საქმე № ას-860-2024 9 ოქტომბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - თ.მ–ძე (აპელანტი, მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ბ.კ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
დავის საგანი – უძრავი ნივთის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თ.მ–ძის (შემდეგში: მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) საკასაციო პრეტენზიით დაუსაბუთებელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მარტის განჩინება, რომლითაც უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება. აღნიშნული გადაწყვეტილებით, ბ.კ–ძის სარჩელი დაკმაყოფილდა.
გამოთხოვილი იქნა თ.მ–ძის უკანონო მფლობელობიდან ბ.კ–ძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., საკადასტრო კოდით №..... და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრეს - ბ.კ–ძეს
კასატორის მტკიცებით, უძრავი ქონება, რომელსაც იგი ფლობს ს/კ N.... აუქციონზე გასხვისდა უსამართლოდ და დაირღვა კანონი, შესაბამისად, იგი მიიჩნევს, რომ სამართლებრივი საფუძვლით ფლობს სადავო ქონებას. კასატორი კონკრეტულად არ უთითებს, თუ რა იგულისხმება უსამართლობასა და კანონის დარღვევაში, თუმცა, აღნიშნავს, რომ თ.მ–ძეს გასაჩივრებული აქვს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული განკარგულება NA21084535-017/001 07.09.2021 და საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ N882021758568-07 15.09.2021. ე.ი. თ.მ–ძეს სადავოდ აქვს გამხდარი ბ.კ–ძის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი ს/კ .....-ზე.
საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით, თ.მ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულია წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
2. საკასაციო პალატა საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებელია, რადგანაც იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს.
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, შემდეგ გარემოებათა გამო:მა) განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრების დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ბ) სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით კასატორს ასეთი დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით (იხ. სუსგ-ები №ას-1043-1004-2016, 2016 წლის 12 დეკემბრის განჩინება; №ას-901-867-2016, 2016 წლის 9 დეკემბრის განჩინება; №ას-3-3-2016, 2016 წლის 9 მარტის განჩინება; №ას-1082-1039-2016, 2017 წლის 14 თებერვლის განჩინება; №ას-292-276-2017, 2017 წლის 31 მარტის განჩინება; №ას-358-334-2017, 2017 წლის 13 აპრილის განჩინება).
6. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი უკავშირდება საკუთრების უფლების დაცვას და მესაკუთრის მიერ უფლების დამრღვევი პირის მიმართ აღძრულია იმგვარი მოთხოვნა, რომელიც საკუთრების უფლების ობიექტის დაბრუნებას გულისხმობს, ანუ მესაკუთრე სასამართლოს მეშვეობით ითხოვს სხვისი უკანონო მფლობელობიდან საკუთარი ნივთის გამოთხოვას.
7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალში საკუთრების უფლება განმარტებულია ვრცლად და იგი მოიცავს არაერთ ქონებრივ/ფულად უფლებას, რომელიც საკუთრებიდან გამომდინარეობს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში – „მარქსი ბელგიის წინაღმდეგ" განმარტა: „იმის აღიარებით, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, მუხლი პირველი არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. ეს არის სრულიად ცხადი წარმოდგენა, რომელსაც ტოვებს სიტყვები „საკუთრება“ და „საკუთრების გამოყენება’’ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება - ,,მარქსი ბელგიის წინააღმდეგ", განაცხ. 6833/74, სტრასბურგი, 1979 წლის 13 ივნისი).
8. სსკ-ის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
9. უკანონოდ დაკავებული ფართის გამოთავისუფლებისა და გადაცემის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილია.
10. სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამ უკანასკნელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. შესაბამისად, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისთვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: ა) მოსარჩელე უნდა იყოს მესაკუთრე, ბ) მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და გ) მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
11. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ყველა ის ფაქტობრივი წანამძღვარი, რომელიც ნორმით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელია:
12. ქ. თბილისი, …….., მდებარე (საკადასტრო კოდით №….) უძრავი ნივთი წარმოადგენს მოსარჩელე ბ.კ–ძის საკუთრებას, რომელსაც მოცემული მდგომარეობით ფლობს კასატორი, თ.მ–ძე.
13. ამდენად, ცალსახაა, რომ სსკ-ის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, დადგენილი კუმულაციური წანამძღვრები კერძოდ, მოსარჩელის საკუთრების უფლება ნივთზე და მოპასუხის მიერ სადავო ნივთის ფლობა სასამართლოს მიერ დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემობაა. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის მტკიცების საგანში შემავალ გარემობას წარმოადგენს სადავო უძრავი ქონების მართლზომიერად ფლობის ფაქტი.
14. კასატორი აღნიშნულთან დაკავშირებით აპელირებს მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობის მართლზომიერებაზე, კერძოდ, კასატორის მტკიცებით, უძრავი ქონება, რომელსაც იგი ფლობს ს/კ N...... აუქციონზე გასხვისდა უსამართლოდ და დაირღვა კანონი. კასატორი, კონკრეტულად არ უთითებს, თუ რა იგულისხმება უსამართლობასა და კანონის დარღვევაში, თუმცა, აღნიშნავს, რომ თ.მ–ძეს გასაჩივრებული აქვს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული განკარგულება NA21084535-017/001 07.09.2021 და საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება რეგისტრაციის შესახებ N882021758568-07 15.09.2021. ე.ი. თ.მ–ძეს სადავოდ აქვს გამხდარი ბ.კ–ძის საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტი ს/კ ......-ზე.
15. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი, აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. სსკ-ის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია, ე. ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
16. განსახილველ შემთხვევაში, ქონების მესაკუთრედ საჯარო რეესტრში აღრიცხულია მოსარჩელე ბ.კ–ძე და ამ დროისათვის რაიმე მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რაც საჯარო რეესტრის ამონაწერს დაუპირისპირდებოდა. პალატა იზიარებს პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მოტივაციას, მასზედ, რომ მარტოოდენ საჩივრის წარდგენა საჯარო რეესტრში რეგისტრირებული საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტის მიმართ, საკმარისი არ არის საჯარო რეესტრის ჩანაწერის უტყუარობის პრეზუმფციის გასაბათილებლად. რეესტრის ჩანაწერის სისწორე მოქმედებს მანამ, სანამ მისი უზუსტობა არ დადასტურდება კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან თავად გარიგების მხარეთა მიერ.
17. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას იმის შესახებ, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებს სსსკ-ის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის (სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით) საფუძველზე სხვა ადმინისტრაციული საქმის დასრულებამდე უნდა შეეჩერებინათ მოცემული საქმის წარმოება, სასამართლო მას უსაფუძვლობის გამო ვერ გაიზიარებს და განმარტავს, რომ მითითებული ნორმა საქმის წარმოების შეჩერების აუცილებლობას ითვალისწინებს ისეთ შემთხვევაში, როდესაც დავის გადაწყვეტას სამართლებრივად აფერხებს სხვა სამოქალაქო სამართლის ან ადმინისტრაციული წესით განსახილველი საქმის გადაწყვეტა. მითითებული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების ვალდებულება პირდაპირ კავშირშია ისეთ საპროცესო ინსტიტუტთან, როგორიცაა მტკიცების ტვირთი და ემსახურება ფაქტების დამტკიცების ვალდებულებისაგან მხარეთა გათავისუფლების მიზანს, სამართალწარმოების ერთ-ერთი პრინციპის – პროცესის ეკონომიის პრინციპის რეალიზაციის უზრუნველყოფას, რაც, თავის მხრივ, ეფექტიანი მართლმსაჯულების განხორციელების წინაპირობაა (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-415-415-2018, 04.05.2018წ.). ზემოაღნიშნული საფუძვლით საქმის წარმოების შეჩერების საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა საქმეთა შორის ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში, ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას (იხ. სუსგ საქმე Nას-1719-2019, 22.01.2020წ.).
18. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხეს აღძრული აქვს ადმინისტრაციული სარჩელი აღსრულების ეროვნული ბიუროსა და საჯარო რეესტრის მიმართ და ითხოვს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მიღებული განკარგულებიდს NA21084535-017/001 07.09.2021 და საჯარო რეესტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების (რეგისტრაციის შესახებ N882021758568-07 15.09.2021) ბათილად ცნობას.
19. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებულ პრეტენზიას და კიდევ ერთხელ განმარტავს შემდეგს: ვინდიკაციური სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მოსარჩელე უნდა მიუთითებდეს, რომ: ა) არის ქონების მესაკუთრე; ბ) მოპასუხე ფლობს ქონებას; გ) მფლობელს არ გააჩნია სადავო ქონებაზე ფაქტობრივი ბატონობის მართლზომიერი საფუძველი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებიდან გამომდინარე, მოსარჩელეს ეკისრება, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით დაამტკიცოს ნივთზე საკუთრების უფლება, რაც მოცემულ შემთხვევაში, გამოვლინდა. რაც შეეხება მფლობელს, ამავე ნორმიდან გამომდინარე, მისი შესაგებელი შეიძლება, ემყარებოდეს, როგორც ფლობის ნამდვილი, მართლზომიერი უფლების არსებობას, ისე - საკუთრების უფლების ნამდვილობას და როგორც ერთი, ისე მეორე ფაქტის სათანადო მტკიცებულებით დადასტურება მისი მტკიცების ტვირთს შეადგენს. მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოპასუხემ ვერ დაძლია მტკიცების ტვირთი და ვერ დაადასტურა მართლზომიერი ფლობის ფაქტი, შესაბამისად, სასამართლო ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მონაცემებით (სკ-ის 312-ე მუხლი) და მიიჩნევს, რომ კასატორის უფლება ვერ განიხილება მართლზომიერად. ამდენად, სხვა დავის გადაწყვეტამდე, მიმდინარე დავის შეჩერების საფუძველი არ არსებობს - დასახელებულ ორ საქმეს შორის ისეთი კავშირი, რომ სხვა საქმეში გარკვეული გარემოებების დადგენამდე, მიმდინარე საქმის განხილვა შეუძლებელი იყოს, არ იკვეთება. საკუთრების უფლება დადასტურებულია კანონით დადგენილი წესითა და ფორმით, ხოლო კასატორი სადავო უძრავ ქონებაზე მართლზომიერი ფლობის საფუძვლის არსებობაზე ვერ მიუთითებს.
20. რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობებს საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა დასაშვებობის შემოწმება ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზეც ეცნობათ მხარეებს.
21. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო საჩივრის დასაშვებობას ამოწმებს სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობა. კოლეგია უფლებამოსილია, აღნიშნული საკითხი გადაწყვიტოს ზეპირი განხილვის გარეშე. საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის შემთხვევაში კი სასამართლო მსჯელობს საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მიზანშეწონილობაზე.
22. ზემოაღნიშნული გარემოებებისა და დასაბუთების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხივლელი, რადგან არ არსებობს მისი დასაშვებად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთანავე, არ დაკმაყოფილდეს კასატორის შუამდგომლობა საკასაციო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვის შესახებ.
23. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (105 ლარი).
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.მ–ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. თ.მ–ძეს (პ.ნ.........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მ.ა–ძის მიერ გადახდილი (საგადახდო დავალება №22859246151, გადახდის თარიღი 15.07.2024) 150 ლარის 70% - 105 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე