საქმე №ას-1247-2024
20 ნოემბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - დ.ბ–ი (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარეები - ხ.ს–ი, თ.ს–ი (მოსარჩელეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ხ.ს–ისა და თ.ს–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. აეკრძალა დ.ბ–სა და ა.ბ–ს, ხ.ს–ისათვის და თ.ს–ისთვის საიჯარო ქონებით, მდებარე: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......., ს/კ ...... და ს/კ ......, სარგებლობაში ხელშეშლა. საიჯარო ქონება, მდებარე: გურჯაანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ......., ს/კ ...... და ს/კ ....., მფლობელობაში დაუბრუნდეს ხ.ს–ს და თ.ს–ს.
2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებით ა.ბ–ისა და დ.ბ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებაზე დ.ბ–მა წარადგინა საკასაციო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, დ.ბ–ს დაევალა ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ დ.ბ–ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.
9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 04 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი, რომლის მიხედვითაც, დ.ბ–ს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა: 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დედანი დოკუმენტი.
13. აღნიშნული განჩინება გაეგზავნა თავად კასატორს, დ.ბ–ს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაჰბარდა პირადად 2024 წლის 23 ოქტომბერს. შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 07 (შვიდი) დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 24 ოქტომბერს და ამოიწურა ამავე წლის 30 ოქტომბერს. ამდენად, კასატორს ხარვეზი უნდა შეევსოთ 2024 წლის 30 ოქტომბრის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსაზღვრული ვადის ფარგლებში მხარის მიერ არ მომხდარა ხარვეზის შევსება, ან შესაბამისი სახის შუამდგომლობის დაყენება, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
14. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დ.ბ–ის საკასაციო საჩივარი დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. დ.ბ–ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 16 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლე : მირანდა ერემაძე