Facebook Twitter

საქმე №ა-2265-შ-56-2024 25 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.გ–ი

განხილვის საგანი – ესპანეთის ქალაქ მოლლეტ დე ვალლეს პირველი ინსტანციის და საგამოძიებო N2 სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის (517/2019-P) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – პირის უგზო-უკლოდ დაკარგულად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ესპანეთის ქალაქ მოლლეტ დე ვალლეს პირველი ინსტანციის და საგამოძიებო N2 სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის (517/2019-P) გადაწყვეტილებით ნ.ა–ი (საქართველოს მოქალაქე, პასპორტის ნომერი: 10AB99403, უცხოელი ბინადრობის მოწმობის ნომერი ....) გამოცხადდა უგზო-უკლოდ დაკარგულად. მისმა მეუღლე, ნ.გ–მა, შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 მაისის განჩინებით ნ.გ–ის შუამდგომლობა ესპანეთის ქალაქ მოლლეტ დე ვალლეს პირველი ინსტანციის და საგამოძიებო N2 სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის (517/2019-P) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

3. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ნ.გ–ის შუამდგომლობა ესპანეთის ქალაქ მოლლეტ დე ვალლეს პირველი ინსტანციის და საგამოძიებო N2 სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის (517/2019-P) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით.

5. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხს სასამართლო მატერიალურ ნორმასთან – „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობას ეროვნული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით იხილავს.უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხი თავისთავად ამ გადაწყვეტილებით დადგენილი მატერიალური უფლების საქართველოს ტერიტორიაზე აღიარებას ნიშნავს.

6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXVII--ე თავი ეხება მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებასა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადებას. დადგენილია, რომ ესპანეთის ქალაქ მოლლეტ დე ვალლეს პირველი ინსტანციის და საგამოძიებო N2 სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის (517/2019-P) გადაწყვეტილებით ნ.გ–ის განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო ნ.ა–ის (უცხოელის ბინადრობის მოწმობის N: ......, საქართველოს პასპორტის N:1......) უგზო-უკლოდ დაკარგულად გამოცხადება დაკმაყოფილდა. (იმ საფუძვლით, რომ მასზე არაფერი გაუგიათ 2016 წლის მარტის თვიდან)

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მიხედვით: უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადების საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ: ა) უგზო-უკვლოდ დაკარგული საქართველოს მოქალაქეა; ბ) უგზო-უკვლოდ დაკარგულს ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; გ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და გარდაცვლილად გამოცხადებისათვის შუამდგომლობის აღმძვრელ მხარეს აქვს დასაბუთებული ინტერესი.

8. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და ამასთანავე ირკვევა, რომ ნ.გ–ი (შუამდგომლობის ავტორი), ასევე ნ.ა–ი (უგზო-უკლოდ დაკარგულად გამოცხადებული პირი) საქართველოს მოქალაქეა.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

10. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ესპანეთის ქალაქ მოლლეტ დე ვალლეს პირველი ინსტანციის და საგამოძიებო N2 სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის (517/2019-P) გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ.გ–ის შუამდგომლობა ესპანეთის ქალაქ მოლლეტ დე ვალლეს პირველი ინსტანციის და საგამოძიებო N2 სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის (517/2019-P) გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ესპანეთის ქალაქ მოლლეტ დე ვალლეს პირველი ინსტანციის და საგამოძიებო N2 სასამართლოს 2021 წლის 21 აპრილის (517/2019-P) გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, უგზო-უკვლოდ დააკრგულად გამოცხადდა ნ.ა–ი (უცხოელის ბინადრობის მოწმობის N: X6884124V, საქართველოს პასპორტის N: ...). ნ.ა–ის კანონიერ წამომადგენლად დაინიშნა მისი მეუღლე ნ.გ–ი (უცხოელის ბინადრობის მოწმობის N: X6471547Z) თავდებობის საჭიროების გარეშე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე