Facebook Twitter

საქმე №ას-751-2024 24 ოქტომბერი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - შპს „ს.კ.მ–ი“ (აპელანტი, მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს თ.ს.კ–ია“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ხელშეკრულების შეწყვეტის უკანონოდ ცნობა, დაკისრებული

პირგასამტეხლოს გაუქმება, შესრულებული სამუშაოების ნაწილის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოპასუხე შპს „თ.ს.კ–იის“ წარმომადგენელის შუამდგომლობა მოსარჩელე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა შესახებ. შპს ,,ს.კ.მ–ის‘‘ სარჩელი მოპასუხე შპს „თ.ს.კ–იის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა.

2. ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა შპს „ს.კ.მ–ი“-მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინებით მოსარჩელე შპს ,,ს.კ.მ–ის‘‘ საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

4. აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა შპს „ს.კ.მ–ი“-მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და ამავე სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ მიღებული განჩინების გაუქმება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩინებით შპს „ს.კ.მ“-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 13 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 28 სექტემბრის განჩინება.

6. აღნიშნული განჩინება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ს.კ.მ–ი“ და მოითხოვა თბილისის სააპლეაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 თებერვლის განჩნების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარზე დადგინდა ხარვეზი და კასატორს დაევალა ანჩინების ასლის ჩაბარებიდან 07 (შვიდი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სსსკ-ის 391-ე მუხლის 1​1 პუქტისა და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით და 8 000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს.კ.მ–ი“-ს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი.

9. სსსკ-ის 59-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში, ხოლო მე-60 მუხლის მე-2 ნაწილისა და 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.

10. სსსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია კანონით დადგენილ ვადაში შეასრულოს შესაბამისი საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას, შესაბამისად, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

11. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სსსკ-ის 391-ე მუხლის 11 პუქტისა და 396-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შედგენილი და დასაბუთებული საკასაციო საჩივარი უფლებამოსილი პირის მიერ პირადი ან კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით და 8000 ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი.

13. აღნიშნული განჩინება თავდაპირველად გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად, კასატორის წარმომადგენელს, თ.კ–ს, (მინდობილობა ტ.3. ს.ფ.109) თუმცა აღნიშნული გზავნილი, როგორც ჩაუბარებელი კონვერტი დაუბრუნდა სასამართლოს.(საფოსტო უკუგზავნილზე მითითებულია, რომ წარმომადგენელი საკასაციო საჩივარში მითითებული მისამართიდან იყო გადასული და თავად მოაკითხავდა გზავნილს) ამის შემდგომ კასატორს, შპს „ს.კ.მ“-ს, საქმის მასალებში მითითებულ კომპანიის იურიდიულ მისამართზე გაეგზავნა ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება და გზავნილი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, ჩაჰბარდა 2024 წლის 02 ივლისს კომპანიის თანამშრომელს. შესაბამისად, სსსკ-ის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისთვის ხარვეზის შევსების 07 (შვიდი) დღიანი ვადის დენა დაიწყო 2024 წლის 03 ივლისს და ამოიწურა ამავე წლის 09 ივლისს ამდენად, კასატორს ხარვეზი უნდა შეევსო 2024 წლის 09 ივლისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ განსაზღვრული ვადის ფარგლებში მხარის მიერ არ მომხდარა ხარვეზის შევსება, ან შესაბამისი სახის შუამდგომლობის დაყენება, რაც საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

14. სსსკ-ის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ს.კ.მ–ი“-ს საკასაციო საჩივარი დადგენილი ხარვეზის შეუვსებლობის გამო უნდა დარჩეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.კ.მ“-ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე : მირანდა ერემაძე