№ას-831-2024
04 ოქტომბერი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი.ტ–ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ (შემდეგში: მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ი.ტ–ძის (შემდეგში: მოპასუხე) მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 2016 წლის 11 მარტის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ხელშეკრულების შეწყვეტამდე არსებული საიჯარო ქირის 2500 (1067+1067+366) ლარისა და პირგასამტეხლოს 2305.60 (ვადაგადაცილებული 755 დღის გათვალისწინებით გადაუხდელი თანხის 0.1% , ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადასახდელი 1000 ლარი (500+500) და ხელშეკრულების 3.1.2. მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო გადასახდელი 500 ლარი) ლარის დაკისრება (იხ.: სარჩელი ტ.1, ს.ფ. 2-13).
1.1. მოპასუხემ სასამართლოში წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.
2. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ი.ტ–ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2016 წლის 11 მარტის იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2132.98 ლარის ანაზღაურება, საიდანაც 1429.48 ლარი არის საიჯარო ქირა, ხოლო 703.5 ლარი პირგასამტეხლო.
3. თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს 2022 წლის 27 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრეს მხარეებმა. მოსარჩელემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. ი.ტ–ძემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და ი.ტ–ძის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება:
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
5.1. 2016 წლის 11 მარტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და ი.ტ–ძეს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, თეთრიწყაროში, სოფელ ........ მდებარე N.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე. საიჯარო ქირა შეადგენდა 1067 ლარს, რაც მოიჯარეს უნდა გადაეხადა ყოველწლიურად, ყოველი წლის 31 დეკემბრამდე.
5.2. ხელშეკრულების 6.2. პუხლის თანახმად, საიჯარო ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, „მოიჯარეს“ ეკისრებოდა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
5.3. ხელშეკრულების 3.1.1. მუხლის თანახმად, მოიჯარე ვალდებული იყო გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარედგინა ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი N2-ის შესაბამისად.
5.4. ხელშეკრულების 6.3. მუხლის თანახმად, იჯარის ხელშეკრულების 3.1.1. მუხლით გათვალისწინებული (გადაცემულ ქონებაზე ყოველი წლის დეკემბრის თვეში საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის ინფორმაციის წარდგენა) ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, „მოიჯარეს“ ეკისრებოდა პირგასამტეხლო 500 ლარის ოდენობით.
5.5. მოპასუხემ ხელშეკრულების 3.1.2. მუხლით იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 12 თვის ვადაში და შემდგომ, ყოველ 5 წელიწადში, ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნება-გაუმჯობესების გამოკვლევის მიზნით, ნიადაგის ანალიზის დამადასტურებელი დოკუმენტის საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის წარდგენა. ამ ვალდებულების შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების 6.4. პუნქტით განსაზღვრული იყო ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ დარღვევაზე.
5.6. 2017 წლის 25 ივლისს ი.ტ–ძემ განცხადებით მიმართა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და აღნიშნა, რომ მიწის ნაკვეთი აღმოჩნდა დათესილი, ითხოვა პირველი წლის საიჯარო ქირის შემცირება და მიწის ნაკვეთის ქვეიჯარით გაცემის უფლების მიცემა.
5.7. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 22 ივნისის წერილით ი.ტ–ძეს ეცნობა, რომ გადასახდელი ქონდა ერთი წლის საიჯარო ქირა 1067, რომელსაც გადასახადის გადახდის ვადაგადაცილების გამო ერიცხებოდა ხელშეკრულების 6.2. მუხლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, გადაუხდელი თანხის 1067 ლარის 0.1%-ის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე (174) დღე), კერძოდ 185. 70 ლარი. ამავე წერილით მოიჯარეს ეცნობა, რომ ხელშეკრულების 3.1.1. 3.2.2. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის ეკისრებოდა ხელშეკრულების 6.3. და 6.4. მუხლებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 1000 (500+500) ლარი.
5.8. 2018 წლის 30 მარტს ი.ტ–ძეს განმეორებით გაეგზავნა ზემოაღნიშნული წერილი, სადაც დამატებით მოთხოვნილი იყო, რომ მოიჯარეს წარმოედგინა ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები მეორე საიჯარო წლის პერიოდზეც.
5.9. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 13 ივლისის N1/6-178 ბრძანებით ი.ტ–ძესა და სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება შეწყდა. შესაბამისად, გაუქმდა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მოპასუხის სარგებლობის უფლება დასახელებულ მიწის ნაკვეთებზე. ამავე ბრძანებით განისაზღვრა, რომ ი.ტ–ძეს ეკისრებოდა ვალდებულების შეწყვეტამდე დარიცხული საიჯარო ქირის და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
5.10. მოპასუხეს ხელშეკრულებით ნაკისრი საიჯარო ქირის გადახდის, ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები, მათ შორის, პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება:
5.11. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის მტკიცება იმის თაობაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ხანდაზმულობის საკითხი არამართებულად შეფასდა. პალატამ მიუთითა, რომ საქმე ეხებოდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას, ვინაიდან, მოპასუხეს ევალებოდა საიჯარო ქირის არა ერთიანად, არამედ პერიოდულად, წელიწადში ერთხელ გადახდა. შესაბამისად, ხანდაზმულობის ვადის ათვლა ვალდებულების შეუსრულებლობის თითოეული პერიოდისათვის ინდივიდუალურად უნდა მომხდარიყო.
5.12. პალატის მითითებით, მოიჯარეს პირველი წლის საიჯარო ქირა უნდა გადაეხადა 2016 წლის 31 დეკემბრამდე, ხოლო სარჩელი აღიძრა 2020 წლის 08 ივნისს, რაც საფუძველს ქმნიდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმ დასკვნის გაზიარებისთვის, რომ 2016 წლის საიჯარო ქირისა და მისგან გამომდინარე, პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, სასარჩელო მოთხოვნა იყო ხანდაზმული.
5.13. რაც შეეხება მოპასუხისათვის დაკისრებულ პირგასამტეხლოს, სააპელაციო სასამართლოს მითითებით, დადგენილი იყო, რომ მოდავე მხარეთა შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება ვალდებულების დარღვევის სამ სხვადასხვა შემთხვევაში ითვალისწინებდა პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას. პალატამ მიიჩნია, რომ დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგების გათვალისწინებით, სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლო იყო შეუსაბამოდ მაღალი და სახეზე იყო მისი შემცირების საფუძველი. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული ოდენობა კი წარმოადგენდა გონივრულ და სამართლიან ოდენობას.
5.14. მოპასუხის სააპელაციო პრეტენზია შეეხებოდა იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა მსჯელობას მოიჯარის მიერ წინასწარ გადახდილი ბეს თანხის იჯარის თანხაში ჩათვლის შესახებ. ამ პრეტენზიასთან მიმართებით პალატამ აღნიშნა, რომ სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილი შესაგებლით მოპასუხეს არ მიუთითებია აღნიშნულ გარემოებაზე. შესაბამისად, წარმოადგენდა ახალ გარემოებას და პალატა მოკლებული იყო შესაძლებლობას ემსჯელა მასზე.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ივლისის განჩინებით, სსსკ-ის 396-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. საკასაციო საჩივრის მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
8.1. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა თავად მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე და მისი შესრულების ვალდებულება აქვს მოვალეს. სასამართლომ არ იმსჯელა, თუ რატომ მიიჩნია მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად. სასამართლომ ასევე არასწორად მიიჩნია, რომ პირველი წლის საიჯარო ქირისა და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების მოთხოვნა იყო ხანდაზმული.
8.2. „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანების 12-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში, სახელმწიფო ქონების სარგებლობის უფლებით მიმღები იღებს გაფრთხილებას წერილობითი ფორმით, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და ეკისრება შესაბამისი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით: ა) სარგებლობაში გადაცემის საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში - გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. შესაბამისად, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა აღნიშნული ბრძანების საფუძველზე და არ არსებობდა მისი შემცირების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
9. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო: 10. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესით, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
12. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. საკასაციო პალატა პირველ რიგში მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილის დისპოზიციიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას საკასაციო საჩივრის ფარგლებში. საკასაციო სასამართლოს არ შეუძლია თავისი ინიციატივით შეამოწმოს საპროცესო დარღვევები, გარდა 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტებისა. შესაბამისად, წინამდებარე განჩინებით, საკასაციო პალატის შეფასების საგანი იქნება კასატორის შედავების საფუძვლიანობა.
14. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრება მოპასუხისათვის. აქვე აღსანიშნავია, რომ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 2132.98 (საიდანაც საიჯარო ქირა არის 1429.48 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო 703.5 მარი) ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
15. კასატორის საკასაციო მოთხოვნაა საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, რისი სამართლებრივი შედეგიც, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581.1 (იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა, გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა. საიჯარო ქირა შეიძლება განისაზღვროს როგორც ფულით, ისე ნატურით. მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ საიჯარო ქირის განსაზღვრის სხვა საშუალებებზედაც), 361.2-ე (ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას) 417-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის) და 418-ე (ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობების შესრულების შემთხვევაში მიიღწევა.
16. პალატა პირველ რიგში აღნიშნავს, რომ კასატორს დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზიის წარდგენის გზით სადავოდ არ გაუხდია ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი ფაქტები, რომლებიც ასახულია ამავე განჩინებაში, კერძოდ: განსახილველ შემთხვევაში, სადავო არ არის მხარეთა შეთანხმებით გაფორმებული ხელშეკრულებების პირობები, უფლებები და ვალდებულებები; არც ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა და ვადადარღვეული დღეების რაოდენობაა სადავოდ გამხდარი; არც ის გარემოებაა სადავო, რომ მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოზე. ამდენად, ამ ფაქტობრივ გარემოებებს, სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულო ძალა აქვთ.
17. კასატორი სადავოდ ხდის პირველი წლის საიჯარო ქირისა და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლოს დაკისრების ხანდაზმულად მიჩნევის საკითხს, ასევე სადავოა ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს „შეუსაბამოდ მაღალ“ სანქციად მიჩნევის საკითხი.
18. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ რამდენადაც მოთხოვნა გამომდინარეობს სახელშეკრულებო ურთიერთობიდან და მოპასუხის მხრიდან წარმოდგენილი იყო მოთხოვნის განხორციელების შემაფერხებელი შესაგებელი, ხანდაზმულობაზე მითითებით, სასამართლომ მართებულად შეაფასა მოთხოვნის წარმოშობის და მისი განხორციელების სამართლებრივი ფარგლები.
19. საკასაციო პალატა მიუთითებს იმაზე, რომ პირველი წლის საიჯარო ქირისა და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლოს ხანდაზმულად მიჩნევის ნაწილში საკასაციო საჩივარი შეიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას და კონკრეტული პრეტენზია, თუ რატომ არ უნდა იქნეს მიჩნეული მოთხოვნის აღნიშნული ნაწილი ხანდაზმულად, კასატორს არ წარმოუდგენია. მიუხედავად ამისა, საკასაციო პალატა კასატორს განუმარტავს, რომ სსკ-ის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
20. სასამართლო პრაქტიკაში არაერთხელ განიმარტა, სსკ-ის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 130-ე მუხლის გამოყენების საკითხი. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოპასუხეს ევალებოდა საიჯარო ქირის არა ერთიანად, არამედ პერიოდულად, ყოველწლიურად გადახდა და აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს მოთხოვნა წარმოეშობოდა თითოეული პერიოდისათვის ცალ-ცალკე (იხ. სუსგ Nას-1203-1130-2015, 01.06.2016წ.). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოთხოვნის შემაფერხებელი შესაგებლის არსებობის გამო, იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ პირველი საიჯარო წლის ქირისა და მისგან გამომდინარე პირგასამტეხლოს მოთხოვნა არ არის განხორციელებადი.
21. კასატორის პრეტენზია ასევე შეეხება იმ გარემოებას, რომ მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მოპასუხემ სარწმუნოდ ვერ მიუთითა და ვერ დაადასტურა, თუ რას ეფუძნებოდა მისი მოთხოვნა პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ, რის გამოც სასამართლო არ იყო უფლებამოსილი შეემცირებინა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. აღნიშნულთან დაკავშირებით, პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ მართალია, პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა მხარეთა უფლებაა და აღნიშნული კუთხით მოქმედებს სახელშეკრულებო ურთიერთობებში დამკვიდრებული მხარეთა ნების ავტონომიის პრინციპი, თუმცა, პირგასამტეხლოს შემცირების უფლებამოსილება არის იშვიათი გამონაკლისი, როდესაც სასამართლოს უფლება აქვს, ჩაერიოს მხარეთა ნების ავტონომიაში (ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლება) და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, შეამციროს იგი (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800).
22. სსკ-ის 420-ე მუხლის დანაწესი (სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო) იმპერატიულია და მხარეებს არ გააჩნიათ უფლებამოსილება, თავიანთი შეთანხმებით გამორიცხონ იგი. სასამართლოს აღნიშნული მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. საკასაციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მოიხმოს პირგასამტეხლოს შემცირების საფუძვლიანობის თაობაზე დამკვიდრებული სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკაც. საკასაციო სასამართლომ პირგასამტეხლოს თაობაზე არაერთ საქმეზე განმარტა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, თუმცა იგი მხარეთა აბსოლუტურ უფლებას არ წარმოადგენს და კვალიფიციური შედავების პირობებში, სასამართლო უფლებამოსილია, შეაფასოს კრედიტორის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს თანაზომიერება ვალდებულების დარღვევასთან მიმართებით. სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება წარმოადგენს.
23. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება, ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ Nას-1511-2018, 26.03.2019წ.). პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო, მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება (სუსგ Nას-186-2021, 25.03.2021წ.).
24. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქმის კონკრეტულ გარემოებებს, ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანის თანაფარდობას პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ითვალისწინებს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა თითქმის საიჯარო ქირის თანხის ტოლი იყო, ასევე ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს, მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის გამო რაიმე სახის ზიანი მიყენება არ დაუდასტურებია და აღნიშნავს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა სწორად მიიჩნიეს შეუსაბამოდ მხარეთა შეთანხმებით დადგენილი პირგასამტეხლო, რომელიც გონივრულ მოცულობამდე იქნა შემცირებული.
25. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას მასზედ, რომ პირგასამტეხლო განისაზღვრა „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანების საფუძველზე, რის გამოც ასევე არ არსებობდა მისი ოდენობის შემცირების საფუძველი, პალატა ასევე ვერ გაიზიარებს.
26. საკასაციო პალატა მიუთითებს საკასაციო პალატის განმარტებებზე პირგასამტეხლოს წარმოშობის საფუძვლებთან მიმართებით (იხ. სუსგ. №ას-1307-1245-2014, 06.05.2013წ), რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს კანონისმიერი და სახელშეკრულებო პირგასამტეხლო. „კანონისმიერად ითვლება პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით). კანონისმიერი პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო პირგასამტეხლოსაგან განმასხვავებელ ერთ-ერთ ძირითად ნიშნად მისი კონკრეტული ხასიათი გვევლინება. ყოველი ასეთი კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია იმ კონკრეტული შემთხვევისათვის, რომლისთვისაც არის იგი დადგენილი კანონმდებლის მიერ. მეორე განმასხვავებელ ნიშნად, მისი განსაზღვრულობა გვევლინება - კანონმდებელი ყოველთვის ადგენს მის კონკრეტულ ოდენობას, ან წესს, რომლის მიხედვითაც უნდა იქნას იგი განსაზღვრული... კანონისმიერი პირგასამტეხლო გათვალისწინებულია, მაგალითად, საქართველოს ორგანული კანონის „შრომის კოდექსის“ 41-ე მუხლის მე-4 პუნქტით, რომელიც ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას გადაუხადოს დასაქმებულს ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული მოწესრიგება გამოიყენება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებულ პირგასამტეხლოსთან მიმართებით. სასამართლოს არ შეუძლია შეამციროს კანონით დადგენილი პირგასამტეხლოს ოდენობა.
27. კანონისმიერ პირგასამტეხლოდ ჩაითვლება მხოლოდ იმგვარი სანქცია, რომლის ამოქმედების უფლებაც კრედიტორს მოპოვებული აქვს ნორმატიული აქტის პირდაპირი და უშუალო მოქმედების ძალით, მიუხედავად მოვალის ნებისა. აღნიშნულისგან განსხვავებით, პასუხისმგებლობის ზომა, რომლის დაწესების შესაძლებლობაც დამოკიდებულია მხარეთა ურთიერთმფარავი ნების გამოვლენაზე, მიეკუთვნება არა კანონისმიერი (ნორმატიული), არამედ სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს კატეგორიას, რომელზედაც შეუზღუდავად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის ვალდებულებითი სამართლის კარში ასახული პირგასამტეხლოს ინსტიტუტის მომწესრიგებელი ნორმები, მათ შორის, პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობაც (სუსგ.: ას-842-2022, 15.02.2023წ.).
28. „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N1-1/172 ბრძანების, მხარეთა შორის იჯარის ხელშეკრულების დადებისას (2016 წლის 11 მარტი) მოქმედი რედაქცია, არ ითვალისწინებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაუცველობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დაკისრებას. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის პირგასამტეხლო განისაზღვრა ხელშეკრულებით და კასატორის მითითება, კანონისმიერ პირგასამტეხლოზე, საფუძველს მოკლებულია. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ნორმატიული აქტით პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის შემთხვევაშიც, მითითებული ბრძანების საფუძველზე პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს წარმოეშობოდა არა ნორმატიული აქტის უშუალო მოქმედების ძალით, არამედ, საამისოდ საჭირო იყო პირგასამტეხლოს დაწესების შესახებ პირობის ინტეგრირება მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებაში. პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზემოაღნიშნული ბრძანების დღეს მოქმედი რედაქცია ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრებას, სასარჩელო მოთხოვნის უფლების წარმოშობა სრულად განაპირობა მხარეთა შორის პირგასამტეხლოზე შეთანხმების არსებობამ, ამდენად, იგი განიხილება არა ნორმატიულ, არამედ სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის ზომად, რომელზედაც სრულად ვრცელდება სამოქალაქო კოდექსის მოქმედება, მათ შორის, ოდენობის გონივრულობის სასამართლო კონტროლისა და შემცირების შესაძლებლობა (სსკ 420-ე მუხლი) (სუსგ.: ას-842-2022, 15.02.2023წ.).
29. ყოველივე ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გადაწყვიტა საქმეში არსებული სადავო საკითხი და მიიღო კანონიერი განჩინება; ამასთან, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი მატერიალური ან/და საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
30. კასატორმა ვერ დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში მოდის მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და მის დამატებით ოქმთან/ოქმებთან და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან.
31. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
33. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264.3-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე