საქმე №ას-1026-2024 21 ოქტომბერი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - შპს ,,ჯ. ტ–ი” (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ა–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის საოქმო განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 12 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ. ტ–მა“, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
2. აღნიშნული სააპელაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო, ხოლო შემდგომ, მთავარი სხდომა 2024 წლის 25 ივნისს 11:00 საათზე, რის შესახებაც 2024 წლის 22 მაისს აპელანტის წარმომადგენელ - გ.გ–ს გაეგზავნა სასამართლო უწყება სააპელაციო საჩივარში მის მიერვე მითითებულ მისამართზე, რომელიც ჩაბარდა კომპანიის თანამშრომელს, სპეციალისტ ნინო მელქაძეს 2024 წლის 23 მაისს.
3. 2024 წლის 25 ივნისს დანიშნულ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის წარმომადგენელი, რის გამოც მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, ნ.ჯ–მა იშუამდგომლა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 25 ივნისის განჩინებით, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სააპელაციო საჩივარი აპელანტის გამოუცხადებლობის გამო დარჩა განუხილველად. სასამართლოს თანახმად, მხარე ინფორმირებული იყო სხდომის თაობაზე სსსკ-ით დადგენილი წესით.
5. სააპელაციო პალატა მიუთითებს, რომ სასამართლოში, მართალია, შესული იყო აპელანტის წარმომადგენლის განცხადება ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო სასამართლო სხდომის გადადების თაობაზე, თუმცა მას არ ერთვის შესაბამისი სახის მტკიცებულება. შუამდგომლობის ავტორის მტკიცებით, თავადაა საქმეზე ერთადერთი წარმომადგენელი, მიუხედავად იმისა, რომ მინდობილობა ასევე გაცემულია სხვა პიროვნებებზეც. სააპელაციო პალატამ აღნიშნული შუამდგომლობა ვერ გაიზიარა და მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი მინდობილობის თანახმად, აპელანტს ყავს ოთხი წარმომადგენელი, რომელთა რწმუნებულების ვადა და უფლებამოსილება ძალაში იყო მთავარი სხდომის დროისთვის, შესაბამისად, აპელანტის წარმომადგენელმა - გ.გ–მა ვერ შეძლო სწორედ ამ ნაწილში მისი მტკიცების ტვირთის დაძლევა.
6. სააპელაციო პალატამ ზემოაღნიშნული დასაბუთების საფუძველზე, 2024 წლის 25 ივნისის საოქმო განჩინებით, სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, შედეგად სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
7. აღნიშნულ საოქმო განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად.
8. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მართალია, საქმეში წარდგენილი მინდობილობით გ.გ–ის გარდა სხვა პირებიც იყვნენ მითითებული შპს „ჯ.ტ–ის“ წარმომადგენლებად, თუმცა ისინი უშუალოდ არ ახორციელებდნენ ამ საქმეში წარმომადგენლობით უფლებამოსილებას. საქმის მასალების ისტორიითაც დასტურდება, რომ მხოლოდ გ.გ–ი ახორციელებდა ამ უფლებამოსილებას კონკრეტულად ამ საქმეში. ხოლო სხვა პიროვნებებზე მინდობილობის არსებობა განპირობებულია სასამართლოში არსებული სხვადასხვა დავის წარმოებით.
9. გ.გ–ი მიუთითებს, რომ 2024 წლის 25 ივნისს, მართალია, ჩანიშნული იყო ზეპირი სხდომა, თუმცა მან ჯანმრთელობის მდგომარეობის უეცარი გაუარესების გამო ვერ შეძლო გამოცხადება. ამ მიზეზით, მან მიმართა სააპელაციო პალატას, თუმცა ავადმყოფობის სიმპტომები სხდომამდე „გონივრული დროით ადრე“ არ გამოვლენილა. რის გამოც, სატელეფონო კომუნიკაციით ცადა სასამართლოსთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შეტყობინების გაგზავნა. ხოლო შემდგომ, სხდომამდე განცხადებით მიმართა სასამართლოს პროცესი გადადების მიზნით.
10. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სასამართლოზე გამოუცხადებლობა განპირობებული იყო მისი ავადმყოფობით, რომლის სიმპტომებიც გამოვლინდა 2024 წლის 24 ივნისის საღამოს საათებში, რის გამოც, მისი მოსაზრებით, მოკლებული იყო სასამართლოსთვის სხდომის გონივრული დროით გადადების შესახებ მიემართა. ავადმყოფობის სიმპტომები კიდევ უფრო დამძიმდა 25 ივნისს დილით, რის შემდგომაც მან დაუყოვნებლივ მიმართა სასამართლოს როგორც სატელეფონო, ისე განცხადების გაგზავნის გზით.
11. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საოქმო განჩინების გაუქმების პროცესუალური საფუძველი არსებობს საქმის განუხილველად დატოვების ფორმალურ ნაწილშიც. მისი მითითებით, მხარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სასამართლო ვალდებული იყო მიეღო არა განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება, არამედ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რაც თავის მხრივ, საჩივრდება საჩივრით. რადგან მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა მოითხოვა აპელანტის გამოუცხადებლობის გამო საქმის განუხილველად დატოვება, ეს მოთხოვნა არაფრით განსხვავდება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მოთხოვნისგან, შესაბამისად, სასამართლოს არა საოქმო განჩინებით, არამედ დაუსწრებელი გადაწყვეტილებით უნდა ემსჯელა საქმის ბედზე.
12. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
13. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
15. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
16. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ხოლო ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში − ამ შეთანხმებით გათვალისწინებული წესით. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამდენად, სასამართლო გზავნილის წარმომადგენლისთვის ჩაბარება თავად აპელანტებისათვის მის გადაცემას უთანაბრდება და შესაბამისი საპროცესო ვადის ათვლის საფუძველს ქმნის.
17. სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
18. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე (განმცხადებელი) არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანახმაა, სარჩელი (განცხადება) განუხილველად იქნეს დატოვებული.
19. სსსკ-ის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
20. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
21. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
22. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო პალატის შეფასების საგანია, სააპელაციო სასამართლოს მიერ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, იმ საფუძვლით, რომ აპელანტის შუამდგომლობა, სხდომის გადადების თაობაზე არ შეიცავდა სხდომაზე გამოუცხადებლობის შესახებ საპატიოობის დამადასტურებელ მტკიცებულებას.
23. ყველა სხვა შემთხვევაში, გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ (სსსკ-ის 229-242 მუხლები). შესაბამისად, აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია, სსსკ-ის 229-ე მუხლის პირობების დაცვით გამოიტანოს არა მარტო დაუსწრებელი გადაწყვეტილება, არამედ დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველად, რასაც უკავშირდება სსსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
24. დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის შესახებ სასამართლო უწყება სსსკ-ის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით ჩაბარდა, სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე იშუამდგომლებს ან თანხმობას გამოთქვამს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებასთან დაკავშირებით.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სასამართლო სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება უნდა გადაისინჯოს და საქმე განახლდეს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გადასინჯვის მიმართ.
26. სსსკ-ის 241-ე მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები ან, თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო სხვა საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსთვის. აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა წრეს, რომელთა არსებობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს. ეს გარემოებები მითითებულია 233-ე მუხლის პირველ ნაწილში, მაგრამ ამ მუხლის ჩამონათვალი არაა ამომწურავი.
27. გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია, მიუთითოს სხვა გარემოებებზეც, რაც სასამართლო სხდომაზე მისი გამოუცხადებლობის მიზეზი გახდა და რომლის შესახებაც მას არ შეეძლო დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის.
28. ამასთან, კანონმდებელი ავალდებულებს მხარეს, წინასწარ აცნობოს სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადების შეუძლებლობისა და მიზეზის შესახებ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი შეტყობინების გაგზავნა სხდომამდე შეუძლებელია. იმ გარემოებათა დამტკიცების ტვირთი, რომლებზეც მიუთითებს მხარე თავის საჩივარში, როგორც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზზე, ეკისრება მომჩივანს, ხოლო ამ გარემოებათა შეფასება იმ თვალსაზრისით, თუ რამდენად საპატიოა მხარის გამოუცხადებლობა – სასამართლოს უფლებამოსილებაა.
29. სსსკ-ის 215.3 მუხლი განსაზღვრავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შეიძლება მიჩნეულ იქნეს სასამართლო პროცესზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.
30. აღნიშნული ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
31. ამდენად, მართალია, სსსკ-ის 215-ე მუხლით ავადმყოფობა მიჩნეულია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, მაგრამ ამავე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილია, რომ ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე ან შრომისუუნარობის ფურცელი ერთ-ერთ საქმეში უზენაესმა სასამართლომ ასევე განმარტა შემდეგი: „საავადმყოფო ფურცელი, განსხვავებით ამბულატორიული მკურნალობის სამედიცინო ცნობებისგან, არ საჭიროებს დამატებით აღნიშვნას სასამართლო სხდომაზე პაციენტის გამოუცხადებლობის თაობაზე, მითითებული დოკუმენტი, დანიშნულებიდან გამომდინარე, იმთავითვე გამორიცხავს საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის პერიოდში, პაციენტის შრომისუნარიან სუბიექტად და, მაშასადამე, საკუთარი ინტერესების დასაცავად სამართალწარმოებაში მონაწილეობის უნარიან პირად განხილვას (სუსგ №ას-1976-2018, 30.04.2020 წ.
32. სსსკ-ის 93-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოქალაქეებს შეუძლიათ საქმე აწარმოონ სასამართლოში პირადად, ხოლო იურიდიულ პირებს ან სხვა ორგანიზაციებს – იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს. ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია უარი თქვას იმ პირის პროცესში წარმომადგენლად დაშვებაზე, რომელიც არ არის ადვოკატი, თუ მიიჩნევს, რომ ამ უკანასკნელს არ გააჩნია საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ წარმოადგინოს მხარე და დაიცვას მისი უფლებები. კოდექსის 98-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. ასევე, სსსკ-ის 99-ე და მე-100 მუხლები განსაზღვრავს წარმომადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტისა და უარის თქმას.
33. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნული ნორმებისა და დასაბუთების საფუძველზე მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის ვერც ერთი არგუმენტი იქნება გაზიარებული შემდეგ გარემოებათა გამო: კერძო საჩივრის ავტორი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად მის ავადმყოფობას ასახელებს, თუმცა, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ საქმეში წარდგენილი მინდობილობის თანახმად, წარმომადგენლობით უფლებამოსილებას გ.გ–ის გარდა სხვების მიმართაც იყო გაცემული, რომელთა გამოუცხადებლობა გ.გ–ის თუნდაც დამტკიცებული საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაშიც კი ვერ იქნებოდა გამართლებული, რადგან ისინიც ჩვეულებრივ უფლებამოსილი იყვნენ განეხორციელებინათ ზუსტად იმავე სახის წარმომადგენლობა, როგორსაც გ.გ–ი ახორციელებს.
34. საჩივრის ავტორის ის არგუმენტი, რომ სხვა ადვოკატები, მართალია, მინდობილ პირებად არიან წინამდებარე საქმეში მითითებული, თუმცა ფაქტობრივად ამ კონკრეტულ დავაზე მხოლოდ გ.გ–ი ახორციელებს საპროცესო წარმომადგენლობას, საკასაციო პალატა ცალსახად ვერ გაიზიარებს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ იცნობს ფორმალურ და ფაქტობრივ წარმომადგენლობას შორის რამე სახის განსხვავებას, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება და შესაბამისი სახის დოკუმენტის (მინდობილობის) სასამართლოში წარდგენა უკვე გულისხმობს სპეციალური უფლებებისა და ვალდებულებების წარმომადგენელზე გადაკისრებას, რისი გაუქმებაც შესაძლებელია, მაგალითად, წარმომადგენლობაზე უარის თქმით. არც კოდექსი და არც სასამართლო პრაქტიკა იცნობს ისეთ მოცემულობას, როდესაც, შესაძლოა საქმეში პირი წარმომადგენლად იყოს მითითებული, თუმცა ამ უფლებამოსილების განხორციელება ეკრძალებოდეს, რაც სამართლებრივად შეუძლებელია. მართალია, კონკრეტული მოქმედებების შეზღუდვა შესაძლოა დაშვებული იყოს, თუმცა მოცემულ საქმეში წარდგენილი მინდობილობა ზუსტად თანაბარ უფლებებს ანიჭებს როგორც გ.გ–ს, ისე სხვა წარმომადგენლებს. აქედან გამომდინარე, წარმომადგენლობის ინსტიტუტის ერთგვარი შუალედური განმარტება, რომ, მართალია, პიროვნების მინდობილობა სახეზეა, თუმცა ის არ ახორციელებს წარმომადგენლობას ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პრინციპებს. სხვაგვარად, მთელი რიგი საპროცესო შესაძლებლობები არსებობს იმისთვის, რომ ასეთი სახის რისკები იქნეს გადაზღვეული. აქედან გამომდინარე, ამ ნაწილში ვერ იქნება გ.გ–ის დასაბუთება რელევანტურად მიჩნეული.
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა საპატიო მიზეზის ნამდვილობის დადგენის ნაწილში აღარ იმსჯელებს, რადგან თუნდაც დადგინდეს საპატიო მიზეზის არსებობა, წინა აბზაცში განვითარებული მსჯელობა თავისთავად გამორიცხავს ერთ-ერთი წარმომადგენლის გამოუცხადებლობის საპატიოდ ან არასაპატიოდ მიჩნევისთვის სხვა წარმომადგენლებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებას. თუმცა, სასამართლო აქვე მიუთითებს გ.გ–ის მიერ წარდგენილი კერძო საჩივრის ამ ნაწილში დასაბუთების ურთიერთგამომრიცხავ, ალოგიკურ ჯაჭვზეც, რადგან როდესაც ერთ შემთხვევაში ამბობს, რომ სიმპტომები სხდომამდე „გონივრული დროით ადრე“ არ გამოვლენილა, იქვე ასევე უთითებს, სიმპტომები ერთი დღით ადრე, 2024 წლის 24 ივნისის საღამო საათებში გამოუვლინდა. მითითებული ორივე ფაქტობრივი გარემოება ურთიერთწინააღმდეგობრივია, რადგან სიმპტომის წარმოქმნის მომენტად, ერთ შემთხვევაში, 2024 წლის 25 ივნისს იხსენიებს და გამორიცხავს გამოვლენის უფრო ადრე პერიოდს, როლო მეორე თარიღად - სხდომის წინა დღეს - 24 ივნისს, რაც წარმოშობს შუამდგომლობის ფაქტობრივი ბუნდოვანების საფუძველსაც.
36. რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს საპროცესო შეცდომაზე მითითებას დაუსწრებელ გადაწყვეტილების არგამოტანასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა განსაზღვრავს, რომ, ასეთ დროს, საჩივრის განუხილველობა არ წარმოადგენს საპროცესო დარღვევას, სასამართლოს შეეძლო ამ განჩინების მიღება სწორედ მოწინააღმდეგე მხარის ნების გამოვლენის შესაბამისად. ამ ნაწილში, საკასაციო პალატა მიუთითებს ამავე განჩინების მე-18-28-ე აბზაცებში განვითარებულ მსჯელობებზე და ასკვნის, რომ სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილი იყო განუხილველად დაეტოვებინა საჩივარი, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია ამ ნაწილშიც წარუმატებელია.
37. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მოპასუხის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გაშვების გამო. ამგვარად, კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 401-ე, 420-ე, 419-ე, 412-ე მუხლებით, და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ჯ. ტ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე