Facebook Twitter

ას-482-2024

25 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლევან მიქაბერიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.ჩ–ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ–ნი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ქონების დაბრუნება და ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. გ.ჩ–ძემ (შემდეგში: მოსარჩელე, კერძო საჩივრის ავტორი) სარჩელი აღძრა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ა.მ–ნის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ წართმეული ქონების დაბრუნება და ა.მ–ნის საკუთრებაში რეგისტრირებული წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ........ (ზედა ........) მდებარე სასოფლო-სამეურნეო 3445 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ს/კ ........ ½ ნაწილზე, 1722.5 კვ.მ-ზე გ.ჩ–ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია; ა.მ–ნის საკუთრებაში რეგისტრირებულ, წყალტუბოს რაიონში, სოფელ ........ (ზედა ........) მდებარე არასასოფლო-სამეურნეო 182 კვ.მ მიწის ნაკვეთის, ს/კ ...... ½ ნაწილზე, 91 კვ.მ-ზე გ.ჩ–ძის საკუთრების უფლების რეგისტრაცია. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხის მიერ მიყენებული არაქონებრივი (მორალური) ზიანის და ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, მათ შორის ქონების სარგებლით მიღებული, განცდილი არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ ბოდიშის მოხდით და ქონებრივი ზიანის (ზარალის) ანაზღაურება მოპასუხისათვის სიმბოლური თანხის - ერთი თეთრის დაკისრებით.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებით გ.ჩ–ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. აპელანტმა იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 დეკემბრის განჩინებით გ.ჩ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენა დავის საგნის ღირებულების მითითებით და ამ ღირებულების 4%-ის, არანაკლებ 150 და არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

5. სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა გ.ჩ–ძემ და მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო, იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გ.ჩ–ძე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით, დაევალა აღნიშნულ ვადაში სააპელაციო საჩივრის სასამართლოში წარდგენა დავის საგნის ღირებულების მითითებით და ამ ღირებულების 4%-ის, არანაკლებ 150 და არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

7. სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში სააპელაციო პალატას მიმართა გ.ჩ–ძემ, მიუთითა მის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე და წარგენილი დოკუმენტების საფუძველზე კვლავ ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება.

8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით გ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 03 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

8.1. პალატამ მიუთითა, რომ აპელანტს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კი არ იყო საკმარისი აპელანტის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დასადასტურებლად. აღნიშნული კი, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენდა.

9. ქუთისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.ჩ–ძემ და მოითხოვა მისი გაუქმება.

9.1. კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარის ქონებრივი მდგომარეობა, გადახდისუუნარობა და მის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა სამოქალაქო საქმეების განხილვა, მისი, როგორც მხარის მონაწილეობით და სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა ფინანსური მდგომარეობის გამო გახდა შეუძლებელი. გ.ჩ–ძე ასევე აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კონსტიტუციითა, სხვა საკანონმდებლო აქტებით და მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე მითითებულ საკითხზე.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

13. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მართლზომიერება.

14. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

15. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი აღარ განიხილება და დარჩება განუხილველად.

16. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ გ.ჩ–ძემ სასამართლოში წარდგენილი სააპელაციო საჩივრით იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ. თუმცა, აპელანტს ბაჟის გადახდის გადავადების აუცილებლობის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოსთვის არ წარუდგენია. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 დეკემბრის განჩინებით გ.ჩ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენა დავის საგნის ღირებულების მითითებით და ამ ღირებულების 4%-ის, არანაკლებ 150 ლარის და არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ხარვეზის შევსების მიზნით, 2023 წლის 15 დეკემბერს, სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი განცხადებით აპელანტმა ამჯერად იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ, ხოლო მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად განცხადებას დაურთო შვილის - ე.ჩ–ძის, როგორც პაციენტის გასინჯვის ფურცელი, სხვადასხვა სამოქალაქო საქმეებზე გ.ჩ–ძის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, სასამართლოს განჩინებები და გზავნილები, შპს „ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფო-წმინდა დავით აღმაშენებლის სახელობის ქსენონის მმართველის 2023 წლის 26 იანვრის ბრძანება გ.ჩ–ძის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და სხვა დოკუმენტები. სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გ.ჩ–ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღით. აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სასამართლო სააპელაციო საჩივარს განუხილველად დატოვებდა. 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინების ჩაბარების შემდგომ სააპელაციო პალატას კვლავ მიმართა აპელანტმა და ითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება. განცხადებას ერთვის იგივე დოკუმენტები, რაც აპელანტმა საამართლოს წარუდგინა 2023 წლის 15 დეკემბრის განცხადებით, ასევე დამატებითი მტკიცებულებები შემოსავლების სამსახურიდან, სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის ოდენობის შესახებ. სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა. გ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

17. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა მხარის ქონებრივი მდგომარეობა, გადახდისუუნარობა და მის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებები. აღნიშნავს, რომ პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვადასხვა სამოქალაქო საქმეების განხილვა, მისი, როგორც მხარის მონაწილეობით და სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობა ფინანსური მდგომარეობის გამო გახდა შეუძლებელი.

18. პალატა მიუთითებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმადაც, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, რის თაობაზედაც მოსამართლეს გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. შესაბამისად, მარტოოდნენ სიტყვიერი მითითება არ არის საკმარისი მხარის მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად. ამასთან, ობიექტური გარემოებების არსებობის დადასტურება თავად მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. აღნიშნული ვალდებულება გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად, თითოეულმა მხარემ, მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

19. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ მართებულად არ გაიზიარა აპელანტი მხარის პოზიცია მისი გადახდისუუნარობის შესახებ. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორის მიერ სააპელაციო სასამართლოში ერთობლიობაში წარდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ მისი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლების არსებობას, პირიქით, მხარის მიერ წარმოდგენილი ქვითრები, სხვა საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის შესახებ ადასტურებენ მხარის გადახდისუნარიანობას, ნაცვლად, მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობისა. ამდენად, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ არ არსებობდა გ.ჩ–ძის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველი. სააპელაციო პალატა ასევე შეაფასებს აპელანტის მიერ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებებს, მას შემდეგ, რაც მას ბარდებოდა განჩინებები ხარვეზის დადგენის თუ მისი შევსების ვადის გაგრძელების შესახებ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად, როდესაც აპელანტმა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება მოითხოვა, რაიმე მტკიცებულება, რაც მის მძიმე ფინანსურ მდგომარეობას დაადასტურებდა, სასამართლოსთვის არ წარუდგენია. შესაბამისად, სააპელაციო პალატამ აღნიშნული შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდგომაც, გ.ჩ–ძემ კვლავ მიმართა სასამართლოს, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით, თუმცა, მძიმე ფინანსური მდგომარეობის დასადასტურებლად განცხადებას დაურთო ისეთი დოკუმენტები, რაც არ წარმოადგენდა სათანადო და საკმარის მტკიცებულებებს მხარის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებისათვის, რის გამოც, სააპელაციო პალატამ 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობა კვლავ არ დააკმაყოფილა და აპელანტს კვლავ გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. გ.ჩ–ძემ ისევ მიმართა სააპელაციო სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობით და მისი დაკმაყოფილების წინაპირობების არსებობის დასადასტურებლად, განცხადებას დაურთო დოკუმენტები, რომელთა ნაწილი იდენტურია მის მიერ უკვე წარდგენილი დოკუმენტებისა, რაზეც იმსჯელა სააპელაციო პალატამ და არ მიიჩნია შუამდგომლობის დაკმაყოფილებისათვის საკმარის მტკიცებულებებად, ხოლო მტკიცებულებების ნაწილი კვლავ არ ადასტურებდა აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძველს, რის გამოც, სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 12 თებერვლის განჩინებით, გ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის (კერძო საჩივრის ავტორის) მიერ რამდენიმეჯერ მიმართვა სააპელაციო სასამართლოსათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებისა თუ მისი გადახდისგან გათავისუფლების მოთხოვნით, თუმცა, ყოველ ჯერზე მისი მძიმე ფინანსური მდგომარეობის დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობა, პალატას არწმუნებს, რომ მხარის ქმედება მიმართული იყო არა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების საფუძვლის არსებობის დადასტურებისკენ, არამედ, საქმის განხილვის გაჭიანურებისკენ. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მას შემდეგ რაც სააპელაციო პალატის 2023 წლის 01 დეკემბრის განჩინებით გ.ჩ–ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა, აპელანტს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრის წარდგენა დავის საგნის ღირებულების მითითებით და ამ ღირებულების 4%-ის, არანაკლებ 150 და არაუმეტეს 5000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. გ.ჩ–ძემ ხარვეზის დადგენისა და მისი შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინების ჩაბარების შემდგომ ორჯერ მიმართა სააპელაციო პალატას, 2023 წლის 15 დეკემბერს და 2024 წლის 31 იანვარს, თუმცა, ამ განცხადებებით მიმართვისას აპელანტი იმ ნაწილშიც არ ავსებდა ხარვეზს, რაც დამოკიდებული არ იყო მხარის მატერიალურ მდგომარეობაზე, კერძოდ, ის არ აზუსტებდა დავის საგნის ღირებულებას. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ქმნიდა ხარვეზის შეუსებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას.

21. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო კოდექსით დადგენილი მოწესრიგება, რომელიც იმპერატიულად ადგენს ფორმალურ წესებსა და ვადებს, სავალდებულოა არა მხოლოდ მხარეებისათვის, არამედ სასამართლოსათვისაც და ამ რეგულაციების შეცვლა ან განსხვავებული ინტერპრეტაცია მხარეთა ნებაზე დამოკიდებული ვერ იქნება (შდრ. სუსგ Nას-1397-2019, 21.11.2019 წ.).

22. კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია ასევე შეეხება სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვას, რასაც საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს.

23. სამართალწარმოების განხორციელების დროს სახელმწიფო ბაჟთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ შეიმუშავა ზოგადი ხასიათის სახელმძღვანელო პრინციპები და განმარტა შემდეგი: „უფლება სასამართლოზე“ არ არის აბსოლუტური უფლება, იგი შეიძლება სახელმწიფოს მიერ შეიზღუდოს. არც შეუზღუდავი უფლების არარსებობა უფასო სამართლებრივ დახმარებაზე და არც უფასო სამართალწარმოების არარსებობა სამოქალაქო საქმეებზე არ არღვევს კონვენციის დებულებებს. უფრო მეტიც, სასამართლო ვერ ხედავს ვერაფერს უჩვეულოს იმაში, რომ სასამართლო ხარჯები ქონებრივ მოთხოვნებში დამოკიდებული იყოს დავის საგნის (მოთხოვნის) ოდენობაზე (სუსგ-ებს: N ას-619-619-2018, 12.09.2018წ; Nას-1397-2019, 21.11.2019 წ.).

24. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის ხარჯების გადახდის მოთხოვნა არ შეიძლება, მიჩნეულ იქნეს სასამართლოზე ხელმისაწვდომობის უფლების შეზღუდვად და კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელ პარაგრაფთან შეუსაბამოდ (Weissman and Others v. Romania, no. 63945/00, §§ 34 and 35, ECHR 2006-... (extracts)), თუმცა ასეთი ხარჯების გონივრულობა უნდა შეფასდეს მოცემული საქმის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, მათ შორის, მომჩივნის უნარი, გადაიხადოს ის და სასამართლო პროცესის ეტაპი, რომელზედაც ვრცელდება ასეთი შეზღუდვა (იხ. Kreuz მითითებული ზემოთ, §§58 და 60). უფრო მეტიც, შეზღუდვა სასამართლო მიმართვაზე შეესაბამება მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ემსახურება კანონიერ მიზანს და გამოყენებულ საშუალებებსა და დასახულ მიზანს შორის არსებობს გონივრული ურთიერთდამოკიდებულება პროპორციულობისა, (Weissman and Others, ციტირებული ზემოთ, §36). ამასთან, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა იყოს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლთან შესაბამისი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „არ არსებობს უფლება უფასო სასამართლო პროცედურებზე“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება არ არის აბსოლუტური და იგი შეიძლება დაექვემდებაროს შეზღუდვებს; აღნიშნული გამომდინარეობს იმ დასკვნიდან, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება თავისი ბუნებით ექვემდებარება სახელმწიფო რეგულირებას; რეგულაცია შეიძლება განსხვავდებოდეს დროისა და ადგილის მიხედვით, საზოგადოებისა და ინდივიდების რესურსებისა და საჭიროებების საფუძველზე (იხ. Golder v. The United Kingdom, № 4451/70. §32. 21 თებერვალი, 1975 წელი). თუმცა, აღსანიშნავია, რომ შეზღუდვამ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ უნდა შეამციროს იმდენად ან იმ ფარგლებით, რომ დაირღვეს ძირითადი უფლების არსი (იხ. Ashingdane v. The United Kingdom, №8225/78, 28 მაისი, 1985 წელი).

25. სააკასაციო სასამართლოსათვის უცხო არ არის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დებულება, ასევე, ევროსასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებები სამართლიანი სასამართლოს უფლების ხელმისაწვდომობის თაობაზე და განმარტავს, რომ სსსკ-ის მე-2 მუხლი ადგენს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ პრინციპს პირის მიერ უფლების სასამართლო წესით დაცვის შესახებ. მითითებული ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას და ამ მიზნით გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები ზემდგომ ინსტანციაში. მხარის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბარწილად იცავს ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. ერთი მხარის მიერ უფლების გადამეტება (ბოროტად გამოყენება) პირდაპირ ხელყოფს მეორე მხარის უფლებებს თუნდაც დავის გაჭიანურების თვალსაზრისით. სასამართლო ვალდებულია, გონივრულ ვადაში გადაწყვიტოს დაწყებული დავა და დაუსვას მას საბოლოო წერტილი. მოცემულ შემთხვევაში კი, მხარის დაუსაბუთებელი განცხადებებით და შუამდგომლობებით ამ შედეგის მიღწევა სცილდება სასამართლოს შესაძლებლობებს, შესაბამისად, ილახება მეორე მხარის ინტერესები. ზემოაღნიშნულის გამო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაც კი (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2005 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე _ „იედემსკი და იედემსკა პოლონეთის წინააღმდეგ“), დასაშვებად მიიჩნევს, გარკვეულ შემთხვევაში პირის სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვის შესაძლებლობას. ევროსასამართლოს განმარტებით, დასაშვებია გამონაკლისი „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის“ მე-6 მუხლის პირველი ნაწილით გარანტირებული სამოქალაქო უფლებებისა და ვალდებულებების დასაცავად მომჩივანი მხარის სასამართლოს ხელმისაწვდომობის ეფექტური უფლების გამოყენებისას. სასამართლოსათვის მიმართვის უფლების შეზღუდვა შეესაბამება კონვენციის მე-6 მუხლის პირველ ნაწილს, თუ ის ისახავს კანონიერ მიზანს და არსებობს გონივრული თანაფარდობა ამ საშუალებების გამოყენებასა და კანონიერ მიზანს შორის (იხ. სუსგ-ები: №ა-998-ა-7-2011, 19.05.2011 წ; N ას-732-685-2017, 15.09.2017წ.).

26. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ აპელანტს გონივრული ვადა მიეცა ხარვეზის გამოსასწორებლად, თუმცა, სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია, როგორც სახელმწიფო ბაჟის გადახდის ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რომელიც არ იყო დამოკიდებული რაიმე მტკიცებულების წარდგენასთან. სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების მიზნით მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები კი მხარის მძიმე ქონებრივ მდგომარეობას არ ადასტურებდა, რის გამოც არსებობდა ჩარევის ლეგიტიმური საფუძველი სსსკ-ის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილის სახით და კერძო საჩივრის ავტორის პრეტენზია, რომ მას შეეზღუდა სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლება, საფუძველს მოკლებულია.

27. შესაბამისად, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული განჩინების შეფასებებსა და დასკვნებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად გ.ჩ–ძის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო და არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.ჩ–ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 თებერვლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ლაშა ქოჩიაშვილი