¹ბს-1037-991(კ-07) 10 იანვარი, 2008წ.
თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის
საქმეთა პალატამ
შემადგენლობით:
ლალი ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “.....” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. ძ-ამ, თ. ჩ-ამ, ლ. ხ-ემ, ნ. კ-ამ და კ. კ-ამ 2007 წლის 12 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართეს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალური საბაჟო “....” მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება ბ. ძ-ის _ 2607.73 ლარის, თ. ჩ-ის _ 2295.18 ლარის, ლ. ხ-ის _ 2838.38 ლარის, ნ. კ-ის _ 2641.63 ლარის, კ. კ-ის _ 2652.63 ლარის ოდენობით.
მოსარჩელეთა მითითებით, ბ. ძ-ა, თ. ჩ-ია, ლ. ხ-ე და კ. კ-ია მუშაობდნენ რეგიონალური საბაჟო “....” საბაჟო-საგუშაგო “...” უფროს ინსპექტორებად, ხოლო ნ. კ-ია _ რეგიონალური საბაჟო “....” საბაჟო-საგუშაგო “.....” ინსპექტორად. 2007 წლის 14 მარტის წერილით მოპასუხემ აღიარა კ. კ-ას სახელფასო დავალიანება, ხოლო 2007 წლის 2 აპრილის წერილებით _ დანარჩენ მოსარჩელეთა დავალიანებები. “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო (ხელფასი), ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას (ტ. I, ს.ფ. 1-2).
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული (ტ. I, ს.ფ. 32).
ამავე სასამართლოს 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის რეგიონალურ საბაჟო “....” დაეკისრა ბ. ძ-ას სასარგებლოდ _ 2607.73 ლარის, თ. ჩ-ას სასარგებლოდ _ 2295.18 ლარის, ლ. ხ-ის სასარგებლოდ _ 2838.38 ლარის, ნ. კ-ას სასარგებლოდ _ 2641.63 ლარისა და კ. კ-ას სასარგებლოდ _ 2652.63 ლარის, სულ _ 13035.55 ლარის ოდენობით სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები რეგიონალური საბაჟო “....” საბაჟო-საგუშაგო “.....” გათავისუფლდნენ 2007 წელს და მოპასუხეს გააჩნდა სახელფასო დავალიანება, რომელიც აღიარებული იყო მის მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არაარსებობის დადასტურება, რომელზეც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებს, სასამართლოს მიერ მიიჩნევა საკმარის მტკიცებულებად, ხოლო “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან განთავისუფლების დღემდე (ტ. I, ს.ფ. 43-47).
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა საბაჟო “.....,” რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
აპელანტის მითითებით, “2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-6, მე-8 და მე-10 მუხლების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავალიანების დასაფარავად გამოეყო 587785000 ლარი, აქედან 3 მილიონი ლარი მიმართული უნდა იქნეს სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის. შესაბამისად, დავალიანების დასაფარავად თანხები უნდა გამოჰყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, ხოლო რეგიონალური საბაჟო “.....” დავაში არასათანადო მოპასუხედ უნდა იქნას მიჩნეული (ტ. I, ს.ფ. 50-51).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “.....” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი (ტ, II, ს.ფ. 31-32).
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალურმა საბაჟო “.....,” რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის მოსაზრებით, დავალიანების თანხები უნდა გამოჰყოს საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ. რეგიონალური საბაჟო “დასავლეთი” არის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ტერიტორიული ორგანო, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. ამა თუ იმ დავალიანების დასაფარავად თანხებს გამოჰყოფს და შემოსავლების სამსახურის ბიუჯეტში გადარიცხავს ფინანსთა სამინიტრო, რის შემდგომაც შემოსავლების სამსახური რეგიონალურ საბაჟო “.....” თანხების დანიშნულებისამებრ გაცემას ავალებს. ამდენად, სადავო საქმეში რეგიონალური საბაჟო “....” არ უნდა იქნეს მიჩნეული ერთადერთ და სათანადო მოპასუხედ (ტ. II, ს.ფ. 45-46).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევების გარეშე და საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება საკასაციო საჩივარში არ არის დასაბუთებული. მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე სახელმძღვანელო და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “....” საკასაციო საჩივარი არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის რეგიონალური საბაჟო “.....” საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 9 ოქტომბრის განჩინებაზე მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.