საქმე № ას-596-2024 9 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
პირველი კასატორი - შპს ,,ა.ბ–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ.გ–ი (მოსარჩელე)
მეორე კასატორი - შ.გ–ი
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ა.ბ–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკამყოფილება
დავის საგანი – ვალდებულების შესრულება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. 2018 წლის 29 სექტემბერს მომსახურების ხელშეკრულება (შემდგომში ხელშეკრულება) დაიდო შპს „ა.დ–ს“, რომელსაც საფირმო სახელწოდების შეცვლის შემდეგ ეწოდა შპს „ა.ბ–ი“ (შემდგომში მოპასუხე, დამკვეთი ან პირველი კასატორი) და შ.გ–სა (შემდგომში პირველი მოსარჩელე, შემსრულებელი, კასატორი ან საკასაციო საჩივრის ავტორი) და გ.გ–ს (შედგომში მეორე მოსარჩელე, ორივე მოსარჩელე შემდგომში ტექსტში მოხსენებული, როგორც მოსარჩელეები ან შემსრულებლები) შორის, რომლის თანახმად, დამკვეთის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის პირობით, შემსრულებლებმა აიღეს ვალდებულება, დამკვეთისათვის გაეწიათ მომსახურება, რაც გულისხმობდა ქ. თბილისში, .........., N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე შემდეგი სამუშაოების შესრულებას: ა) სამშენებლო პროექტის მომზადება; ბ) სამშენებლო პროექტის კონსტრუქციული ნაწილის მომზადება; გ) სამშენებლო პროექტის შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში, კერძოდ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში შეთანხმება და მშენებლობის ნებართვის მოპოვება; დ) მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსრულებელი თავად წყვეტდა შესასრულებელი სამუშაოს შესრულების გეგმა/გრაფიკს, თუმცა წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სრული მოცულობა დამკვეთისთვის უნდა ჩაებარებინა არაუგვიანეს 2018 წლის 1 დეკემბრისა.
2. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულება ანაზღაურდებოდა ნატურით, კერძოდ, ქ. თბილისში, ......, ........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე აშენებულ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე საცხოვრებელი ფართები (ბინების მდგომარეობა - ,,თეთრი კარკასი’’) გადაეცემოდა მოსარჩელეებს: პირველ მოსარჩელეს - 75.00 კვ.მ, მეორე მოსარჩელეს - 75.00 კვ.მ. ამავე ხელშეკრულების 3.4 პუნქტის თანახმად, 3.1 პუნქტში მითითებული მომსახურება ანაზღაურდებოდა საცხოვრებელი კორპუსის დასრულებამდე. ხელშეკრულების 3.5 პუნქტით კი, განისაზღვრა, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების (ბინების) ზუსტი მახასიათებლები დაზუსტდებოდა პროექტის დამტკიცების შემდგომ, განშლის ოქმის რეგისტრაციისთანავე დამატებითი შეთანხმების აქტის საფუძველზე, რომლის მახასიათებლების შერჩევა განხორციელდებოდა დამკვეთის და შემსრულებლის ერთობლივი შეთანხმებით. ამავე ხელშეკრულების 4.1.1 პუნქტის თანახმად, შემსრულებელი ვალდებული იყო, შეესრულებინა მომსახურება ჯეროვნად და კეთილსინდისიერად, სრული მოცულობით არაუგვიანეს 2018 წლის 1 დეკემბრისა;
3. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2018 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით, შეთანხმდა ქ. თბილისში, ........ (ს/კ .....) მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურული პროექტი. ამავე ბრძანების თანახმად, გაიცა მშენებლობის ნებართვა. აღნიშნული ბრძანების თანახმად, ამ ბრძანების დამკვეთი/განმცხადებელია პირველი მოსარჩელე. დამკვეთის შესახებ ინფორმაციაში მითითებულია როგორც ორგანიზაცია - იურიდიული პირი, ასევე, ფიზიკური პირი - პირველი მოსარჩელე;
4. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, მშენებლობის ნებართვის დამკვეთი იურიდიული პირის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირად - დირექტორად რეგისტრირებულია პირველი მოსარჩელე;
5. მოპასუხის, 2019 წლის 5 ივნისის, განცხადების საფუძველზე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მიწის ნაკვეთთან (საკადასტრო კოდით .........) გაერთიანდა მისი მომიჯნავე მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდით .......) და გაერთიანებულ მიწის ნაკვეთს მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი ........ ამ ორი უძრავი ქონების გაერთიანების შემდეგ, მოპასუხის მიმართვის საფუძველზე, სსიპ არქიტექტურის სამსახურმა 2019 წლის 20 დეკემბერს გამოსცა ბრძანება, რომლითაც შეთანხმდა ქ. თბილისში, ........ თანასაკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდით .......) მრავალფუნციური შენობის (კომერციული, საცხოვრებელი) არქიტექტურული პროექტი. ამავე ბრძანების თანახმად, გაიცა მშენებლობის ნებართვა;
6. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2020 წლის 22 იანვრის ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ამავე ორგანოს 2018 წლის 31 დეკემბრის #4325907 ბრძანება მისი ძალაში შესვლის დღიდან;
7. მოსარჩელეთა მოთხოვნა
7.1. შემსრულებლებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში დამკვეთის მიმართ და მოითხოვეს მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება - უძრავი ნივთების საკუთრებაში გადაცემა.
8. მოპასუხის პოზიცია
8.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეებს ვალდებულება ჯეროვნად არ შეუსრულებიათ, შესაბამისად, მოპასუხეს არ ეკისრებოდა მათთვის ქონების გადაცემის ვალდებულება.
9. საქალაქო სასამართლოს განჩინება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2020 წლის 6 ოქტომბრის განჩინებით, მოპასუხეს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ნივთის (მდებარე, ქ. თბილისი, ........, ს/კ:........, ს/კ:.......) გასხვისება და უფლებრივად დატვირთვა.
10. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
10.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხეს დაევალა 2018 წლის 29 სექტემბრის მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - თბილისში, ....... მდებარე, მოპასუხის მიერ აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში, პირველი მოსარჩელისთვის №....... და მეორე მოსარჩელისთვის - №...... საკადასტრო კოდების მქონე უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა.
11. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
11.1. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
12.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
13. მოპასუხის საკასაციო საჩივარი
13.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 14 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
14. საკასაციო სასამართლოს განჩინება და დასკვნები
14.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ივლისის განჩინებით მოპასუხის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
14.2. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ, საქმის ხელახლა განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს, პირველ რიგში, უნდა შეეფასებინა მოსარჩელეთა მიერ ხელშეკრულების შესრულების ფაქტი, მათ შორის, უნდა გაემიჯნა, სახეზე იყო ხელშეკრულების შეუსრულებლობა თუ ნაკლიანი შესრულება (რომლის დროსაც შემკვეთს მეორადი მოთხოვნები წარმოეშობა). საკასაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, რომ მოსარჩელეებმა შეასრულეს შენობის სამშენებლო პროექტი და მოამზადეს მისი კონსტრუქციული ნაწილი (მართალია, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში მოპასუხე სადავოდ ხდიდა პროექტის კონსტრუქციული ნაწილის მომზადების ფაქტს, მაგრამ სააპელაციო პალატამ, სადავო პერიოდში მოქმედი „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 33-ე, 46-ე, 53-ე მუხლებზე მითითებით, მართებულად აღნიშნა, რომ ვინაიდან სამშენებლო ნებართვა გაიცა, პრეზუმირებულია, რომ სამშენებლო ნებართვის მისაღებად მოსარჩელეებმა ყველა საჭირო დოკუმენტი, მათ შორის, შენობის კონსტრუქციული პროექტიც წარადგინეს. ამ ვარაუდის გამაქარწყლებელი მტკიცებულებები კი მოპასუხეს არ წარუდგენია). რაც შეეხება მშენებლობის ნებართვის მოპოვებას, და შემდგომ მის ბათილად ცნობას, საკასაციო პალატის განმარტებით, უნდა შესწავლილიყო და შეფასებულიყო ნებართვის ბათილად ცნობის ფაქტობრივი წინაპირობები, სამართლებრივი საფუძვლები, სამართლებრივი შედეგების შეწყვეტის მომენტი, რამდენად იყო აქტის ბათილად ცნობა მხარეთა ქმედებებით გამოწვეული. ამასთან, ვინაიდან მშენებლობის ნებართვა ფორმალურად მაინც მოქმედებდა 2018 წლიდან 2020 წლამდე, ვალდებულების შესრულების კუთხით, გასათვალისწინებელი იყო, განახორციელა თუ არა მოპასუხემ სამშენებლო მოქმედებები ნებართვის საფუძველზე და შენარჩუნდა თუ არა ისინი, მიუხედავად ნებართვის ბათილად ცნობისა. თუ მხარემ თავისი იურიდიული ინტერესი მოსარჩელეთა მიერ მოპოვებული ნებართვის საფუძველზე მაინც დაიკმაყოფილა, საკასაციო პალატის მოსაზრებით, კონკრეტული საქმის თავისებურებებიდან გამომდინარე, მოგვიანებით ნებართვის ბათილად ცნობის მიუხედავად, მენარდეთა მიერ ვალდებულება შეუსრულებლად არ უნდა განხილულიყო. გარდა ამისა, უნდა შეფასებულიყო მოთხოვნის წარდგენილი ფორმით დაკმაყოფილების საკითხიც. საკასაციო პალატის მოსაზრებით, თუკი დადასტურდებოდა მოსარჩელეების სასარგებლოდ ვალდებულების არსებობა, სასარჩელო მოთხოვნის კვლავ არსებული ფორმით დატოვების შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს არ უნდა მიეკუთვნებინა მხარეებისთვის იმაზე მეტი, ვიდრე შეთანხმებული იყო.
15. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები
15.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 16 ივნისის გადაწყვეტილება პირველი მოსარჩელის სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
15.2. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტებში ასახული ფაქტობრივი გარემოებები, იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 629.1-ე, 648-ე მუხლებით და გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნა იმის შესახებ, რომ მოსარჩელეებს მოპასუხის მიმართ მომსახურების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული აქვთ, რის სანაცვლოდაც მოპასუხეს ეკისრებოდა მათთვის შესაბამისი ფართების გადაცემა. რაც შეეხება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მოსარჩელეებისთვის მიკუთვნებული ფართების ოდენობას, ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია და აღნიშნა, რომ სადავო ხელშეკრულებით დამკვეთს შემსრულებლებისთვის უნდა გადაეცა ჯამურად 150 კვ.მ., თითოეულის სასარგებლოდ 75-75 კვ.მ.. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით დაყადაღებული იყო მოპასუხის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება – ერთი 112.80 კვ.მ და მეორე – 54.30 კვ.მ., ჯამურად 112.80 კვ.მ.. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი მოსარჩელეებს საკუთრებაში გადაეცათ მითითებული ფართები, ანუ შეთანხმებულზე 17.1 კვ.მ-ით მეტი ფართი. ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე პირველმა მოსარჩელემ მეორე მოსარჩელეს დაუთმო თავისი მოთხოვნის ის ნაწილი, რაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე მეორე მოსარჩელის მოთხოვნას ავსებდა 112.80 კვ. მ-მდე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ შესაძლებელი იყო აღნიშნული ფართის მეორე მოსარჩელისთვის საკუთრებაში გადაცემა. რაც შეეხება მეორე ფართის, 54.30 კვ. ბინის - პირველი მოსარჩელისთვის გადაცემას, სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ ეს მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან მოთხოვნის დათმობის შემდგომ, პირველ მოსარჩელეს მხოლოდ 37.2 კვ.მ ფართზე გააჩნდა მოთხოვნის უფლება (150 კვ.მ-ს – 112.80 კვ.მ). ამ რაოდენობით ფართი კი მოპასუხის საკუთრებაში არ იძებნებოდა. შესაბამისად, პირველ მოსარჩელეს წარმოეშობოდა მოპასუხის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, რაც წინამდებარე დავის ფარგლებში ვერ განიხილებლოდა და დამოუკიდებელი სარჩელის წარდგენის შესაძლებლობას ქმნიდა.
16. მოპასუხისა და პირველი მოსარჩელის საკასაციო საჩივრები
16.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხემ და პირველმა მოსარჩელემ;
16.2. პირველმა კასატორმა (მოპასუხემ) მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით პირველი მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
16.3. მეორე კასატორმა (პირველმა მოსარჩელემ) მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი სარჩელის დაკმაყოფილება.
16.4. პირველი კასატორის განცხადებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და არასწორად დაადგინა, რომ მოსარჩელეებს მოპასუხის მიმართ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებული ჰქონდათ. სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ მშენებლობის ნებართვა, რომელიც მოსარჩელეებმა მოიპოვეს, მოგვიანებით ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან, შესაბამისად, აღნიშნული აქტი ვერ წარმოშობდა ვერანაირ სამართლებრივ შედეგს ხელშეკრულების მხარეებისთვის, ამიტომ იმის მტკიცება, მხარემ მიიღო თუ არ შესრულება და ნაკლიანი იყო თუ არა იგი, საფუძველსმოკლებულია. სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 91-ე მუხლის პირველი ნაწილი (პირობის ბათილობა კანონწინააღმდეგობის, ამორალურობის ან შესრულების შეუძლებლობის გამო, იწვევს მთლიანად გარიგების ბათილობას. პირობის ნამდვილობის შემოწმებისას გამოყენებული უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი) და არ უნდა დაეკმაყოფილებინა მოსარჩელეთა მოთხოვნა.
16.5. მეორე კასატორის პრეტენზიით, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეები არათანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მაშინ, როდესაც დადგენილია, რომ მოპასუხეს ორივე მათგანის მიმართ ეკისებოდა უძრავი ქონების გადაცემის ვალდებულება. ის გარემოება, რომ მოპასუხის მიერ გაკეთებული განშლის შედეგად მოპასუხის საკუთრებაში არ აღმოჩნდა მეორე მოსარჩელის მოთხოვნის შესაბამისი ფართი, არ უნდა წარმოადგენდეს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს, ვინაიდან ბინების შესაბამისი მახასიათებლების შერჩევა მოხდა მოსარჩელეთაგან დამოუკიდებლად. მსგავსი ფორმით განშლის გაკეთება კი, მოწინააღმდეგე მხარის მიერ კერძო სამართალში დამკვიდრებული კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების პრინციპების დარღვევაა. სასამართლო ვალდებული იყო შესაბამისი სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით დაესაბუთებინა გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნაზე უარის თქმის შესახებ.
17. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
17.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 30 მაისის განჩინებით მეორე კასატორის საკასაციო საჩივარი, ხოლო 2024 წლის 12 ივნისის განჩინებით პირველი კასატორის საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, (შემდეგში: სსსკ), 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო საჩივრები დაუშვებელია, რადგანაც ისინი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.
20. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
21. მოცემულ შემთხვევაში, პირველი კასატორის საკასაციო პრეტენზია ნარდობის ხელშეკრულების მოსარჩელეთა მხრიდან შეუსრულებლობასა და ზოგადად, მოპასუხის, როგორც მენარდის სახელშეკრულებო ვალდებულების არარსებობას ეხება (2018 წელს გაცემული მშენებლობის ნებართვის ბათილობის გამო), ხოლო მეორე კასატორი (პირველი მოსარჩელე) აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილია მოსარჩელეთა მხრიდან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად შესრულების ფაქტი, სასამართლოს ფართების გადაცემისას მოსარჩელეები არ უნდა ჩაეყენებინა არათანაბარ მდგომარეობაში და პირველი მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილშიც სრულად უნდა დაეკმაყოფილებინა სარჩელი.
22. საკასაციო სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში/განჩინებაში აღნიშნავს, რომ ყოველი კონკრეტული სამოქალაქო საქმის გადაწყვეტა სასამართლოში, დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება (შეად. სუსგ-ებს: N ას- 475-2019, 15.04.2021წ; N ას-1065-2020, 08.04.2021წ; N ას- 338-2019, 22.03.2021წ.).
23. სსსკ-ის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
24. მტკიცების ტვირთს აწესრიგებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა სათანადოდ არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი – ესაა სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი, მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს. მტკიცების ტვირთი დამოკიდებულია არა მხარის როლზე პროცესში, არამედ მოთხოვნის საფუძველზე. ის ვინც ითხოვს ვალდებულების შესრულებას, უნდა დაამტკიცოს მოთხოვნის საფუძვლის არსებობა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ითხოვს თავისი მოთხოვნის შესრულებას, ან აღიარებას, არამედ მაშინაც, როდესაც იგი თავს იცავს მოწინააღმდეგე მხარის ნეგატიური აღიარებითი სარჩელისაგან (მოთხოვნისაგან).
25. მტკიცების ტვირთისაგან უნდა გაიმიჯნოს ფაქტების მითითების ტვირთი, როგორც მხარის ფაკულტატური მოვალეობა. მხარეები სსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად სრულიად თავისუფალნი არიან მიუთითონ ნებისმიერ ფაქტზე. ეს მათი უფლებაა, მაგრამ მათ მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასება, ე.ი. იმის დადგენა და გარკვევა, თუ რამდენად ასაბუთებენ ეს ფაქტები იურიდიულად მხარეთა მოთხოვნებს და შესაგებელს – ეს უკვე სასამართლოს პრეროგატივაა. ამასთან, საკმარისი არ არის, რომ მხარემ ზოგადად გამოთქვას მოსაზრება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებაზე, მაგალითად, განაცხადოს, რომ იგი მთლიანად უარყოფს მეორე მხარის მიერ მოხსენებულ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს. მხარის მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები კონკრეტულად და დეტალურად უნდა ჩამოყალიბდეს და ეხებოდეს საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას. მხარეთა მიერ წარმოდგენილი ახსნა-განმარტებები უნდა იყოს დასაბუთებული და ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს დავასთან.
26. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრივი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰაინ ბიოლინგი, ლადო ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
27. განსახილველ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით (იხ. წინამდებარე განჩინების 1-6 პუნქტები), ასევე მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის სწორი კვალიფიკაციის გზით, სააპელაციო სასამართლომ არსებითად კანონიერი და დასაბუთებული განჩინება მიიღო. მხარეთა შორის ნარდობისამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე სსკ-ის 629-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე „ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური“. აღნიშნული ცნებიდან გამომდინარე, ნარდობა, როგორც სამუშაოს შესრულების ტიპის ხელშეკრულება, არის კონსენსუალური, ორმხრივი და სასყიდლიანი ხელშეკრულება. მენარდისათვის გადასახდელი საზღაური, როგორც წესი, განისაზღვრება ფულადი სახით, თუმცა მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ სხვა რამეზეც (მაგალითად, მენარდისათვის რაიმე ნივთის ნატურით გადაცემა). შესაძლებელია კომბინირებული მეთოდიც (მაგალითად, საზღაურის ნაწილი გადახდილი იქნეს ფულადი სახით, ნაწილი – ნივთის სახით). ნარდობის ხელშეკრულების შინაარსს შეადგენს მისი პირობების ერთობლიობა. ნარდობის ხელშეკრულების შინაარსის განსაზღვრას დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, რამდენადაც მასზეა დამოკიდებული ხელშეკრულების მხარეთა უფლებამოვალეობების წარმოშობის თავისებურებები, ვალდებულებების ჯეროვანი შესრულება და სხვა. ნარდობის ხელშეკრულება აწესრიგებს უშუალოდ წარმოების პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს, რადგან იგი დაკავშირებულია მენარდის ვალდებულებასთან - შეასრულოს ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაო და გადასცეს შემკვეთს შეთანხმებული საზღაურის მიღების პირობით შესრულებული სამუშაოს შედეგი... ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს. ისევე, როგორც კონტინენტური სამართლის სისტემის ქვეყნებში, საქართველოს შემთხვევაშიც ვალდებულების შესრულების მომწესრიგებელ ნორმებს ძირითადად დისპოზიციური ხასიათი აქვთ. ქართული სამოქალაქო კოდექსი შესრულებაზე ორიენტირებული აქტია. მისი როგორც ზოგადი, ისე კერძო ნაწილი შესრულების მექანიზმებზეა აგებული. მთავარია შესრულება და არა პასუხისმგებლობა. ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია კონკრეტული სახის ვალდებულების შინაარსზე. ვალდებულების შესრულება ხორციელდება ვალდებულების მხარეების ნებელობითი მოქმედების შედეგად: მოვალე სთავაზობს შესრულებას, კრედიტორი ღებულობს შესრულებას. უარყოფითი შინაარსის მქონე ვალდებულებების არსებობა გამოიხატება გარკვეული მოქმედების შესრულებისაგან თავის შეკავებაში (მაგალითად, სამეზობლო თმენის ვალდებულებები; და ა.შ.). ასეთი უმოქმედობაც ხორციელდება მოვალის ძალისხმევით. ამიტომაც იურიდიულ ლიტერატურაში ვალდებულების შესრულების აღმნიშვნელ ტერმინად ძირითადად გამოიყენება ტერმინი – ქმედება. ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მხარეთა უფლებები, თავისი სამართლებრივი ბუნებით მიეკუთვნება რელატიურ (შეფარდებით) უფლებათა რიცხვს. რელატიური უფლება არის განსაზღვრული პირის მიმართ შესრულების მოთხოვნის უფლებამოსილება. იგი მიმართულია არა ნებისმიერი, არამედ მხოლოდ განსაზღვრული პირის მიმართ კონკრეტული ვალდებულების შესასრულებლად. რელატიური უფლება წარმოიშობა ნამდვილი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის საფუძველზე. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვით. ნარდობის ხელშეკრულებით, შემკვეთის ერთ-ერთ ძირითად ვალდებულებას წარმოადგენს მიიღოს შესრულებული სამუშაო და გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. (იხ. სუსგ N ას-344-2019, 12.02.2021წ.). აქედან გამომდინარე, როდესაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულია, სავსებით ლეგიტიმურია შემსრულებლის მოთხოვნა დამკვეთის მიმართ საპასუხო შესრულებაზე.
28. საკასაციო სასამართლო დასაბუთებულ საკასაციო შედავებად ვერ მიიჩნევს პირველი კასატორის (მოპასუხის) მითითებას იმის შესახებ, რომ ვინაიდან მოსარჩელეთა მიერ მოპოვებული მშენებლობის ნებართვა მოგვიანებით ბათილად იქნა ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან, აღნიშნული აქტი ვეღარ წარმოშობდა რაიმე სამართლებრივ შედეგს ხელშეკრულების მხარეებისთვის და გამორიცხავდა შემსრულებელთა მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულებას.
29. ამ პრეტენზიის პასუხად, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას იმის შესახებ, რომ ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია მშენებლობის ახალი ნებართვის გაცემამდე, თავდაპირველ ნებართვაში მითითებულ მისამართზე - ქ. თბილისში, ......... (ს/კ .......) –მოპასუხის მიერ მრავალფუნქციური არქიტექტურული პროექტის განხორციელების (სამშენებლო სამუშაოების წარმოების) ფაქტი, ხოლო მოპასუხეს არ წარუდგენია რაიმე მტკიცებულება, რაც მითითებულ გარემოებას გააბათილებდა, 2018 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობის მიუხედავად, აღნიშნული ვერ მიიჩნეოდა ნარდობის სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე ვალდებულებისაგან (შემსრულებლებისთვის სანაცვლოდ ბინის ნატურით გადაცემა) დამკვეთის გათავისუფლების წინაპირობად. მით უფრო, იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდება, თავდაპირველად გაცემული სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობა გამოწვეულია არა მოსარჩელეთა ბრალით, არამედ მათგან დამოუკიდებელი მიზეზით – საჯარო რეესტრში რეგისტრირებული ორი სხვადასხვა მიწის ნაკვეთის (ს/კ N...... და N.......) (რომელზეც უნდა აშენებულიყო მრავალფუნქციური შენობა) ერთ საკადასტრო ერთეულად გაერთიანებით (გაერთიანების შემდეგ მიენიჭა ახალი საკადასტრო კოდი: N......), რამაც წარმოშვა ახალი სამშენებლო ნებართვის გაცემის საჭიროება. ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პირველი კასატორის ზემოაღნიშნული პრეტენზია ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიად, რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი გარემოებების გაბათილებისა და საქმის არსებითად განსახილველად დაშვების შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს.
30. რაც შეეხება მეორე კასატორის (პირველი მოსარჩელის) პრეტენზიას (ფართების გადაცემისას სასამართლოს მხრიდან მოსარჩელეთა არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ), საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს და ყურადღებას მიაქცევს სააპელაციო სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ შემდეგ გარემოებებს: ნარდობის ხელშეკრულებით შეთანხმებული იყო ხელშეკრულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში დამკვეთის მხრიდან შემსრულებლებისთვის, თითოეული მათგანისთვის 75-75 კვ.მ ფართის (ე.წ „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით) (ჯამურად 150 კვ.მ) ნატურით გადაცემის ვალდებულება; სწორედ ხელშეკრულებით ნაკისრი მითითებული ვალდებულების (უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა) მოპასუხისთვის შესრულების დავალება მოითხოვეს მოსარჩელეებმა წარდგენილი სარჩელით. წინამდებარე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით კი, პირველი ინსტანციის სასამართლომ დააყადაღა მოპასუხის საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება - ერთი 112.80 კვ.მ, ხოლო მეორე - 54.30 კვ.მ., ჯამურად 173.1 კვ.მ, რაც 17.1 კვ.მ-ით მეტია ხელშეკრულებით განსაზღვრულ ფართზე. დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში გამართულ სხდომაზე პირველმა მოსარჩელემ მეორე მოსარჩელის სასარგებლოდ დათმო თავისი მოთხოვნის ის ნაწილი (37.2 კვ.მ), რაც ხელშეკრულებიდან გამომდინარე მეორე მოსარჩელის მოთხოვნას (75 კვ.მ-ს) ავსებდა 112.80 კვ.მ-მდე. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ნარდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების მოსარჩელეთა მხრიდან ჯეროვნად შესრულების ფაქტის დადგენის გამო (რასაც ასევე იზიარებს საკასაციო პალატა), მეორე მოსარჩელის მოთხოვნის ნაწილში წარდგენილი სარჩელი მართებულად დააკმაყოფილდა სრულად და მართებულად დაადგინდა 112.80 კვ.მ ფართის მეორე მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა.
31. რაც შეეხება პირველი მოსარჩელის მოთხოვნას, ვინაიდან საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მეორე მოსარჩელისთვის მოთხოვნის დათმობის შემდგომ პირველი მოსარჩელის მოთხოვნის ფარგლები დაკორექტირდა (75კვ.მ-ს – 37.2 კვ.მ) და ნაცვლად 75 კვ.მ-ისა, განისაზღვრა 37.2 კვ.მ-ით, ხოლო წინამდებარე სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღადადებული მეორე ბინა 54.30 კვ.მ-ია (ხოლო მოპასუხის საკუთრებაში არ იძებნება 37.2 კვ.მ ფართის ბინა), საკასაციო სასამართლო თვლის, რომ პირველი მოსარჩელის მოთხოვნა წარდგენილი სახით ვერ დაკმაყოფილდებოდა და სააპელაციო პალატამ მართებულად მიუთითა მხარეს ზიანის ანაზღაურების უფლების წარმოშობაზე.
32. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა სადავო საკითხი, მართებულად გამოიყენა და განმარტა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მარეგულირებელი შესაბამისი ნორმები, ასევე მართებულად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისა და, მხარეთათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის შესაბამისად, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასებისათვის, რაც ცხადყოფს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
33. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, არც დასაბუთებული პოზიციაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასთან ან/და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან წინააღმდეგობის საფუძვლით.
34. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
35. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს ,,ა.ბ–ის“, ასევე შ.გ–ის საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. შპს ,,ა.ბ–ს“ (ს.კ.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ნ. ლ–ძის მიერ (პ.ნ. ........) საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №2069, გადახდის თარიღი 04.06.2024) 8000 ლარის 70% - 5 600 ლარი;
3. შ.გ–ს (პ.ნ........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს გ.გ–ის მიერ (პ.ნ. .....) საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №21924754025, გადახდის თარიღი 20.05.2024) 4943 ლარის 70% - 3 460,1 ლარი;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე