14 ნოემბერი, 2024 წელი,
საქმე №ას-720 -2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი - ე.ო–ი (მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - მ.ვ–ძე (მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი - უძრავი ქონების ვალდებულებისგან გათავისუფლება (ძირითად სარჩელში), თანხის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ე.ო–ი (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოპასუხე, შეგებებული მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, გამსესხებელი ან კრედიტორი) ასაჩივრებდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 14 დეკემბრის განჩინებას ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 24 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე, რომლითაც მ.ვ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც მოსარჩელე, შეგებებული მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან მსესხებელი) მოთხოვნა დაკმაყოფილდა;
გაუქმდა ბათუმში, ....... მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ ბინა #21-ის (ს/კ ......., ნაკვეთის წინა ნომერი - .......) საჯარო რეესტრის ამონაწერში რეგისტრირებული იპოთეკის გრაფაში არსებული შემდეგი ჩანაწერი - სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რეესტრის ნომერი №1-3282, დამოწმების თარიღი 27/05/2008, განცხადების რეგისტრაციის ნომერი 882008158614, თარიღი 29/05/2008.
კასატორის აზრით, მატერიალურსამართლებრივი თვალსაზრისით, განჩინება არ არის დასაბუთებული, სახელდობრ:
1.1. კასატორის მტკიცებით, მხარემ რამდენჯერმე მოითხოვა ხელშეკრულების გაგრძელება, რომ არ მომხდარიყო იპოთეკით დატვირთული ნივთის აუქციონზე რეალიზაცია. პოლიციის თანამშრომლის შედგენილი სატელეფონო გასაუბრების ოქმით მოპასუხემ აღიარა ვალდებულების არსებობა, რაც ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტის საფუძველია (დეტალურად იხ. საკასაციო საჩივარი).
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც ის დაუშვებელია:
3. სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
4. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით. ამასთან, საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
4.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით, არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
4.2. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად განსაზღვრა მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, ანუ სწორად დაადგინა სამართლებრივად მნიშვნელოვანი ფაქტები:
4.3. 2008 წლის 27 მაისს მხარეებს) შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ -ის, 623-ე და 286-ე მუხლები), რომლის საფუძველზეც გამსესხებელმა მსესხებელს საკუთრებაში გადასცა 20 000 აშშ დოლარი 2008 წლის 27 აგვისტომდე.
4.4. ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, კრედიტორის სასარგებლოდ, იპოთეკით დაიტვირთა ბათუმში, ....... №55/23 -ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებული ბინა #21, ს/კ-ით ......., ნაკვეთის წინა ნომერი - ..... (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული, როგორც იპოთეკის საგანი).
4.5. მსესხებლმა ვალდებულება დაარღვია, მან სესხი არ დააბრუნა.
4.6. ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა - 2008 წლის 28 აგვისტოს დაიწყო, შესაბამისად, მოთხოვნა სესხის სახით გაცემული თანხის დაბრუნების შესახებ - 2011 წლის 28 აგვისტოდან ხანდაზმულია.
5. იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც ძირითად მოსარჩელეს სურდა, კერძოდ, იპოთეკის საგნის ვალდებულებისგან გათავისუფლება სსკ-ის 153.1 (აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს) მუხლებით გათვალისწინებული ფაქტობრივი გარემოების არსებობამ განაპირობა.
ხოლო თანხის დაკისრების თაობაზე შეგებებული სარჩელის წარუმატებლობას მოთხოვნის განხორციელების სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლა განაპირობებს (ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია, უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, სსკ-ის 144.1 მუხლი).
6. სსკ-ის 286.1 ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამდენად, იპოთეკა სანივთო სამართლებრივი გარიგებაა, რომელიც უზრუნველყოფს ვალდებულებას. მისი არსი და დანიშნულება არსებული ვალდებულების უზრუნველყოფაა და მის გარეშე არ არსებობს. იპოთეკა აქცესორული უფლებაა და სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იგი არ წარმოიშობა და არც შეიძლება არსებობდეს ძირითადი უფლების გარეშე.
იპოთეკის, როგორც აქცესორული უფლების ბუნება ვლინდება ძირითადი უფლების გადაცემის პროცესშიც - მოთხოვნის გადაცემისას იპოთეკა თან მიჰყვება მთავარ უფლებას. აღნიშნულს ნათლად ასახავს სამოქალაქო კოდექსის 295-ე მუხლის დანაწესი, რომლის ძალითაც იპოთეკა და მის საფუძვლად არსებული მოთხოვნა მხოლოდ ერთდროულად და ერთობლივად შეიძლება იქნეს სხვა პირისათვის გადაცემული. მოთხოვნის გადაცემასთან ერთად ახალ კრედიტორზე გადადის იპოთეკაც.
7. განსახილველ შემთხვევაში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებმა მიიჩნიეს, რომ ვალდებულების წარმოშობის ფაქტობრივ საფუძველს კრედიტორის წინაშე ხელშეკრულებით ნაკისრი პირობის შეუსრულებლობა (სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს, დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი, სსკ-ის 623-ე მუხლი) წარმოადგენდა და, შესაბამისად, მოთხოვნაც წარმოშობილი იყო, მაგრამ არსებობდა მოთხოვნის განხორციელების დამაბრკოლებელი გარემოება, კერძოდ, სარჩელი ხანდაზმულია.
8. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას და დასკვნას სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის შესახებ და განმარტავს, რომ, სსკ-ის 128-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. აღნიშნული დანაწესით კანონმდებელმა განსაზღვრა სამოქალაქო უფლების დაცვის გარკვეული ვადებით შეზღუდვის აუცილებლობა, რომელიც მყარ სამოქალაქო ბრუნვაზეა ორიენტირებული და მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლით მხარე კარგავს იმ სამართლებრივ ბერკეტებს, რომელთა საშუალებითაც მოთხოვნის იძულებით აღსრულების შესაძლებლობა ჰქონდა.
ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებით, სახელშეკრულებო მოთხოვნა დაექვემდებარა ხანდაზმულობას, და, ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადად განისაზღვრა 3 წელი, ხოლო უძრავ ნივთთან დაკავშირებული სახელშეკრულებო მოთხოვნად 6 წელი.
ხანდაზმულობის ვადის სწორად გამოთვლისათვის უმნიშვნელოვანესია მისი დენის დაწყების მომენტის განსაზღვრა, ხანდაზმულობის ვადის დასაწყისი შეესაბამება დღეს, როდესაც წარმოიშვა მოთხოვნის უფლება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც მოთხოვნის წარმოშობის ვადის განსაზღვრა ზოგადი წესისაგან განსხვავებულადაა მოწესრიგებული, მისი წარმოშობა დაკავშირებულია მომენტთან, როდესაც პირმა გაიგო ან უნდა გაეგო უფლების დარღვევის თაობაზე. სსკ-ის 130-ე მუხლი (ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ).
ხანდაზმულობის ვადის ათვლის დასაწყისის სუბიექტური ფაქტორის განსაზღვრისას პოზიტიურ ცოდნასთან ერთად ბრალეული არცოდნაც გასათვალისწინებელია. კერძოდ, დრო, როდესაც უფლებამოსილი პირისათვის უფლების დარღვევის შესახებ ცნობილი გახდა ან გარემოებათა გათვალისწინებით უფლების დარღვევის ფაქტი უნდა შეეტყო. ნორმის აღწერილობითი ნაწილის მითითება - როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო, არ შეიძლება გაგებულ იქნა იმგვარად, რომ გარემოების შეტყობა რაიმე განსაკუთრებულ ფაქტს ან მოვლენას უნდა უკავშირდებოდეს, კანონის ზემოაღნიშნული დანაწესი, პრაქტიკულად, ერთმანეთის თანმხვედრია და ორიენტირებულია კრედიტორის ობიექტურ აღქმაზე ვალდებულების დარღვევის მიმართ. ამასთანავე, მხოლოდ სუბიექტურ ფაქტორზე - უნდა შეეტყო, მხოლოდ მაშინ შეიძლება დაყრდნობა, თუ სამართლებრივი ურთიერთობის თავისებურებიდან გამომდინარე, პრაქტიკულად შეუძლებელია ობიექტური ფაქტორის განსაზღვრა.
9. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე უფლებამოსილი იყო, მიეთითებინა სასარჩელო ხანდაზმულობაზე, თავის მხრივ, ხანდაზმულობაზე მითითება წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელ შესაგებელს და ასეთ დროს მოსარჩელეს ეკისრება მტკიცების ტვირთი იმისა, რომ არ არსებობს ამ ინსტიტუტის გამოყენების წინაპირობები (მან უნდა ამტკიცოს ხანდაზმულობის ვადის შეჩერება, შეწყვეტა და სხვა). ამგვარ გარემოებად კასატორი მიუთითებდა საგამოძიებო ორგანოსათვის მიმართვის მომენტს - 2022 წელს. აღძრულ საკითხთან დაკავშირებით პალატა განმარტავს, რომ აღნიშნული პერიოდისთვის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა უკვე იყო ამოწურული და აშკარაა, რომ არარსებული ვადის დინების შეწყვეტას ვერ ექნებოდა ადგილი.
10. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ სასარჩელო მოთხოვნის წარმოშობის მომენტად და ხანდაზმულობის ვადის დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2008 წლის 28 აგვისტო, როდესაც მოსარჩელემ შეიტყო, რომ ვალდებულება არ შესრულდა, სესხი არ დაბრუნდა და მოთხოვნა 2011 წლის 28 აგვისტოდან ხანდაზმულია.
11. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ უზრუნველყოფილი მოთხოვნა და იპოთეკა ისეა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, რომ მოთხოვნის წარმოშობა და განხორციელებადობა გავლენას ახდენს, ასევე, იპოთეკის წარმოშობასა და განხორციელებაზეც. ამ ურთიერთგადაჯაჭვულობიდან გამომდინარე ძირითადი მოთხოვნის ხამდაზმულობის გამო, სახეზეა უძრავი ქონების იპოთეკის ვალდებულებისგან გაავისუფლების სამართლებრივი საფუძველი.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერი, ხოლო საკასაციო საჩივარი - დაუსაბუთებელია, რაც გამორიცხავს მისი არსებითად განსახილველად დაშვების სამართლებრივ შესაძლებლობას.
13. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის სხვა ქვეპუნქტებით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებიც, რომელთა მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვები იქნებოდა. ამდენად, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.
14. სსსკ-ის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს ვ.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #21229556292, გადახდის თარიღი 02.04.2024წ), მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #1724344738, გადახდის თარიღი 22.08.2024წ), მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1860 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #1724499687, გადახდის თარიღი 24.08.2024წ) და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 586 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #9024, გადახდის თარიღი 08.10.2024წ), ჯამურად 3046 ლარიდან მის მიერ გადასახდელი 2990 ლარის 70% - 2093 ლარი და ზედმეტად გადახდილი 56 (3046-2990=56) ლარი ჯამურად 2149 (2093+56 =2149) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე, 408.3, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.ო–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. ე.ო–ს (პ/ნ ......) დაუბრუნდეს ვ.მ–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #21229556292, გადახდის თარიღი 02.04.2024წ), მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 300 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #1724344738, გადახდის თარიღი 22.08.2024წ), მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 1860 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #1724499687, გადახდის თარიღი 24.08.2024წ) და მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 586 ლარის (საგადასახადო მოთხოვნა #9024, გადახდის თარიღი 08.10.2024წ), ჯამურად 3046 ლარიდან მის მიერ გადასახდელი 2990 ლარის 70% - 2093 ლარი და ზედმეტად გადახდილი 56 (3046-2990=56) ლარი ჯამურად 2149 (2093+56 =2149) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა