საქმე Nა-4720-შ-126-2024 8 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ა.ლ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს, ორჯინის ოლქის 2023 წლის 29 მარტის N22FL000929 დადგენილება
დავის საგანი – გვარის შეცვლა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს, ორჯინის ოლქის 2023 წლის 29 მარტის N22FL000929 დადგენილებით, "ა.ლ–ს" გვარი შეიცვალა და გახდა "ა.ს–ი".
2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ა.ლ–მ და მოითხოვა დასახელებული დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო დადგენილებით დასტურდება, რომ სარჩელი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, დაცულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, გვარის შესაცვლელად დასახელებული პირი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურისდიქციის ქვეშ არ იმყოფება, ასევე არ არის რეგისტრირებული სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლით, ამდენად, გვარის შეცვლასთან დაკავშირებით რაიმე წინააღმდეგობა არ არსებობს. ა.ლ–მ ასევე, წარმოადგინა საქართველოს მოქალაქე ა.ლ–ს პირადობის მოწმობა და ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტის (გაცემული ა.ს–ის სახელზე) ასლები.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით წარმოდგენილი შუამდგომლობა, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულია წარმოებაში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ა.ლ–ს შუამდგომლობა კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 29 მარტის დადგენილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
6. საქმეში წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო დადგენილების შესწავლით უტყუარად დასტურდება, რომ სარჩელი განხილულ იქნა ზეპირი მოსმენით, დაცულია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები გვარის შესაცვლელად. დასახელებული პირი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის იურისდიქციის ქვეშ არ იმყოფება, ასევე არ არის რეგისტრირებული სისხლის სამართლის კოდექსის 290-ე მუხლით, ამდენად, სახელის შეცვლასთან დაკავშირებით რაიმე წინააღმდეგობა არ არსებობს, შუამდგომლობაზე დართული მტკიცებულებებით: საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობისა და ამავე მოქალაქის ამერიკის შეერთებული შტატების პასპორტის ასლებით, ერთი მხრივ, დასტურდება გადაწყვეტილების მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულების ფაქტი, რასაც შუამდგომლობის ავტორიც ადასტურებს და, მეორე მხრივ, ირკვევა, რომ მოცემული შუამდგომლობის განხილვაზე საქართველოს უზენაეს სასამართლოს საერთაშორისო კომპეტენცია გააჩნია.
7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით ასევე დადგენილია გარკვეული შეზღუდვები, თუმცა საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ ფაქტორზეც, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი ერთგვაროვანი პრაქტიკა, სადაც ანალოგიურ შემთხვევასთან მიმართებით (სახელისა და გვარის შეცვლის თაობაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ) საკასაციო პალატამ დააკმაყოფილა მხარის შუამდგომლობა (იხ. სუსგ №ა-476-შ-22-09; 14 მაისი, 2009 წელი, საქმე №ა-2330-შ-50-2012 11 ივნისი, 2012 წელი).
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა.ლ–ს შუამდგომლობა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მულებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა.ლ–ს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს, ორჯინის ოლქის 2023 წლის 29 მარტის N22FL000929 დადგენილება, რომლითაც ა.ლ–ს გვარი შეიცვალა და გახდა ა.ს–ი.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
გოჩა ჯეირანაშვილი