აქმე №ას-846-2024 30 ოქტომბერი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტო (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ.ს–ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სასარჩელო მოთხოვნა
1. სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტომ (შემდეგ - მოსარჩელე, სააგენტო, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ვ.ს–ის“ (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ პირგასამტეხლოს - 12 308.70 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
სარჩელის საფუძვლები:
2. მოსარჩელის მითითებით, სააგენტოსა და მოპასუხეს შორის, 2019 წლის 26 სექტემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №07/09 ხელშეკრულება, რომლის საგანსაც წარმოადგენდა შსს სსდ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველის 138 300 ლარად ღირებული ზამთრის დათბილული უნიფორმის 1000 ცალი კომპლექტის შესყიდვა. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელისათვის საქონელი უნდა მიეწოდებინა ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში - 25.12.2019 წლის ჩათვლით.
3. მოპასუხემ მოსარჩელეს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი მიაწოდა 89 დღის დაგვიანებით - 23.03.2020 მარტს, რის გამოც, ხელშეკრულების 8.3 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრა პირგასამტეხლო 12 308 ლარი (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხელშეკრულების ღირებულების 138 300 ლარის 0.1 %), რაც მოპასუხეს არ გადაუხდია.
მოპასუხის პოზიცია:
4. მოპასუხე წარდგენილი წერილობითი შესაგებლით არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ პირგასამტეხლოს დაანგარიშებას და მიუთითა, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. ამასთან, პირგასამტეხლოს დარიცხვა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან არაგონივრული და უსამართლოა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით, სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს პირგასამტეხლოს – 1230.87 ლარის გადახდა სააგენტოს სასარგებლოდ დაეკისრა.
6. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლო არაგონივრულია, მაღალია და ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების სტანდარტს, შესაბამისად, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 1230.87 ლარით.
7. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილებით, აპელანტის (სააგენტოს) სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს 1812.63 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა.
9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, ითვალისწინებს რა ნაკისრი ვალდებულების ხასიათს, ხელშეკრულების შესრულებისადმი კრედიტორის ინტერესს (არ მიუთითებია განსაკუთრებულ ინტერესზე), ასევე – მოსარჩელის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობით რაიმე სახის ზიანის მიუღებლობას, მიაჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების მთლიანი ღირებულების 0.1%-ის მოთხოვნა, არაგონივრულია და სცდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 8.3 მუხლით დადგენილ ქცევის სტანდარტს, რომლის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მხარეები ვალდებული არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი მოვალეობები.
10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა განისაზღვროს ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან თითოეული ვადაგადაცილებული დღის 0.02%-ით, როგორც ამას სახელმწიფო შესყიდვის სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაცია ითვალისწინებს.
11. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოპასუხემ მოსარჩელეს 98 331 ლარის საქონელი მიაწოდა 56-დღიანი ვადაგადაცილებით, რომლის 0.02% შეადგენს 1101.52 ლარს (98331x0.02%x56), ხოლო 39968.70 ლარის საქონელი მიაწოდა 84-დღიანი ვადაგადაცილებით, რომლის 0.02% შეადგენს 711 ლარს (39968.70x0.02%x84), ჯამურად – 1812.63 ლარს. პირგასამტეხლოს აღნიშნული ოდენობა უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება მოპასუხის მიერ დაგვიანებით შესრულებული ვალდებულებისათვის პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.
კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:
12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
13. კასატორის განმარტებით, პირგასამტეხლო სასამართლოს მიერ შეუსაბამო ოდენობამდე შემცირდა. ამასთან, პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობის თაობაზე მტკიცებულებებს წარმოადგენს პირი, რომელიც მის შემცირებას ითხოვს. მოწინააღმდეგე მხარეს იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გამოიწვია ვადაგადაცილებით ვალდებულების შესრულება, არათუ რაიმე მტკიცებულება, არამედ არც ახსნა-განმარტება არ წარმოადგინა.
14. სასამართლოს არ უმსჯელია ვადაგადაცილების დღეების რაოდენობაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული შესრულების ვადასთან მიმართებითაც, სააგენტოს მოლოდინსა და ინტერესზე სახელშეკრულებო ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიმართ, მაშინ, როდესაც შესყიდვის ობიექტი მეხანძრე-მაშველის ზამთრის უნიფორმა იყო და მიწოდების პერიოდი კი – მნიშვნელოვანი.
15. კასატორი მიუთითებს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის დანიშნულებაა იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვა, რომელსაც სახელშეკრულებო ურთიერთობა აქვს ბაზარზე კარგად გამოცდილ სუბუექტთან და რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერით ვერ აცნობიერებს იმ სამომავლო შედეგებს, რაც პირგასამტეხლოს არსებობას შეიძლება მოჰყვეს, ხოლო, თუ მხარე აღჭურვილია: ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია, თავად მეწარმე და ა.შ, ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც შეუსაბამოდ მაღალი, მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება.
16. კასატორისათვის მნიშვნელოვანი იყო ვალდებულების დროული შესრულება, შესაბამისად, ამ პირობებში პირგასამტეხლოს ოდენობის დაუსაბუთებლად შემცირება აზრს უკარგავს პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს და, ამავდროულად, აიძულოს მოვალე, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირება, ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინების გარეშე, ფაქტობრივად ინტერესს უკარგავს კრედიტორს, გამოიყენოს პირგასამტეხლო მისი ინტერესების უზრუნველსაყოფად, ვინაიდან მსგავსი პრაქტიკის პირობებში ის არ წარმოადგენს მისი ინტერესების დაცვის პრაქტიკულ და გონივრულ საშუალებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
17. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
18. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა ნაწილობრივ წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
19. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.
20. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დადგენილი მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი ამ უკანასკნელს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობა სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.
21. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო – 1812.63 ლარით დაუსაბუთებლად შემცირდა.
22. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.).
23. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 590).
24. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ. სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019 წ.).
25. როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (იხ: ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე, იხ. სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021 წ.).
26. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ., გვ. 604- 605.).
27. უნდა აღინიშნოს, რომ პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლო მიუთითებს, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და, ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ. სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ.; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.). ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ამდენი პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ: სუსგ №ას-626-2021, 14.07.2021წ; №ას-1819-2019 19.02.2020წ; №ას-971-2019, 28.10.2019წ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.).
28. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი, – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“ (იხ: სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-1206-2023, 17.11.2023წ.).
29. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 1812.63 ლარამდე არამართებულად შემცირდა. აღნიშნული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს დაგვიანებით შესრულებული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა (56 დღე და 84 დღე) და ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც სააგენტოს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა (მიწოდების საგანს წარმოადგენდა მეხანძრე-მაშველების სეზონური - ზამთრის დათბილული უნიფორმა). მეორე მხრივ, პალატის განსჯით, კასატორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 12 308.70 ლარი, არაგონივრულია, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა შეუსრულებელი (ვადაგადაცილებული) ვალდებულების მოცულობის, არამედ ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, რომელიც სახელშეკრულებო ვალდებულების კომპენსირებისათვის ადეკვატურ და გონივრულ ოდენობას არ წარმოადგენს.
30. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიხატა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით. ამასთან, ვინაიდან საქმის გარემოებებით დგინდება არაჯეროვნად შესრულებული ხელშეკრულების ფულადი ეკვივალენტი და ვადაგადაცილების დღეების ოდენობა, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან გადაგადაცილებული დღეების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დგინდება, რომ სააგენტოს 98 331.30 ლარის 711 ცალი უნიფორმის ნაკრები მიეწოდა 56 დღის დაგვიანებით, რისი გათვალისწინებითაც, დასაკისრებელი პირგასამტეხლო შეადგენს 5506 ლარს (პირგასამტეხლო 98 331.30x0.1%x56=5506 ლარი), 39 968.70 ლარად ღირებული საქონელი მიეწოდა 84 დღის ვადაგადაცილებით, ამიტომ პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 3357 ლარით (39968.70x0.1%x84=3357 ლარი). სწორედ, მოპასუხისათვის ამ თანხის სახით პირგასამტეხლოს დაკისრება უზრუნველყოფს იმდენ ზიანს, რამდენის მაკომპენსირებელ ნორმატიულ საშუალებასაც სსკ-ის 417-ე მუხლი წარმოადგენს, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას, რაც ეწინააღმდეგება პირგასამტეხლოს დანიშნულებასა და მიზანს, შესაბამისად, პალატა შესრულების ღირებულების, დარღვევის სიმძიმისა და მოცულობის, დამრღვევის ბრალის ხარისხისა და შედეგების, ასევე, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლოს სახით 8863 ლარის დაკისრება ძირითად ვალდებულებასთან მიმართებით არ წარმოადგენს არაგონივრულს (აღნიშნული ოდენობის პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ღირებულების 6.4%-ია, რაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2016 წლის 29 ივნისის რეკომენდაციით (სავალდებულო ძალა არ გააჩნია) განსაზღვრული ოდენობის საზღვრებშია, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობისათვის შესაძლებელია, განისაზღვროს პირგასამტეხლო ხელშეკრულების საერთო ღირებულების არაუმეტეს 20%), მიიჩნევს, რომ სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი მოპასუხისათვის ზემოაღნიშნული თანხის დაკისრება სავსებით მართებული და კანონიერია.
31. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 8863 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
32. განსახილველ შემთხვევაში, რაკი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 1063 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ვ.ს–ს“, სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სასარგებლოდ, დაეკისროს 8 863 ლარის გადახდა;
5. შპს „ვ.ს–ს“, სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სასარგებლოდ, დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 1 063 ლარის გადახდა;
6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე