საქმე №ას-623-2024 14 ოქტომბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „მ.დ–ი“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.ჯ–ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „მ.დ–ი“ (შემდეგ - მოპასუხე, აპელანტი, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 მარტის განჩინებას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც ნ.ჯ–ძის (შემდგომ - მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს დაეკისრა 48 031 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
2. კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ მისთვის თანხის დაკისრებას და განმარტავს, რომ კომპანიამ მოსარჩელის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულება ვერ შეძლო კოვიდპანდემიის გამო. რაკი ამ გარემოების თავიდან აცილება კასატორს არ შეეძლო, მას თანხა არ უნდა დაეკისროს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:
6. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
7. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი გარემოებები:
7.1. 2019 წლის 23 აგვისტოს მხარეთა შორის გაფორმებული უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, „ხელშეკრულებით“ გათვალისწინებული პირობების დადგომისას, თბილისში ს/კ ........ მიწის ნაკვეთზე ასაშენებელ მრავალსართულიან სახლში „გამყიდველის“ მომავალ საკუთრებაში არსებული ფართიდან 82.85 კვ.მ-ის ფართზე „კანონმდებლობით“ დადგენილი წესით „მყიდველთან“ ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის ძირითადი ხელშეკრულების საგანი იქნებოდა 82.85 კვ.მ ფართი, მდებარე ასაშენებელი მრავალსართულიანი სახლის ბ ბლოკის, ......... სართულზე, ბინა №95. ხელშეკრულებით საცხოვრებელი ფართის ღირებულება განისაზღვრა 51 367 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარით.
7.2. 2019 წლის 23 აგვისტოს გაფორმებული „უძრავი ნივთის წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების“ შეწყვეტისა და რესტიტუციის დადგომის პირობების თაობაზე 2022 წლის 15 თებერვლის მხარეთა შეთანხმების თანახმად, ამ შეთანხმების ძალაში შესვლის დღიდან ორივე მხარე თავისუფლდებოდა 2019 წლის 23 აგვისტოს უძრავი ნივთის ნასყიდობის წინარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან, გარდა ამ შეთანხმებით განსაზღვრული მოთხოვნებისა; კერძოდ, 2022 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ორმხრივ რესტიტუციაზე, რომლის თანახმად, „გამყიდველის“ მხრიდან „მყიდველის“ მიმართ რესტიტუცია დადგებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც გამყიდველი და მყიდველი მიერ ერთობლივად ან დამოუკიდებლად, უძრავ ნივთს ნასყიდობის წინარე ხელშეკრულების საგანს მესამე პირზე გაასხვისებდნენ.
7.3. ამავე შეთანხმებაში მხარეებმა დაადასტურეს, რომ მყიდველის მიერ ხელშეკრულების შეწყვეტამდე შეტანილი თანხა შეადგენდა 48 031 (ორმოცდარვა ათას) ლარს, რომელიც დაუბრუნდება მყიდველს, გარდა ხელშეკრულებით განსაზღვრული 10%-იანი პირგასამტეხლოსი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლის დაკისრებაც წარმოადგენდა მხარის უფლებას და არა ვალდებულებას. თანხა უნდა ჩარიცხულიყო ნასყიდობის საგნის მესამე პირზე რეალიზაციის შემდეგ. ამასთან, 3 თვის განმავლობაში, თუ არ გაიყიდებოდა ბინა, მხარეები გააფორმებდნენ დამატებით შეთანხმებას, რომლითაც განისაზღვრებოდა თანხის დაბრუნების გრაფიკი, კერძოდ, კომპანია იღებდა ვალდებულებას, დამატებითი შეთანხმების გაფორმებიდან სამი თვის შემდეგ დაეწყო თანხის გადახდა, ამასთან, თანხის დაბრუნების გრაფიკი განისაზღვრებოდა არანაკლებ 12 თვით, ხოლო თანხა მყიდველის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხებოდა.
7.4. მოპასუხეს მშენებლობის ნებართვა არ მოუპოვებია არც ხელშეკრულების გაფორმების მომენტში (2019 წელს) და არც მას შემდეგ (ხელშეკრულების გაფორმებიდან გასულია თითქმის მთელი 5 წელი), შესაბამისად, არც მშენებლობა უწარმოებია. დადგენილია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ნივთი არ არსებობს.
8. ზემოხსენებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მხარეებმა სსკ-ის 352-ე, 405-ე მუხლების საფუძველზე, ორმხრივი რესტიტუცია დაადგინეს. იმ შემთხვევაში, თუ წინარე ხელშეკრულება ნამდვილია, თუმცა მხარე არ ასრულებს მისგან გამომდინარე ვალდებულებას, გამოიყენება სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის შესახებ ნორმები. შესაბამისად, მხარეს შეუძლია, მათ შორის, გავიდეს ხელშეკრულებიდან (შდრ: ბაღაშვილი ეკატერინე, „სამოქალაქო კოდექსის კომენტარი“, წიგნი III, ვალდებულებითი სამართალის ზოგადი ნაწილი, თბილისი, 2019, მუხლი 327). თუმცა, რესტიტუციის მოვალის მიერ თანხის დაბრუნება ამ უკანასკნელის მიერ ნასყიდობის საგნის (რომლის მშენებლობის ნებართვაც კი არ არსებობს) გასხვისებას დაუკავშირეს. საკასაციო პალატა იზიარებს მითითებული პირობის სსკ-ის 92-ე მუხლის საფუძველზე ბათილობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რამდენადაც შეთანხმების შედეგად თანხის დაბრუნება რესტიტუციის მოვალის ნება-სურვილზე დამოკიდებული გახდა, რაც ვერ შეფასდება პირობად, არამედ ნებაზე დამოკიდებული დათქმაა, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს მიჩნეული.
9. კასატორი თანხის დაბრუნების ვალდებულებას სადავოდ არ ხდის, მისი საკასაციო პრეტენზია პანდემიის გამო ვალდებულების შესრულებისაგან გათავისუფლებას უკავშირდება.
10. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ მსოფლიო პანდემია და მის საფუძველზე დაწესებული შიდასახელმწიფოებრივი შეზღუდვები წარმოადგენს საყოველთაოდ ცნობილ ფაქტებს და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამატებით მტკიცებას არ საჭიროებს, თუმცა პანდემიის არსებობა თავისთავად არ გულისხმობს, რომ ყველა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რაც იმ პერიოდში წარმოიშვა ან რომლიდან გამომდინარეც ვალდებულების შესრულების ვადა დადგა, უნდა დაექვემდებაროს სსკ-ის 398-ე მუხლით ცვლილებას ან მოვალე უპირობოდ უნდა გათავისუფლდეს ვალდებულების შესრულებისგან. ვალდებულმა პირმა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენით უნდა დაადასტუროს, რომ პანდემიისა და სახელმწიფოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვების შედეგები მასზე უარყოფითად აისახა და აღნიშნული გარემოებები პირდაპირ უკავშირდება მოვალის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას. ასეთი მტკიცება მოპასუხეს არ წარუდგენია. ამრიგად, პოზიცია, რომ პანდემია მოპასუხეს თავისთავად ათავისუფლებდა თანხის დაბრუნებისაგან, სამართლებრივად წონადი არგუმენტებით მოსარჩელის მხრიდან გამყარებული არ არის, შესაბამისად, ამ ნაწილში საკასაციო პრეტენზია ექვემდებარება უარყოფას.
11. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელისათვის 48 031 ლარის დაბრუნება კანონიერია, ვინაიდან ხელშეკრულებიდან გასვლის სამართლებრივი შედეგი რესტიტუციაა. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც რესტიტუციის მოვალეა, ვალდებულია, შემკვეთს დაუბრუნოს უძრავი ქონების ნასყიდობისათვის ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი თანხა.
12. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიას არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, მან სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მართებულად განსაზღვრა თანხის დაბრუნების ვალდებულება.
13. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.
14. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
16. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „მ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;
2. შპს „მ.დ–ს“ (ს/კ .........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ნინა ინასარიძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2 401.55 ლარის (საგადასახადო დავალება №8941/გადახდის თარიღი 12.08.2024), 70% - 1681.08 ლარი;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
ვლადიმერ კაკაბაძე
გიზო უბილავა