Facebook Twitter

საქმე №ას-1068-2024 30 ოქტომბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „მ–სი“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა (შემდგომ - მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „მ–სის“ (შემდგომ - სერვისცენტრი, მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს - 15 120 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები

2. მხარეებს შორის 2021 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ №55 ხელშეკრულება, რომლის საგანს წარმოადგენდა ევროპული წარმოების ავტოსატრანსპორტო საშუალებების სათადარიგო ნაწილებისა და სერვის მომსახურების შესყიდვა (საჭიროების შემთხვევაში ევაკუატორით მომსახურება), სავარაუდო ღირებულებით – 120 000 ლარი. ხელშეკრულების 4.3 პუნქტის მიხედვით, საგარანტიო პერიოდში, ავტომანქანის სათადარიგო ნაწილის მომსახურებაზე დეფექტის/ნაკლის/წუნის/ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში, ხელშეკრულების მოქმედების ნებისმიერ ეტაპზე და, ასევე, მისი მოქმედების დასრულების შემდგომ, მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინების მიღებისთანავე გონივრულ ვადებში (მაგრამ არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა) ნაკლის წუნის გამოსწორების მიზნით შეცვალოს იგი ახალი სათადარიგო ნაწილით - შემსყიდველის მხრიდან დამატებითი დანახარჯების გაწევის გარეშე.

3. 20.05.2022 წელს სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომანქანა „FORD RANGER“ სერვისცენტრში შევიდა ძრავის დაზიანებით, მოპასუხე მხარემ არ აღმოფხვრა გამოვლენილი დეფექტი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში (30.07.2022 წლიდან - 04.08.2022 წლამდე). სადავო ავტომობილი შეკეთდა მოპასუხის მიერ 07.12.2022 წელს, 126 დღის დაგვიანებით. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.3 ქვეპუნქტი (საგარანტიო პირობით მომსახურების გაწევის ვადები), რის საფუძველზეც აღნიშნული ხელშეკრულების 9.3 მუხლის გათვალისწინებით, მოპასუხეს 2022 წლის 4 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხა პირგასამტეხლო ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 0.1% (ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 120 ლარი), ჯამურად 15 120 ლარი.

მოპასუხის შესაგებელი

4. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ პირგასამტეხლო შესასრულებელი სამუშაოს საფასურიდან, 3689.72 ლარიდან გამომდინარე, 464.90 ლარია და ამაზე მეტი პირგასამტეხლოს დაკისრება არაგონივრულია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს - 464.90 ლარის გადახდა. მოსარჩელეს დაეკისრა 147 ლარის გადახდა მოპასუხის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურების ხარჯის ასანაზღაურებლად.

6. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება მოსარჩელემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას, რომ პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშებულიყო ხელშეკრულების შეუსრულებელი ნაწილიდან, კერძოდ, იმ სამუშაოს ღირებულებიდან, რომლის მიწოდების ვადაც დაარღვია მოპასუხემ. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 126 დღის ვადაგადაცილებით შესრულდა 3689.72 ლარის სამუშაო. სასამართლო პარაქტიკიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს სწორედ ვადაგადაცილებით შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან (მოცემულ შემთხვევაში, 3689.72 ლარიდან) და არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან - 120 000 ლარიდან. აპელანტი აპელირებდა იმაზეც, რომ ვადაგადაცილებამ ზიანი მიაყენა საჯარო ინტერესს, მაგრამ მისი ეს ახსნა-განმარტება ზოგადია და მტკიცებულებებით გამყარებული არ არის. ამდენად, პალატის მოსაზრებით, პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე გასაჩივრებული გადაწყვეტილება თანხვდენილია როგორც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსთან (პირგასამტეხლოს დანიშნულება და გონივრულობის სტანდარტი), ასევე, სასამართლოს პრაქტიკასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მეთოდურ რეკომენდაციებთან.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

9. ზემოაღნიშნული განჩინება მოსარჩელემ საკასაციო წესით გაასაჩივრა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

10. კასატორის მტკიცებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მხარეებს შორის შეთანხმებული პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების პრევენციის მიზნით გამოიყენეს და არ იყო სადამსჯელო. ამასთან, პირგასამტეხლოს მნიშვნელოვნად შემცირება აზრს უკარგავს ამ ინსტიტუტის არსებობას. გარდა ამისა, სასამართლომ არ იმსჯელა ხელშეკრულების შესყიდვის საგნის მნიშვნელობაზე, კერძოდ, შესყიდვის ობიექტია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბალანსზე რიცხული ავტომობილები, რომლებიც პირდაპირ უკავშირდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას და ნებისმიერი დაყოვნება საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას, შესაბამისად, ავტომობილის დროულად მწყობრში დაბრუნება მნიშვნელოვანი და ლეგიტიმური ინტერესია შემსყიდველისთვის. ამასთან, სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ პირგასამტეხლოს შემცირებას მოითხოვდა მეწარმე სუბიექტი. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ეს უკანასკნელი არ არის უფლებამოსილი, მოითხოვოს ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლო, რამდენადაც ივარაუდება, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა მხარეთა ნამდვილ ნებას შეესაბამება და შემცირებას არ ექვემდებარება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტს მიაჩნია, რომ სასამართლომ პირგასამტეხლო არაპროპორციულად შეამცირა, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიზანს.

11. სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა აპელანტის სააპელაციო პრეტენზიაზე, რომლის მიხედვითაც მოპასუხის მიერ გაწეული ადვოკატის ხარჯი მოსარჩელეს არ უნდა დაჰკისრებოდა. მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო, რაც გადაწყვეტილებითაც უდავოდაა მიჩნეული. ასეთ დროს მოსარჩელისათვის ხარჯის დაკისრება უსაფუძვლოა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

12. საკასაციო სასამართლომ, სსსკ-ის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, კერძოდ:

15. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

16. სააპელაციო სასამართლოს საქმე არ განუხილავს მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე დაადგინა მოცემული დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები და იურიდიულად სწორად შეაფასა ისინი, შესაბამისად, სააპელაციო პალატის მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები მართებულია.

17. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მენარდემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო შეთანხმებული ვადის მიხედვით ვერ შეასრულა, რის გამოც კასატორმა 15 120 ლარის პირგასამტეხლოს გადახდა მოსთხოვა.

18. პირგასამტეხლოს ანაზღაურების მოთხოვნის საფუძვლიანობა სსკ-ის 629.1 (ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს, შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია, გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური) და 417ე-418-ე (პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ, თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება, აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა; შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

19. საკასაციო საჩივრით სადავოა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მოცემულ დავაზე განსაზღვრული პირგასამტეხლოს ოდენობა 464.9 ლარი, რაც სააპელაციო სასამართლომაც ძალაში დატოვა.

20. განსახილველ შემთხვევაში, კასატორის პრეტენზიის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველი არ არსებობდა.

21. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და კასატორის ყურადღებას მიაქცევს პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების წინაპირობაზე, რაც ვალდებულების შეუსრულებლობით ან ვალდებულების დარღვევით გამოიხატება.

22. საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ: „პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება“ (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.).

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებაა (სსკ-ის 417-ე მუხლი), რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა უკავშირდება ვალდებულების დარღვევას. სსკ-ის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

24. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მისი განსაზღვრისათვის ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებითი ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები: ბ) დარღვევის სიმძიმესა და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, რომელიც მოიცავს ზიანის ანაზღაურებას. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

25. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პალატა ასევე მიუთითებს, რომ ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია აქვს: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. ის ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

26. განსახილველ შემთხვევაში, კასატორი მოითხოვს პირგასამტეხლოს სრული სახელშეკრულებო თანხიდან და არა ვადის დარღვევით შესრულებული სამუშაოს ღირებულებიდან დაანგარიშებას.

27. საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან პირგასამტეხლოს ასეთი ოდენობით დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებების და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (შდრ: სუსგ-ები: №ას-626-2021, 14.07.2021წ.; №ას-1819-2019 19.02.2020წ.; №ას-971-2019, 28.10.2019წ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.). ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.

28. უსაფუძვლოა კასატორის პრეტენზია მოპასუხის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ხარჯის 147 ლარის დაკისრებასთან დაკავშირებითაც. პალატა მიუთითებს, სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადებაზე, რომლის თანახმადაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება (იხ. სუსგ №ას-1054-2019, 30.09.2019წ; №ას-316-316-2018, 07.05.2018წ.). პირველი ინსტანციის სასამართლომ გაწეული საადვოკატო ხარჯის დაკისრებისას იხელმძღვანელა საქმის სირთულით, სასამართლო სხდომებში მონაწილეობისათვის დახარჯული დროის, წარმოდგენილი მოსაზრებებისა თუ მტკიცებულებების სიმრავლით და დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციის გათვალისწინებით მეორე მხარისათვის დასაკისრებელი საადვოკატო ხარჯის გონივრულ ოდენობად 147 ლარი მიიჩნია, რასაც საკასაციო სასამართლოც იზიარებს. რაც შეეხება პრეტენზიას, რომ მოსარჩელეს საერთოდ არ უნდა დაჰკისრებოდა მოპასუხის მიერ გაწეული საადვოკატო ხარჯი, რადგან მან სასარჩელო მოთხოვნის მოცულობა ხელშეკრულების მიხედვით განსაზღვრა, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან დაანგარიშება სასამართლოს მიერ მყარად დადგენილი პრაქტიკაა, რომლის გათვალიწინებაც მხარეს შეეძლო.

29. საკასაციო სასამართლოს შეფასებით, კასატორის პრეტენზიებს არ გააჩნია სამართლებრივად ვარგისი საფუძველი, მან სასამართლოს ვერ წარუდგინა შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გასაჩივრებული განჩინების ფაქტობრივსამართლებრივ დაუსაბუთებლობას დაადასტურებდა, შესაბამისად, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, მართებულად განსაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა.

30. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით და არც იმ საფუძვლით, რომ საკასაციო სასამართლოს მსგავს საკითხზე ჯერ არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ მიუღია. შესაბამისად, მოცემულ საქმეზე არ არსებობს ვარაუდი, რომ საკასაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მოსალოდნელია საქართველოს უზენაესი სასამართლოს უკვე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.

31. ამავდროულად, გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საკასაციო სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკისაგან (იხ.: სუსგ №ას-186-2021, 2021 წლის 25 მარტის განჩინება; №ას-1281-2020, 2021 წლის 28 იანვრის განჩინება; №ას-947-2019, 2020 წლის 24 დეკემბრის განჩინება; №ას-581-2019, 2019 წლის 31 ივლისის განჩინება; №ას-1926-2018, 2019 წლის 24 მაისის განჩინება; №ას-1930-2018, 2019 წლის 17 მაისის განჩინება; №ას-252-2019, 2019 წლის 8 მაისის განჩინება; №ას-123-2019, 2019 წლის 10 ივნისის განჩინება).

32. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391.5 მუხლის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა.

33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები არსებითად სწორია, კასატორმა ვერ გააქარწყლა გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

34. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის ,,უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე