საქმე № ას-762-2024 16 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერია (აპელანტი,მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, უსაფუძვლოდ
დაკავებული თანხის დაბრუნება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს ,,ა–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, მიმწოდებელი) და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი, კასატორი, შემსყიდველი) შორის 2019 წლის 17 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N55; შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. ბავრა-კარტიკამი-აბულამდე გზის (L=2.0 კმ) მოასფალტება. აღნიშნული სამუშაოები განხორციელებულია მიმწოდებლის მიერ ჯეროვნად, ხარისხიანად და დადგენილ ვადებში, რაც დასტურდება მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტით N114 - 23.09.2019.
2. შპს ,,ა–სა“ (მიმწოდებელი) და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას (შემსყიდველი) შორის 2019 წლის 17 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N56; შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე ახალქალაქი-არაგვა-გომანის საავტომობილო გზიდან ზაკი- ბუღაშენი-მერენია-იხტილის გზის მოასფლატება (L=1.3 კმ). აღნიშნული სამუშაოები მიმწოდებლის მიერ შესრულებულია ჯეროვნად, ხარისხიანად და დადგენილ ვადებში, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტით N88 - 20.08.2019.
3. შპს ,,ა–სა“ (მიმწოდებელი) და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას (შემსყიდველი) შორის 2019 წლის 17 მაისს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება N57; შესყიდვის ობიექტს წარმოადგენდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მდებარე ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. ვაჩიანი-ოკამის საავტომობილო გზის (L=3,8 კმ) მოასფალტება. აღნიშნული სამუშაოები მიმწოდებლის მიერ შესრულებულია ჯეროვნად, ხარისხიანად და დადგენილ ვადებში, რაც დასტურდება მიღება-ჩაბარების საბოლოო აქტით N147 - 20.11.2019.
4. მოპასუხე არ ხდის სადავოდ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N55, N56, N57 ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სამუშაოების მიმწოდებლის მიერ ჯეროვნად, ხარისხიანად და დადგენილ ვადებში შესრულების ფაქტობრივ გარემოებას.
5. სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N55, N56, N57 ხელშეკრულებების იდენტური შინაარსის მქონე 7.3 პუნქტების თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის პირველი ნახევრის (2.5%) დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; ხოლო 7.6. პუნქტებით შეთანხმებულ იქნა რომ სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული მეორე ნახევრის (2.5%) დაბრუნება მოხდებოდა ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუ შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ დეფექტ(ებ)ის არარსებობის შესახებ შემსყიდველისთვის წარდგენილი იქნებოდა შესაბამისი აქტი, რომლითაც დადასტურდებოდა დეფექტ(ებ)ის არარსებობა.
6. მოსარჩელეს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N55, N56, N57 ხელშეკრულებების ფარგლებში სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად სამუშაოს ღირებულებიდან დაკავებული 5%-დან 2.5% აუნაზღაურდა და სადავოა დარჩენილი 2.5%-ის ანაზღაურება, რომელიც, აპელანტის მტკიცებით, დაბრუნებას არ ექვემდებარება, რადგან მოწინააღმდეგე მხარის მიერ არ შესრულებულა მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტის დანაწესი, რომლის თანახმადაც „სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით შემდეგ მიმწოდებელი ვალდებულია 3 (სამი) თვის ვადაში მიმართოს შემსყიდველს დაკავებული თანხის დაბრუნების თაობაზე. იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მითითებულ ვადაში არ მიმართავს შემსყიდველს თანხის დაბრუნების თაობაზე, მიმწოდებელს აღნიშნული თანხა არ აუნაზღაურდება“.
7. მხარეებს შორის 2019 წლის 17 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების N55, N56, N57 ხელშეკრულებების იდენტურ, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადებთან დაკავშირებულ მოწესრიგების, ხელშეკრულებების 7.1. პუნქტების შინაარსის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 3 (სამი) წლით, ასევე 7.2. პუნქტებზე რომლის თანახმად, ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული, შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები, დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, მიმწოდებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან, შემსყიდველის მიერ განსაზღვრულ გონივრულ ვადაში, საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს მისი აღმოფხვრა. ხელშეკრულებების მე-7 მუხლის, მე-3 პუნქტების თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის პირველი ნახევრის (2.5%) დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ; იმ შემთხვევაში, თუ შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის შედგენისას დაფიქსირებული იქნება შესრულებული სამუშაოს ნაკლი ან უხარისხობა, მიმწოდებელი ამ მუხლის მე-3 პუნქტებში განსაზღვრული სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის პირველი ნახევარი არ აუნაზღაურდება სამუშაოს დეფექტ(ებ)ის გამოსწორებამდე (მე-4 პუნქტები). ხელშეკრულების 7.5 პუნქტების თანახმად, მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლის მე-4 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, უზრუნველყოს დაფიქსირებული დეფექტ(ებ)ის გამოსწორება. დაფიქსირებული დეფექტ(ებ)ის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი უფლებამოსილია მიმწოდებელს დააკისროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების მე- 13 მუხლის პირველი პუნქტების შესაბამისად.
8. სახელმწიფო შესყიდვის N55, N56, N57 ხელშეკრულებების თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული მეორე ნახევრის (2.5%) დაბრუნება მოხდება ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუ შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ დეფექტ(ებ)ის არარსებობის შესახებ შემსყიდველისთვის წარდგენილი იქნა შესაბამისი აქტი, რომლითაც დადასტურდება დეფექტ(ებ)ის არარსებობა (7.6 პუნქტები). ხოლო 7.7 პუნქტების თანახმად, შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის ანაზღაურება სსიპ - საქართველოს ეროვნული ბანკის ან სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ ლიცენზირებული საბანკო დაწესებულების სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ დაკავებული თანხის იდენტური ოდენობის გარანტიის წარდგენის საფუძველზე.
9. დასახელებული სახელშეკრულებო პირობების თანახმად, მიწოდებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულების 2.5%-ის შემკვეთის მიერ დაყოვნების (დაკავების) მიზანი შესრულებული სამუშაოს ხარვეზის უზრუნველყოფაა და აღნიშნული ემსახურებოდა შემკვეთის ინტერესების ქმედით დაცვას - წინასწარ წარმოდგენილი საბანკო გარანტიით, ან გადახდილი თანხის კონკრეტული მოცულობის დაკავებით, უზრუნველეყო მიმწოდებელთან დადებული სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებების ჯეროვნად შესრულება. ამასთანავე, სახელმწიფო შესყიდვის N55, N56, N57 ხელშეკრულებიდან გამომდინარე მიმწოდებელს შეეძლო აერჩია: საგარანტიო ვადაში ასაღები თანხის ნაწილის დაკავების უფლებით ესარგებლა, ან თავად წარედგინა გამოუთხოვადი საბანკო გარანტია.
10. მოსარჩელის მხრიდან საბანკო გარანტიები არ ყოფილა წარდგენილი და სამუშაოს ხარისხის დაცვის უზრუნველსაყოფად მიწოდებული სამუშაოს ღირებულებიდან თითოეული ხელშეკრულების ფარგლებში შემსყიდველის მიერ დაკავებულ იქნა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.5%. კონკრეტულად კი, 2019 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N55-ე ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაკავებულ იქნა 23 843,57 ლარი; 2019 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N56 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 15857,82 ლარი და 2019 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N57 ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 45435 ლარი.
11. 2019 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N55-ე ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის საბოლოო მიღება - ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2019 წლის 23 სექტემბერს, N56 ხელშეკრულების ფარგლებში 2019 წლის 20 აგვისტოს, N57 ხელშეკრულების ფარგლებში კი 20.11.2019წ.
12. N55 ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა მოქმედებდა 2022 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, N56 ხელშეკრულების 7.1 პუნქტის ის თანახმად - 2022 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო N57 ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად - 2022 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
13. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები
13.1. ბათილად იქნეს ცნობილი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს ,,ა–ს“ (ს/ნ ........) შორის 2019 წლის 17 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N55, N56 და N57 ხელშეკრულებების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი, რომელიც, ავალდებულებს მიმწოდებელს 3 თვის ვადაში მიმართოს შემსყიდველს საგარანტიო თანხის დაბრუნების მოთხოვნით. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 17 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N55 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ დაკავებული საგარანტიო თანხის 23 843.57 ლარის გადახდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ა–ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 17 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N56 2 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უსაფუძვლოდ დაკავებული საგარანტიო თანხის 15 857.82 ლარის გადახდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ა–ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2019 წლის 17 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N57 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უსაფუძვლოდ დაკავებული საგარანტიო თანხის 45 435 ლარის გადახდა.
13.2. ხელშეკრულებების მე-7 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული იქნება შესრულებული სამუშაოების ღირებულების 5%, რომლის პირველი ნახევრის (2.5%) დაბრუნება მოხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრულად დასრულებისა და შემსყიდველის მიერ საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. იმავე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით კი, სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით, შემსყიდველის მიერ ყოველი შესრულებული სამუშაოების ღირებულებიდან დაკავებული მეორე ნახევრის (2.5%) დაბრუნება მოხდება ერთი წლის გასვლის შემდეგ, თუ შემსყიდველის მიერ შექმნილი ინსპექტირების ჯგუფის ან სპეციალური კომისიის მიერ დეფექტ(ებ)ის არარსებობის შესახებ შემსყიდველისთვის წარდგენილი იქნა შესაბამისი აქტი, რომლითაც დადასტურდება დეფექტ(ებ)ის არარსებობა.
13.3. N55-ე ხელშეკრულების შემთხვევაში საგარანტიო პერიოდი ამოიწურა 2022 წლის 23 სექტემბერს, N56-ე ხელშეკრულების შემთხვევაში 2022 წლის 20 აგვისტოს და N57 ხელშეკრულების შემთხვევაში 2022 წლის 20 ნოემბერს, თუმცა საგარანტიო პერიოდში შპს ,,ა–ის” მიერ შესრულებულ სამუშაოს არ გამოუვლენია რაიმე ნაკლი.
13.4. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ შპს ,,ა–ისათვის" გადასახდელი თანხიდან დაკავებულია: ა. 2019 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N55-ე ხელშეკრულებიდან გამომდინარე 23 843,57 ლარი; ბ. 2019 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N56 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 15857,82 ლარ; გ. 2019 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N57 ხელშეკრულებიდან გამომდინარე 45435 ლარი.
13.5. შპს ,,ა–მა" მიმართა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N55, N56 და N57 ხელშეკრულებების საფუძველზე დაკავებული საგარანტიო თანხების, თითოეული ხელშეკრულების ღირებულების 2,5%-ის ოდენობით დაბრუნების მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.
14. მოპასუხის შესაგებელი
მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
15. ახალქალაქის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 17 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N55 ხელშეკრულებიდან გამომდინარე, უსაფუძვლოდ დაკავებული საგარანტიო თანხის 23 843.57 ლარის გადახდა; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ა–ის" სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 17 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N56 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უსაფუძვლოდ დაკავებული საგარანტიო თანხის 15 857.82 ლარის გადახდა; ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიას შპს ,,ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2019 წლის 17 მაისს გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N57 ხელშეკრულებიდან გამომდინარე უსაფუძვლოდ დაკავებული საგარანტიო თანხის 45 435 ლარის გადახდა.
16. მოპასუხის სააპელაციო მოთხოვნა
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
18. კასატორის მოთხოვნა
18.1. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
18.2. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის 2022 წლის 28 აპრილის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხის მეორე ნახევრის 2.5%-ის დაბრუნების მოთხოვნით მოსარჩელეს მერიისთვის უნდა მიემართა 2019 წლის 17 მაისის N55 ხელშეკრულების შემთხვევაში - 23.09.2020 წლიდან 23.12.2020 წლამდე ვადაში; 17.05.2019 წლის N56 ხელშეკრულების შემთხვევაში - 20.08.2020 წლიდან 20.11.2020 წლამდე ვადაში; 17.05.2019 წლის N57 ხელშეკრულების შემთხვევაში - 20.11.2020 წლიდან 20.02.2021 წლამდე ვადაში. მოსარჩელეს აღნიშნულ ვადაში მოპასუხისთვის არ მიუმართავს თანხების დაბრუნების მოთხოვნით, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვით, მოპასუხემ მოსარჩელეს აღარ აუნაზღაურა ხარისხის დაცვის მიზნით დაკავებული თანხა.
18.3. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-10 პუნქტი გამომდინარეობს მე-6 პუნქტიდან - სამუშაოს ხარისხის დაცვის მიზნით და არ არის დაკავშირებული შესრულებული სამუშაოს საგარანტიო ვადასთან. შესაბამისად, აღნიშნული მე-10 პუნქტის შინაარსი არ არის ბუნდოვანი და ზუსტად დგინდება აღნიშნული სამ თვიანი ვადის ათვლის დრო.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:
21. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხ-ზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
22. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.
23. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.
25. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.
26. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმის მთავარ სამართლებრივ პრობლემას წარმოადგენს მოსარჩელის მიერ ჯეროვნად შესრულებული სამუშაოსთვის შესაბამისი ანაზღაურების სრულად მიღება. შესაბამისად, უნდა დადგინდეს თუ რა სახის შინაარსი აქვს სახელშეკრულებო მოწესრიგებას მიწოდებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულების 2.5%-ის შემკვეთის მიერ დაყოვნებას და რა არის მისი მიზანი.
27. სსკ-ის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, 361-ე მუხლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, 629-ე მუხლის მიხედვით, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს ვალდებულებას შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.
28. საკასაციო პალატა მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე მიუთითებს, რომ მიწოდებული სამუშაოს დარჩენილი ღირებულების 2.5%-ის შემკვეთის მიერ დაყოვნების (დაკავების) შინაარსი მდგომარეობს ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში წარმოშობილი ზიანის ფინანსურ დაზღვევას, უზრუნველყოფას, შესაბამისად, მოქმედებს შემკვეთის ინტერესების დაცვის მიზნით.
29. წარმოდგენილი ხელშეკრულებების თანახმად, მოვალეს შეეძლო თავად განესაზღვრა ზემოაღნიშნული უზრუნველყოფის რომელიმე სახე, იქნებოდა ეს საბანკო გარანტია თუ თავად კრედიტორისთვის კონკრეტული თანხის წინასწარ წარდგენა. ამ მხრივ, ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოსარჩელემ/მოვალემ, რადგან არ წარადგინა საბანკო გარანტია და არ განათავსა კონკრეტული თანხა მესამე, ნეიტრალური სუბიექტის მფლობელობაში, კრედიტორმა (დამკვეთმა) დაიკავა შესრულებული სამუშაოების ღირებულების 2.5%, რაც სამივე ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 23 843,57 + 15857,82 + 45435=85,136.39 ლარს.
30. დადგენილია, რომ 2019 წლის 17 მაისის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N55-ე ხელშეკრულების ფარგლებში მხარეთა შორის საბოლოო მიღება - ჩაბარების აქტი გაფორმებულია 2019 წლის 23 სექტემბერს, N56 ხელშეკრულების ფარგლებში 2019 წლის 20 აგვისტოს, N57 ხელშეკრულების ფარგლებში კი 20.11.2019წ, შესაბამისად, N55 ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა მოქმედებდა 2022 წლის 23 სექტემბრის ჩათვლით, N56 ხელშეკრულების 7.1 პუნქტის ის თანახმად - 2022 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით, ხოლო N57 ხელშეკრულების 7.1 პუნქტის თანახმად - 2022 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით.
31. ქვედა ინსტანციის სასამართლოში ასევე დადგინდა, რომ სახელშეკრულებო ვალდებულება მოსარჩელე მხარემ შეასრულა ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, რის შესახებაც რამე სახის პრეტენზია მოპასუხე მხარეს არ წარუდგენია. საკასაციო პალატა აღნიშნული სადავო სახელშეკრულებო პირობის ნაწილში მიუთითებს, რომ თანხის დაკავების საფუძველი და კრედიტორის ინტერესი სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვანი შესრულების ე.წ. უზრუნველყოფას წარმოადგენდა. თავის მხრივ, ის დაკავდა სწორედ იმ თანხიდან, რისი გადახდის ვალდებულებაც მოპასუხე მხარეს წარმოეშობოდა მოვალის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, რაც ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული დაკავებული თანხა არ წარმოადგენს რამე სახის დამატებით, დამხმარე აქტივს, რომელიც აზღვევს ხელშეკრულებას, არამედ ესაა დამკვეთის მხარეს არსებული ძირითადი სახელშეკრულებო ვალდებულების - გადასახდელი თანხის ნაწილი, რომლის სრულად გადახდის ვალდებულებაც მხარეს წარმოეშობა შემხვედრი შესასრულებელი ვალდებულების სრულად მიღების შემთხვევაში. შესაბამისად, თუ კი სახელშეკრულებო ვალდებულების ერთი ნაწილი სრულად და ჯეროვნად შესრულდა, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებითი სამართლის უზოგადესი პრინციპებიდან (სსკ-ის მე-10 მუხლის მესამე ნაწილი: უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე ცალკეული ჩარევები ადმინისტრაციული აქტების მეშვეობით აკრძალულია, თუ ეს აქტები კონკრეტული კანონის საფუძველზე არ არის გამოყენებული; სსკ-ის 316-ე მუხლი: უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონების იმპერატიული ნორმები. მოქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება ამ ნორმებს, ბათილია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა კანონი პირდაპირ მიუთითებს სხვაგვარ შედეგებზე. ცალკეული ჩარევები ადმინისტრაციული აქტების მეშვეობით აკრძალულია, თუ ეს აქტები კონკრეტული კანონის საფუძველზე არ არის გამოყენებული.) გამომდინარე, აუცილებლად სრულად და ჯეროვნად იქნეს შესრულებული მეორე ნაწილიც. ამასთან, საქმეში არსებული სახელშეკრულებო დათქმის მიზანი - შესასრულებელი სამუშაოს ფინანსური ე.წ. გადაზღვევა უკვე მიღწეულია ვალდებულების სრულად შესრულებით, რის გამოც აღნიშნული პირობა, შესრულდა რა მისი მიზანი, თავისთავად გულისხმობს ე.წ. შესრულების დაზღვევის გაუქმებას, ხოლო მარტოოდენ მითითება, რომ კონკრეტულ ვადაში უნდა იქნეს აღნიშნული თანხა მიღებული, ვერ ჩაითვლება რელევანტურ შედავებად, რადგან ე.წ. უზრუნველყოფის მიზნით გამოყენებული არსებითი სახელშეკრულებო პირობის ვალდებულება (თანხა) თავად მეორეხარისხოვანი, არაარსებითი პირობის გამო ვერ გახდება ვალდებულების შესრულების გამომრიცხველი ან შემზღუდველი, რახან არსებითი პირობა მოვალემ სრულად შეასრულა.
32. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ მიმწოდებლისათვის გადასახდელი თანხის 2.5%-ის ანაზღაურებაზე უარი დაუსაბუთებელია და წინააღმდეგობაში მოდის როგორც ნარდობის ხელშეკრულების (629.1 - ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და ნივთის ვარგისიანობის ვადის განსაზღვრის (496-ე - თუ გამყიდველი ნივთის ვარგისიანობის ვადას განსაზღვრავს, მაშინ ივარაუდება, რომ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი მყიდველს აძლევს მოთხოვნის უფლებას) მარეგულირებელი ნორმების სამართლებრივ ბუნებასთან, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების კონკრეტული ხელშეკრულებების მიზნებთან და საბანკო გარანტიის (სსკ- ის 879 მუხლი რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უზრუნველყოფის საშუალებაა და გადაიხდება, როგორც კომპენსაცია, ხელშეკრულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისას) სამართლებრივ ბუნებასთან. ასევე არ გამომდინარეობს, მიმწოდებლისათვის საბანკო გარანტიის წარდგენის ალტერნატივის სახით შეთავაზებული რეგულირების და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების 7.1 - 7.9 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების ლოგიკური და სისტემური განმარტებიდან - ასანაზღაურებელი სამუშაოს ღირებულების 2.5%-ის დაკავება შემსყიდველი მხარის მხრიდან ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ საკონტრაქტო ფასის შესაბამისი ჯეროვანი მომსახურების მიღებას და იმ დანაკარგის კომპენსაციას, რაც შეიძლება კონტრაქტის არაჯეროვანი შესრულებით წარმოეშვას მოპასუხე მუნიციპალიტეტის მერიას.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
34. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე