საქმე № ას-1051-2024 31 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,
ლაშა ქოჩიაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
განმცხადებელი - შ.ბ–ი (მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.გ–ი (მოსარჩელე), სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (მოპასუხე, აპელანტი, კასატორი)
მოთხოვნა: საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით, გ.გ–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დავის საბოლოო დასრულებამდე მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა შპს „მ–ის“ (კომპანია რეგისტრირებული საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საიდენტიფიკაციო ნომრით: ........., რომლის იურიდიული მისამართია: ........) შ.ბ–ის სახელზე რეგისტრირებული წილიდან 20%-იანი წილის გასხვისების, უფლებრივი დატვირთვის და მართვაში გადაცემის შესახებ ცვლილების რეგისტრაცია; ხოლო გ.გ–ის შუამდგომლობა - მოპასუხისათვის შპს „მ–ის“ კუთვნილი უძრავი ქონების გასხვისების/უფლებრივი დატვირთვის შესახებ განცხადების რეგისტრაციისა და მეწარმეთა შესახებ კანონის 254.1 მუხლით მასზე დაკისრებული სარეგისტრაციო მონაცემების მოქმედ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის შესახებ განცხადების რეგისტრაციის აკრძალვის თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, გ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 16 ივნისის №B22074487/3, 2022 წლის 24 ივნისის №B22074487/5, 2022 წლის 19 ივლისის №B22074487/6 და 2022 წლის 02 აგვისტოს №128379 გადაწყვეტილებები; მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, შპს „მ–ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა, კერძოდ: შპს „მ–ის“ (ს/ნ ...) 20%-იანი წილის მესაკუთრედ გ.გ––ის რეგისტრაცია (01.03.2021 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პარტნიორის წილისა და წილზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია).
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
5. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
6. 2024 წლის 02 სექტემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებებით მომართა გ.გ–ის წარმომადგენელმა, რომელმაც იშუამდგომლა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, კერძოდ, მოითხოვა 1) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალოს შპს „მ–ის“ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გასხვისება ან უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია; 2) სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალოს შპს „მ–ის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების რეგისტრაცია.
7. პირველი შუამდგომლობის დასაბუთების თანახმად, შპს „მ–ს“ ჰყავს ერთადერთი რეგისტრირებული პარტნიორი შ.ბ–ი, რომელიც ცდილობს ხელი შეუშალოს მოსარჩელეს მის საკუთრებაში არსებული წილის რეგისტრაციაში. მოპასუხე მხარემ 2024 წლის 27 ივნისს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში რეგისტრაციის ცვლილება. სწორედ ამ მოქმედებით ის ცდილობს კომპანიის რეგისტრირებულ მონაცემებში ისეთ ცვლილებებს, რომლის შემდგომაც პრობლემები შეექმნება კომპანიის მინორიტარ პარტნიორს, იმ შემთხვევაში თუ სარჩელი დაკმაყოფილდება და საწარმოს წილი დარეგისტრირდება მოსარჩელის სახელზე.
8. მეორე შუამდგომლობის დასაბუთების თანახმად, მოპასუხე მხარე ცდილობს სადავო კომპანიის საკუთრებაში არსებული ქონების სხვა კომპანიისთვის ფორმალურ გადაყიდვას, რათა სადავო საწარმოს წილები შემცირდეს და ამით მოსარჩელის იურიდიული ინტერესი დაზიანდეს. ამისთვის, მოპასუხემ 2024 წლის 24 აგვისტოს დაარეგისტრირა ახალი საწარმო, შპს „კ.ლ“, რომელთანაც გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება სწორედ შპს „მ–ის“ საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, შესაბამისად, არსებობს რეალური საშიშროება, რომ, მართალია, მოსარჩელის სარჩელი შესაძლოა დაკმაყოფილდეს, თუმცა საწარმოს წილების ღირებულება იყოს შემცირებული კომპანიის აქტივების არარსებობის გამო.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 სექტემბრის განჩინებით გ.გ–ის შუამდგომლობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შპს „მ–ის“ სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში ცვლილების რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ არ დაკმაყოფილდა, თუმცა დაკმაყოფილდა გ.გ–ის შუამდგომლობა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსთვის შპს „მ–ის“ (ს/კ ......) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, მდებარე: თბილისი, ......., სკ ......) გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაციის აკრძალვის შესახებ, შედეგად, სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალა შპს „მ–ის“ (ს/კ ......) საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, მდებარე: თბილისი, ......, ს.კ. ........) სამოქალაქო საქმეზე №ას-1051-2024 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი. ამდენად, აღნშნული განჩინების საფუძველზე კანონიერ ძალაში შევიდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.
11. 2024 წლის 29 ოქტომბერს შ.ბ–მა განცხადებით (ა-5673-24) მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა 2024 წლის 03 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმება. მხარის განმარტებით, 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი, აღნიშნული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. განმცხადებელმა წარმოადგინა 2024 წლის 29 ოქტომბრის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება, რომ მოსარჩელე, გ.გ––ი, შპს „მ–ის“ (ს/ნ .......) 20%-იანი წილის მესაკუთრეად არის რეგისტრირებული. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება არის აღსრულებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
12. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ შ.ბ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
13. მოცემული საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით, გ.გ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2022 წლის 16 ივნისის №B22074487/3, 2022 წლის 24 ივნისის №B22074487/5, 2022 წლის 19 ივლისის №B22074487/6 და 2022 წლის 02 აგვისტოს №128379 გადაწყვეტილებები; მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს დაევალა, შპს „მ–ის“ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა, კერძოდ: შპს „მ–ის“ (ს/ნ .......) 20%-იანი წილის მესაკუთრედ გ.გ––ის რეგისტრაცია (01.03.2021 წლის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პარტნიორის წილისა და წილზე გირავნობის უფლების რეგისტრაცია)
14. აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით და ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
15. ამდენად, ცალსახაა, რომ წარმოდგენილ დავაზე წარმოება დასრულებულია და ამასთანავე, მოსარჩელის მიერ აღსრულებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზნებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს განმცხადებლის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, კერძოდ:
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მხარეს, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, თუ იქმნება ვარაუდი, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება შემდგომში გაძნელდება ან შეუძლებელი გახდება. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება საჭიროა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე და მის აღსრულებამდე.
17. აღნიშნულ მსჯელობას ამყარებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის დანაწესი, რომლის თანახმად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას.
18. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შ.ბ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალა შპს „მ–ის“ (ს/კ ......) საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, მდებარე: თბილისი, .........., ს.კ. ......) სამოქალაქო საქმეზე №ას-1051-2024 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.ბ–ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 03 სექტემბის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის მიხედვითაც, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს აეკრძალა შპს „მ–ის“ (ს/კ .....) საკუთრებაში არსებული ქონების (არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობები, მდებარე: თბილისი, ....., ს.კ. ......) სამოქალაქო საქმეზე №ას-1051-2024 საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე გასხვისებისა და უფლებრივი დატვირთვის რეგისტრაცია;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსარმართლეები: ლ. მიქაბერიძე
ლ. ქოჩიაშვილი