საქმე № ას-314-2024 9 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ შემოსავლების სამსახური (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს "დ.ფ.ჯ–ია" (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია გადაწყვეტილება - საკასაციო საჩივრის არსებითი განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის (შემდეგში - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) მიერ 2020 წლის 13 თებერვალს გამოცხადდა ელექტრონული აუქციონი N 230217, სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „სარფის“ შენობის ფართის ნაწილის 93.63 კვმ-ზე 10 წლით იჯარის უფლების მოპოვების შესახებ, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ან/და თავისუფალი ვაჭრობის საწყობის მოწყობის მიზნით.
2. ფართი გადაიცემოდა „შავი კარკასის“ სახით, მიყვანილი კომუნიკაციებით (ელექტროენერგია, წყალმომარაგება, კანალიზაცია), ხოლო სარემონტო სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი კომუნიკაციების განმხოლოების განხორციელება/უზრუნველყოფა ეკისრებოდა მოიჯარეს. აუქციონში გამარჯვებულ პირს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ან/და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობის მოწყობა და ფუნქციონირება უნდა უზრუნველეყო არაუგვიანეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 90 კალენდარული დღის ვადაში.
3. აუქციონზე საბოლოოდ დაფიქსირებული იჯარის ყოველთვიური გადასახადი განისაზღვრა 427 700 ლარით, რაც შეთავაზებულ იქნა მოსარჩელის მიერ. 2020 წლის 04 მარტს აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მოსარჩელე.
4. 2020 წლის 28 თებერვალს მოსარჩელის მიერ სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების სააგენტოს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ საბანკო გადარიცხვის გზით გადახდილ იქნა 56 400.00 ლარი, აუქციონში მონაწილეობისთვის საგარანტიო თანხის სახით, განაცხადზე N 230217BH20. აუქციონის პირობებით, მოიჯარის მიერ მეიჯარისადმი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოიშვებოდა შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან.აუქციონის პირობას ასევე წარმოადგენდა დათქმა, რომ: ელექტრონული აუქციონი გაუქმდება და გამარჯვებულის მიერ, ელექტრონულ აუქციონში წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ჩაირიცხება სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
5. ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის 2020 წლის 22 მარტის N 5864-სს დადგენილებით დამტკიცდა საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N 1 ბრძანება „საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ“. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მარტის N 181 დადგენილებით კი, საქართველოს პრეზიდენტის 2020 წლის 21 მარტის N 1 დეკრეტის საფუძველზე, დამტკიცდა „საქართველოში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებები“. ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით, სხვა მრავალ შეზღუდვასთან ერთად, 2020 წლის 23 მარტიდან აიკრძალა საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 10 პირზე მეტი რაოდენობით. დადგენილების მე-7 მუხლით, საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა ყველა საქონლის/პროდუქტის მიწოდება/რეალიზაცია, გარდა სურსათისა და ზოგიერთი სხვა საქონლისა.
6. მოსარჩელის განმარტებით, 2020 წლის 16 მარტიდან დაიკეტა საქართველოს სასაზღვრო გამშვები პუნქტები. ამოქმედდა რიგი სამთავრობო შეზღუდვები. 2020 წლის 21 მარტიდან გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, კანონმდებლობით აიკრძალა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების ოპერირება.
7. მოსარჩელემ ახალი კორონავირუსის თანმდევი შეზღუდვებიდან და საიჯარო ფართის მიზნობრიობიდან (თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ან/და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობის მოწყობა) გამომდინარე, მოპასუხეს შესთავაზა შესაბამის იჯარის ხელშეკრულებაში 13.8 მუხლის დამატება, რომლის თანახმად, საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება მოსარჩელეს არ წარმოეშობოდა მანამ, სანამ საქართველოში არ გაუქმდებოდა საგანგებო მდგომარეობა და ყველა შეზღუდვა და სრულად არ აღდგებოდა „სარფის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის ფუნქციონირება.
8. შეთანხმება მხარეებს შორის ვერ გაფორმდა. ასევე ვერ გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება.
9. 2020 წლის 16 აპრილს მოსარჩელემ წერილით მიმართა მოპასუხეს და მოითხოვა აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გარანტიის სახით გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, თუმცა მოპასუხემ თანხა არ დაუბრუნა.
10. მოსარჩელის მტკიცებით, 2020 წლის მარტში, პანდემიის გამო გამოცხადებული ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო, მნიშვნელოვნად შემცირდა მისი შემოსავალი. საქმეზე წარმოდგენილია მტკიცებულება - შპს „დ.ფ.ჯ–იას“ და შვილობილი კომპანიის კონსოლიდირებული ფინანსური და მმართველობის ანგარიშგება, დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნასთან ერთად, რომლითაც დასტურდება, რომ 2020 წლის მარტში, შემოსავლის მნიშვნელოვნად კლების გამო, საიჯარო ხელშეკრულების იგივე პირობებით გაფორმება, რა პირობებიც შეთავაზებული იყო მოპასუხის მიერ, კერძოდ - ყოველთვიური საიჯარო ქირა განსაზღვრული იყო 427 700 ლარით, რაც გადახდილ უნდა ყოფილიყო იჯარის ხელშეკრულების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისთანავე, შეცვლილიყო იმგვარი პირობით, რომ მოსარჩელეს საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოშობდა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის სრულყოფილად ფუნქციონირების აღდგენის დღიდან და ხელშეკრულებას უნდა დამატებოდა შესაბამისი - 13.8. მუხლი.
11. შპს „დ.ფ.ჯ–იას“ და შვილობილი კომპანიის 2020 წლის კონსოლიდირებული მმართველობის ანგარიშგების, საქმიანობის მიმოხილვის ამონარიდის მიხედვით: 2020 წლის აპრილ-დეკემბრის შესაბამის მგზავრთა ნაკადის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სომხეთის საზღვარზე მგზავრთა ნაკადი 2017-2019 წლების იმავე მონაცემებთან შედარებით შემცირდა 94 %-ით. აზერბაიჯანის საზღვარზე შემცირებამ შეადგინა 93 %, ხოლო თურქეთის საზღვარზე მგზავრთა ნაკადი შემცირდა 86 %-ით, რამაც, ... ამავე პერიოდში გამოიწვია ჯგუფის შემოსავლების 98 %-იანი კლება.
12. დადგენილია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის შემოსავლების მნიშვნელოვანი კლების ფაქტი საქმეზე დადასტურებულია ფინანსური კვლევის შედეგად შედგენილი დოკუმენტით. გარდა ამისა, ფაქტი სარწმუნოა საყოველთაოდ ცნობილი ფაქტის გამო, კერძოდ, 2020 წლის დასაწყისიდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პანდემიის გამოცხადებით, რასაც როგორც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში, ისე საქართველოში მოჰყვა არაერთი ეკონომიკური შეზღუდვის დაწესება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, პანდემიის გამო მოსარჩელის შემოსავლების კლების გარემოება, რაც დამატებით გამყარებულია ფინანსურ დოკუმენტით. შესაბამისად, შესაძლებელია იმ დასკვნის ჩამოყალიბება, რომ 2020 წლის მარტში მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა მოულოდნელად იმდენად გაუარესდა, რომ ამ გაუარესების შესახებ რომ სცოდნოდა, მოსარჩელე აუქციონში მონაწილეობას არ მიიღებდა. მისადაგებაზე მოპასუხესთან შეთანხმებას ვერ მიაღწია. საბოლოოდ კი მხარეებს შორის საერთოდ ვერ დაიდო ხელშეკრულება.
13. სასარჩელო მოთხოვნა და ფაქტობრივი საფუძვლები
13.1 მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე შპს „დ.ფ.ჯ–იას“ სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო თანხის სახით გადახდილი 56 400 ლარის დაბრუნება.
13.2 მოსარჩელე შპს „დ.ფ.ჯ–იამ“ 2020 წლის 13 თებერვალს მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცხადებულ აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით განახორციელა მოთხოვნილი საგარანტიო თანხის გადახდა - 56 400 ლარის ოდენობით. აუქციონის პირობების თანახმად, აღნიშნული თანხა რჩებოდა შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე მოსარჩელის მიერ გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების საგარანტიოდ. მოსარჩელემ 2020 წლის 4 მარტს გაიმარჯვა აღნიშნულ აუქციონში, რომელზეც გამოტანილი იყო სასაზღვრო გამშვებ პუნქტ (სგპ) „სარფის“ შენობის ფართობი - 93.63 კვმ, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ან/და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობის გამოყენების მიზნით. მოსარჩელის მიერ შეთავაზებული ყოველთვიური იჯარის ქირის ოდენობა შეადგენდა 427 700 ლარს.
13.3 2020 წლის 21 მარტს საქართველოს პრეზიდენტის N 1 ბრძანების საფუძველზე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა, განხორციელდა საზღვრების ჩაკეტვა და 2020 წლის 23 მარტს საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით გასატარებელი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის N 181 დადგენილებით დადგენილების მოქმედების ვადით აიკრძალა უმეტესი სახის ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობა.
13.4 მიუხედავად იმისა, რომ საზღვარზე დაწესებული შეზღუდვები პირდაპირ ზეგავლენას მოახდენდა მოსარჩელის ბიზნესის შემოსავლიანობაზე, ვინაიდან, სასაზღვრო-გამშვები პუნქტი ახორციელებს პროდუქციის რეალიზაციას უშუალოდ იმ პირებზე, რომლებიც ტოვებენ საქართველოს საზღვარს, მოსარჩელე კვლავ მზადყოფნას გამოთქვამდა იჯარის ხელშეკრულების დადებაზე, შეთანხმებული პირობებით. მოსარჩელე ითხოვდა იჯარის ქირის 427 700 ლარის გადახდის დაწყებას შეზღუდვების მოხსნიდან და სასაზღვრო გამშვები პუნქტის ფუნქციონირების აღდგენიდან, რის შესაძლებლობასაც, მხარეთა შორის დასადებ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ფორს-მაჟორის მუხლი პირდაპირ ითვალისწინებდა, თუმცა შემოსავლების სამსახურისგან კომპანიამ 2020 წლის 14 აპრილს მიიღო წერილი, რომლის თანახმად, ეს უკანასკნელი არ იყო თანახმა გაეთვალისწინებინა მოსარჩელის პოზიცია.
13.5 მოსარჩელემ 2020 წლის 16 აპრილს კვლავ მიმართა მოპასუხეს წერილით, რომელშიც დეტალურად იყო ჩამოთვლილი ის გარემოებები, რომლებმაც არსებითად შეცვალა ის საფუძვლები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი იყო, თუმცა შემოსავლების სამსახურმა კვლავ უარი განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირის გადახდის ვალდებულების შეჩერებაზე, საზღვარზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნამდე.
13.6 შედეგად, შესაბამისი იჯარის ხელშეკრულება მხარეებს შორის არ გაფორმდა, რითაც ზიანი მიადგა, როგორც სახელმწიფო ინტერესს, ვინაიდან მოსარჩელე აცხადებდა მზადყოფნას, საზღვარზე შეზღუდვების გაუქმების შემდგომ ყოველთვიურად ეხადა საიჯარო ქირა - უპრეცედენტოდ მაღალი 427 700 ლარი, ისე მოსარჩელეს, რადგან მოპასუხის დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი უარის შედეგად დაკარგა ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი დრო.
13.7 2020 წლის 22 აპრილს მოსარჩელემ შემოსავლების სამსახურს მიმართა წერილით და მოითხოვა აუქციონში მონაწილეობის მისაღებად გადახდილი საგარანტიო თანხის უკან დაბრუნება 2020 წლის 10 მაისამდე, თუმცა მოპასუხემ არ გადაიხადა აღნიშნული თანხა.
14. მოპასუხის პოზიცია
14.1 მოპასუხემ შესაგებლით დაადასტურა სარჩელის ძირითადი ფაქტობრივი გარემოებები. აკრძალვების დაწესებასთან დაკავშირებით კი მიუთითა შემდეგზე: მოსარჩელის მითითება მთავრობის N 181 დადგენილებით თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების ოპერირების აკრძალვის და სასაზღვრო გამშვები პუნქტების დაკეტვის შესახებ, - არ შეესაბამება რეალობას. ასეთ აკრძალვას მითითებული დადგენილება არ შეიცავს. დადგენილების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით დაწესდა გარკვეული ვალდებულებები საცალო საბითუმო ვაჭრობის მიწოდებისას, კერძოდ, ობიექტებისთვის მომხმარებლისთვის პროდუქციის ობიექტები, რომლებიც ახორციელებენ საცალო საბითუმო ვაჭრობის ობიექტებში მომხმარებლისთვის პროდუქციის მიწოდებას, ვალდებულნი არიან, დაიცვან გარკვეული პირობები, როგორიცაა პერსონალის პირბადითა და ხელთათმანით აღჭურვა; რეცხვა-დეზინფექციის გაზრდილი სიხშირე, მომხმარებლების მიერ სოციალური დისტანციის დაცვის გაკონტროლება.
14.2 მოპასუხე ხაზს უსვამს, რომ მთავრობის N 181 დადგენილებით დაწესდა რეგულაციები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში საცალო/საბითუმო ვაჭრობის ობიექტებს (როგორსაც წარმოადგენს საპრივატიზებო ობიექტები) შეეძლოთ საქმიანობის განხორციელება. ასევე არ დაკეტილა სასაზღვრო გამშვები პუნქტები, შეზღუდვა შეეხო მხოლოდ სამგზავრო მიმოსვლას, ხოლო სატვირთო მიმოსვლა დარჩა შეზღუდვის გარეშე (იხ. მთავრობის N 181 დადგენილების 2.1 მუხლი).
14.3 მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ 2020 წლის 13 თებერვალს გამოცხადდა აუქციონი სგპ „სარფის“ შენობის ფართის ნაწილის იჯარის ფორმით, 10 წლის ვადით გადაცემის მიზნით, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ან/და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობის მოსაწყობად.
14.4 აუქციონის პირობა იყო შემდეგი: ელექტრონულ აუქციონში მონაწილე პირებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ განცხადებაში მოცემული საწყისი ფასი შეადგენს ფართით სარგებლობის ერთი თვის საფასურს (დღგ-ს - ჩათვლით). შესაბამისად, აუქციონის დასრულების შედეგად დაფიქსირებული ღირებულება წარმოადგენს სარგებლობის მანძილზე გადასახდელ ყოველთვიურ ღირებულებას (საიჯარო თანხას), რომლის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად წინასწარი გადახდის გზით; ელექტრონულ აუქციონში მონაწილეობის მიღება მონაწილეს შეეძლო „ინტერნეტ ბანკინგის“ საშუალებით, ასევე საბანკო დაწესებულების მეშვეობით ბეს თანხის გადახდით ან/და უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარდგენით/გააქტიურებით. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა შეადგენს 56 400 ლარს. უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის ვადა არანაკლებ 7 კალენდარული დღით უნდა აღემატებოდეს სარგებლობაში გადაცემის ვადას.
14.5 აუქციონში გამარჯვებულმა პირმა მითითებულ ფართში (საიჯარო ქონებაში) უნდა უზრუნველყოს თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ან/და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობის მოწყობა. ამისათვის, დროებით სარგებლობაში, 10 წლის ვადით, გადაეცემა საბაჟო გამშვები პუნქტის „სარფის“ შენობის ფართის ნაწილი, სულ 93.63 კვმ. აუქციონში გამარჯვებულ პირს აღნიშნული ფართი გადაეცემოდა შავი კარკასის სახით და მიყვანილი კომუნიკაციებით (ელექტროენერგია, წყალმომარაგება, კანალიზაცია), ხოლო სარემონტო სამუშაოების ჩატარება და შესაბამისი განმხოლოების განხორციელება/უზრუნველყოფა ეკისრება თავად მოიჯარეს; და შესაბამისი კომუნიკაციების განხორციელება/უზრუნველყოფა ეკისრება თავად მოიჯარეს; აუქციონში გამარჯვებულმა პირმა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ან/და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობის მოწყობა და ფუნქციონირება უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს ხელშეკრულების ხელმოწერიდან 90 კალენდარული დღის ვადაში. შესაბამისად, საიჯარო ქონებაზე საჭირო სარემონტო სამუშაოები უნდა განხორციელდეს აღნიშნულ ვადაში; აუქციონში გამარჯვებულ პირს და შემოსავლების სამსახურს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განისაზღვრება ხელშეკრულების საგანი აუქციონში გამარჯვებული პირის მოთხოვნიდან გამომდინარე, კერძოდ ხელშეკრულება გაფორმდება მოცემული იჯარის საგნიდან ერთ-ერთ პირობაზე: ა) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის მოწყობა; ბ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობის მოწყობა; გ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საწყობის მოწყობა.
14.6 მოიჯარის მიერ მეიჯარისადმი საიჯარო ქირის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა შესაბამისი იჯარის ხელშეკრულების ხელმოწერის დღიდან. თუ ელექტრონული აუქციონი არ შედგა იმ მიზეზით, რომ ელექტრონულ აუქციონში რეგისტრირებული პირები, რომლებმაც აუქციონში მონაწილეობის მისაღებად. დადგენილი წესით გადაიხადეს „ბე“ ან წარადგინეს/გააქტიურეს (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, არ მიიღებენ მონაწილეობას ვაჭრობაში, ელექტრონული აუქციონის მონაწილეების მიერ აუქციონში მონაწილეობისათვის გადახდილი „ბე“ ან წარდგენილი/გააქტიურებული (ელექტრონულად) უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის თანხა სრულად ირიცხება შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტში.
14.7 მოპასუხე ხაზს უსვამს, რომ ელექტრონული აუქციონის შედეგები გაუქმდება და გამარჯვებულის მიერ, ელექტრონულ აუქციონში წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ჩაირიცხება სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
14.8 აუქციონში გამარჯვების შემდგომ მოსარჩელემ მიმართა შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა გასაფორმებელ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა, კერძოდ - ქვეყანაში შექმნილი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვების გათვალისწინებით, საიჯარო ქირის გადახდა დაწყებულიყო „სარფის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის სრულყოფილად ფუნქციონირების აღდგენის დღიდან.
14.9 შემოსავლების სამსახურმა აღნიშნული ცვლილების შეტანაზე განაცხადა უარი, რის გამოც მოსარჩელემ უარი განაცხადა ხელშეკრულების გაფორმებაზე. მოპასუხე აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის N 181 დადგენილებით დაწესებულ შეზღუდვებს. მითითებული დადგენილების მე-7 მუხლით საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სხვადასხვა გამონაკლისებისა. დადგენილებით შეიზღუდა არა კონკრეტული ობიექტების საქმიანობა, არამედ გარკვეული ეკონომიკური საქმიანობები. შესაბამისად მოსარჩელის მითითება, თითქოს მთავრობის დადგენილებით აიკრძალა თავისუფალი ვაჭრობის პუნქტების ოპერირება, არ შეესაბამება რეალობას.
14.10 შემოსავლების სამსახური ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის არგუმენტს. სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შესახებ, რადგან საქართველოს მთავრობის N 181 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერდა საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა. ამავე დადგენილების მე-61 მუხლის თანახმად, შეზღუდვა არ შეხებია საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებს. შეზღუდვა შეეხო მხოლოდ სამგზავრო გადაყვანას.
14.11 შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზების/ სარგებლობის/მართვის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესი განისაზღვრება „სახელმწიფო ქონების განკარგვისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას ელექტრონული აუქციონის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 10 თებერვლის N 1-1/172 ბრძანებით. ბრძანების მე-4 მუხლის 9.3 პუნქტის თანახმად, ელექტრონული აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულის მიერ წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა.
14.12 განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა მოსარჩელემ, მას შემდეგ რაც ცვლილებების შეტანაზე უარი ეთქვა. აუქციონის დასრულების შემდგომ, აუქციონის პირობების ცვლილებას მოქმედი კანონმდებლობა არ იცნობს, შესაბამისად გასაფორმებელ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე უარი მოსარჩელეს შემოსავლების სამსახურის მიერ მართლზომიერად ეთქვა, რაც თავის მხრივ გახდა მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის საფუძველი, ხოლო ხელშეკრულების, გაფორმებაზე უარის თქმა, თავის მხრივ, წარმოადგენს ელექტრონული აუქციონის შედეგების გაუქმების და საგარანტიო თანხის ბიუჯეტში ჩარიცხვის საფუძველს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
15. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „დ.ფ.ჯ–იას“ სარჩელი მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდა. მოპასუხე სსიპ შემოსავლების სამსახურს მოსარჩელე შპს „დ.ფ.ჯ–იას“ სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულების შესრულების საგარანტიო თანხის დაბრუნება - 56 400.00 ლარის ოდენობით.
16. მოპასუხის სააპელაციო საჩივარი
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება
17.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
17.2. სააპელაციო პალატის მითითებით, დადასტურებულია, რომ სახეზე იყო პანდემიით გამოწვეული ვალდებულების შესრულების გართულება, რაც თავის მხრივ საფუძველია ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების. მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობა მოულოდნელად იმდენად გაუარესდა, რომ ხელშეკრულების არსებული პირობებით დადების შემთხვევაში, კომპანიას უკიდურესად გაურთულდებოდა მისი შესრულება. ასეთი სახის გაუარესების შესახებ წინასწარი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში კი მოსარჩელე არ მიიღებდა აუქციონში მონაწილეობას.
17.3. სააპელაციო პალატამ მიუთითა სსკ-ის 398.1 პუნქტზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელეს, პანდემიური ვითარების გამო, გაუჩნდა შეცვლილი გარემოებების გამო ხელშეკრულების შეცვლილი გარემოებებისადმი მისადაგების კანონიერი საფუძველი, შესაბამისად, მოპასუხე მხარის უარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშეა.
17.4. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ სახეზე იყო სსკ-ის 398-ე მუხლით გათვალისწინებული ყველა კუმულაციური წინაპირობა იმისათვის, რომ მოსარჩელეს მიემართა მოპასუხისთვის და მოეთხოვა ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, რაც მოითხოვა კიდეც იმ ფარგლებით, რომელიც არ სცდებოდა გონივრულობისა და კეთილსინდისიერების ფარგლებს, აქედან გამომდინარე, მოპასუხის უარი ხელშეკრულების პირობების ცვლილებაზე გამორიცხავს მოსარჩელის ბრალეულობას.
18. მოპასუხის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:
18.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
18.2. კასატორის მითითებით, მოსარჩელე აუქციონში გამარჯვების შემდგომ ვალდებული იყო გაეფორმებინა ხელშეკრულება, რაც მან არ შეასრულა. რადგან აუქციონის პირობა იყო შემდეგი: ელექტრონული აუქციონის შედეგები გაუქმდება და გამარჯვებულის მიერ ელექტრონულ აუქციონში წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ჩაირიცხება სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე, თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პრიმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე, შესაბამისად, ცხადია, რომ ხელშეკრულების იმპერატიული მოთხოვნა საგარანტიო თანხის უპირობო გამოუხმობლობას გულისხმობდა, რაზეც სასამართლო არ მსჯელობს და არ უთითებს ასეთი სახის პირობის დანიშნულებასა და მიზანზე.
18.3. კასატორის მტკიცებით, სააპელაციო პალატამ არასრულად შეაფასა საქმის გარემოებები და შედეგად, არასწორი სამართლებრივი შედეგი დააყენა. მოსარჩელემ უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე, ანუ ხელშეკრულება იმ პირობებით, რაც განსაზღვრული იყო მხარეთა მიერ არ მიიღო და თავად მოსარჩელის ინიციატივით აღარ გაფორმდა. ასეთ შემთხვევას კი პირდაპირ და არაორაზროვნად განსაზღვრავს დასახელებული დანაწესი, რომლის თანახმად, ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში, ჩარიცხული საგარანტიო თანხა უკან დაბრუნებას აღარ ექვემდებარება. სწორედ ეს საკითხი უნდა შეეფასებინა სასამართლოს, რასაც მან თავი აარიდა.
18.4. კასატორი დამატებით აღნიშნავს, რომ აღნიშნული თანხის განთავსება არ უნდა იქნეს გაგებული, როგორც მოვალის გარანტია. ტენდერებსა თუ აუქციონებში მონაწილეობის მისაღებად საგარანტიო თანხის განთავსების მოთხოვნა განსხვავებული მოწესრიგებისაა და მას აქვს აუქციონში მონაწილეობის მიღების პირობის შინაარსი.
19. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
19.1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
19.2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 ოქტომბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებათა გაანალიზებისა და საკასაციო საჩივრის სამართლებრივი დასაბუთებულობის არსებითად განხილვის გზით შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და, რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
22. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
23. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, 1. ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
24. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა, დაადგინოს რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს (სუსგ N ას-251-2018, 08.02.2022 წ.).
25. საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა, საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა აგებულია რა დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე, პირის დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა ამავე პირის ნებაზეა დამოკიდებული. მხარეები სამოქალაქო სამართალწარმოებაში თვითონვე განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის შეტანის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3-4-ე მუხლები), რაც კანონის მოთხოვნათა დაცვით (ამავე კოდექსის 178-ე მუხლი) უნდა აისახოს მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილ სარჩელში (სუსგ N ას-1163-2018, 08.02.2019 წ.; Nას-495-2020, 23.10.2020 წ).
26. სსკ-ის 398-ე მუხლის თანახმად, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვნილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. 2.გარემოებათა შეცვლას უთანაბრდება, როცა წარმოდგენები, რომლებიც ხელშეკრულების საფუძველი გახდა, არასწორი აღმოჩნდა. 3. მხარეები ჯერ უნდა შეეცადონ, რომ ხელშეკრულება მიუსადაგონ შეცვლილ გარემოებებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი, ან მეორე მხარე ამას არ ეთანხმება, მაშინ იმ მხარეს, რომლის ინტერესებიც დაირღვა, შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე.
27. კანონიერად მიღწეული შეთანხმება იკავებს კანონის ადგილს მათი შემოქმედი მხარეებისთვის. ხელშეკრულების დაურღვევლობის პრინციპიდან სახელშეკრულებო სამართლიანობის პრინციპის უზრუნველსაყოფად არსებობს რამდენიმე გამონაკლისი, რომელთა დაცვაც ისევე მნიშვნელოვანია, როგორც თავად „pacta sunt servanda“-ს უზენაესი წესის აღსრულება. კონკრეტული სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულება სახელშეკრულებო სამართლის ამ უზოგადეს მიზანთან წინააღმდეგობაში არ უნდა აღმოჩნდეს, რითაც შეიძლება საფრთხე შეექმნას სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა შორის უფლება-მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების კერძოსამართლებრივ ღირებულებას. ინდივიდუალურ სახელშეკრულებო ინტერესსა და კერძო სამართლის დაცვითი, სამართლებრივი წესრიგის უზრუნველმყოფ ფუნქციას შორის დილემის, წინააღმდეგობის არსებობისას, სასამართლო აღიჭურვება სახელშეკრულებო ურთიერთობაში ლეგიტიმური ჩარევის ძალმოსილებით.
28. სახელშეკრულებო ურთიერთობებში შეცვლილი გარემოებების აღმოცენება თანამედროვე სამოქალაქო ბრუნვის თანმდევი რისკია, რომელთა პირობებშიც ხელშეკრულების უზენაესობის პრინციპის შეუზღუდავი გამოყენება სახელშეკრულებო წონასწორობის, სამართლიანობის, გონივრულობის, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპთა რღვევას განაპირობებს, შესაბამისად, „pacta sunt servanda-ს“ პრინციპთან ერთად თანაარსებობს „clausula rebus sic standibus“-ის დოქტრინა, რომელიც სახელშეკრულებო პირობების მხოლოდ უცვლელ გარემოებათა პირობებში მბოჭავი ძალმოსილების შენარჩუნებას ითვალისწინებს.
29. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოსთვის განსახილველ მთავარ სამართლებრივ საკითხს წარმოადგენს არსებობდა თუ არა ხელშეკრულების პირობების შეცვლილი გარემოებებისთვის მისადაგების სამართლებრივი საფუძველი და აქედან გამომდინარე განთავსებული საგარანტიო თანხის მოთხოვნის შესაძლებლობა.
30. მოსარჩელე თავის პოზიციას აფუძნებს ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შესრულების გართულებას, რაც გამომდინარეა პანდემიური ვითარებით შემქნილი რთული დღისწესრიგით, შესაბამისად, აუქციონში მონაწილეობისთვის წარდგენილი საგარანტიო თანხა უნდა იქნეს დაბრუნებული. მოპასუხის მტკიცებით, აღნიშნული თანხა ვერ დაბრუნდება, რადგან აუქციონის გამარჯვების პირობას წარმოადგენდა ხელშეკრულების ხელმოწერა, რაც არ განხორციელებულა. გარიგების დაუდებლობის შემთხვევაში კი აუქციონის პირობების თანახმად, ელექტრონული აუქციონის შედეგები გაუქმდება და გამარჯვებულის მიერ, „ელექტრონულ აუქციონში წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ჩაირიცხება სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე“.
31. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირველ რიგში, შეცვლილი გარემოებების ან ვალდებულების შესრულების შეუძლებლობის, ასევე გართულების ნაცვლად დასადგენია მხარეთა შორის არსებული სამართალურთირთობის შეფასება, შედეგად იმის განსაზღვრა, შესაძლებელია თუ არა სსკ-ის 398 მუხლის (შეცვლილი გარემოებებისადმი სახელშეკრულებო პირობების მისადაგება) გამოყენებით სამართლებრივი შედეგის მიღწევა.
32. საკასაციო პალატა ამ კუთხით მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომელმაც დაადგინა შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების პირობების მისადაგების საფუძვლები, რადგან სააპელაციო პალატის მოსაზრებით, არსებობდა შესრულების შეუძლებლობის ისეთი შემთხვევა, როდესაც გამოირიცხება მოსარჩელის ბრალეულობა. შედეგად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია რა, რომ მოპასუხის უარი - შეეცვალა ხელშეკრულებების პირობები, იყო უსაფუძვლო, სასარჩელო მოთხოვნის წარმატებულობა დააფუძნა უსაფუძვლო გამდიდრების - სსკ-ის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტს, რომლის თანახმად, ვითომ-კრედიტორის მიმართ წაყენებული მოთხონა უსაფუძვლო გამდიდრების გამო თანხის უკან დაბრუნების შესახებ წარმატებულია, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს არ წარმოიშობა ან შეწყდა.
33. საკასაციო პალატა ზემოაღნიშნულ მოტივაციას ვერ გაიზიარებს, რადგან სსკ-ის 398-ე მუხლის დისპოზიცია თავისთავად იმპერატიულად ადგენს ხელშეკრულების არსებობის ფაქტს, რომლის პირობებზეც მხარეები შეთანხმდნენ, თუმცა ვითარების შეცვლის გამო ხელშეკრულების პირობებს ცვლიან. აქედან გამომდინარე, ცალსახაა, რომ ნორმის სიტყვა-სიტყვითი განმარტება გულისხმობს ხელშეკრულების არსებობასა და მხარეთა ვალდებულებით-სამართლბრივ შებოჭვას. სწორედ სახელშეკრულებო შებოჭვისას შესრულების გართულება ხდება შემდგომ აღნიშნული ნორმის წამატებულად გამოყენების საფუძველი.
34. განსახილველ შემთხვევაში კი დადგენილია, რომ მხარეებს შორის ხელშეკრულება არ დადებულა, კერძოდ, მოსარჩელემ, მართალია, გაიმარჯვა აუქციონში, თუმცა ეს აპრიორულად არ ნიშნავს ხელშეკრულების ამოქმედებას. ვალდებულების დაწყების მომენტი ასეთ დროსაც ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება და მის შინაარსზე დათანხმებაა ხელშეკრულების ხელმოწერით. წინამდებარე შემთხვევაში კი ასეთი სახის მოცემულობა არაა, რადგან თავად მოსარჩელემ თქვა უარი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რაც ნიშნავს იმას, რომ მხარეთა შორის ხელშეკრულება არ დადებულა, შესაბამისად, დაუდებელი ხელშეკრულების მიმართ შეცვლილი გარემოებების გამო პირობების შეცვლის მოპასუხისთვის დავალდებულება ვერ იქნება ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისი, რადგან, ამ შემთხვევაში, ცალსახად გამოირიცხება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებათა ამოქმედება.
35. თავის მხრივ, აუქციონის წესებით ნათლად დასტურდება, რომ გამარჯვებულის მიერ ელექტრონულ აუქციონში წარმოდგენილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის/ბეს თანხა სრულად ჩაირიცხება სსიპ შემოსავლების სამსახურის ანგარიშზე თუ ელექტრონულ აუქციონში გამარჯვებულმა პირმა უარი განაცხადა ხელშეკრულების ხელმოწერაზე. აღნიშნული პირობით ცალსახადაა დადგენილი, რომ ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერის საფუძველს არ აქვს არავითარი სამართლებრივი ბერკეტი მოთხოვნილ იქნეს გარანტიის თანხა. დანაწესი აცხადებს, რომ ასეთი სახის თანხა უპირობო და გამოუხმობია, შესაბამისად, ვერ მოხდება მისი კომპენსირება, მით უმეტეს ისეთ შემთხვევაში, როდესაც მხარე უარს ამბობს გარიგების დადებაზე, შესაბამისად, ამ გაგებით, სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება წარუმატებელია.
36. რაც შეეხება თავად შესრულების შეუძლებლობასა თუ შეცვლილი გარემოებებისადმი ხელშეკრულების პირობების ცვლილებას, საკასაციო პალატა განსაზღვრავს, რომ თუ კი თავად ხელშეკრულება ხელმოუწერელია და მხარეები ურთიერთვალდებულებით სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ არიან, სსკ-ის 398-ე მუხლიდან გამომდინარე შეუძლებელია იმ სახელშეკრულებო პირობების ცვლილების მოთხოვნა, რომელი ხელშეკრულებაც ძალაში არ შესულა მოსარჩელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის გამო. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ შესრულების შეუძლებლობის შეფასებაზე მსჯელობა არარელევანტურია და თანხის დაბრუნება ვერ იქნება ამ საფუძველზე დამოკიდებული.
37. საკასაციო პალატა განსაზღვრავს, რომ ვერც თანხის კანონისმიერი საფუძვლით მოთხოვნის დასაბუთება იქნება გაზიარებული, რადგან სსკ-ის 976-ე მუხლი განსაზღვრავს ისეთ შემთხვევებს, როდესაც მხარეები ურთიერთ-ვალდებულებით დამოკიდებულებაში ერთმანეთთან არ იმყოფებიან სახელშეკრულებო გაგებით და სწორედ ამ დროს ერთი მხარის მიერ შესრულებული, მეორე მხარესთვის იწვევს უსაფუძვლო დამდიდრების, როგორც სამართლებრივი შედეგის წარმოშობას. განსახილველ შემთხვევაში კი სამართლებრივი საფუძველი სახეზეა, რაც გულისხმობს ერთი მხრივ, აუქციონის ჩატარებას, ხოლო, მეორე მხრივ, საგარანტიო თანხის განთავსებას, რომლებიც ორივე მხარემ შეასრულა, ხოლო თანხის უპირობო გამოუხმობის საკითხი, რადგან მათ შორის გათვალისწინებული სააუქციონო წესებითაა მოწესრიგებული, გამორიცხავს რამე სახის უსაფუძვლობას, შესაბამისად, ამ კუთხითაც, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
38. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს ამგვარი საფუძვლები და არ არის საჭირო მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო პალატა უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
9. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ შემოსავლების სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 16 ოქტომბრის განჩინება;
3. შპს "დ.ფ.ჯ–იას" სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს "დ.ფ.ჯ–იას" (ს.კ. .....) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) სასარგებლოდ დაეკისროს სამივე ინსტანციის სასამართლოში გადასახდელი ბაჟის ჯამური ოდენობა - 6 768 ლარი;
5. მოსარჩელე შპს „დ.ფ.ჯ–იას“ (.......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხის ნაწილი - 1 688.00 ლარი. (გადახდის თარიღი - 23/06/2020; საგადახდო დავალება N 3580599; გადამხდელი - შპს „დ.ფ.ჯ–ია“, გადამხდელის ბანკი - სს „ტერაბანკი“, სახაზინო კოდი - 300773150; მიმღები - სახელმწიფო ხაზინა - TREDGE22).
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე