პ–დის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 მარტის განჩინება.

8. 2024 წლის 07 აგვისტოს ე.პ–დმა და ლ.პ–დმა განცხადებით მომართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 მარტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაბრუნება.

9. განმცხადებლები აღნიშნავენ, რომ მათი ადვოკატი მოწინააღმდეგე მხარესთან შეთანხმებით, შეგნებულად არ გამოცხადდა პროცესზე, არ აცნობა დროულად სასამართლოს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ და არ მოითხოვა სხდომის გადადება. მან ასევე, არ აცნობა მარწმუნებლებს, რომ იყო ავად და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ვერ შეძლებდა გამოცხადებას. მხარეთა განმარტებით, სწორედ ის გარემოება, რომ მათმა წარმომადგენელმა დაიცვა მეორე მხარის ინტერესები და შეგნებულად არ გამოცხადდა პროცესზე, არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, რის საფუძველზეც უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 მარტისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო პალატა განცხადების შინაარსისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ განცხადება განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგი გარემოებების გამო:

11. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს საკითხი, არსებობს თუ არა ახლად აღმოჩენილ გარემოებათ გამო საქმისწარმოების განახლების საფუძველი, თუმცა მითითებულის შემოწმებამდე, სასამართლო ვალდებულია, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობა შეამოწმოს. რადგან განცხადების დასაშვებობის შემოწმება სამართლის საკითხია, სასამართლომ, საქმისწარმოების ნებისმიერ ეტაპზე, პროცესის მონაწილე მხარის პრეტენზიის არარსებობის პირობებშიც, საკუთარი ინიციატივით უნდა შეამოწმოს დასაშვებია თუ არა იგი. სსსკ-ის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლომ თავისი ინიაციტივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

12. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი ითხოვს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმებას, თუმცა მის მიერ განცხადებაში მითითებული გარემოებები ვერ დაედება საფუძვლად ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლებას, ვინაიდან მხარე უშუალოდ ვერ უთითებს თუ რა საფუძვლით ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინების გაუქმებას.

13. სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ: ა) აღმოჩნდება, რომ დოკუმენტი, რომელსაც გადაწყვეტილება ემყარება, ყალბია; ბ) დადგენილია მოწმის შეგნებულად ცრუ ჩვენება, ექსპერტის შეგნებულად ყალბი დასკვნა, შეგნებულად არასწორი თარგმანი, რასაც მოჰყვა უკანონო ან დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღება; გ) დადგენილია ამ საქმეზე მხარეთა და მათ წარმომადგენელთა დანაშაულებრივი ქმედება ან მოსამართლის დანაშაულებრივი ქმედება; დ) სასამართლო განაჩენი, გადაწყვეტილება, განჩინება ან სხვა ორგანოს დადგენილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა; ე) მხარე წარუდგენს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას, რომელიც გამოტანილია იმავე სარჩელის მიმართ; ვ) მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას; ზ) არსებობს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება (განჩინება), რომელმაც დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან/და მისი დამატებითი ოქმების დარღვევა ამ საქმესთან დაკავშირებით, და დადგენილი დარღვევა გადასასინჯი გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს; თ) არსებობს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომიტეტის, ქალთა წინააღმდეგ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის, ბავშვის უფლებათა კომიტეტის, წამების წინააღმდეგ კომიტეტის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კომიტეტის ან რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის (შემდგომ − კომიტეტი) გადაწყვეტილება, რომლითაც ამ საქმესთან დაკავშირებით დადგინდა კომიტეტის დამაარსებელი კონვენციის დარღვევა, და გადასასინჯი გადაწყვეტილება ამ დარღვევას ეფუძნება]. დასახელებული ნორმა ამომწურავად ადგენს, თუ რომელი გარემოება მიიჩნევა ახლადაღმოჩენილად. მოცემულ შემთხვევაში, წარმოდგენილი განცხადება ამგვარ საფუძვლებს არ ემყარება.

14. განმცხადებელი ვერ უთითებს სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“-„ე“ და „ზ“-„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რომელიმე საფუძველზე. რაც შეეხება სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტს (მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას), განმცხადებელი ვერც ისეთ ახალ გარემოებაზე ან მტკიცებულებაზე უთითებს, რომლის შეფასების შესაძლებლობაც საკასაციო სასამართლოს არ ჰქონდა გასაჩივრებული განჩინების მიღებამდე.

15. საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემობაზე, რომ განმცხადებლები, ასევე, ითხოვენ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 მარტის განჩინების გაუქმებას, რომლის მიხედვითაც ე.პ–დისა და ლ.პ–დის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი. მხარეთა განმარტებით, მათი ადვოკატი მოწინააღმდეგე მხარესთან შეთანხმებით, შეგნებულად არ გამოცხადდა პროცესზე, არ აცნობა დროულად სასამართლოს პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ და არ მოითხოვა სხდომის გადადება. მან ასევე, არ აცნობა მარწმუნებლებს, რომ იყო ავად და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში ვერ შეძლებდა გამოცხადებას.

16. სსსკ-ის 424-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, განცხადებას გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განიხილავს გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლო იმ შემთხვევაშიც, როდესაც არსებობს ზემდგომი სასამართლოს განჩინება ამ გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ.

17. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უზენაესი სასამართლოს განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და შესაბამისად უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 04 მარტის განჩინება, უზენაესი სასამართლო ვერ ჩაითვლება განსჯადად განიხილოს აღნიშნული განცხადება, რადგან განსჯად სასამართლოს წარმოადგენს ქუთაისის სააპელაციო სასამართლო, ვინაიდან სწორედ სააპელაციო სასამართლომ მიიღო განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რაც უზენაესი სასამართლოს მიერ უცვლელად იქნა დატოვებული. შესაბამისად, ამ გარემოებათა გათვალისწინებით საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განხილვაზე, ფორმალურ-პროცესუალური თვალსაზრისით, თავად არ წარმოადგენს განსჯად სასამართლოს.

18. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება არ შეიცავს საქმის წარმოების განახლებისათვის აუცილებელ წინაპირობებზე მითითებას, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 429-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ე.პ–დისა და ლ.პ–დის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 მარტის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე დარჩეს განუხილველად;

2. ე.პ–დსა (პ.ნ .....) და ლ.პ–დს (პ.ნ........) დაუბრუნდეს 2024 წლის 14 აგვისტოს №23313565969 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: მირანდა ერემაძე