Facebook Twitter

საქმე №ას-1126-2024 30 ოქტომბერი, 2024 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ბ–ო“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდეგ - მოსარჩელე, სამინისტრო, აპელანტი, კასატორი) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ–ოს“ (შემდგომ - მოპასუხე, კომპანია, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ პირგასამტეხლოს - 9778.25 ლარის დაკისრების მოთხოვნით.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელის მითითებით, სამინისტროსა და მოპასუხეს შორის, 2022 წლის 24 იანვარს გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №66 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება, სამინისტროსათვის მიეწოდებინა სხვადასხვა სახის პროდუქცია შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად. ხელშეკრულების 10.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევისათვის, შემსყიდველი უფლებამოსილია, დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.2%, მაგრამ არანაკლებ დღეში 35 ლარისა.

3. მოსარჩელის განმარტებით, პირველი მოთხოვნა გაფორმდა 2022 წლის 12 სექტემბერს, მიწოდების ბოლო ვადა დადგინდა 2022 წლის 20 ოქტომბერს. მოპასუხემ დაარღვია აღნიშნული ვადა. ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 4274.39 ლარი. მოსარჩელემ მეორედ 2023 წლის 23 იანვარს მოითხოვა საქონლის მიწოდება, მიწოდების ბოლო ვადად განისაზღვრა 2023 წლის 31 იანვარი. მოპასუხემ კვლავ დაარღვია მიწოდების ვადა, რისთვისაც პირგასამტეხლომ შეადგინა 5503.86 ლარი. მოპასუხისათვის ორივე ხელშეკრულების ფარგლებში დასაკისრებელი პირგასამტეხლო სულ 9778.25 ლარია.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ წარდგენილი წერილობით შესაგებელში მიუთითა, რომ პროდუქცია დაგვიანებით მიეწოდა მისგან დამოუკიდებელი მიზეზებით. ამასთან, მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომ - სსკ) 420-ე მუხლის საფუძველზე, უნდა შემცირდეს.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით, სამინისტროს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხეს სამინისტროს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს – 1955.65 ლარის გადახდა დაეკისრა.

6. პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ვალდებულების დარღვევის ხასიათი, ვადაგადაცილება, კრედიტორის მიერ შესრულებული და შესასრულებელი ვალდებულების მოცულობა და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 20%-მდე.

7. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით დაუკმაყოფილებელ ნაწილში გაასაჩივრა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივსამართლებრივი დასაბუთება:

8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინებით, აპელანტის (სამინისტროს) სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

9. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მყიდველს პროდუქცია მიაწოდა ვადის დარღვევით, შესაბამისად, მოპასუხეს წარმოეშვა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, რომელიც წერილობით იყო შეთანხმებული მხარეთა მიერ.

10. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს (9778.25 ლარი) შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად მიჩნევასთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ მოპასუხისათვის ამ ოდენობით პირგასამტეხლოს დაწესება არაგონივრულია, დარღვევის სიმძიმისა და კრედიტორის მოლოდინთან ვალდებულების ჯეროვანი შესრულებიდან გამომდინარე. ამავდროულად, გონივრულია პირგასამტეხლოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობა (1955.65 ლარი), რადგან ხელშეკრულების საერთო ღირებულების (176 000 ლარის) შესაბამისია.

11. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართლზომიერად შეამცირა პირგასამტეხლოს ოდენობა.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

12. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა (მოსარჩელემ) საკასაციო საჩივარი წარადგინა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.

13. კასატორი სსკ-ის 420-ე მუხლზე მითითებით განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის დანაწესი სასამართლოს მხრიდან მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენით მიღწეულ შეთანხმებაში ჩარევის ლეგიტიმური საფუძველია, თუმცა, ამ შემთხვევაში, კონკრეტული საქმის თავისებურების გათვალისწინებით უნდა შეფასდეს ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და სხვა. სუბიექტურად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ მოპასუხე, როგორც მეწარმე სუბიექტი წინასწარ, გაცნობიერებულად დასთანხმდა იმ პირობას, რომ ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილების შემთხვევაში გადაიხდიდა შეთანხმებულ პირგასამტეხლოს.

14. კასატორის განმარტებით, გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა ის გარემოება, რომ მოპასუხე მეწარმე სუბიექტია, რომელსაც ხელშეკრულების დადების ეტაპზე პრეტენზია არ გამოუთქვამს ხელშეკრულებაში არსებულ პირგასამტეხლოს ოდენობაზე. პირგასამტეხლოს შემცირება არაპროპორციულია და ვერ აკმაყოფილებს სსკ-ის 420-ე მუხლის მოთხოვნას, რომლის თანახმად, შემცირებულ უნდა იქნეს მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და, ახალი გადაწყვეტილებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომ - სსსკ) 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

17. სამართლებრივი შედეგი, რისი მიღწევაც კასატორს სურს, კერძოდ, მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება სსკ-ის 417-ე-418-ე (პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის; ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას) მუხლებიდან გამომდინარეობს.

18. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით დადგენილი მოპასუხის მიერ ვალდებულების ვადის დარღვევით შესრულების ფაქტი ამ უკანასკნელს არ გაუსაჩივრებია, შესაბამისად, ვალდებულების დარღვევის არსებობა სადავო არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება წარმოეშვა.

19. კასატორის პრეტენზია ისაა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მხარეთა მიერ შეთანხმებული პირგასამტეხლო – 1955.65 ლარამდე დაუსაბუთებლად შეამცირეს.

20. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (იხ. სუსგ №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.; №ას-1274-2022, 22.11.2022წ.; №ას-1245-2022, 9.03.2023წ.). პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმით ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა (იხ.: ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014 წ, გვ. 590).

21. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ. „პრეზუმირებული მინიმალური ზიანის“ ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება (იხ.: სუსგ №ას-1597-2019, 13.12.2019წ.).

22. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სსკ-ის 420-ე მუხლის მიხედვით, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს, თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება (იხ. ს.ჯორბენაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, 2019 წელი, გვ. 800). კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის გაითვალისწინება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, და ა.შ. მნიშვნელობა ენიჭება ნაკისრი ვალდებულების დარღვევაში მოვალის ბრალის ხარისხსაც, აგრეთვე, გასათვალისწინებელია მოვალის ეკონომიკური მდგომარეობა. თუ მოსამართლე დაასკვნის, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, იგი შეამცირებს მას იმ ოდენობამდე, რამდენსაც ვალდებულების დარღვევის თანაზომიერად და სამართლიანად მიიჩნევს (შდრ. ირაკლი რობაქიძე, წიგნში სახელშეკრულებო სამართალი /ზურაბ ძლიერიშვილი, გიორგი ცერცვაძე, ირაკლი რობაქიძე, გიორგი სვანაძე, ლაშა ცერცვაძე, ლევან ჯანაშია/ გამომცემლობა „მერიდიანი“, 2014წ, გვ. 604- 605.).

23. საკასაციო პალატა განმარტებით, პირგასამტეხლოს მომწესრიგებელი ნორმების გამოყენების კუთხით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, მაგალითად, ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლო მიუთითებს, რომ „პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას, კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს, პირის ბრალეულობის ხარისხს. რაოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით პირგასამტეხლო მხარეთა მიერ ნების თავისუფალი გამოვლენის გზით მიღწეული შეთანხმებაა, მასში ჩარევის კანონისმიერ საფუძველს წარმოადგენს სასამართლოსათვის დაკისრებული ერთგვარი საჯარო წესრიგის უზრუნველმყოფელი ვალდებულება და, რაც უმთავრესია, ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინება, სახელდობრ, ის სუბიექტური და ობიექტური ფაქტორები, როგორიცაა: მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა, ვალდებულების დარღვევის ხარისხი, კრედიტორის მოლოდინი ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ და, ა.შ. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, სასამართლო ითვალისწინებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან“ (იხ.: სუსგ №ას-144-140-2016, 19.04.2016წ.; №ას-327-2019, 27.05.2019წ.; №ას-825-2019, 5.09.2019წ; №ას-1511-2018, 26.03.2019წ.). ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ საკასაციო სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, ვალდებულების ნაწილის შესრულების ვადის გადაცილებისთვის პირგასამტეხლოს ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან დაანგარიშება ეწინააღმდეგება სამოქალაქო ბრუნვის უსაფრთხოებისა და კეთილსინდისიერების მინიმალურ სტანდარტს, რადგან ამდენი პირგასამტეხლოს დაკისრება, როგორც კრედიტორის დარღვეული უფლებებისა და ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთგვარი სანქცია, თავის ნორმატიულ დანიშნულებას ვერ შეასრულებს. პირგასამტეხლო უნდა დაანგარიშდეს არა ხელშეკრულების საერთო ღირებულებიდან, არამედ მხარის მიერ ფაქტობრივად შეუსრულებელი ან არაჯეროვნად შესრულებული ვალდებულების ღირებულებიდან (იხ.: სუსგ №ას-626-2021, 14.07.2021წ.; №ას-1819-2019 19.02.2020წ.; №ას-971-2019, 28.10.2019წ. №ას-164-160-2016, 28.07.2016წ.).

24. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს შემცირება არ გულისხმობს მის გაუქმებას. პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველია, ერთი მხრივ, ის, რომ კრედიტორი პირგასამტეხლოს მიღებით არ გამდიდრდეს და მოვალეს არ დააწვეს მძიმე ტვირთად პირგასამტეხლოს გადახდა (შესაბამისად, პირგასამტეხლო არ იქცეს ერთგვარ სადამსჯელო ღონისძიებად), ხოლო მეორე მხრივ კი – პირგასამტეხლო იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, საპირწონე და გონივრული. აღნიშნულში მოიაზრება სახელშეკრულებო თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დაცვით პირგასამტეხლოს გონივრულ ოდენობამდე შემცირება. აღსანიშნავია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრა სასამართლოს მიერ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგად დგინდება და რაიმე განსხვავებული სტანდარტი, რომელიც განაზოგადებს პირგასამტეხლოს მათემატიკურ მაჩვენებელს, სასამართლო პრაქტიკით არ არის დადგენილი. სასამართლომ უნდა დაიცვას ის სამართლიანი ბალანსი, რომელიც სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულების დარღვევას მოჰყვა. ამასთან, როდესაც საკითხი ეხება მეწარმე სუბიექტის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობას, დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა არ უნდა იყოს მინიმალური. ასეთ შემთხვევებში უმნიშვნელოვანესია დარღვევის პროპორციული პირგასამტეხლოს განსაზღვრა, რაც იქნება გარანტი იმისა, რომ პირგასამტეხლომ არ დაკარგოს თავისი ძირითადი ფუნქცია - ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველყოფის პრევენცია და განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურების შესაძლებლობა“ (იხ.: სუსგ №ას-189-2022, 16.09.2022წ.; №ას-1206-2023, 17.11.2023წ.).

25. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოთა მიერ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 1955.65 ლარამდე არამართებულად შემცირდა. აღნიშნული თანხა ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი არ არის და ვერ უზრუნველყოფს დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, მით უფრო, ვადაგადაცილებული დღეებისა (9446.40 ლარის ღირებულების საქონელი 27 კალენდრული დღის ვადაგადაცილებით მიეწოდა, 11596.80 ლარის საქონელი 28 დღის ვადაგადაცილებით, 18662.40 ლარის საქონელი 32 დღის ვადაგადაცილებით, 6439.40 ლარის ღირებულების საქონელი 33 კალენდარული დღის ვადაგადაცილებით, 63998.40 ლარის ღირებულების საქონელი 43 დღის ვადაგადაცილებით) და ლეგიტიმური ინტერესის გათვალისწინებით, რაც სამინისტროს ვალდებულების დროული შესრულების მიმართ ჰქონდა.

26. პალატა მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევა გამოიხატა ვალდებულების შესრულების ვადაგადაცილებით. მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 10.2 პუნქტით განისაზღვრა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, თუ ვადის გადაცილება ეხება საქონლის ვადაგადაცილებით მიწოდებას (მათ შორის, ხარვეზის ან/და ნაკლის გამოსწორების ვადა) შემსყიდველი უფლებამოსილია, დააკისროს მიმწოდებელს პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებით მიწოდებული საქონლის ღირებულების 0.2%, მაგრამ თითოეული ლოკაციისათვის არანაკლებ 35 ლარისა. საქმის მასალებით დგინდება, რომ 2022 წლის 16 ნოემბერს მიწოდებული საქონლის ღირებულება 9446.40 ლარია, 27-დღიანი ვადის გადაცილების გათვალისწინებით კი, პირგასამტეხლოს ოდენობა - 945 ლარი (9446.40x0.2%=18, მაგრამ არანაკლებ დღეში 35 ლარისა, ანუ 35x27), 2022 წლის 17 ნოემბერს მიწოდებული საქონლის ღირებულება 11596.80 ლარია, 28-დღიანი ვადის გადაცილების გათვალისწინებით კი, პირგასამტეხლოს ოდენობა - 980 ლარი (11596.80 x0.2%=23.19, მაგრამ არანაკლებ დღეში 35 ლარისა ანუ 35x28), 2022 წლის 16 ნოემბერს მიწოდებული საქონლის ღირებულება 18 662.40 ლარი, 32-დღიანი ვადის გადაცილების გათვალისწინებით კი, პირგასამტეხლო - 1194.39 ლარი (1194.39x0.2%=37.33, 37.33x27), 2022 წლის 22 ნოემბერს მიწოდებული საქონლის ღირებულება 6439.20 ლარი, 33-დღიანი ვადის გადაცილების გათვალისწინებით კი, პირგასამტეხლოს ოდენობა - 1155 ლარია (6439.20x0.2%=12.88, მაგრამ არანაკლებ დღეში 35 ლარისა ანუ 35 x33). შემსყიდვლის მიერ 2023 წლის 23 იანვრის მოთხოვნის შესაბამისად, 63998.40 ლარის ღირებულების საქონელი, ნაცვლად 2023 წლის 31 იანვრისა, მიწოდებულ იქნა 2023 წლის 15 მარტს 43 დღის ვადაგადაცილებით, შესაბამისად, პირგასამტეხლო 5503.86 ლარია (63998.40 x0.2%=127.99, 127.99x43).

27. პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 9778.25 ლარი, გონივრულია, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაერიცხა არა ხელშეკრულების მთლიანი ღირებულებიდან, არამედ, შეუსრულებელი (ვადაგადაცილებული) ვალდებულების მოცულობიდან. ამასთან, საქმის კონკრეტული გარემოებების, ვალდებულების დარღვევის ხასიათის, მოცულობისა და დარღვევის სიმძიმის გათვალისწინებით აღნიშნული თანხა სრულად უზრუნველყოფს დარღვეული ვალდებულებისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას, ამასთან, არ გამოიწვევს კასატორის გამდიდრებას.

28. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თავად მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი, ვინაიდან საჭირო არაა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს - მოპასუხეს უნდა დაეკისროს 9778.25 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

29. სსსკ-ის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, მოპასუხეს ეკისრება ბიუჯეტის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. განსახილველ შემთხვევაში, რაკი მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან და, ამასთან, მისი საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 1173 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 411-ე მუხლებით

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. შპს „ბ–ოს“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისროს 9778.25 ლარის გადახდა;

5. შპს „ბ–ოს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის – 1173 ლარის გადახდა;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე