საქმე №ა-4251-ა-13-2024 8 ნოემბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - ლ.ჩ–ი, გ.ჩ–ი (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „კ–ას“ 98% წილის მესაკუთრე ზ.კ–ი (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხე - ზ.ფ–ი
გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება
განმცხადებილის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – სამეწარმეო საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილდება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. შპს „კ–ას“ 98% წილის მესაკუთრე ზ.კ–მა სარჩელი აღძრა ლ.ჩ–ის, გ.ჩ–ისა და ზ.ფ–ის მიმართ, სამეწარმეო საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
3. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის წარმომადგენელმა ნ.ქ–ამ.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 მაისის განჩინებით, ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის წარმომადგენელმა ნ.ქ–ამ წარადგინა კერძო საჩივარი.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებით, კერძო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 12-დღიანი ვადის დარღვევის გამო, ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 მაისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი.
7. 2024 წლის 5 აგვისტოს (საქმის განაწილების თარიღი: 02.09.2024 წელი) ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის წარმომადგენლებმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 9 სექტემბრის განჩინებით ზემოაღნიშნული განცხადება მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის წარმომადგენლის ნ.ქ–ას განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილების საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებაზე და მიიჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს და განახლდეს წარმოება საქმეზე Nას-914-2024.
10. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
13. ამავე კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების შესაბამისად.
14. განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი მიუთითებს სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის შეტანის ვადის არასწორ ათვლაზე, რამაც საბოლოოდ გამოიწვია კერძო საჩივრის განუხილველად დატოვება. განმცხადებლის მტკიცებით, თავდაპირველი კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოში გაიგზავნა 2024 წლის 25 ივნისს ფოსტის მეშვეობით, თუმცა კურიერის შეცდომის გამო, იგი გაიგზავნა იმავე დღეს წარმომადგენლის მიერ შეტანილ სხვა განცხადებასთან ერთად ქ. ბათუმში.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინებაში მითითებულია შემდეგი: „საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 მაისის განჩინება 12.06.2024 წელს გაეგზავნა ლ.ჩ–ის და გ.ჩ–ის წარმომადგენელს ი.ა–ს მის მიერ მითითებულ მისამართზე: თბილისი, ....... და ჩაბარდა ლ.ნ–იას 2024 წლის 13 ივნისს (იხ. ტომი 10, ს.ფ. 105-106)“. აღნიშნული მოტივაციით დასტურდება, რომ სასამართლომ განჩინების გასაჩივრების 12-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2024 წლის 14 ივნისიდან, ანუ იმ თარიღის შემდგომი დღიდან, როდესაც ლ.ნ–იას ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება.
16. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, მართალია, სასამართლომ სწორად გამოთვალა, როგორც გასაჩივრების 12-დღიანი ვადის დენის ასევე, მისი ამოწურვის თარიღი (25 ივნისი), თუმცა ახლადაღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმისწარმოების განახლების შესახებ განცხადებას ერთვის მტკიცებულება, რომელიც ადასტურებს, რომ მხარემ კერძო საჩივარი ფოსტას რეალურად ჩააბარა 2024 წლის 25 ივნისს (საპროცესო მოქმედების ჩატარების ბოლო დღეს), თუმცა მისგან დამოუკიდებელი და ობიექტური მიზეზების გამო, კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს მისამართზე არ გაგზავნილა. კერძოდ, განცხადებაზე დართულია საფოსტო საკურიერო მომსახურების მწარმოებელი კომპანია შპს „ქ.ს.ჯ–ის“ 2024 წლის 25 ივნისით დათარიღებული შეტყობინების ბარათი, სადაც მითითებულია, რომ გზავნილში მოთავსებულია ლ. და გ.ჩ–ების კერძო საჩივარი, ხოლო გზავნილის მიმღების მისამართად მითითებულია: თბილისის სააპელაციო სასამართლო, მოსამართლე გ.ჯ–ი, საქმეN2ბ/1516-24. გზავნილზე დატანილია შესაბამისი კომპანიის ბეჭედი და დასმულია თარიღი - 2024 წლის 25 ივნისი. აგრეთვე, განცხადებას ერთვის საფოსტო გზავნილის კონვერტი კურიერის მიერ დატანილი აღნიშვნებით, სადაც გაგზავნის პირველ თარიღად ასევე, მითითებულია 2024 წლის 25 ივნისი. გარდა ამისა, საქმეზე წარმოდგენილია საფოსტო საკურიერო მომსახურების მწარმოებელი კომპანია შპს „ქ.ს.ჯ–ის“ კურიერის - მ.გ–ას, ახსნა-განმარტება, სადაც პირი ადასტურებს, რომ ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის წარმომადგენლის - ნ.ქ–ას მიერ, კომპანიას 2024 წლის 25 ივნისს გადაეცა ორი სხვადასხვა გზავნილი, თუმცა დაკონვერტების დროს, კურიერმა ისინი არასწორად მოათავსა ერთ კონვერტში, რის გამოც მათი გაგზავნა მოხდა მხოლოდ ერთ მისამართზე ქ. ბათუმში, .......... (რეესტრის ნომერი 06/25/24-141-1008) და შესაბამისად ვერ გაიგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. წარმოდგენილი ახსნა-განმარტება დამოწმებულია კომპანიის ბეჭდით, დასმულია თარიღი (2024 წლის 29 ივლისი) და ახლავს კურიერის ხელმოწერაც. ამასთან, უდავოა, რომ 2024 წლის 26 ივნისით (მხარე აცხადებს, რომ გზავნილის არასწორად გაგზავნის შესახებ იმ დღესვე შეიტყო და კერძო საჩივრის სწორ მისამართზე გაგზავნა მოხდა მეორე დღესვე) დათარიღებული კერძო საჩივარი, მხარემ ფოსტაში წარადგინა 2024 წლის 26 ივნისს, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიაში დარეგისტრირდა 2024 წლის 03 ივლისს (იხ. ტომი 10, ს.ფ. 123-127).
17. საკასაციო პალატა წარმოდგენილი განცხადების და მასზე დართული შესაბამისი მტკიცებულებების კვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა კერძო საჩივრის ავტორების წარმომადგენლისგან დამოუკიდებელ, ობიექტურ და შემთხვევითობაზე დამყარებულ გარემოებას (საფოსტო გზავნილის კურიერის მიერ არასწორ მისამართზე გაგზავნას), რაც კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების ეტაპზე სასამართლოსთვის ცნობილი ვერ იქნებოდა. შესაბამისად, ვინაიდან მხარემ შეძლო სასამართლოსთვის იმგვარი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომლითაც დადასტურდა, რომ კერძო საჩივრის წარდგენის 12-დღიანი ვადის დარღვევას არ ჰქონია ადგილი და იგი გამოწვეული იყო გარეგანი, ობიექტური მოცემულობებთ, ამიტომ საკასაციო პალატის აზრით, დასტურდება, რომ მხარემ კერძო საჩივარი სასამართლოში წარადგინა კანონით დადგენილ ვადაში - 2024 წლის 25 ივნისს, შესაბამისად, არსებობს ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება და საქმეზე Nას-914-2024 (კერძო საჩივრის ავტორები ლ.ჩ–ი და გ.ჩ–ი) უნდა განახლდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 430-ე მუხლებით, 401-ე მუხლის პირველი, მეორე ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 ივლისის განჩინება ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე და განახლდეს ლ.ჩ–ისა და გ.ჩ–ის კერძო საჩივრის საფუძველზე საქმის წარმოება (საქმეზე Nას-914-2024);
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე
მოსამართლეები: თეა ძიმისტარაშვილი
ვლადიმერ კაკაბაძე