Facebook Twitter

საქმე №ას-95-2023 14 ნოემბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ვლადიმერ კაკაბაძე, გიზო უბილავა

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - მ.ჩ–ი (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - გ.ფ–ძე (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე)

არასრულწლოვანთა კანონიერი წარმომადგენელი - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის უარყოფა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი - არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მ.ჩ–ი (შემდეგ - დედა, მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, კასატორი) ასაჩივრებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებას, რომლითაც გ.ფ–ძის (შემდეგ - მამა, მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; არასრულწლოვნების, ნ.ფ–ძის (დაბადებული 2007 წლის 15 ოქტომბერს) და ს.ფ–ძის (დაბადებული 2010 წლის 19 აპრილს), საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი მათ სრულწლოვანების მიღწევამდე ან სხვა გარემოებების შეცვლამდე; სხვა ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა; შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; დედის არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესი ბავშვების ნების გათვალისწინებით განისაზღვრა შემდეგნაირად: ყოველი კვირის შაბათს, 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან დედასთან; ვითარების შეცვლის შემდეგ (რაც, სადავოობის შემთხვევაში, შეფასდება სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ) ყოველ შაბათს, 18:00 საათიდან კვირა დღის 18:00 საათამდე, არასრულწლოვანი ბავშვები იქნებიან დედასთან სახლში დატოვების უფლებით; სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში მოპასუხეს დაეკისრა 150 ლარი მოსარჩელის სასარგებლოდ; მოსარჩელეს იურიდიული მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის ანგარიშში დაეკისრა 133.33 ლარი მოპასუხის სასარგებლოდ.

2. კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებლად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და მოითხოვს არასრულწლოვანთა საცხოვრებელ ადგილად განისაზღვროს დედის საცხოვრებელი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

3. საკასაციო სასამართლომ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგ - სსსკ-ის) 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

4. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

5. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

6. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

7. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება - დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

8. კასატორს არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რაც საშუალებას მისცემდა სასამართლოს, არსებითად განსახილველად დაეშვა საკასაციო საჩივარი.

9. წინამდებარე საქმეში კვლევის საგანს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების დადგენა და იმის განსაზღვრა წარმოადგენს, თუ რა იქნება ბავშვის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულფასოვანი წევრის, ფიზიკური, გონებრივი და სულიერი განვითარებისათვის სასარგებლო. ამ მიზნიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის კონვენციით, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციითა და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით აღიარებულ მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპზე შვილების მიმართ და ბავშვის უფლებაზე, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

10. „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენცია აწესებს ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის. კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია, იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვების მიმართ ყველა მოქმედებაში, იმის მიუხედავად, მიმართავენ მას სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები, უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უზრუნველყოფას. კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან, შესაბამის შემთხვევებში, კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.

11. სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასა და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილებებში, სადაც განხილულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული მშობლისა და ბავშვის უფლებები, უპირატესობა მიენიჭოს ბავშვის უფლებებს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საჭიროა ინტერესთა დაბალანსება, პრიორიტეტულია ბავშვის საუკეთესო ინტერესის კვლევა და მისი შესატყვისი გადაწყვეტილების მიღება (იხ. Elsholz v. Germany, N25735/94, 31.07.2000, პარ. 52; TK and KM v. UK, N 28945/95, 10.05.2001, პარ. 72. შდრ. ასევე, სუსგ №ას-967-916-2015, 25.02.2016წ.). ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული ოჯახური ცხოვრების პატივისცემა გულისხმობს არა მხოლოდ ერთად მცხოვრები ოჯახის წევრების უფლებების დაცვასა და პატივისცემას, არამედ ცალ-ცალკე მცხოვრები ოჯახის წევრებს შორის კავშირის შენარჩუნებასაც და ოჯახური გარემოს დაცვის ვალდებულებას ისეთ შემთხვევებშიც, როგორც ეს განსახილველ საქმეშია. ეროვნული სასამართლო ვალდებულია, ხელი შეუწყოს ოჯახური კავშირის აღდგენასა და განმტკიცებას, რაც, უპირველეს ყოვლისა, ბავშვის ჭეშმარიტი და საუკეთესო ინტერესითაა განპირობებული. ოჯახის გაერთიანების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას, არამედ მშობლისა და შვილის მჭიდრო კავშირს, რასაც ყოველმხრივ უნდა შეუწყოს ხელი სასამართლომ, თუკი არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგო წინაპირობა, რადგან მშობლისა და ბავშვის ინტერესთა ბალანსის დაცვის პროცესში, სწორედ ბავშვის ინტერესია ამოსავალი და სახელმძღვანელო სასამართლოსა და ყველა ადმინისტრაციული თუ სხვა ორგანოსათვის, რაც უმეტესწილად გადაწონის მშობლის ინტერესს.

12. ბავშვის უფლებათა კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, მასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას უპირატესობა მიენიჭოს მის საუკეთესო ინტერესებს. იმავე კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბავშვს უფლება აქვს, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში, სადაც შექმნილია პირობები მისი ჰარმონიული აღზრდისა და განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.

13. სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ-ის) 1201-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად უნდა განსაზღვროს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს ბავშვი. ამისათვის საკასაციო სასამართლო დეტალურად გაეცნო საქმის მასალებს და დადგენილად მიიჩნევს, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ გამოკვლეული და შეფასებული გარემოებები, რასაც მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დაეფუძნა, სრულად შეესაბამება ეროვნული და საერთაშორისო სამართლის მიერ დამკვიდრებულ პრინციპებს ბავშვის საუკეთესო ინსტერესებისათვის. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლომ სსსკ-ის 354-ე მუხლით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იმსჯელა და დაადგინა სადავო საკითხის გადაწყვეტისათვის ყველა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება, რომელიც, უწინარესად, ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარეობს (გაეროს „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ მე-3 მუხლი). ამასთან, გასაჩივრებული განჩინება, სსსკ-ის 2511.2 მუხლის შესაბამისად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების უპირატესი გათვალისწინების მიზნით, დასაბუთებულია ბავშვის უფლებათა კოდექსის 81-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული შესაბამისი საბაზისო კრიტერიუმების მიხედვით. სწორედ ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე სასამართლომ გამოიკვლია მტკიცებულებები და დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

13.1. მოსარჩელე და მოპასუხე 2005 წლიდან 2014 წლამდე იმყოფებოდნენ ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში, როდესაც შეეძინათ ორი შვილი - 2007 წლის 15 ოქტომბერს დაბადებული ნ.ფ–ძე და 2010 წლის 19 აპრილს დაბადებული ს.ფ–ძე;

13.2. არასრულწლოვნები 2014 წლის მაისამდე ცხოვრობდნენ დედასთან ქ. მარნეულში, ...... მდებარე ბინა №29-ში. არასრულწლოვნების ნ.ფ–ძისა და ს.ფ–ძის დედასთან ცხოვრების პერიოდში, ბავშვების აუცილებელი მოთხოვნები, სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა და ყველა საჭირო პირობები უზრუნველყოფილი იყო; მოპასუხე დედასთან, მეუღლესთან ნ.შ–ძესა და არასრულწლოვან შვილთან - 2016 წლის 15 ოქტომბერს დაბადებულ ა.შ–ძესთან ერთად ცხოვრობს ქ. მარნეულში, .......... ოჯახი ცხოვრობს ერთოთახიან ბინაში, სადაც დამაკმაყოფილებელია საცხოვრებლის ზოგადი მდგომარეობა, დაცულია უსაფრთხოებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები;

13.3. არასრულწლოვნები მამასთან საცხოვრებლად გადავიდნენ 2014 წლიდან თბილისში (........., კორპუსი 15, ბინა №13), სადაც ცხოვრობს მოსარჩელესთან ფაქტობრივ საქორწინო ურთიერთობაში მყოფი მ.ც–იც. სამოთახიანი საცხოვრებლის საყოფაცხოვრებო პირობები და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები დამაკმაყოფილებელია. არასრულწლოვნებს აქვთ ცალკე საძინებელი, რომელშიც განთავსებულია ასაკობრივი განვითარების საჭირო ნივთები; არასრულწლოვნები არიან სკოლის მოსწავლეები, სწავლობენ სსიპ ქ. თბილისის №126 საჯარო სკოლაში;

13.4. მოსარჩელე დასაქმებულია შპს „B.P-ში“ მძღოლად და აქვს სტაბილური შემოსავალი ხელფასის სახით; დედა შრომისუნარიანია. ამჟამად, დასაქმებულია საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციაში „მერსი ქორი“ ბიზნესგანვითარების ოფიცრად;

13.5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 17 მარტის განჩინებით დაკმაყოფილდა დროებითი განკარგულებით შვილთან ურთიერთობის წესის დადგენის თაობაზე დედის შუამდგომლობა: განესაზღვრა დედას არასრულწლოვან შვილებთან, ს.ფ–ძესა და ნ.ფ–ძესთან, ურთიერთობისათვის შაბათს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე და ყოველი კვირა დღის 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, თბილისის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლებით. სასამართლოს 2017 წლის 16 იანვრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა 2016 წლის 17 მარტის სასამართლოს დროებით განკარგულების შეცვლის შესახებ დედის შუამდგომლობა;

13.6. არასრულწლოვანი ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზნით პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას 2016 წლის 25 ოქტომბრის განჩინების საფუძველზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დაევალა ფსიქოლოგის მიერ დასკვნის მომზადება; საკითხების გამოკვლევა-შესწავლისა და არასრულწლოვნების ქცევაზე დაკვირვების მიზნით თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ფსიქოლოგ ო.პ–ის 2017 წლის 8 ივნისის №04-0013885 და 2017 წლის 29 ივნისის №04-00-15825 დასკვნების თანახმად, არასრულწლოვნები მამის მიმართ ავლენენ ემოციურ კავშირს, დედის მიმართ კი – გაუცხოებას. შვილისა და მშობლის ურთიერთდამოკიდებულების განმაპირობებელი ფაქტორების სრულად შესწავლა ვერ მოხერხდა, თუმცა რამდენიმე ასეთი ფაქტორი გამოვლინდა. გასულ წელს ერთობლივი შეხვედრების დროს, როცა ბავშვები მამის გარეშე არ რჩებოდნენ ფსიქოლოგთან, მამა მეტად უარყოფითად საუბრობდა ბავშვის დედის შესახებ. ძირითადად ყურადღებას ამახვილებდა იმაზე, რომ „დედას ბავშვები არ აინტერესებს, მამას მიუგდო, იმიტომ, რომ მამის ჯიშისები არიან’’. ბავშვების მამა ასევე აღნიშნავდა, რომ ბავშვები, როცა აბრაზებენ, აშინებს მ–თან წაყვანით. ფსიქოლოგის განმარტებით, დედის სახელის გამოყენება, როგორც სადამსჯელო მექანიზმის, მეტად უარყოფითი გავლენის მქონეა არა მარტო მშობლისა და შვილის ურთიერთობაზე, არამედ თვითონ ბავშვების ფსიქიკაზეც. დასკვნის მიხედვით, ბავშვებსა და დედას შორის შეხვედრა ფსიქოლოგის გადაწყვეტილებით გაუქმდა. გადაწყვეტილების მიზეზი ბავშვების პოზიცია იყო, მათ უარი თქვეს დედასთან შეხვედრაზე. დედისადმი დამოკიდებულებას დიდწილად განსაზღვრავს ზეგავლენა - ბავშვებს მუდმივად ახსენებენ დედის შესახებ ნეგატიურ ინფორმაციას. ბავშვები ფლობენ მათთვის არასაჭირო ინფორმაციას. ზეგავლენაზე მიუთითებს მხოლოდ უარყოფით მოვლენებზე კონცენტრირება და ყველაფერი დადებითის უარყოფა, აგრეთვე, დედის დაძახება სხვა ქალბატონისთვის, მითუმეტეს მაშინ, როდესაც ბავშვებს ამის სურვილი არ აქვთ. მსგავსი დოზით გავლენის არსებობის პირობებში კი, მშობლისადმი ბავშვების რეალური დამოკიდებულება იკარგება. რომელიმე მშობელზე მუდმივად ნეგატიური ინფორმაციის მიწოდებას უზარმაზარი ზიანის მოტანა შეუძლია ბავშვების ფსიქიკისთვის, ნებისმიერ შემთხვევაში მატრავმირებელია მშობელზე უარის თქმა;

13.7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2022 წლის 4 თებერვლის განჩინებით სხდომაზე ბავშვების გამოკითხვის მიზნით მშობელს არასრულწლოვანთა სააპელაციო სასამართლოში წარდგენა დაევალა. სააპელაციო სასამართლოში არასრულწლოვანმა ბავშვებმა დედის მიმართ მკაფიოდ უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს, ს.ფ–ძემ დედა მოიხსენია ტერმინით „ამ ქალს“, „ეს ქალი“. თხოვნაზე, დედასთან დაკავშირებით გაეხსენებინათ დადებითი ემოციები, უარყოფითი პასუხის გასცეს, რაც იმით ახსნეს, რომ დედასთან მხოლოდ ცუდი მოგონებები აკავშირებთ. არასრუწლოვანმა ბავშვებმა დედასთან ურთიერთობის აღდგენა კატეგორიულად გამორიცხეს, თუმცა ნ.ფ–ძემ დედასთან შესაძლო შერიგებაზე მსჯელობისას მამის დამოკიდებულების გაგება მოინდომა და დასძინა, თუ მამა თანახმა იქნებოდა, თავადაც დაფიქრდებოდა;

13.8. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის, საქმის განხილვაში ჩართული ფსიქოლოგის განმარტებით, თვალშისაცემი და საგანგაშოა, რომ მამის გავლენის შედეგად ბავშვებში დედის მიმართ დაგროვებულია ბრაზი, მკვეთრად ნეგატიური ემოციები, რომლის დაძლევის გარეშეც ერთბაშად დედასთან ურთიერთობის დაწყება ძალიან რთული, ფაქტობრივად შეუძლებელი იქნება. მათივე განმარტებით, აუცილებელია, მამამ ბავშვებს დედის მიმართ შეუქმნას პოზიტიური განწყობა და დედა და შვილები მხოლოდ ამის შემდეგ ეტაპობრივად, ხელახლა გაერთიანდნენ. აღნიშნული მიზნის მიღწევის მიზნით ფსიქოლოგმა ბრაზის დაძლევის კურსის გავლის რეკომენდაცია გასცა.

14. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა წინამდებარე საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მითითებები (საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2020 წლის 18 დეკემბრის განჩინებით ნ.ფ–ძის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2019 წლის 13 მარტის განჩინება, რომლითაც უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ბავშვების საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს), ფსიქოლოგის დასკვნა, ამ უკანასკნელისა და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის განმარტებები, თავად არასრულწლოვანთა სურვილი, ქმედებები, ქცევა და ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე არასრულწლოვან ბავშვთა საცხოვრებლად განსაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი, რაც საკასაციო სასამართლოს შეფასებით, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესს ემსახურება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა, სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგის განმარტებების საფუძველზე არ დასტურდება არცერთი განმაპირობებელი ფაქტორი იმისა, რომ არასრულწლოვანთა საცხოვრებლად ამ ეტაპისათვის უპრიანია, დედის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს. უფრო მეტიც, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლისა და ფსიქოლოგის მოსაზრებების თანახმად, არასრულწლოვანთა საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა ამ ეტაპისათვის, ბავშვების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, შეუძლებელია.

15. საკასაციო პალატა მიუთითებს ბავშვის უფლებათა კოდექსზე, რომლის 78.1-ე მუხლის თანახმად, ბავშვთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებასა და სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოებაში ბავშვს გარანტირებული აქვს შესაძლებლობა საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე გამოხატოს საკუთარი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით. ამასთან, ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასებისა და განსაზღვრისას გასათვალისწინებელია ბავშვის მოსაზრებები. ბავშვის საუკეთესო ინტერესების შეფასება მოიცავს ბავშვის უფლების პატივისცემას, თავისუფლად გამოხატოს თავისი მოსაზრება ყველა საკითხზე, რომელიც მასზე ზეგავლენას ახდენს და მის მიერ გამოთქმული მოსაზრებისთვის სათანადო მნიშვნელობის მინიჭებას (იხ. გაეროს ბავშვთა კომიტეტის №12 ზოგადი სახელმძღვანელო კომენტარი).

16. ამავდროულად, როდესაც საკითხი უკავშირდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებსა და უფლებას, მოუსმინონ, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბავშვის განვითარებადი უნარები. ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა და მეტი გამოცდილება აქვს და მეტი ესმის, მით უფრო უნდა შეცვალონ მშობლებმა, მეურვეებმა ან ბავშვზე პასუხისმგებელმა სხვა პირებმა მითითებები და დარიგებები - შეხსენებითა და რჩევებით, მოგვიანებით, დამოკიდებულება დამყარდეს აზრთა ურთიერთგაცვლით, თანასწორ საფუძვლებზე. შესაბამისად, ბავშვის მომწიფებასთან ერთად მის მოსაზრებებს მეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს მისი საუკეთესო ინტერესების შეფასებისას. სიმწიფე არის გაგებისა და კონკრეტული საკითხის შეფასების უნარი და ბავშვის ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად დგინდება. სიმწიფის განსაზღვრა ძნელია; ბავშვის უფლებათა შესახებ კონვენციის მე-12 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, ეს არის ბავშვის შესაძლებლობები, გამოხატოს მოსაზრებები საკითხთან დაკავშირებით გონივრულად და დამოუკიდებლად. ამასთან, ბავშვს აქვს უფლება, „თავისუფლად გამოთქვას შეხედულებები“. „თავისუფლად“ ნიშნავს – ბავშვს შეუძლია აზრის გამოხატვა ზეწოლის გარეშე და დაუშვებელია ბავშვით მანიპულირება ან მასზე უსაფუძვლო გავლენა ან ზეწოლა. „თავისუფლად“ შინაგანად დაკავშირებულია ბავშვის „საკუთარ“ მოსაზრებასთან: ბავშვს აქვს უფლება, გამოხატოს საკუთარი მოსაზრებები და არა სხვების აზრები. საკასაციო სასამართლო, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კონვენცია კონკრეტულად არ განსაზღვრავს, თუ რა მიიჩნევა ბავშვის ჩვეულ საცხოვრებელ ადგილად. სტანდარტულად, ბავშვის ჩვეული საცხოვრებელი ადგილი განისაზღვრება იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობს რეალურად ბავშვი ანუ ძირითადი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად დამოკიდებულია ბავშვზე, მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ფსიქოემოციურ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე (იხ.: სუსგ №ას-53-51-2016, 06.07.2016წ., №ას-70-2022, 16.02.2022 წ.; №ას-1302-2023, 18.01.2024წ.)

17. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისა და ბავშვთან ურთიერთობის წესის დადგენისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ბავშვის შეხედულებები და მის მიერ გამოთქმული აზრი, ასევე, ყოველდღიური რეჟიმი და რაც მთავარია, ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხზე სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას, დაცული უნდა იქნეს ბავშვის უფლება სტაბილურ გარემოზე, უფლება, არ შეეცვალოს ემოციური, სოციალური მდგომარეობა, საცხოვრებელი გარემო. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა მთლიანად ფოკუსირებულია ბავშვზე, კონკრეტულ ადგილას ცხოვრების ხანგრძლივობაზე, მის ემოციურ და სულიერ კავშირზე ამ ადგილთან, გარემოში მის ინტეგრირებაზე. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტისას უნდა დადგინდეს, თუ სად გრძნობს ბავშვი თავს მშობლიურ ვითარებაში, გრძნობს, ობიექტურად სად განიცდის კეთილგანწყობას ადამიანებისა და საცხოვრებელი პირობებისადმი. არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესის დაცვისას დაუშვებელია სახელმწიფოს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფომ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები, არამედ სახელმწიფოს ეკისრება პოზიტიური ვალდებულება – განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. სახელმწიფოს სახელით გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი. სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება გამოხატვას ჰპოვებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესშიც (იხ.: სუსგ №ას-1302-2023, 18.01.2024წ.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან ურთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Germany [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII).

18. მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი სახელმწიფოების მინისტრთა კომიტეტის R(84)4 რეკომენდაციის პირველი პრინციპის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა, რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანოს ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს.

19. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებულ ოჯახური ცხოვრების უფლებას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI). საქმეში „საჰინი გერმანიის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ განმარტა, რომ „კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს ბავშვისა და მშობლების ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას და ამ ბალანსის ძიებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).

20. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს არასრულწლოვანი ნ.ფ–ძე 15 წლის, ხოლო არასრულწლოვანი ს.ფ–ძე 12 წლის იყო. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოწიფულობის ხარისხიდან გამომდინარე, მათი აშკარა სურვილი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის გასათვალისწინებელია. ბავშვებს დედასთან ცხოვრებაზე ამჟამად აქვთ კატეგორიული დამოკიდებულება და, მიუხედავად იმისა, ეს გამოწვეულია სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორებით, ვითარების სხვაგვარად შეცვლამდე, პალატა არამართებულად მიიჩნევს დედისათვის შვილების დაუყოვნებლივ გადაცემას. თავდაპირველად, საჭიროა დედასთან ჯანსაღი ურთიერთობის აღდგენა. არასრულწლოვანთა ფსიქო-ემოციური ფონის მდგრადობის შენარჩუნების მიზნით, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესად უნდა იქნეს მიჩნეული დარჩნენ ისინი მამასთან ერთად ჩვეულ გარემოში, ხოლო დედას მიეცეს შვილებთან ურთიერთობის გაგრძელებისა და განვითარების შესაძლებლობა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს იმასაც, რომ უკვე რვა წელია არასრულწლოვნები ცხოვრობენ მამასთან თბილისში, შეგუებული და ადაპტირებულნი არიან სკოლას, ინტეგრირებულნი არიან შესაბამის გარემოში და ჩვეული საცხოვრებელ გარემოდან მოწყვეტა პალატას მიზანშეწონილად არ მიაჩნია.

21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ გამოიკვეთა ბავშვების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა და საცხოვრებელ ადგილად დედის - კასატორის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა.

22. კასატორის პრეტენზიის თანახმად, სასამართლომ განსაზღვრა რა დედასთან ურთიერთობის წესი, გასცდა სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, რადგან შეგებებული სარჩელით მოსარჩელეს ეს არ მოუთხოვია. ამ მიმართებით საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის საპროცესო რეალიზაციის წესზე. საოჯახოსამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი საქმეების განხილვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცალკე თავის სახით არის გამოყოფილი, რადგან მას ახასიათებს გარკვეული თავისებურებები. ამ თავისებურებას განაპირობებს საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკა, რომელიც უპირატესად პირადული და განგრძობადია. ერთ-ერთ ფუნდამენტურ თავისებურებას საოჯახოსამართლებრივი დავების განხილვისას, სხვა კატეგორიის საქმეთა განხილვისაგან განსხვავებით, წარმოადგენს ინკვიზიციურობის პრინციპის უფრო ფართოდ გამოყენება. მართალია, საოჯახოსამართლებრივი ურთიერთობები განეკუთვნება კერძოსამართლებრივი ურთიერთობების სფეროს, მაგრამ ამ ურთიერთობების განვითარებითა და სიმტკიცით დაინტერესებულია მთელი საზოგადოება. სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ სასამართლო ინარჩუნებს უფლებას, დაადგინოს ის გარემოებანი, რომელთა აუცილებლობა განაპირობებს არასრულწლოვანის ინტერესებისათვის ყველაზე კეთილსაიმედო გადაწყვეტილების მიღებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო სამართალწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო-სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული, შესაბამისად, სსსკ-ის 354-ე მუხლის საფუძველზე კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, როდესაც საკითხი სსკ-ის 1201-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სასამართლოს პოზიტიურ ვალდებულებას შეეხება, სასამართლომ ყოველი ღონე უნდა იხმაროს, რათა ზედმიწევნით სწორად დაადგინოს არასრულწლოვნის ჭეშმარიტი ინტერესები. ბავშვი არ უნდა დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევების გარდა, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, განსაზღვრავენ სათანადო კანონისა და პროცედურების შესაბამისად, რომ ასეთი განშორება საჭიროა ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულ საფუძველზე პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტები იქონიოს ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება (ამავე კონვენციის 9.1. და 9.3. მუხლები).

23. საკასაციო პალატა არასრულწლოვანთა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხზე მსჯელობისას მიიჩნევს, რომ სასამართლო არ არის შეზღუდული, დავის გადაწყვეტისას დაადგინოს იმ მშობლის ურთიერთობის წესი შვილებთან, რომელთანაც არ ექნებათ ბავშვებს მუდმივი საცხოვრებელი, რათა მშობლების დაშორების მიუხედავად, ბავშვებს ჰქონდეთ ოჯახური გარემო და შეძლონ ამ მოცემულობაში თანაბარი ურთიერთობა ორივე მშობელთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიერ დედისათვის არასრულწლოვანთა ნახვის დღეების განსაზღვრა სწორედ ბავშვების საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, დედასთან ურთიერთობის აღდგენას უკავშირდება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ბავშვთან ურთიერთობის უფლება მშობელს, რომელთანაც შვილი არ ცხოვრობს, არათუ უნარჩუნდება, არამედ ის ვალდებულიცაა, შვილთან ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული და მის საზოგადოების სრულფასოვან წევრად ჩამოყალიბებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ბავშვს არა მხოლოდ აქვს უფლება, იზრდებოდეს და ვითარდებოდეს ჯანსაღ, მასზე მზრუნველ და უსაფრთხო გარემოში, ამასთან, მისი უფლებაა, დაცულ იქნეს ყველა ისეთი შესაძლო ქმედებისაგან, მათ შორის მშობლის ქმედებისგანაც, რომელიც ბავშვის ფსიქოემოციური განვითარებისა და მისი ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველია. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მას შეუნარჩუნდეს ურთიერთობა მასთან არმცხოვრებ მშობელთანაც, მოცემულ შემთხვევაში – დედასთან, რათა გაძლიერდეს ერთ ჭერქვეშ არმყოფი მშობლის მონაწილეობა და მისი აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში, თუ არ არსებობს საგამონაკლისო გარემოება სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული წესით ბავშვთან ურთიერთობის შეზღუდვისათვის (იხ.: სუსგ №ას-63-59-2017, 13.11.2018წ; №ას-173-2022, 08.07.2022წ.; №ას-1635-2022, 31.03.2023წ.).

24. საკასაციო სასამართლომ გაითვალისწინა საქმეზე დადგენილი გარემოებები, არასრულწლოვანი ბავშვების ასაკი და ორივე მშობლის გარემო-სოციალური პირობები, სოციალური სამსახურის მიერ წარმოდგენილი დასკვნები, თვითონ არასრულწლოვანთა ნება-სურვილი და დაასკვნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება დასაბუთებულია და ამ ეტაპისათვის ბავშვების საუკეთესო ინტერესებს შეესაბამება.

25. საკასაციო სასამართლო, ბუნებრივია, წინამდებარე განჩინებით არ ცდილობს რაიმე ფორმით შეზღუდოს სსკ-ის 1202-ე მუხლით აღიარებული რომელიმე მშობლის ინტერესი, უფრო მეტიც, პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ოჯახური ცხოვრების პატივისცემის მრავლისმომცველ უფლებაზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ მშობლისა და ბავშვის მიერ მათი ერთად ყოფნით სიამოვნების მიღება ქმნის ოჯახური ცხოვრების ფუნდამენტურ ელემენტს (იხ. „ნ.წ. და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“). საკასაციო პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკიდურესი და გამონაკლისი შემთხვევების გარდა, თითოეული მშობლის მიერ წახალისებული უნდა იყოს ბავშვის მეორე მშობელთან ურთიერთობა, ვინაიდან ბავშვის სრულყოფილი აღზრდა - განვითარებისათვის აუცილებელი წინაპირობაა.

26. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება: საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-8 მუხლით გარანტირებულია ყველას უფლება, პატივი სცენ მის ოჯახურ ცხოვრებას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მიხედვით, მითითებული დებულება ვრცელ განმარტებას ექვემდებარება და მასში მოიაზრება ოჯახური ცხოვრების ყველა ის ასპექტი, რომელიც დამკვიდრებულია დემოკრატიულ საზოგადოებაში და ემსახურება ამ საზოგადოების კეთილდღეობას, მათ შორისაა - არასრულწლოვანთა ოჯახური ცხოვრების უზრუნველყოფის ასპექტიც, რაც ასახულია ეროვნულ კანონმდებლობაში, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის ბოლო წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება, ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში. მართალია, საერთაშორისოდ აღიარებული ეს უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურს, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე ქმნის ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავს, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით, ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნეს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული „ბავშვის უფლებათა კონვენციაში“. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ. მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სსკ-ის 1198.1 მუხლი). მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს (სსკ-ის 1199-ე მუხლი). მითითებული საკანონმდებლო დანაწესების ანალიზი ქმნის ცალსახა დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ მშობელთა უპირველესი მოვალეობა ბავშვის ჰარმონიული აღზრდა-განვითარება, ოჯახური გარემოს შექმნაა და ამ კუთხით მისაღები ნებისმიერი გადაწყვეტილებისას, უპირატესობა არასრულწლოვნის ჭეშმარიტ ინტერესებს ენიჭება, შესაბამისად, ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმისი უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში (იხ.: სუსგ №ას-458-440-2016, 15.07.2016წ.; №ას-159-149-2017, 31.07.2017წ.).

27. კასატორმა ვერც ის დაასაბუთა, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ეწინააღმდეგება. პირველ რიგში, ამგვარი კატეგორიის საქმებზე ევროსასამართლოს სტანდარტის მიხედვით, ფასდება გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხარისხი, კერძოდ, ევროსასამართლო ადგენს, ჰქონდა თუ არა შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებას საკმარისი მტკიცებულებითი საფუძველი (რაც მოიცავს, მოწმეთა ჩვენებებს, კომპეტენტური ხელისუფლების ორგანოთა დასკვნებს, ფსიქოლოგისა და სხვა ექსპერტის შეფასებებსა და სამედიცინო ცნობებს); აგრეთვე, დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის - ბავშვებს, მიეცათ თუ არა საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა (Havelka and Others v. the Czech Republic, No.23499/06, § 62, 21.06.2007;Haase v. Germany, No.11057/02, § 97, 8.04.2004). საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ ეს სტანდარტი დაცულია.

28. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან.

29. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

30. სსსკ-ის 401-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. ამდენად, კასატორს დაუბრუნდება 300 ლარის 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. მ.ჩ–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს ე.ა–ის (პ/ნ .......) მიერ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო დავალება №15737634305, გადახდის თარიღი 13.01.2023), 70% - 210 ლარი;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

ვლადიმერ კაკაბაძე

გიზო უბილავა