Facebook Twitter

საქმე № ას-621-2024 9 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ქ.ა–ი (აპელანტი, მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ს.ო–ი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების, საშვებულებო თანხის და ფულადი

ანგარიშსწორების დაყოვნებისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შპს „ს.ო–ი“ (შემდეგში: დამსაქმებელი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) წარმოადგენს მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ იურიდიულ პირს, მისი საქმიანობის სფეროა ორთოპედიული საქონლით ვაჭრობა და კანონით ნებადართული ნებისმიერი კომერციული საქმიანობა. საზოგადოების დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია ი.ი–ი, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლების მქონეა საზოგადოების დირექტორი.

2. 2017 წლის 01 მაისის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, ქ.ა–ი (შემდეგში: დასაქმებული, მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ექვსთვიანი გამოსაცდელი პერიოდის გათვალისწინებით, უვადოდ დასაქმდა შპს „გ.ო–ში“ მენეჯერის თანამდებობაზე და მისი შრომის ანაზღაურება განისაზღვრა დარიცხული 5000 ლარით.

3. შპს „ს.ო–ის“ 14.01.2019 წლის ცნობის თანახმად, მოსარჩელე ქ.ა–ი დასაქმებული იყო შპს „ს.ო–ში“ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 2016 წლის 01 ნოემბრიდან განუსაზღვრელი ვადით და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენდა - 1250 ლარს.

4. შპს „ს.ო–ის“ 23.09.2022 წლის ცნობის თანახმად, მოსარჩელე ქ.ა–ი დასაქმებული იყო შპს „ს.ო–ში“ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 2016 წლის 01 ნოემბრიდან და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 2500 ლარს.

5. სს „ს.ბ–ის“ 01.03.2023 წლის ცნობის თანახმად, დანიშნულებით „ხელფასი“ ქ.ა–ს 01/01/2018 წლიდან 31/12/2018 წლამდე პერიოდში, კერძოდ, 05.11.2018 წელს და 04.12.2018 წელს ხელფასის დანიშნულებით ჩაერიცხა 1000-1000 ლარი.

6. 01/01/2019 წლიდან - 31/12/2019 წლამდე პერიოდში, კერძოდ, 04.02.2019 წელს ჩარიცხულია 1000 ლარი, დანიშნულებით - იანვრის თვის დარჩენილი ხელფასი, 14.03.2019 წელს - თებერვლის ხელფასი, 25.04.2019 წელს - 3750 ლარი - აპრილის თვის დარჩენილი ხელფასი, 27.12.2019 წელს - 2000 ლარი დეკემბრის თვის ხელფასის ნაწილი, 30.12.2019 წელს - დეკემბრის თვის დარჩენილი ხელფასი. 01/01/2020 წლიდან - 31/12/2020 წლამდე პერიოდში: 03.02.2020 წელს - 1345 ლარი, იანვრის თვის დარჩენილი ხელფასი, 02.03.2020 წელს 2000 ლარი - თებერვლის თვის ხელფასის ნაწილი, 09.03.2020 წელს - 1365 ლარი - თებერვლის თვის დარჩენილი ხელფასი, 01.05.2020 წელს - 3600 ლარი - აპრილის ხელფასი. 03.08.2020 წელს 3550 ლარი ივლისის თვის ხელფასი, 30.12.2020 წელს 1500 ლარი - ხელფასის ნაწილი.

7. 01/01/2021 წლიდან - 31/12/2021 წლამდე პერიოდში: 03.12.2021 წელს 2000 ლარი, მარტის თვის ხელფასი, 07.12.2021 წელს 2000 ლარი, ივნისის თვის ხელფასი, 09.12.2021 წელს - 4000 ლარი აპრილი/მაისის თვის ხელფასი, 27.12.2021 წელს 2000 ლარი, ივლისის თვის ხელფასი.

8. 01/01/2022 წლიდან - 31/12/2022 წლამდე პერიოდში: 15.03.2022 წელს - 2000 ლარი - 2021 წლის ნოემბრის თვის ხელფასი, 04.05.2022 წელს - 2500 ლარი - იანვრის თვის ხელფასი, 04.05.2022 წელს - 2500 ლარი - იანვრის თვის ხელფასი, 02.06.2022 წელს - 2500 ლარი, მაისის თვის ხელფასი, 28.07.2022 წელს 2500 ლარი, ივლისის თვის ხელფასი, 01.09.2022 წელს 2500 ლარი დანიშნულებით - ხელფასი.

9. სსიპ შემოსავლების სამსახურის 20/06/2023 წლის ცნობის თანახმად, 03.2023 წლის მდგომარეობით ქ.ა–ის მიერ 01.2019-დან 12.2022-ის ჩათვლით შპს „ს.ო–იდან“ მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 46 230.72 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი - 9 246.13 ლარს.

10. 21.03.2023 წლის მდგომარეობით, ქ.ა–ის მიერ შპს „ს.ო–იდან“ 01.2019 წლიდან 10.2022 წლის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 335 052,04 ლარს, ხოლო დაკავებული საშემოსავლო გადასახადი შეადგენს - 67 022,98 ლარს. 20.06.2023 წლის 13:30 საათის მდგომარეობით, ქ.ა–ის მიერ 01.2019 -დან 12.2022-ის ჩათვლით შპს „ს.ო–იდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 46 230.72 ლარს.

11. სს „თ.ბ–ის“ 01.05.2020 წლის საგადახდო დავალებით #1588320324, ქ.ა–ს შპს „ს.ო–ისგან“ ჩაერიცხა 3 600 ლარი დანიშნულებით „აპრილის ხელფასი“; სს „ზ.ბ.ს–ოს“ 01.06.2020 წლის საგადახდო დავალებით #41127, ქ.ა–ს შპს „ს.ო–ისგან“ ჩაერიცხა 3 585 ლარი დანიშნულებით „ხელფასი“; სს „ი.ბ.ს–ოს“ 01.07.2020 წლის საგადახდო დავალებით #025165, ქ.ა–ს შპს „ს.ო–ისგან“ ჩაერიცხა 3 700 ლარი დანიშნულებით „ივნისის თვის ხელფასი“; სს „ზ.ბ.ს–ოს“ 01.07.2020 წლის საგადახდო დავალებით #101823, ქ.ა–ს შპს „ს.ო–ისგან“ ჩაერიცხა 1250 ლარი დანიშნულებით „ხელფასის ნაწილი“; სს „თ.ბ–ის“ 03.08.2020 წლის საგადახდო დავალებით #1596449920, ქ.ა–ს შპს „ს.ო–ისგან“ ჩაერიცხა 3 550 ლარი, დანიშნულებით „ივლისის თვის ხელფასი“; სს „ი.ბ.ს–ოს“ 01.09.2020 წლის საგადახდო დავალებით #026078, ქ.ა–ს შპს „ს.ო–ისგან“ ჩაერიცხა 3 500 ლარი დანიშნულებით „ხელფასი ივლისის ანაზღაურება“; სს „ი.ბ.ს–ოს“ 01.10.2020 წლის საგადახდო დავალებით #026485, ქ.ა–ს შპს „ს.ო–ისგან“ ჩაერიცხა 3 580 ლარი დანიშნულებით „ხელფასი სექტემბრის ანაზღაურება“; სს „თ.ბ–ის“ 02.06.2022 წლის საგადახდო დავალებით #1554157563, ქ.ა–ს შპს „ს.ო–ისგან“ ჩაერიცხა 2 500 ლარი დანიშნულებით „ხელფასი მაისი“; სს „ზ.ბ.ს–ოს“ 01.07.2022 წლის საგადახდო დავალებით #4769227, ქ.ა–ს შპს „ს.ო–ისგან“ ჩაერიცხა 1 250 ლარი დანიშნულებით „ხელფასი“; სს „თ.ბ–ის“ 28.07.2022 წლის საგადახდო დავალებით #1658992282, ქ.ა–ს შპს „ს.ო–ისგან“ ჩაერიცხა 2 500 ლარი დანიშნულებით „ივლისის ხელფასი“; სს „თ.ბ–ის“ 01.09..2022 წლის საგადახდო დავალებით #1662014267, ქ.ა–ს შპს „ს.ო–ისგან“ ჩაერიცხა 2 500 ლარი დანიშნულებით „ხელფასი“.

12. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

12.1. მოპასუხე შპს „ს.ო–ს“ ქ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს ხელზე მისაღები სახელფასო დავალიანების გადახდა: 2016 წლის სახელფასო დავალიანება - 5000 ლარი, 2017 წლის სახელფასო დავალიანება - 27 000 ლარი, 2018 წლის სახელფასო დავალიანება - 28 000 ლარი, 2019 წლის სახელფასო დავალიანება 19 250 ლარი, 2020 წლის სახელფასო დავალიანება - 16640 ლარი, 2021 წლის სახელფასო დავალიანება - 20 000 ლარი, 2022 წლის სახელფასო დავალიანება - 10000 ლარი, ჯამში - 125 890 ლარი; მოპასუხე შპს „ს.ო–ს“ ქ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელფასო დავალიანების დაყოვნებისთვის პირგასამტეხლო, დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ოდენობით, დაყოვნების თარიღიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მოპასუხე შპს „ს.ო–ს“ ქ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისროს სამი წლის გამოუყენებელი საშვებულებო თანხა 7500 ლარის ოდენობით.

12.2. მოსარჩელე ქ.ა–ი, 2016 წლის 01 ნოემბრიდან - 2022 წლის 29 სექტემბრამდე, ზეპირი ხელშეკრულების საფუძველზე დასაქმებული იყო შპს „ს.ო–ში“ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე, ხელფასის სახით განსაზღვრული იყო 2500 ლარი, საშემოსავლო გადასახადის გარეშე. მოპასუხის მხრიდან მუშაობის პერიოდში არასრულად გაიცემოდა სახელფასო სარგო.

12.3. მოსარჩელე 2016 წლამდე მუშაობდა სხვა კომპანიაში, მოპასუხე კომპანიის დირექტორის - ი.ი–ის დიდი თხოვნით და უკეთესი პირობების შეთავაზებით ქ.ა–მა ჩაიბარა მოპასუხე კომპანია, ეკავა საკმაოდ საპასუხისმგებლო თანამდებობა. მისი კვალიფიკაციის, გამოცდილებისა და კეთილსინდისიერების წყალობით, კომპანიამ დაიწყო აქტიური და ნაყოფიერი ეკონომიკური საქმიანობა, მიაღწია წარმატებებს, რაც სწორედ ქ.ა–ის დამსახურება იყო. დასაქმებულებს, მენეჯერულ პოლიტიკასთან დაკავშირებით მადლიერება არაერთხელ გამოუხატავთ. კომპანიის ეკონომიკურ საქმიანობას ძირითადად აკონტროლებდა დამფუძნებელი ი.ი–ი, რომელსაც სისტემატურად მიეწოდებოდა მენეჯმენტთან, მარკეტინგთან და ფინანსებთან დაკავშირებით ინფორმაცია.

12.4. მოსარჩელეს საზოგადოების პარტნიორებთან ყოველთვის სუბორდინაციული და პატივისცემაზე დამყარებული ურთიერთობა აკავშირებდა. საქმიანობასთან დაკავშირებით ყოველთვის ითვალისწინებდა მათ მითითებებს, რაც იმით დასტურდება, რომ ყოველთვის იღებდა მათგან მადლობას და არასდროს მიუღია შენიშვნა ვალდებულებათა არაჯეროვანი შესრულებისთვის.

12.5. პანდემიის პერიოდში, როდესაც დახურული იყო სახელმწიფო საზღვრები და ი.ი–ი ვერ ახერხებდა თურქეთიდან ჩამოსვლას, მოსარჩელე კომპანიის შესახებ ყველანაირ ინფორმაციას, მათ შორის ფინანსებთან დაკავშირებით, ი.ი–ს აწვდიდა წერილობით მეილისა და „ვოთსაპის“ მეშვეობით, საზღვრების გახსნის შემდეგ კი ყოველთვიურად ჩამოდიოდა და პირადად წარედგინებოდა ანგარიშები. 2020 წელს, პანდემიის პერიოდში, კომპანიის დაუღალავი შრომისა და კომპანიის მოგების გაზრდის შედეგად, იუსუფმა პრემიის სახით დაასაჩუქრა ქ.ა–ი.

12.6. მრავალწლიანი ნაყოფიერი შრომის და მიღწეული წარმატებული შედეგების საპასუხოდ, მოსარჩელე, ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაათავისუფლეს უსაფუძვლოდ. მოსარჩელემ გათავისუფლების შესახებ შეიტყო რიგითი თანამშრომლისგან, როდესაც ოფისში მისული არ შეუშვეს, მეორე დღეს კი მეილის საშუალებით შეატყობინეს. მოსარჩელეს ჰქონდა მცდელობა რამდენჯერმე როგორც სატელეფონო, ისე ოფისში, დამფუძნებელ ი.ი–თან კონტაქტისა, თუმცა იგი არ პასუხობდა, პირადი ნივთების წამოღების საშუალებაც კი არ მისცეს.

12.7. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეს არ აუნაზღაურებია მისთვის არც კუთვნილი მიუღებელი ხელფასი, არც საშვებულებო თანხები და არც არანაირი კომპენსაცია. კერძოდ, 2016 წელს მიღებული აქვს - 0 ლარი, მიუღებელი - 5000 ლარი, 2017 წელს მიღებული აქვს 3000 ლარი, მიუღებელი 27 000 ლარი, 2018 წელს მიღებული აქვს 2000 ლარი, მიუღებელი - 28 000 ლარი, 2019 წელს მიღებული აქვს 10 750 ლარი, მიუღებელი - 19 250 ლარი, 2020 წელს მიღებული აქვს 13 360 ლარი, მიუღებელი - 16 640 ლარი, 2021 წელს მიღებული აქვს 10 000 ლარი, მიუღებელი - 20 000 ლარი, 2022 წელს მიღებული აქვს 12 500 ლარი, მიუღებელი - 10 000 ლარი. 2016 წლიდან 2022 წლის 01 ოქტომბრამდე მიუღებელი ხელფასის ოდენობა ჯამში შეადგენს - 125 890 ლარს. 2020-2021 წლებში მოსარჩელეს ასევე არ მიუღია საშვებულებო თანხები - 7500 ლარის ოდენობით.

12.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს დავალიანებული ხელფასის, საშვებულებო თანხისა და დავალიანების დაყოვნებისთვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს - დაყოვნებული თანხის 0.07%-ის ოდენობით მოპასუხისთვის დაკისრებას.

13. მოპასუხის შესაგებელი

13.1. მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა- განმარტებით სარჩელს არ ცნობს. მოპასუხე ადასტურებს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის არსებობის ფაქტს, ასევე იმ გარემოებას, რომ ეკავა ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობა. მოპასუხის განმარტებით, ქ.ა–ი მუშაობდა სხვა კომპანიაში, სადაც არასწორი მენეჯმენტის წარმოების გამო დაუგროვდა ვალები, რომლის გადახდაშიც დაეხმარა მოპასუხე კომპანიის დირექტორი ი.ი–ი, სწორედ იმისთვის, რომ მოეხდინა ქ.ა–ის მიერ თავისი ვალების გადახდის უზრუნველყოფა, სამუშაოდ მიიღო თავის კომპანიაში, შესაბამისად ი.ი–ი დაეხმარა მოსარჩელეს და არა პირიქით.

13.2. მოპასუხის განმარტებით, ქ.ა–ის მუშაობის გამო კომპანიამ ათი ათასობით ლარის ზიანი მიიღო, რის შესახებაც თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილია შესაბამისი სარჩელი. მოსარჩელემ ისარგებლა იმ ნდობით და კეთილგანწყობით, რაც ი.ი–ს გააჩნდა მის მიმართ და სავარაუდო დანაშაულებრივი გზით მიითვისა საწარმოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხები და მატერიალური ფასეულობები. პანდემიის პერიოდის გამო ი.ი–ი ვერ ჩამოდიოდა და ვერ აკონტროლებდა სიტუაციას, მოსარჩელე არასწორ ინფორმაციას აწვდიდა და მას შემდეგ რაც ი.ი–მა მოსთხოვა ფინანსური ანგარიში, ყოველგვარი გადაბარების გარეშე მიატოვა საწარმო და დატოვა საქართველოს ფარგლები, თანამშრომლებს კი გადასცა, რომ გადადგა თანამდებობიდან და აღარ დაბრუნდებოდა. საწარმო დარჩა ხელმძღვანელი პირის გარეშე, შესაბამისად, დამფუძნებლებმა იმსჯელეს ქ.ა–ის გადაყენებისა და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის შესახებ.

13.3. მოსარჩელემ მოახდინა კომპიუტერების ბლოკირება, დამალა ოფისის გასაღები და საწარმოს დამფუძნებლებს არ მისცა საბუღალტრო და საფინანსო ინფორმაციის მოპოვებისათვის სათანადო პაროლები, საწარმოს დამფუძნებლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ შეეცვალათ ოფისის გასაღები, მოეხსნათ კომპიუტერებიდან პაროლები და მიეღოთ საბანკო ოპერაციებზე წვდომის საშუალება.

13.4. მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელის ხელფასი შეადგენდა 1250 ლარს, 2019 წლიდან ქ.ა–ის თანამდებობაზე გამწესებისთანავე, თვითნებურად, პარტნიორთა კრების გარეშე ბუღალტერზე გაცემული სიტყვიერი მითითებების თანახმად, ყოველთვიურად ირიცხავდა ხელფასს 2500 ლარს, აღნიშნულის გათვალისწინებითაც, მას წლის განმავლობაში აღებული აქვს იმაზე მეტი თანხა, ვიდრე ეკუთვნოდა, კერძოდ 2019 წელს მიღებული აქვს 39 414 ლარი, 2500 ლარიანი ხელფასის პირობებში მას ეკუთვნოდა 30 000 ლარი, 2020 წელს მიღებული აქვს 49 135 ლარი, 2021 წელს ჩარიცხული აქვს 19 000 ლარი, რადგან მოხდა ზედმეტად ჩარიცხული თანხების გათანაბრება, 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით სულ ჩარიცხული აქვს 23 500 ლარი, გარდა ხელფასისა, თვითნებურად, პარტნიორთა კრების გარეშე თავისივე ბრძანებით ბონუსის სახით ხელზე მიღებული აქვს 2019 წელს 2 800 ლარი, 2020 წელს 11 285 ლარი, 2021 წელს 2 305 ლარი, 2022 წელს 10 405 ლარი. აღნიშნული თანხები აჭარბებს ხელფასსაც და სხვა მისაღებ ხარჯებსაც.

13.5. მოპასუხე ასევე მიუთითებს მოთხოვნის ხანდაზმულობაზე.

14. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ.ა–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს „ს.ო–ს“ მოსარჩელე ქ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის მაისის თვის ხელფასის დანაკლისის 1275.51 ლარის ანაზღაურება (ხელზე მისაღები); მოპასუხე შპს „ს.ო–ს“ მოსარჩელე ქ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის მაისის თვის ხელფასის დანაკლისის 1275.51 ლარის (ხელზე მისაღები) – 0,07%-ის ანაზღაურება, დაყოვნების ყოველი დღისთვის, 2020 წლის 06 ივნისიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხე შპს „ს.ო–ს“ მოსარჩელე ქ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 2500 ლარის ოდენობით (ხელზე მისაღები); მოპასუხე შპს „ს.ო–ს“ მოსარჩელე ქ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის სექტემბრის სახელფასო დავალიანების, კერძოდ, 2500 ლარის (ხელზე მისაღები) ანაზღაურების დაყოვნებისთვის, დაყოვნებული თანხის - 2500 ლარის 0,07%-ის ანაზღაურება, დაყოვნების ყოველი დღისთვის, 2020 წლის 06 ოქტომბრიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე; მოპასუხე შპს „ს.ო–ს“ მოსარჩელე ქ.ა–ის სასარგებლოდ დაეკისრა 2022 წლის გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურება 2500 ლარს ოდენობით (ხელზე მისაღები); დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

15. მოსარჩელის სააპელაციო მოთხოვნა

ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

16. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა 2024 წლის 22 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

17. მოსარჩელის საკასაციო მოთხოვნა

17.1. ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

17.2. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები. უდავოა, რომ მხარეთა შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა, რაც დაადასტურა მოსარჩელემ. ამის შემდეგ მოპასუხეზე გადადის მტკიცების ტვირთი და მან უნდა ამტკიცოს ხელფასის ოდენობა და დაფარული აქვს თუ არა სახელფასო დავალიანება სრულად.

17.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ 14.01.2019 წლის ცნობის თანახმად, მოსარჩელე ქ.ა–ი დასაქმებული იყო შპს „ს.ო–ში“ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 2016 წლის 01 ნოემბრიდან განუსაზღვრელი ვადით და მისი ყოველთვიური დარიცხული ხელფასი შეადგენდა 1250 ლარს. შპს „ს.ო–ის“ 23.09.2022 წლის ცნობის თანახმად, მოსარჩელე ქ.ა–ი დასაქმებული იყო შპს „ს.ო–ში“ ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე 2016 წლის 01 ნოემბრიდან და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენდა 2500 ლარს. სასამართლომ არასწორად შეაფასა ორი სხვადასხვა შინაარსის მტკიცებულება ხელფასის ოდენობის დადგენის მიზნით. არ მოხდა ამ ორი მტკიცებულებიდან სანდო მტკიცებულების შეფასებას.

17.4. სასამართლომ არასწორად შეაფასა სადავო ფაქტობრივი გარემოებები, როდესაც უდავოდ დაადგინა ხელფასის გაცემის ოდენობები. კერძოდ, ვინაიდან მოსარჩელე ასრულებდა უფლებამოსილებას 2016 წლიდან 2022 წლის 30 სექტემბრამდე, ასევე შპს „ს.ო–იდან“ 2016 წლიდან 2022 წლის 01 ოქტომბრამდე თვეების მიხედვით ერიცხებოდა არასრული ხელფასი, აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები საბანკო ამონაწერების სახით და საბანკო ამონაწერების მიხედვით შედგენილი დარჩენილი სახელფასო დავალიანების გაანგარიშების ცხრილი, წლების მიხედვით, რომელიც ერთვის სარჩელს. შპს „ს.ო–იდან“ 2016 წლის ნოემბრიდან 2017-2022 წლების განმავლობაში მოსარჩელეს მიღებული აქვს 2016 წელს 0 ლარი, მიუღებელი - 5000 ლარი, 2017 წელს მიღებული აქვს 3000 ლარი, მიუღებელი - 27 000 ლარი, 2018 წელს მიღებული აქვს 2000 ლარი, მიუღებელი - 28 000 ლარი, 2019 წელს, მიღებული აქვს 10750 ლარი, მიუღებელი - 19 250 ლარი, 2020 წელს მიღებული აქვს 13 360 ლარი, მიუღებელი - 16 640 ლარი, 2021 წელს მიღებული აქვს 10 000 ლარი, მიუღებელი - 20 000 ლარი, 2022 წელს მიღებული აქვს 12 500 ლარი, მიუღებელი - 10 000 ლარი. აღნიშნული სახელფასო დავალიანება მოპასუხის მხრიდან აღიარებულია.

17.5. კასატორი აღნიშნავს, რომ 2016 წლის წლიური სახელფასო დავალიანებაა 5000 ლარი, 2017 წლის - 27 000 ლარი, 2018 წლის - 28 000 ლარი, 2019 წლის - 19 250 ლარი, 2020 წლის - 16 640 ლარი, 2021 წლის - 20 000 ლარი და 2022 წლის - 10 000 ლარი. შესაბამისად, დარჩენილმა ფულადმა ვალდებულებამ 2016 წლიდან 2022 წლის 01 ოქტომბრამდე შეადგინა სულ 125 890 ლარი.

17.6. რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, კასატორი აღნიშნავს, რომ ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისთვის მნიშვნელოვანია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, რაც ეფარდება იმ დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება. მოთხოვნის უფლება წარმოიშობა იმ დღიდან, როცა პირმა შეიტყო დარღვეული უფლების შესახებ. მოსარჩელემ დარღვეული უფლების შესახებ, კერძოდ, მიუღებელი ხელფასის არ გაცემის შესახებ შეიტყო 2022 წლის სექტემბრის თვეში, როდესაც გამოუცხადეს სიტყვიერად და ვოტსაპის მეშვეობით სამსახურიდან წასვლის თაობაზე და დღემდე მოსარჩელეს არ გადასცემია განთავისუფლების ან ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილება. შესაბამისად, სასარჩელო მოთხოვნა არ არის ხანდაზმული.

17.7. კასატორი ასევე ასაჩვირებს 2024 წლის 22 მარტის საოქმო განჩინებას, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მტკიცებულებების სააპელაციო განხილვის ეტაპზე საქმეზე დართვის შუამგომლობა.

18. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის, იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, ამიტომ დაუშვებელია შემდეგი არგუმენტაციით:

20. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხ-ზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური სან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

21. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოხსენებული საფუძვლით.

22. საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვებიც რომ ყოფილიყო, მას არა აქვთ წარმატების პერსპექტივა შემდეგ გარემოებათა გამო: ა) განსახილველ შემთხვევებში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია.

24. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მართებულობის საკითხის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გამოკვლეული აქვს სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მხარეთა მიერაა მითითებული შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების ფარგლებში, და რაც აუცილებელია საქმის სწორი იურიდიული კვალიფიკაციისათვის.

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. მოცემული საქმის სამართლებრივი პრობლემა წარმოადგენს შრომითი ურთიერთობის პერიოდში დასაქმებულისთვის მიუღებელი ხელფასის დამსაქმებლისთვის დაკისრების მართლზომიერებას. სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებულია მხარეთა შორის არსებულ შრომით ხელშეკრულებაზე, რომლითაც განსაზღვრული ხელფასის ჯამური ოდენობა - 125 890 ლარი მოსარჩელეს არ მიუღია. აღნიშნულს არ ეთანხმება მოპასუხე, რომელსაც მიაჩნია, რომ დასაქმებულის მიმართ ყველა ვალდებულება შესრულებული აქვს. ასევე მიუთითებს მოთხოვნათა ხანდაზმულობაზე.

27. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. სასამართლომ აღნიშნა, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლი). საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არაერთ განჩინებაში განმარტა, რომ შრომით-სამართლებრივ დავებს მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურება ახასიათებს, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. (იხ. უზენაესი სასამართლოს განჩინება, საქმე #ას-379-2020).

28. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ხოლო ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

29. პირველ რიგში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აუცილებელია მსჯელობა განვითარდეს ხანდაზმულობის საკითხის განხილვისკენ, რათა დადგინდეს, ნამდვილად არსებობს თუ არა ხანდაზმულობაზე მითითებით სარჩელის ამ ნაწილში მოთხოვნის შეზღუდვა, რადგან ხანდაზმულობის არსებობა წინასწარვე გამორიცხავს თავად მოთხოვნის შინაარსობრივ კვლევას.

30. საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილი მიმთითებლური ხასიათის ნორმაა და განსაზღვრავს, რომ თუ კი შრომითსამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული რამე საკითხი, რომელიც არ არის მოწესრიგებული აღნიშნული კანონით, მისი დარეგულირება შესაძლებელია მოხდეს სხვა სპეციალური ნორმაციით ან სამოქალაქო კოდექსით. რადგან შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს შესაბამის ურთიერთობებში ხანდაზმულობის საკითხებს, ხოლო რადგან შრომითი ურთიერთობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების სახელშეკრულებო შინაარსის მატარებელია, მისი ხანდაზმულობის რეგულირება უნდა მოხდეს სწორედ სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავდროულად, სსკ-ის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად მიიჩნევა დრო, როცა პირმა შეიტყო ან პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

31. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ შრომის კოდექსი 2020 წლის 5 ოქტომბერს განხორციელებული და ძალაში შესული ცვლილებებით, კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, პირს უფლება აქვს, ამ კანონის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სარჩელის გარდა, ამ კანონიდან გამომდინარე სხვა სარჩელით სასამართლოს მიმართოს 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მან შეიტყო ან მას უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

32. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ვადის დენის დასაწყისი დაკავშირებულია ობიექტურ მომენტთან - უფლების დარღვევის ფაქტთან და სუბიექტურ მომენტთან - დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ გახდა ცნობილი ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. როგორც წესი, ივარაუდება, რომ პირი უფლების დარღვევის ფაქტს მისი დადგომისთანავე შეიტყობს ან საშუალო გულისხმიერების გამოჩენის შემთხვევაში შეეძლო შეეტყო ამ ფაქტის თაობაზე. აღნიშნულის საწინააღმდეგოს, ანუ უფლების დარღვევის დაგვიანებით შეტყობის მტკიცების ტვირთი კი უფლებადარღვეულ პირს ეკისრება. თუ დადგინდება, რომ პირმა თავისი დაუდევრობის გამო ვერ გაიგო უფლების დარღვევის შესახებ, მაშინ ხანდაზმულობის ვადის დენა დაიწყება იმ მომენტიდან, როცა საქმის გარემოებების მიხედვით, პირს უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ვინაიდან სასამართლო მოთხოვნის ხანდაზმულობას მხოლოდ მოპასუხის მითითების საფუძველზე იკვლევს, მოთხოვნის ვადაში წარდგენა მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს. „თუ ხანდაზმულობის წარმოშობის მომენტის დადგენა ობიექტურად შეუძლებელია, ყურადღება უნდა მიექცეს სუბიექტურ მომენტს. ამასთან, იგულისხმება, რომ ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტები თანმხვედრია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე არ ეთანხმება ხანდაზმულობის წარმოშობის ობიექტური და სუბიექტური მომენტების თანხვედრას, მაშინ მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება იმის გასარკვევად, თუ როდიდან უნდა დაიწყოს ხანდაზმულობის ვადის დენა“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს რეკომენდაციები სამოქალაქო სამართლის სასამართლო პრაქტიკის პრობლემატურ საკითხებზე, თბილისი, 2007 წელი, გვერდი 64.).

33. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა, მათ შორის, შეეხება 2016 წლის 01 ნოემბრიდან 2022 წლის პერიოდში არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას. რადგან აღნიშნული პერიოდი ემთხვევა დროს, როდესაც ხანდაზმულობის საკითხი, ერთ შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსის ხანდაზმულობის ზოგადი ნორმით რეგულირდებოდა, ხოლო ცვლილების შემდგომ, სპეციალურმა ნორმამ - საქართველოს შრომის კოდექსის 74-ე მუხლმა მოაწესრიგა, სადავო ურთიერთობის ყოველი კონკრეტული შემთხვევა უნდა დადარდეს პერიოდულობით კანონის დროში მოქმედებაზე, რადგან, ვინაიდან მოთხოვნა ეხება სახელფასო დავალიანების ანაზღაურებას, ხანდაზმულობის ვადის ათვლა, როგორც პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებაზე უნდა მოხდეს თითოეული თვისთვის ცალ-ცალკე. აქედან გამომდინარე, 2020 წლის 5 ოქტომბრის საკანონმდებლო ცვლილებებამდე არსებული ხანდაზმულობის საკითხი უნდა დარეგულირდეს ცვლილებებამდე არსებული კანონმდებლობით, ანუ სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, შესაბამისად, 2016 წლის ნოემბრის ხელფასის დავალიანების მოთხოვნის ხანდაზმულობა 2019 წლის ნოემბერში ამოიწურა, რადგან სარჩელი სასამართლოს წარედგინა 2023 წლის 6 მარტს. ასევე ხანდაზმულია 2017 წლის მოთხოვნა, რადგან მისი წარდგენის ბოლო ვადა ამოიწურა 2020 წლის 6 მარტს. რაც შეეხება 2020 წლის მოთხოვნებს, მათზე უკვე ამოქმედებას იწყებს შრომის კოდექსის 74-ე მუხლით განსაზღვრული 1 წლიანი ხანდაზმულობა, შესაბამისად, 2020 წლის 5 ოქტომბრიდან წარმოშობილი მოთხოვნები ხანდაზმულია 2012 წლის 6 ოქტომბრიდან, 2021 წელს წარმოშობილი მოთხოვნები - 2022 წლის შემდგომ, 2022 წელს წარმოშობილი მოთხოვნები ხანდაზმულია 2022 წლის 06 მარტამდე. რაც შეეხება იმ მოთხოვნებს, რომლებიც ხანდაზმული არაა, სამწლიანი ვადის დაცვით წარდგენილია 2020 წლის 7 მარტიდან 2020 წლის 5 ოქტომბრამდე არსებული მოთხოვნები, ხოლო 1 წლიანი ვადის დაცვით წარმოდგენილია 2020 წლის 7 მარტიდან 2022 წლის 29 სექტემბრამდე არსებული მოთხოვნები. რადგან მოპასუხე მხარემ წარდგენილი კვალიფიციური შედავებით ხანდაზმულობის მიმართ არსებული მისი მტკიცების ტვირთი ნაწილობრივ დაძლია, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო ინსტანციამ სწორად განსაზღვრა კონკრეტულ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადები შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.

34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მსჯელობას განავითარებს არახანდაზმულ მოთხოვნათა (2020 წლის 6 მარტიდან - 2020 წლის 5 ოქტომბრამდე, ასევე 2022 წლის 6 მარტიდან - 29 სექტემბრამდე პერიოდები) მიმართ სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინების მართლზომიერებაზე:

35. საქართველოს შრომის კოდექსის (შემდეგში სშკ) 44-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას დამსაქმებელი ვალდებულია მოახდინოს საბოლოო ანგარიშსწორება მისი შეწყვეტიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, თუ შრომითი ხელშეკრულებით ან კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

36. არახანდაზმული მოთხოვნის ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა, პირველ რიგში, საჭიროებს იმის გამორკვევას ნამდვილად არის თუ არა სახეზე სახელფასო დავალიანება. აღნიშნულ საკითხზე ქვედა ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა და დაადგინა, რომ 2020 წლის მაისის თვის ხელფასი, კერძოდ - 1275.51 ლარი, ასევე 2022 წლის სექტემბრის თვის ხელფასი სრულად 2500 ლარის ოდენობით წარმოადგენს სახელფასო დავალიანებას. შესაბამისად, ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მართლზომიერია.

37. სასარჩელო მოთხოვნას ასევე წარმოადგენს დაყოვნებული თანხისთვის პროცენტის დაკისრება. ამ ნაწილში, შრომის კოდექსის 41-ე მუხლის მე-4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურებისა თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისთვის დასაქმებულს გადაუხადოს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. ამ ნორმით დადგენილია კანონისმიერი პირგასამტეხლო, რაც დასაქმებულმა უნდა გადაიხადოს ხელფასის გადახდის დაგვიანებისათვის. რადგან დადგენილია დავალიანების ოდენობა, შესაბამისად, ცალსახაა, რომ სწორედ ის წარმოადგენს დაყოვნებულ თანხას, ამიტომ, აღნიშნული თანხიდან უნდა იქნეს დავლილი 0.07%. კერძოდ, 2022 წლის მაისის თვის სახელფასო დავალიანების - 1275.51 ლარის 0.07%, 2020 წლის 06 ივნისიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, ასევე 2022 წლის სექტემბრის თვის ხელფასის 2500 ლარის 0.07%-ის დაკისრება მოპასუხისთვის, 2022 წლის 06 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ამ ნაწილშიც მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა პროცენტის საკითხი.

38. შემდეგი სასარჩელო მოთხოვნა შეეხება სამი წლის აუნაზღაურებელი შვებულების თანხის - 7500 ლარის დაკისრებას. ამ ნაწილში, საკასაციო პალატა მიუთითებს სშკ-ის 31-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით - წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების დამსაქმებლის ინიციატივით შეწყვეტისას იგი ვალდებულია დასაქმებულს აუნაზღაუროს გამოუყენებელი შვებულება შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობის პროპორციულად.

39. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, „ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება წარმოადგენს დასაქმებულის დასვენების დროს ანუ, იმ უფლებას, რომელიც არ შეიძლება შეიცვალოს ფულადი კომპენსაციით. დანაწესის მიზანია დასაქმებულის დასვენების უფლების დაცვა იმგვარად, რომ ფულადი კომპენსაციით ჩანაცვლებით არ მოხდეს საქართველოს შრომის კოდექსის 31-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნის უგულებელყოფა.“ (სუსგ. #ას-495-495-2018, 10 აპრილი, 2019 წელი).

40. შვებულების უფლების გამოყენება თავისთავადი რეალიზაციით არ ხასიათდება. მას აქვს არჩევითი სახე და მისი გამოყენება დამოკიდებულია დასაქმებულის ნება-სურვილზე. თუ კი დასაქმებული არ გამოიყენებს საშვებულებო პერიოდს და მას განლევს, ისე, რომ ნებას არ გამოავლენს მისი ამ უფლების განკარგვის შესახებ, კონკრეტული წლის შვებულების უფლება გაქარწყლდება და შემდგომ წელს ვეღარ იმოქმედებს. განსახილველ შემთხვევაში, რადგან დადგენილია, რომ შვებულების გამოუყენებელი პერიოდის შემდეგ წელში გადატანაზე მოსარჩელეს დამსაქმებელთან ნება არ გამოუვლენია, 2020 და 2021 წლების ანაზღაურებადი შვებულების უფლება არ რეალიზდა, რამაც გამოიწვია მათი გაქარწყლება. შესაბამისად, ამ ნაწილში შვებულების ანაზღაურების მოთხოვნის მიღება გამოიწვევს უსაფუძვლო გამდიდრებას. აქედან გამომდინარე, დასაქმებულს ამ ნაწილში აღარ წარმოეშობა აღნიშნული თანხის მოთხოვნის უფლება.

41. რაც შეეხება კასატორის შედავებას საოქმო განჩინების გაუქმების შესახებ, საკასაციო პალატა ვერც აღნიშნულს გაიზიარებს, რადგან თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მითითებული საოქმო განჩინება მტკიცებულებების მიღებაზე უარის შესახებ დასაბუთებულია და კასატორს არ წარუდგენია იმგვარი პრეტეზია, რაც განჩინებაში მითითებული გარემოებების სხვაგვარად განხილვის შესაძლებლობას გამოიწვევდა.

42. საბოლოოდ, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივრის ფარგლებში კასატორმა ვერ შეძლო შესაბამისი დასაბუთების წარმოდგენა, თუ რატომ უნდა გაუქმდეს აღნიშნული განჩინება, შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად დაადგინეს მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები, სამართლებრივად მართებულად გადაწყვიტეს საქმეში არსებული ყველა სადავო საკითხი, ასევე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა, ამდენად, სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს განჩინება დასაბუთებულია, არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი და საკასაციო საჩივრები როგორც დაუშვებლები, უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ა–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე