Facebook Twitter

საქმე № ას-628-2024 9 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია (აპელანტი,მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ბ.გ...“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. 2019 წლის 11 აპრილს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს „ბ.გ...“-ს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N117 ხელშეკრულება (NAT190004529), რომლის თანახმად მოსარჩელეს უნდა შეესრულებინა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ოქტომბრის ადმინისტრაციულ ერთეულში, ოქტომბრის ცენტრიდან, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის, ახალკახათის გავლით (ზუგდიდი-ანაკლიის საავტომობილო გზამდე) საავტომობილო გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები.

2. 2019 წლის 11 აპრილს გაფორმებული N117 ხელშეკრულებისა და მხარეთა შორის 08.05.2020 წელს გაფორმებული N93/117 შეთანხმების თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 1 222 605,91 ლარს, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრული მოცულობის შესრულების ვადა შეადგენდა 217 კალენდარულ დღეს.

3. 2019 წლის 11 აპრილის N117 ხელშეკრულებისა და მხარეთა შორის 08.05.2020 წელს გაფორმებული N93/117 შეთანხმების თანახმად, სამუშაოების შესრულება დაყოფილი იყო ორ ეტაპად: I ეტაპზე მოსარჩელეს 2019 წელს უნდა შეესრულებინა არაუმეტეს 600,000 ლარის ღირებულების სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 99 კალენდარული დღის ვადაში. II-ე ეტაპზე მოსარჩელეს 2020 წელს უნდა შეესრულებინა 522 605.91 ლარის ღირებულების სამუშაოები, მოპასუხისგან სამუშაოს მეორე ეტაპის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან, არაუგვიანეს 118 კალენდარული დღის ვადაში.

4. 2019 წლის 11 აპრილს გაფორმებული N117 შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს სამუშაოები უნდა წარედგინა მოპასუხისათვის ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველ 30 კალენდარულ დღეში არაუმეტეს ორჯერ. მოსარჩელემ პირველი ეტაპის სამუშაოები ხელშეკრულებითა და გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით შეასრულა და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი N117/7 გაფორმდა 31.07.2019წ. ღირებულებით 599 945,22 ლარი.

5. 08.05.2020 წლის N93/117 შეთანხმების თანახმად, მეორე ეტაპის სამუშაოები მოსარჩელეს უნდა დაეწყო სამუშაოს მეორე ეტაპის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან და დაესრულებინა სამუშაოები აღნიშნული შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 118 კალენდარული დღის ვადაში.

6. სამუშაოების მეორე ეტაპის დაწყების შესახებ მოსარჩელემ N02/588 შეტყობინება მიიღო 2020 წლის 17 იანვარს, სადაც აღნიშნულია, რომ მიმწოდებელმა მეორე ეტაპის სამუშაოები უნდა დაიწყოს არაუგვაინეს 2020 წლის 23 იანვრს.

7. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N117 ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელეს სამუშაოები უნდა წარედგინა მოპასუხისათვის ეტაპობრივად. შესაბამისად მოსარჩელემ წარადგინდა და მოპასუხე მხარემ მიიღო მეორე ეტაპის - პირველი შუალედური მიღება -ჩაბარების აქტი N117/1 (II) 02.03.2020 წელს - ღირებულებით 40 879 ლარი; მეორე შუალედური მიღება- ჩაბარების აქტი N117/2 (II) 10.03.2020 წ - ღირებულებით 48 237,25 ლარი; მესამე შუალედური მიეღბა - ჩაბარების აქტი N117/3 (II) 19.03.2020 ღირებულებით 39 421,19 ლარი; მეოთხე შუალედური მიღება - ჩაბარების აქტი N117/4 (II) 31.03.2020 წ. ღირებულებით - 124 495,10 ლარი. 2020 წლის მარტის თვეში მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 253 032,54 ლარი.

8. აპრილის თვეში ერთი შუალედური აქტი წარადგინა მოსარჩელემ (10.04.2020წ) ღირებულებით 99 210,01 ლარი. მეორე ეტაპის მეექვსე შუალედური მიღება - ჩაბარების აქტი N117/6 (II) წარადგინა 18.05.2020 წელს ღირებულებით 49 151,42 ლარი და მეორე ეტაპის მეშვიდე შუალედური მიღება - ჩაბარების აქტი N117/7 (II), ღირებულებით 56 667,28 ლარი, წარადგინა 28.05.2020 წელს. სამუშაოები დაასრულა და აცნობა მოპასუხეს 01.06.2020წ. N01/06 წერილით.

9. მხარეებს შორის საბოლოო მიღება - ჩაბარების აქტი N117/8 (II) გაფორმდა 2020 წლის 25 ივნისს 520 943,12 ლარის ღირებულებით, მათ შორის საანგარიშო პერიოდში შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 62 881,87 ლარი.

10. 2020 წლის 26 ივნისის N02/6230 წერილითა და 26.06.2020წ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის N1314 ბრძანებით, მოსარჩელე დაჯარიმდა მხარეთა შორის 11.04.2019წ. გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N117 ხელშეკრულების მე-13 მუხლის 13.2 პუნქტის თანახმად, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1%-ის ოდენობით, რომელმაც 12 კალენდარული ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგინა 13 471,27 ლარი. ჯარიმის თანხა 13 471,27 ლარის ოდენობით მოსარჩელის მიერ გადახდილია, რაც დადასტურებულია 2020 წლის 29 ივნისის N1593441870 საგადასახადო დავალებით.

11. ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების მეორე ეტაპის დასრულების ვადის დადგომამდე (20.05.2020წ.-მდე) მოსარჩელის მიერ შესრულებული სამუშაოების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 401 393,97 ლარი, ხოლო საბოლოო მიღება - ჩაბარების აქტი N117/8 (II) -ით ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 520 943,12 ლარი.

12. 2019 წლის 11 აპრილის N117 ხელშეკრულების მე-13 მუხლი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, რომლის მეორე პუნქტის თანახმად - მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.

13. სამუშაოები უნდა დასრულებულიყო 2020 წლის 20 მაისს, თუმცა დასრულდა 2020 წლის 01 ივნისს, ე.ი. 12 კალენდარული დღის დაგვიანებით.

14. სასარჩელო მოთხოვნა და ფაქტობრივი საფუძვლები

14.1. სსიპ 2020 წლის 15 ივლისს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს ,,ბ.გ...“-ის წარმომადგენელმა, მოპასუხედ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია დაასახელა და მოპასუხისათვის, მოსარჩელის სასარგებლოდ თანხის 13 471,27 ლარის დაკისრება მოითხოვა. მოგვიანებით 2023 წლის 13 დეკემბერს სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ მოთხოვნა დააზუსტა და ნაცვლად 13 471,27 ლარისა მოპასუხისათვის 12 016,75 ლარის დაკისრება მოითხოვა.

14.2. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება მხარეთა შორის 2020 წლის 08 მაისს გაფორმებული N93/117 შეთანხმებით, შეადგენდა 1 222 605,91 ლარს, ხოლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს სრული მოცულობის შესრულების ვადა - 217 კალენდარულ დღეს.

14.3. მხარეთა შორის 2019 წლის 11 აპრილს გაფორმებული N117 ხელშეკრულების და 020 წლის 08 მაისის N93/117 შეთანხმების თანახმად, სამუშაოების შესრულება დაყოფილი იყო ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე - მოსარჩელეს 2019 წელს უნდა შეესრულებინა არაუმეტეს 600,000 ლარის ღირებულების სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 99 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მეორე ეტაპზე - 2020 წელს უნდა შეესრულებინა 522 605.91 ლარის ღირებულების სამუშაოები, სამუშაოს მეორე ეტაპის დაწყების შესახებ შეტყობინების მიღებიდან, არაუგვიანეს 118 კალენდარული დღის ვადაში. პირველი ეტაპის სამუშაოებზე საბოლოო მიღება ჩაბარების აქტი გაფორმდა 2019 წლის 31 ივლისს - ღირებულებით 599 945,22 ლარი.

14.4. მოსარჩელემ სამუშაოების წარმოება დაიწყო 21.01.2020 წელს, თუმცა სამუშაოების მიმდინარეობის პროცესი არაერთხელ შეაფერხა ქვეყანაში არსებულმა საგანგებო მდგომარებოით გამოწვეულმა შეზღუდვებმა.

14.5. 2020 წლის 20 მაისს მოსარჩელემ მიმართა მოპასუხეს N20/05/01 წერილით და ითხოვა სამუშაოების დასრულების ვადის გადავადება 15 კალენდარული დღით, თუმცა მოპასუხემ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, ხოლო მოგვიანებით, 2020 წლის 26 ივნისს N02/6230 წერილით მოსარჩელეს ჯარიმა განისაზღვრა 13 471,27 ლარით.

14.6. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, სამუშაოების დასრულების ვადის დარღვევისათვის გათვალისწინებულია პირგასამტეხლო, რომელიც ანგარიშდება ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.1%-ის ოდენობიდან, მაშინ როცა ამავე ხელშეკრულების თანახმად სამუშაოების შესრულება დაყოფილია ორ ეტაპად და თითოეულ ეტაპზე განსაზღვრულია შესასრულებელი სამუშაოებისთვის კონკრეტული ღირებულება და შესრულების კონკრეტული ვადა.

14.7. ვინაიდან მეორე ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება დაგვიანდა 12 დღით და 522 605.91 ლარის ღირებულების სამუშაოებიდან დარჩენილი ჰქონდა 121 211.84 ლარის მოცულობის სამუშაო, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო არა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სრული მოცულობის თანხის 1 222 605,91 ლარის 0,1%, არამედ დარჩენილი თანხის 121 211.84 ლარის 0,1% ვადაგადაცილებულ 12 დღეზე, რაც ჯამში შეადგენს 1 454.52 ლარს.

15. მოპასუხის პოზიცია

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასა და შპს "ბ.გ..."-ს შორის 2019 წლის 11 აპრილს დადებული სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N117 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები ხორციელდებოდა მრავალწლიანი შესყიდვით, შესაბამისად, სამუშაოები დაყოფილი იყო ორ ეტაპად. მოპასუხე სადავოდ არ ხდის სამუშაოთა დასრულების ვადის 12 დღით გადადებას და განმარტავს, რომ საბოლოოდ, შპს "ბ.გ..."-მა სამუშაოები დაასრულა 2020 წლის 01 ივნისს, რის თაობაზეც მერიას ამცნო N6909/02 წერილით. ვინაიდან შპს „ბ.გ...’’-მა ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში - 118 კალენდარულ დღეში - არ შეასრულა ზემოხსენებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და სამუშაოები დაასრულა 12 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, შპს „ბ.გ...’’-ს N117-ე ხელშეკრულების მე–13 მუხლის 13.2 პუნქტის თანახმად, სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებული ვადების დარღვევისთვის დაჯარიმდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0,1 %-ის ოდენობით. ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული აღნიშნული პუნქტი ნათლად ასახავს ვადაგადაცილებული დღეებისათვის პირგასამტეხლოს განსაზღვრის წესს, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან და არა შესრულებული ვალდებულებიდან. შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია მის მიერვე ხელმოწერილი ხელშეკრულების აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით მოკლებულია ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს.

16. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება შპს „ბ.გ...“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას შპს „ბ.გ...“-ის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 12 016.75 ლარი.

17. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

18. სააპელაციო სასამართლოს განჩინება

18.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.

18.2 სააპელაციო პალატის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება, ერთი მხრივ, უსაფუძვლოდ ზრდის მის მოცულობას, მეორე მხრივ, მოვალეს აკისრებს პასუხისმგებლობას უკვე შესრულებული ან მომავალში შესასრულებელი ვალდებულების ნაწილშიც. ამიტომ სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული მიდგომა არ გამომდინარეობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლისა და 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიზნებიდან. მოსარჩელის შედავება პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშების თაობაზე და დაადგინა, რომ ვინაიდან შეუსრულებელი სამუშაოს მოცულობა მე-2 ეტაპისათვის შეადგენს 121 211.84 ლარს, ვადაგადაცილებული პერიოდი კი 12 დღეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო 0,1%, რაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია, დასარიცხი პირგასამტეხლოს ოდენობა 1 454.52 ლარით განსაზღვრა (121 211.84-ის 0,1% x12=1 454.52), დანარჩენი 12 016.75 ლარი, კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა.

19. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

19.1 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

19.2 კასატორის მითითებით, მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოების გეგმა-გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ხელშეკრულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით. ხელშეკრულებაში მხარეთა შეთანხმების საფუძველზე განსაზღვრული აღნიშნული პუნქტი ნათლად ასახავს ვადაგადაცილებული დღეებისთვის პირგასამტეხლოს განსაზღვრის წესს, შესაბამისად, მოსარჩელის პოზიცია მის მიერვე ხელმოწერილი ხელშეკრულების აღნიშნულ პუნქტთან დაკავშირებით მოკლებულია ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს.

19.3 ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძველზე მერიის მიერ 2020 წლის 26 ივნისს გამოცემული ბრძანება მოსარჩელეს ჩაბარდა და ისე, რომ არ გაუხდია შინაარსი სადავოდ, გადაიხადა ბრძანებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო - 13 417,27 ლარი გადაიხადა, რაც თავის მხრივ წარმოადგენს ვალდებულების აღიარებას და გამორიცხავს მისი დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს.

19.4 კასატორის მითითებით, საკითხი არ უნდა მოწესრიგდეს სსკ-ის 976-ე მუხლით, რადგან ნათლადაა სახეზე მხარეთა შორის სამართალურთიერთობიდ დაწყების საფუძველი - ხელშეკრულება, რაც გამორიცხავს უსაფუძვლობას.

20. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

20.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

20.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

23. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.

24. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, 1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

25. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (სუსგ N ას-251-2018, 08.02.2022 წ.).

26. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ N ას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).

27. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

28. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

29. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

30. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან.

31. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

32. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

33. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

34. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

35. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან ანუ, პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ ისინი კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენ არიან მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩებიან (საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს თავისებურებებთან დაკავშირებით ყურადსაღებია გერმანიის საკანონმდებლო და პრაქტიკული მიდგომები საქართველოსათვის, როგორც რომანულ-გერმანული სამართლებრივი სისტემის ქვეყნისათვის. შესაბამისად, იხ., Gottwald, in MüKo BGB, 6. Aufl. Band II §340,rn.15; Rieble in Staudinger BGB Komm, Buch 2, Neubearbaitung 2009, §340,Rn.71; BGH NJW 1975, S. 164f. Walchner in Dauner-Lieb/Langen BGB Komm. 2.Aaul., Rn.6; BGH NJW 1963, S.1197).

36. ამდენად, პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

37. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული.

38. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება.

39. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

40. წარმოშობის საფუძვლების მიხედვით განასხვავებენ კანონისმიერ და სახელშეკრულებო პირგასამტეხლოს. კანონისმიერად მიიჩნევა პირგასამტეხლო, რომელიც ნორმატიული აქტითაა დადგენილი. მაშასადამე, პირგასამტეხლოს კვალიფიკაციისათვის კანონისმიერ ან სახელშეკრულებო პირგასამტეხლოდ - გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, თუ ვისი ნებით არის იგი წარმოშობილი (კანონმდებლის თუ მხარეთა შეთანხმებით).

41. აღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა.

42. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელემ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების პირობა დაარღვია და მას წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის მოვალეობა.

43. სარჩელისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობა სასამართლოს გააჩნია იქამდე, სანამ მხარე აღნიშნულ თანხას კრედიტორს აუნაზღაურებს. პირგასამტეხლოს შემცირება დაუშვებელია, როცა პირგასამტეხლო უკვე ნებაყოფლობით გადახდილია (იხ. სუსგ. ას-1527-1028 - 31.01.2019).

44. ზემოაღნიშნული მსჯელობის შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც უნდა გაუქმდეს სააპელაციო პალატის მიერ მიღებული განჩინება.

45. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

46. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 25 მარტის განჩინება;

3. შპს ,,ბ.გ...“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

4. შპს ,,ბ.გ...“-ს (ს.კ. ........) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სააპელაციო და საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში გადასახდელი ბაჟი - 1081,5 ლარი;

5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე