საქმე Nას-1145-2022
13 ივლისი 2023 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორები – ლ.ხ–ვა, მ.ხ–ვა (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „პ.ბ–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი - მოპასუხეთა მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებულად აღიარება; მოვალის უფლებამონაცვლედ მოპასუხეთა ცნობა; სამკვიდრო უძრავი ქონების მოპასუხეთა სახელზე დარეგისტრირება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მოვალე ო.ხ–ვას უფლებამონაცვლეებად ცნობილი იქნენ ლ.ხ–ვა და მ.ხ–ვა.
1.2 დადგენილ იქნეს, რომ მოპასუხეებმა ლ.ხ–ვამ და მ.ხ–ვამ ფაქტობრივი ფლობის საფუძველზე მიიღეს ო.ხ–ვას სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ....... ს/კ N.....
1.3 დადგინდეს მისი იძულებითი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ლ.ხ–ვას და მ.ხ–ვას სახელზე.
2. სარჩელის საფუძვლები
2.1 მოსარჩელის მითითებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ, 2015 წლის 16 თებერვალს, გაცემულ N2-1908/14 სააღსრულებო ფურცელზე, მ.ხ–ვას სასესხო ვალდებულებების გამო, 2015 წლის 21 მარტს, დაიწყო აღსრულების პროცესი. აღსრულების პროცესში დადგინდა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე ო.ხ–ვა გარდაიცვალა 2015 წლის 02 მარტს. შესაბამისად, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის, მე-2 პუნქტის, "გ" ქვეპუნქტის თანახმად, აღმასრულებელმა შეაჩერა სააღსრულებო წარმოება გარდაცვლილი მოვალის უფლებამონაცვლის დადგენისა და ქონების მემკვიდრის საკუთრებაში რეგისტრაციამდე.
2.2 მოსარჩელემ მიმართა საქართველოს ნოტარიუსთა პალატას, გარდაცვლილი ო.ხ–ვას სამკვიდრო მასაზე მემკვიდრეთა მხრიდან განცხადების წარდგენის შესახებ ინფორმაციის გამოსათხოვად. ნოტარიუსთა პალატიდან მოსარჩელეს ეცნობა, რომ გარდაცვლილის სამკვიდრო მასაზე არცერთ მემკვიდრეს არ წარუდგენია განცხადება. მხარის მითითებით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გარდაცვლილის მემკვიდრეები განზრახ თავს არიდებენ სამკვიდროს გაფორმებას გარდაცვლილის ვალდებულებების შეუსრულებლობის მიზნით.
2.3 მოსარჩელისთვის ცნობილია, რომ სავარაუდო მემკვიდრეები - გარდაცვლილის მეუღლე, ლ.ხ–ვა და შვილი, მ.ხ–ვა შეუდგნენ სამკვიდროს ქონების ფლობას. შესაბამისად, მათ მიღებული აქვთ სამკვიდრო მისი ფაქტობრივი ფლობით.
ვინაიდან, სააღსრულებო წარმოება შეჩერებულია ზემოაღნიშნული მიზეზით, ხელი ეშლება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულებას ამიტომ, აუცილებელია გარდაცვლილის მემკვიდრეების დადგენა, რათა გაგრძელდეს სააღსრულებო საქმის წარმოება.
3. მოპასუხის პოზიცია
3.1 მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ო.ხ–ვას სამკვიდრო ქონება მოპასუხეებს არ მიუღიათ. შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილების არც ფაქტობრივი და არც სამართლებრივი წანამძღვრები არ არსებობს.
3.2 სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მოსარჩელე ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს სასამართლო, თითქოს მოპასუხეები განზრახ თავს არიდებენ სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
4. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
4.1 ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 28 ივლისის გადაწყვეტილებით, სს „პ.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა. მოვალე ო.ხ–ვას უფლებამონაცვლეებად ცნობილ იქნენ ლ.ხ–ვა და მ.ხ–ვა. დადგენილ იქნა, რომ მოპასუხეებმა, ლ.ხ–ვამ და მ.ხ–ვამ ფაქტობრივი ფლობის საფუძველზე მიიღეს ო.ხ–ვას სამკვიდრო ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ...... ს/კ N.......... და დადგინდა მისი იძულებითი რეგისტრაცია საჯარო რეესტრში ლ.ხ–ვას და მ.ხ–ვას სახელზე.
4.2 აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება
5.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5.2 სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.3 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის N2-1008/14 გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს „პ.ბ–ის“ სარჩელი. მოპასუხეებს, სოლიდარულ მოვალეებს, მ.ხ–ვას და ნ.გ–ძეს სს ”პ.ბ–ის” სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისრათ, ბანკის წინაშე არსებული დარჩენილი დავალიანების გადახდა - 49523,63 აშშ დოლარის ოდენობით.
5.4 ამავე გადაწყვეტილებით დადგენილ იქნა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, ო.ხ–ვას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ბათუმი, ზედა ღელე ს/კ №05.31.06.012 და ე.პ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ბათუმი, ......., ბინა №63-64 ს/კ № ........ იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. უზრუნველყოფის საგნების რეალიზაციის შეუძლებლობის ან რეალიზაციით მიღებული თანხიდან დავალიანების სრულად დაუფარაობის შემთხვევაში, დავალიანების თანხის ამოღება განხორციელდეს მოპასუხეების, სოლიდარული მოვალეების მ.ხ–ვას და ნ.გ–ძის საკუთრებაში არსებული სხვა ქონებიდან.
5.5 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე, 2015 წლის 16 თებერვალს გაცემულ იქნა სააღსრულებო ფურცელი, ხოლო 2015 წლის 21 მარტს დაიწყო აღსრულების პროცესი. აღსრულების პროცესში დადგინდა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე ო.ხ–ვა გარდაიცვალა 2015 წლის 02 მარტს. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის, 36-ე მუხლის, მე-2 პუნქტის, „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, აღმასრულებელმა შეაჩერა სააღსრულებო წარმოება გარდაცვლილი მოვალის უფლებამონაცვლის დადგენისა და მემკვიდრის საკუთრებაში ქონების რეგისტრაციამდე.
5.6 სს „პ.ბ–მა“ მიმართა ნოტარიუსთა პალატას გარდაცვლილ ო.ხ–ვას სამკვიდრო მასაზე მემკვიდრეთა მხრიდან განცხადების წარდგენის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვაზე. საქართველოს ნოტარიუსთა პალატის ინფორმაციით, ერთიან ელექტრონულ სამემკვიდრეო რეესტრში არ არის ჩანაწერი, 2015 წლის 2 მარტს გარდაცვლილი ო.ხ–ვას სამკვიდრო ქონების თაობაზე ასევე, არ არის ჩანაწერი ო.ხ–ვას სახელით დამოწმებული ანდერძის თაობაზე.
5.7 ო.ხ–ვას პირველი რიგის მემკვიდრეებს წარმოადგენენ მოპასუხეები: მეუღლე - ლ.ხ–ვა და შვილი - მ.ხ–ვა, რომლებმაც, მართალია კანონით დადგენილ ვადაში არ მიმართეს ნოტარიუსს დანაშთი სამკვიდრო ქონების მისაღებად, თუმცა ისინი ფაქტობრივად ცხოვრობენ სამკვიდრო მასაში, ხოლო სამკვიდრო ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას არ ახორციელებენ.
5.8 საქართველო იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, 2018 წლის 05 იანვრის შეტყობინებით დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 12 დეკემბრის NM17023749/3 გადაწყვეტილების საფუძველზე, განხორციელდა ქალაქ ბათუმში, ურეხის დასახლებაში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სისტემური ნუმერაცია,რომლის საფუძველზეც, უძრავი ნივთი (საკადასტრო კოდით: N.........) მისამართი ქალაქი ბათუმი ......., ჩამოყალიბდა შემდეგნაირად: ქალაქი ბათუმი, ........
5.9 სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გამომდინარეობდა „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის და სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლის მოთხოვნებიდან კერძოდ: „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის თანახმად, სააღსრულებო ფურცელი შეიძლება გაცემულ იქნეს გადაწყვეტილებაში დასახელებული კრედიტორის უფლებამონაცვლე პირის სასარგებლოდ ან მოვალის უფლებამონაცვლე პირის საწინააღმდეგოდ, თუ უფლებამონაცვლეობა ნათელია ან ამის დამადასტურებელი დოკუმენტი შეადგინა სათანადოდ უფლებამოსილმა ორგანომ ან დაამოწმა ნოტარიუსმა. თუ საჭირო დადასტურება ვერ ხერხდება სათანადოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ შედგენილი ან ნოტარიუსის მიერ დამოწმებული დოკუმენტის საშუალებით, მაშინ კრედიტორმა ან მისმა უფლებამონაცვლე პირმა უფლებამონაცვლეობის დადგენის და სააღსრულებო ფურცლის გაცემის თაობაზე უნდა მიმართოს გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს. სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებულია მოთხოვნა სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ მოვალის-აწ გადაცვლილი ო.ხ–ვას კუთვნილი, იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, ამასთან გასული არ არის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კანონით დადგენილი 10 წლიანი ვადა, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ მიიჩნევა. შესაბამისად, სს ,,პ.ბ–ს“ გააჩნია უფლებამოსილება იძულებით აღსრულების გზით მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის სახელდობრ, მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული, აწ გარდაცვლილი ო.ხ–ვას საკუთრებაში რიცხულ უძრავ ქონებაზე მემკვიდრეების მხრიდან სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღებულად აღიარება, მათი მოვალის უფლებამონაცვლედ ცნობა და სამკვიდრო უძრავი ქონების მოპასუხეთა სახელზე დარეგისტრირება.
5.10 პალატის განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად დაადგინა არსებითი მნიშვნელობის ფაქტობრივი გარემოებები, სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ, რის გამოც სს ,,პ.ბ–ის“ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით დასაბუთებული გადაწყვეტილება მიიღო, პალატამ აღნიშნული გარემოება, სსსკ-ის 386-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძვლად მიიჩნია.
6. კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები
6.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 06 ივლისის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6.2 კასატორების განმარტებით, სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოყენებულ კანონთა არასწორი განმარტებით განავითარა სრულიად ალოგიკური მოსაზრებები.
6.3 ამასთან, კასატორები განმარტავენ, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმადაც, სსკ-ის 1488.1 მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა მამკვიდრებლის მიერ კრედიტორთა მიერ უშუალოდ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენისა და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადაა. სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ „კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით პრეტენზია წარდგენილია ვადაში", თუმცა, მიუხედავად ასეთი დასკვნისა, სასამართლომ ხანდაზმულობის საკითხზე მსჯელობისას მნიშვნელოვანი სამართლებრივი შეცდომა დაუშვა და სსკ-ის 1488,1 მუხლი არასწორად განმარტა, როცა დაადგინა, რომ ფაქტობრივად მნიშვნელობა აქვს იმ გარემოებას, თუ როდიდან იწყება ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. ამ ვადის ათვლა კი, იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა სამკვიდროს გახსნის შესახებ შეიტყვეს. სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
6.4 კასატორი განმარტავს, რომ სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. შესაბამისად, კრედიტორმა, რომლისთვისაც ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების შესახებ უნდა მიმართოს ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით. ნოტარიუსი კი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ.
6.5 კასატორი მიუთითებს - არასწორია სააპელაციო სასამართლოს განმარტება, მასზედ, რომ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული საქმის განხილვისას „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლი. ზემოაღნიშნული ინსტრუქციის გამოყენება მნიშვნელოვანი იყო, რომელიც ხელს უწყობს სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობას, მსგავსი კატეგორიის დავების მოსაწესრიგებლად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დამკვიდრებულ პრაქტიკას.
7. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი, მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზების, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული, შემდეგ გარემოებათა გამო:
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
10. საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ იგი საქმეს იხილავს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის შესაბამისად, და ამავე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სასამართლოს უფლება არ აქვს გასცდეს კასატორის მიერ საკასაციო საჩივარში დაფიქსირებულ პრეტენზიებს.
11. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
12. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას და მიუთითებს, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც ცალსახად დადგენილია, რომ „საჯარო რეესტრში ფიქსირდება ნებისმიერი უფლება, რაც არსებობს ამ ნივთის მიმართ და თუ სამართლებრივად არსებობს ესა თუ ის უფლება, მაგრამ იგი სხვადასხვა ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით არ ფიქსირდება რეესტრში, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს ასეთი მოქმედების შესრულების განხორციელება“ (იხ. სუსგ ას-1154-1299-08, 02.07.2009წ.). განსახილველ დავაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება კასატორებმა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს, რასაც თავად კასატორები არ უარყოფენ. ამ ქონებაზე მესაკუთრედ მოვალის მემკვიდრეების დარეგისტრირება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერ ინტერესს წარმოადგენს, რის გამოც კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნა სსსკ-ის 180-ე მუხლის თანახმად იურიდიულად გამართლებულია.
13. საკასაციო პალატის განმარტებით, საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი ვერ გახდება კასატორის არგუმენტი სააპელაციო სასამართლოს მიერ სსკ-ის 1488-ე მუხლის არასწორად განმარტებასთან დაკავშირებით.
14. აღსანიშნიავია, რომ სსკ-ის 1488-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით არსებობს საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით, მითითებულ ნორმაში საუბარია არა სასარჩელო ხანდაზმულობის, არამედ პრეტენზიის წარდგენის ვადებზე, რაც განსხვავებული ცნებებია. საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მოცემული მუხლით დადგენილი ექვსთვიანი ვადა არის მამკვიდრებლის კრედიტორთა მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის (პრეტენზიის) წარდგენისა და არა სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ, თუ მამკვიდრებლის კრედიტორებმა ზემოხსენებული ვადის დაცვით არ წარუდგინეს მოთხოვნა მემკვიდრეებს, ისინი კარგავენ მოთხოვნის უფლებას, რაც, შემდგომში, სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ამ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი იქნება. საკასაციო სასამართლომ არაერთ საქმეზე განმარტა, რომ „მითითებული ნორმით დადგენილია პრეტენზიის მოთხოვნის წარდგენის ვადა და არა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გულისხმობს დროის მონაკვეთს, რომლის განმავლობაშიც, სასამართლოსათვის მიმართვის გზით კრედიტორს შეუძლია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. ამ ვადის გასვლის შემდეგ მოვალეს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაზე მითითებით. მოთხოვნა კი, როგორც წესი, წარედგინება უშუალოდ მხარეს. საპრეტენზიო ვადაში მოთხოვნის წარუდგენლობა სასამართლოში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია. საპრეტენზიო ვადაში წარდგენილი მოთხოვნა კი, შეიძლება, არ დააკმაყოფილოს სასამართლომ, თუ გავიდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა და მოვალე მიუთითებს ამის თაობაზე (შდრ. სუსგ 07.10.2010წ., საქმე №ას-143-136-2010).
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პრაქტიკული მნიშვნელობისაა იმ საკითხის გარკვევა, თუ როდიდან იწყება სსკ-ის 1488.1 მუხლით გათვალისწინებული ექვსთვიანი ვადის ათვლა. მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, რაც მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის მემკვიდრეებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის წარდგენის ექვსთვიანი ვადის ათვლისათვის მხოლოდ იმის ცოდნა, რომ სამკვიდრო გაიხსნა, საკმარისი არაა, მამკვიდრებლის კრედიტორებმა უნდა იცოდნენ, ასევე, იმ მემკვიდრეთა ვინაობა, რომლებმაც სამკვიდრო მიიღეს, რათა მათ წარუდგინონ მოთხოვნა. კანონი მემკვიდრეების მიერ სამკვიდროს მიღების ორ გზას ადგენს, კერძოდ - სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებით და ნოტარიუსისათვის განცხადების წარდგენით (სსკ-ის 1421-ე მუხლი). როგორც წესი, სამკვიდროს მიღების თაობაზე კრედიტორებისათვის ცნობილი ხდება მემკვიდრეთა მიერ სამკვიდრო მოწმობის აღების შემდეგ ან მემკვიდრეობით მიღებული უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისას. საკასაციო პალატის მოსაზრებით, ასეთ დროს, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მემკვიდრეებს მოთხოვნა უნდა წარუდგინონ გონივრულ ვადაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა მემკვიდრეთა მიერ სამკვიდროს მიღების თაობაზე (იხ. სუსგ საქმე №ას-303-285-2014, 30 ოქტომბერი, 2015 წელი).
16. საქმის მასალებით დადენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს, 2014 წლის, 13 ოქტომბრის N2-1008/14 გადაწყვეტილებით, დაკმაყოფილდა სს „პ.ბ–ის“ სარჩელი. მოპასუხეებს, მ.ხ–ვას და ნ.გ–ძეს სოლიდარულად დაეკისრათ, სს ”პ.ბ–ის” სასარგებლოდ, ბანკის წინაშე არსებული დარჩენილი დავალიანების გადახდა - 49523,63 აშშ დოლარის ოდენობით. ამავე გადაწყვეტილებით, დადგენილ იქნა, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდევინება განხორციელდება იპოთეკით დატვირთული, ო.ხ–ვას საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე ბათუმი, .......... ს/კ №....... და ე.პ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე ბათუმი, ......... ს/კ № ...... იძულებით აუქციონზე რეალიზაციის გზით. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და მასზე, 2015 წლის 16 თებერვალს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, ხოლო 2015 წლის 21 მარტს, დაიწყო აღსრულების პროცესი. აღსრულების პროცესში დადგინდა, რომ სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების მესაკუთრე ო.ხ–ვა გარდაიცვალა 2015 წლის 02 მარტს. აღნიშნულის გამო შეჩერდა სააღსრულებო წარმოება გარდაცვლილი მოვალის უფლებამონაცვლის დადგენისა და მემკვიდრის საკუთრებაში ქონების რეგისტრაციამდე.
17. ამგვარად, საქმის მასალებით დასტურდება, რომ კრედიტორისათვის სამკვიდროს გახსნის თაობაზე ცნობილი გახდა სააღსრულებო წარმოების ფარგლებში. განსახილველ შემთხვევაში ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხეებს(მემკვიდრეებს) სამკვიდროს მისაღებად ნოტარიუსისთვის არ მიუმართავთ, ამასთან, მათ სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით ჰქონდათ მიღებული და მათი უფლება უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში არ დარეგისტრირებულა. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის 1488.1. მუხლით დადგენილი ექვსთვიანი საპრეტენზიო ვადის ამოქმედების წინაპირობები.
18. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას კრედიტორის მიერ მამკვიდებლის მემკვიდრეებისათვის სარჩელის აღძვრის გზით, სსკ-ის 1488-ე მუხლით დადგენილ საპრეტენზიო ვადის დაცვასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ იმ მოცემულობაში, როდესაც არ არსებობს საკანონმდებლო შეზღუდვა, თუ რა გზით განახორციელებს კრედიტორი პრეტენზიის წარდგენას, სასამართლოში სარჩელის წარდგენით ამ უფლების განხორციელება ნიშნავს მემკვიდრეების წინაშე მოთხოვნის (პრეტენზიის) გაცხადებას.(იხ. სუსგ საქმე №ას-570-2020, 5 თებერვალი, 2021 წელი).
19. კასატორის სადავოდ ხდის ასევე იმ გარემოებას, რომ კრედიტორმა არ მიმართა ნებისმიერ ნოტარიუსს, გარდაცვლილის მემკვიდრეების მიმართ მოთხოვნის წარდგენის პრეტენზიით.
20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სსკ-ის 1499-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სამკვიდრო მოწმობას გასცემს ნოტარიუსი. „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 79-ე მუხლის თანახმად, „ნოტარიუსი ვალდებულია, მიიღოს მამკვიდრებლის კრედიტორის წერილობითი განცხადება, კრედიტორის პრეტენზიების შესახებ, განცხადება უნდა შედგეს კერძო ან საჯარო აქტის ფორმით, განცხადება მიიღება მიუხედავად იმისა, დადგა თუ არა მოთხოვნის ვადა. ამასთან, ნოტარიუსი ვალდებულია, მამკვიდრებლის კრედიტორის პრეტენზიების შესახებ აცნობოს პირებს, რომლებსაც სანოტარო ბიუროში წარდგენილი აქვთ განცხადება სამკვიდროს მიღების შესახებ“. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმ მოცემულობის გათვალისწინებით, როცა ო.ხ–ვას მემკვიდრეების მიერ, სანოტარო ბიუროში არ ყოფილა წარდგენილი განცხადება სამკვიდროს მიღების თაობაზე, არარელევანტურია კასატორის მითითება ზემოთ აღნიშნულ ნორმაზე დაყრდნობით, კრედიტორის მიერ მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენის ხანდაზმულობაზე.
21. განსახილველ შემთხვევაში, იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომ ო.ხ–ვას სამკვიდრო ფაქტობრივი ფლობით მიიღო მ.ხ–ვამ და ლ.ხ–ვამ-მოსარჩელეს მტკიცების ვალდებულებაა. პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოებმა, დადგენილად მიიჩნიეს, რომ ო.ხ–ვას პირველი რიგის მემკვიდრეები არიან ლ.ხ–ვა და მ.ხ–ვა, რომლებმაც მართალია კანონით დადგენილ ვადაში არ მიმართეს ნოტარიუს დანაშთი სამკვიდროს მისაღებად, თუმცა ცხოვრობენ სამკვიდრო მასაში შემავალ უძრავ ქონებაში, შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეები ფაქტობრივად დაუფლებულები არიან სამკვიდროს, რაც დანაშთი სამკვიდროს მიღებულად მიჩნევისა და ამ ქონებაზე ლ.ხ–ვას და მ.ხ–ვას საკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველია. ამგვარად, საქმეზე დასტურდება, რომ ო.ხ–ვას პირველი რიგის მემკვიდრეებმა: მეუღლე - ლ.ხ–ვა და შვილი - მ.ხ–ვა, კანონით დადგენილ ვადაში არ მიმართეს ნოტარიუსს დანაშთი სამკვიდრო ქონების მისაღებად, თუმცა ისინი მამკვიდრებლის გარდაცვალებამდე და მისი გარდაცვალების შემდეგაც ცხოვრობენ სამკვიდრო ქონებაში და ფაქტობრივადაც დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას, ხოლო სამკვიდრო ქონების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში არ ახორციელებენ.
22. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ფაქტობრივ-სამართლებრივ მსჯელობას და დამატებით მიუთითებს, საკასაციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლითაც ცალსახად დადგენილია, რომ „საჯარო რეესტრში ფიქსირდება ნებისმიერი უფლება, რაც არსებობს ამ ნივთის მიმართ და თუ სამართლებრივად არსებობს ესა, თუ ის უფლება, მაგრამ იგი სხვადასხვა ვალდებულებისაგან თავის არიდების მიზნით არ ფიქსირდება რეესტრში, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს ასეთი მოქმედების შესრულების განხორციელება“
23. განსახილველ დავაში, როგორც ზემოთ აღინიშნა დადგენილია, რომ უძრავი ქონება კასატორებმა ფაქტობრივი ფლობით მიიღეს. ამ ქონებაზე მესაკუთრედ მოვალის დარეგისტრირება მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების კანონიერ ინტერესს წარმოადგენს, რის გამოც კრედიტორის სასარჩელო მოთხოვნა იურიდიულად გამართლებულია (იხ. სუსგ. ას-1154-1299-08, 02.07.2009წ. Nას-843-2021 15.12. 2021წ.).
24. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 142.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა ათი წელი მაშინაც კი, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება, რომლითაც დადასტურებულია მოთხოვნა სს „პ.ბ–ის“ სასარგებლოდ მოვალის, აწ გადაცვლილი ო.ხ–ვას კუთვნილი, იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე, ამასთან გასული არ არის გადაწყვეტილების აღსრულებისათვის კანონით დადგენილი 10 წლიანი ვადა, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულად ვერ მიიჩნევა.
25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივ-სამართლებრივ დასაბუთებას და მიუთითებს, რომ საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთმიმართება, ასევე მტკიცებულებათა შეპირისპირება და ერთობლივი გაანალიზება, არ ადასტურებს კასატორების მოთხოვნის საფუძვლიანობას.
26. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
27. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობაში მოდის.
28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. ამავდროულად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან, რომელთა ნაწილიც ასახულია წინამდებარე განჩინებაში.
30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
31. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ.ხ–ვასა და მ.ხ–ვას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მ.ხ–ვას მიერ საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „საქართველოს ბანკში“ 2022 წლის 17 ნოემბერს, N15132505620 საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე