14 ნოემბერი, 2024 წელი,
საქმე № ას-1298-2024 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა/მოსამართლეები:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მიქაბერიძე,
გიზო უბილავა
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ო.თ–ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - ი.ვ–ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - კერძო საჩივრის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. ი.ვ–მა (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც, მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა ო.თ–ძის (შემდეგში ტექსტში მოხსენიებული როგორც, მოპასუხე, აპელანტი ან კერძო საჩივრის ავტორი) წინააღმდეგ თანხის დაკისრების მოთხოვნით.
2. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ - 18 595 ლარის გადახდა დაეკისრა.
3. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინებით, დაუშვებლობის გამო, მოპასუხის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 63-ე, 369-ე და 374-ე მუხლებით.
4.1. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, მოპასუხის წარმომადგენელი ესწრებოდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას, ამასთან, იგი არ არის სსსკ-ის 2591 მუხლის მეორე ნაწილის სუბიექტი, შესაბამისად, გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო - 2023 წლის 14 დეკემბრიდან და იმავე წლის 27 დეკემბერს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2023 წლის 28 დეკემბერს, დადგენილი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
5. ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 აგვისტოს განჩინებით, გასწორდა ამავე სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების მიღების თარიღად ნაცვლად 2023 წლის 13 ნოემბრისა - 2023 წლის 20 ნოემბერი მიეთითა.
6. 2024 წლის 04 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ მისი გაუქმებისა და ქვემდგომი სასამართლოსთვის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ეტაპიდან განსახილველად დაბრუნების მოთხოვნით შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
6.1. კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებით, სააპელაციო საჩივარი ვადის დაცვით წარადგინა, რაც დასტურდება ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 აგვისტოს განჩინებით, რომლითაც გასწორდა გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობა და გადაწყვეტილების მიღების თარიღად 2023 წლის 20 ნოემბერი მიეთითა, შესაბამისად არ არსებობდა მისი განუხილველად დატოვების სამართლებრივი საფუძველი.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით, სსსკ-ის 414-416-ე მუხლების საფუძველზე, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
კერძო საჩივარი დასაბუთებულია, შესაბამისად, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
8. სსსკ-ის 407.2-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო სასამართლო, კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტების ანალიზის შედეგად, მიიჩნევს, რომ მან დასაბუთებული შედავება წარმოადგინა.
9. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის განხილვის საგანია სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მართლზომიერების საკითხი. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ აპელანტმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი საპროცესო ვადა.
ამასთან, კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების თარიღია არა 2024 წლის 13 ნოემბერი, არამედ 2024 წლის 20 ნოემბერი, შესაბამისად, სწორედ ამ თარიღის მომდევნო დღიდან დაიწყო გადაწყვეტილების გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა და სააპელაციო საჩივარიც ვადის დაცვით წარადგინა. სწორედ ამიტომ, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ მიღებული განჩინება უსაფუძვლოა.
10. სსსკ-ის 369-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა 14 დღეა. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591-ე მუხლის შესაბამისად, ასევე - 2591-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.
11. სსსკ-ის 2591 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან, თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელდება და აღდგენა დაუშვებელია.
12. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს რომ, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დინება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადის ფარგლებში არ გამოცხადდება სასამართლოში და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
13. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, სსსკ-ის 2591-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ჩაბარება, გასაჩივრების მსურველი მხარის ვალდებულებას წარმოადგენს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, ხოლო სსსკ-ის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება, გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე.
14. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი, იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (შდრ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).
15. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 19 აგვისტოს განჩინებით, გასწორდა ამავე სასამართლოს 2023 წლის 20 ნოემბრის გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწოროდა და გადაწყვეტილების მიღების თარიღად ნაცვლად 2023 წლის 13 ნოემბრისა 2023 წლის 20 ნოემბერი მიეთითა.
16. როგორც ირკვევა, მოპასუხე დასაბუთებული გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოში არ გამოცხადებულა, შესაბამისად, სსსკ-ის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის 59.1, მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 - დღიანი ვადის ათვლა, მოცემულ შემთხვევაში, 2023 წლის 21 დეკემბერს დაიწყო და 2024 წლის 3 იანვარს ამოიწურა. სააპელაციო საჩივარი კი, წარდგენილ იქნა 2023 წლის 28 დეკემბერს.
ზემომოხმობილი მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულება ცალსახად ადასტურებს სააპელაციო საჩივრის საპროცესო ვადის დაცვით წარდგენის ფაქტს, რაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმების წინაპირობას წარმოადგენს.
17. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა და ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ზემოხსენებული მოტივაციით, საკასაციო სასამართლო აუქმებს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინებას და საქმე უბრუნდება იმავე სასამართლოს მოპასუხის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო.თ–ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 4 ივნისის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
გიზო უბილავა