Facebook Twitter

საქმე № ას-863-2024 9 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები - ჯ.მ–ძე, ი.მ–ძე, ლ.მ–ძე (აპელანტები, მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე - ვ.ი–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 აპრილის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ჯ.მ–ძის, ი.მ–ძისა და ლ.მ–ძის (შემდეგში: მოპასუხეები, აპელანტები ან კასატორები) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 აპრილის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს 2022 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ვ.ი–ის სარჩელი დაკმაყოფილდა.

გამოთხოვილი იქნა მოპასუხეების - ჯ.მ–ძის (პ/ნ ….), ი.მ–ძის (პ/ნ …….) და ლ.მ–ძის (პ/ნ …..) უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნეს უძრავი ქონება, მდებარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი …. (საკადასტრო კოდი - ….. , ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2500,00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №01, №02) და მესაკუთრე-ვ.ი–ს (პ/ნ ……) გადაეცა გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში. კასატორების მტკიცებით, სასამართლოს არ უმსჯელია იმ გარემოებაზე, რომ სადავო სახლიდან ჯ.მ–ძის გამოსახლება გამოიწვევს მისი მცირეწლოვანი შვილების გამოსახლებასაც, ვინაიდან არასრუწლოვნები დედასთან ერთად ცხოვრობენ სადავო სახლში და მათ სხვა საცხოვრებელი არ გააჩნიათ.

საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 08 აგვისტოს განჩინებით, ჯ.მ–ძის, ი.მ–ძისა და ლ.მ–ძე საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

2. საკასაციო პალატა საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.

3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია.

4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:მა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

5. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).

6. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.

7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – „მარქსი ბელგიის წინაღმდეგ" განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).

8. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

9. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.

10. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.

11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:

12. უძრავი ქონება, მდებარე - ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი ….. (საკადასტრო კოდი - …, ნაკვეთის დანიშნულება: სასოფლო-სამეურნეო, დაზუსტებული ფართობი: 2500,00 კვ.მ., შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი: №01, №02) წარმოადგენს მოსარჩელე ვ.ი–ის საკუთრებას, რომელსაც მოცემული მდგომარეობით ფლობენ კასატორები. აღსანიშნავია, ის გარემობა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ასევე სააპელაციო სასამართლოს განჩინებას საფუძვლად დაედო ის გარემობა, რომ მოსარჩელის საკუთრებაში რეგისტრირებულ უძრავ ქონებას არამართზომიერად ფლობენ მოპასუხეები.

13. სამოქალაქო პროცესი, აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის სახელზე სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული ჩანაწერი საკუთრების უფლების შესახებ არ არის არც გაუქმებული და არც გასაჩივრებული. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 312-ე მუხლით დადგენილი საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფციის პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე არის სადავო უძრავი ნივთის მესაკუთრე.

14. ამდენად, ცალსახაა, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დადგენილი კუმულაციური წანამძღვრები კერძოდ, მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და მოპასუხეთა მიერ სადავო ნივთის ფლობა სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხეთა მტკიცების საგანში შემავალ გარემობას წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი.

15. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს პოზიციას და განმარტავს, განსახილველ შემთხვევაში, კასატორებმა სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს იმ გარემოების დამტკიცება, რომ ისინი მართლზომიერად ფლობენ სადავო უძრავ ქონებას.

16. კასატორები საკასაციო საჩივარში ვერ უთითებენ უკანონო მფლობელობიდან სადავო უძრავი ქონების გამოთხოვის დამაბრკოლებელ რაიმე სამართლებრივად რელევანტურ გარემოებაზე. საკასაციო პალატა იზიარებს და დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად აფასებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტების/კასატორების არგუმენტები ვერ დაედება საფუძვლად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი შედეგის გაუქმებას.

17. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სადავო ქონებაში მოპასუხესთან ერთად მისი არასრულწლოვანი შვილის ცხოვრების ფაქტი, ვერ გახდება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი.

18. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებასა და დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. კერძოდ, "ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. ასევე, "ბავშვის უფლებების შესახებ“ 1989 წლის 20 ნოემბრის კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელს (მშობლებს) ან ბავშვის აღმზრდელ სხვა პირებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ თავიანთი შესაძლებლობებისა და ფინანსური საშუალებების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციისა და სსკ-ის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის (მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით). ანალიზიდან გამომდინარე, არასრულწლოვანი ბავშვების ინტერესების ჯეროვანი დაცვა მათ კანონიერ წარმომადგენლებს ევალებათ. შესაბამისად, არასრულწლოვნის უფლებაზე კასატორის მითითება ვინდიკაციური სარჩელის უარყოფის საფუძველი ვერ გახდება. აღსანიშნავია, რომ წინამდებარე დავის საგანი მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვას უკავშირდება და საქმე არ წარმოადგენს არასრულწლოვნის უფლებების დარღვევიდან გამომდინარე დავას (იხ. სუსგ საქმე Nას-1191-2021, 14.02.2022 წ.; №ას-1362-2022, 08.02.2024წ.). აქვე, პალატა მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსის 69-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტავს, რომ ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელება და ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა არ გულისხმობს კანონის უზენაესობის პრინციპის დარღვევას. პალატა განმარტავს, რომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკუთრების კონსტიტუციური უფლების შემზღუდველი გარემოება ვერ გახდება სადავო უძრავი ნივთის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობა. შესაბამისად, პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია ბავშვის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფის თაობაზე, კასატორის პრეტენზია.(შდრ. სუსგ №ას-1282-2021, 15.06.2022წ; №ას-674-2022, 13.10.2022წ.; №ას-1351-2022, 14.12.2022წ.).

19. ამდენად, მოპასუხეებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, ვერ შეძლეს თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და სასამართლოსათვის იმ მტკიცებულებების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო ნივთზე მფლობელობის მართლზომიერება.

20. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და დასაბუთების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველი, რადგან არ არსებობს მისი დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

21. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (100 ლარი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.მ–ძის, ი.მ–ძისა და ლ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. ჯ.მ–ძეს (პ.ნ. .....), ი.მ–ძესა (პ.ნ. ......) და ლ.მ–ძეს (პ.ნ. ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ. ქ–ძის (პ.ნ. ...) მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №22776973626, გადახდის თარიღი 10.07.2024) 100 ლარის 70% - 70 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე