საქმე №ას-1096-2023 15 ნოემბერი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ.ა–ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – გ.ზ–ი (კანონიერი წარმომადგენელი ნ.ფ–ია) (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინებით ზ.ა–ნის (შემდგომში - „მოსარჩელე“ ან „კასატორი“) შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ არ დაკმაყოფილდა; მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც სარჩელი გ. ზ–ის ((კანონიერი წარმომადგენელი ნ.ფ–ია) შემდგომში - „მოპასუხე“) მიმართ არ დაკმაყოფილდა.
2. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე არასაპატიოდ არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, რომელსაც უწყება ჩაბარებული ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესით და იცოდა სხდომის თარიღისა და დროის შესახებ, ხოლო გამოცხადებულმა მხარემ – მოსარჩელემ (აპელანტმა) მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
3. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით და 230.1 მუხლის შესაბამისად, სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დადგენილად ჩათვალა მოსარჩელის (აპელანტის) მიერ სააპელაციო საჩივარსა და ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სსსკ-ის 230.2 მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 976-ე მუხლის თანახმად, იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
4. სააპელაციო პალატამ გაიზიარა სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებული მოსარჩელე (აპელანტი) მხარის განმარტებები და მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სასამართლო სხდომაზე არასაპატიოდ გამოუცხადებელი მოწინააღმდეგე მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების შუამდგომლობის ფარგლებში, რომლებიც მიიჩნია დამტკიცებულად და აღნიშნა, რომ სსკ-ის 976.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელის მიერ განხორციელებული შესრულება - სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობა ფინანსური კუთხით და 15 000 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევა - შეესაბამებოდა ზნეობრივ მოვალეობებს და მისი მოქმედება ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში განხორციელებულ შესრულებად უნდა განხილულიყო. პალატამ დაადგინა, რომ მოსარჩელე და რ.ჯ–ია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ დაახლოებით 2015 წლიდან რ.ჯ–იას გარდაცვალებამდე და ცხოვრობდნენ ამ უკანასკნელის მიერ შეძენილ საცხოვრებელ ბინაში, სადაც ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. შესაბამისად, მოსარჩელეც სარგებლობდა ამ სიკეთით (ახალგარემონტებული ბინით) და იყენებდა მას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ.ჯ–იასთან ერთად მის გარდაცვალებამდე. გამომდინარე აქედან, პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული შესრულება მართებულად იქნა განხილული ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში განხორციელებულ შესრულებად, რაც გამორიცხავდა შესრულების უკან მოთხოვნის უფლებას უსაფუძვლო გამდიდრების ნორმებზე მითითებით და, შესაბამისად, სარჩელის დაკმაყოფილებას.
5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება.
6. კასატორმა მიუთითა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შემდეგ საფუძვლებზე:
6.1. სასამართლომ არ გამოიყენა სსკ-ის 977-ე მუხლი, რომლის თანახმად, სამართლებრივი საფუძვლის არარსებობას, რაც უსაფუძვლოდ მიღებულის დაბრუნებას განაპირობებს, უთანაბრდება ის შემთხვევაც, როდესაც შესრულება სასურველ მიზანს არ მიაღწევს. მსგავს შემთხვევებში მიზნის მიუღწევლობის გამო წარმოქმნილ კონდიქციურ მოთხოვნას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც შესრულება ხდება არა არსებული ვალდებულების გამო, არამედ იმიტომ, რომ შემსრულებელი მიმღებისაგან ელოდება რაიმე მოქმედების შესრულებას ან მის უმოქმედობას. ამასთანავე, აუცილებელი პირობა არის ის, რომ ორივე მხარემ უნდა იცოდეს დასახული მიზნის შესახებ და მიმღები შესრულების მიღების ფაქტით ადასტურებს შემსრულებლის მოლოდინს. თუ შემსრულებლის მოლოდინის ფაქტი ცნობილია და ეჭვს არ იწვევს, მას შეუძლია წამოაყენოს კონდიქციური მოთხოვნა და მემკვიდრეს თავისი ხარჯების ანაზღაურება მოსთხოვოს;
6.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოწინააღმდეგე მხარე საპატიო მიზეზის გარეშე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო სასამართლომ კი, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ნაცვლად, მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებები თუმცა დადასტურებულად ანუ დადგენილად ჩათვალა, მაგრამ იურიდიულად გაუმართლებლად მიიჩნია მოთხოვნა. მართალია, დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ ეფუძნება მტკიცებულებებს, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხეს საქმის განხილვის არცერთ ეტაპზე არ მიუთითებია იმაზე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ეფუძნებოდა ზნეობრივი მოვალეობის შესრულებას. პირიქით, მოპასუხე სადავოდ ხდიდა შესრულების ფაქტს. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაც დაეფუძნა შესრულების დაუდასტურებლობის ფაქტს. ამასთან, მოსარჩელე ახსნა-განმარტებებში აღნიშნავდა, რომ რ.ჯ–ია მას სთხოვდა ქორწინების დარეგისტრირებას. მაშასადამე, რ.ჯ–ია და მოსარჩელე აცნობიერებდნენ ქორწინების შედეგებს, რაც ქონებრივ უფლებებს წარმოშობს, მით უმეტეს, რომ ორივე მათგანისთვის ეს ქორწინება იყო მეორე ქორწინება, თუმცა შესრულებამ მოსარჩელისთვის, რომ, როგორც მეუღლეს გასჩენოდა ქონებრივი უფლებები რ.ჯ–იასთან, დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, ხოლო გარემონტებული სახლის მიღებით მემკვიდრე მოსარჩელის ხარჯზე უსაფუძვლოდ გამდიდრდა;
6.3. მსგავს სადავო შემთხვევებთან დაკავშირებით არცერთი მატერიალური სამართლის ნორმით არ არის დადგენილი, რომ რემონტის ჩატარება მეუღლის ზნეობრივი მოვალეობაა. ეს სასამართლომ შეაფასა ამგვარად, თუმცა კანონი არ არსებობს. იურიდიული გაუმართლებლობის საფუძვლით დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარი დასაშვები მხოლოდ მაშინ უნდა იყოს, როდესაც კანონით პირდაპირი წესით აკრძალულია მსგავსი შედეგის გამოყენება დადგენილი ფაქტების მიმართ, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს;
6.4. სამოქალაქო კოდექსის იმ დანაწესს, რომლის თანახმად, უკან დაბრუნება გამორიცხულია, როდესაც შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობას, ვიწრო მნიშვნელობა აქვს, სააპელაციო სასამართლომ კი მას ფართო მნიშვნელობა მიანიჭა. ცოლ-ქმარს შორის განხორციელებული ასეთი შესრულება ზნეობრივ მოვალეობათა კატეგორიად რომ ჩაითვალოს, მაშინ მეუღლე ქონების გაყოფას ან თანამესაკუთრედ ცნობას ვერ მოითხოვს. დებულება, რომლის მიხედვით, ზნეობრივი მოვალეობის შესრულების ფარგლებში გადაცემულის დაბრუნება გამოირიცხება, ვიწროდ უნდა განიმარტოს. ზნეობრივი მოვალეობა შეიძლება უკავშირდებოდეს მიმღების სასიცოცხლო ინტერესებს და გააჩნდეს მისთვის გარდაუვალი სოციალური საჭიროების ხასიათი. ფუფუნების საგნების გადაცემა, ფუფუნების პირობების შექმნა არ შეიძლება ზნეობრივი მოვალეობის არსებობაზე მიანიშნებდეს. ზნეობა საზოგადოების შეხედულებაა საქებარსა და დასაგმობზე. ზნეობრივი მოვალეობაა მეუღლის მკურნალობა, რჩენა, მაგრამ საზოგადოების შეხედულებით უზნეო ქცევად ვერ ჩაითვლება რემონტის ჩაუტარებლობა ანუ სარემონტო სამუშაოთა განხორციელება არ წარმოადგენს ზნეობრივი მოვალეობის შესრულებას, ზნეობრივ ვალდებულებათა კატეგორიას;
6.5. შესრულება ზნეობრივ მოვალეობადაც რომ იქნეს განხილული, სასამართლოს ევალებოდა დამაჯერებლად დაესაბუთებინა, მთლიანი შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობას თუ მისი გარკვეული ნაწილი, რადგან მიმღებიც სარგებლობდა ამ ქონებით (თუ მაინც და მაინც ქონებით სარგებლობას რაიმე მნიშვნელობა აქვს). ასეთი დასაბუთების გარეშე კი სახეზეა გადაწყვეტილება, რომლის სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც მისი გაუქმების უპირობო საფუძველია;
6.6. იმ პირობებში, როდესაც მთელი ქონება წარმოადგენს მემკვიდრის საკუთრებას, სასამართლოს ევალებოდა აეხსნა, რომელი ზნეობრივი მოვალეობა უნარჩუნებს მას ქონებაზე გაწეულ გაუმჯობესებას, რომლითაც ამ ქონების მიმღები მდიდრდება, ხოლო შემსრულებელი, რომელმაც დასახულ მიზანს ვერ მიაღწია, მოკლებულია ქონებაზე გაწეული გაუმჯობესების კომპენსაციის შესაძლებლობას. უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტის მიზანი ქონებრივი წონასწორობის აღდგენაა და ამით სამართლიანობის მიღწევა, რაც დარღვეულია გასაჩივრებული გადაწყვეტილებით.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
9. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
10. საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში [სსსკ-ის 404.1 მუხლის პირველი წინადადება]. საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407-ე მუხლი]. დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
11. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმის მართებულობა.
12. სსსკ-ის 387-ე მუხლი არეგულირებს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წესსა და წინაპირობებს, რომლის თანახმად, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სსსკ-ის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
13. ამდენად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის უნდა დადასტურდეს შემდეგი წინაპირობები: 1. მოპასუხეს საქმის განხილვის შესახებ კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა; 2. იგი სასამართლო სხდომაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა; 3. სარჩელში მითითებული ფაქტები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას.
14. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო დადგენილად ჩათვალა მოსარჩელის (აპელანტის) მიერ სააპელაციო საჩივარსა და ახსნა-განმარტებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ხოლო სსსკ-ის 230.2 მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები სსკ-ის 976-ე მუხლის თანახმად, იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას.
15. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი შინაარსით საქმის განხილვაში ერთ-ერთი მხარის მონაწილეობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა. დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტი მიზნად ისახავს სასამართლოს ეფექტურ საქმიანობას, სასამართლო დავების სწრაფად და გაჭიანურების გარეშე გადაწყვეტას, მხარეთა „იძულებას“, განახორციელონ საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებები - საქმის განხილვაში მიიღონ აქტიური მონაწილეობა და ხელი შეუწყონ სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანაში. დაუსწრებელი გადაწყვეტილება თავისი იურიდიული ბუნებით წარმოადგენს სანქციას იმ მხარისათვის, რომელიც არ ცხადდება საქმის განხილვაზე (სსსკ-ის 229-ე, 230-ე, 231-ე, 232-ე მუხლები) ანდა არ ახორციელებს თავის საპროცესო უფლებებს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2321 მუხლი), რითაც ქმნის ვარაუდს, რომ მან დაკარგა ინტერესი, შეეწინააღმდეგოს მის მიმართ აღძრულ სარჩელს (პრეზუმფცია). ასეთ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXVI თავში მოცემული წესით საქმის განხილვის დროს მტკიცებულებათა გამოკვლევა არ ხდება, არამედ, კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა, თეორიულად, სარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას იძლევა, საქმის განმხილველ მოსამართლეს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება (შედ. იხ. სუსგ საქმე №ას-317-302-2015, 17 ივნისი, 2015 წელი).
16. მოთხოვნის იურიდიული მართებულობის კვლევა მოიაზრებს სასამართლოს მხრიდან დამფუძნებელი ნორმების სწორად მოძიებას, რომლებიც დავის გადაწყვეტის ფუნდამენტს წარმოადგენენ და იძლევიან ამა თუ იმ ურთიერთობის სამართლებრივი მოწესრიგების აბსტრაქტულ შემადგენლობას. ნორმის მოძიების შემდეგ სასამართლო ადგენს, სარჩელში მითითებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტები დამფუძნებელი ნორმის აბსტრაქტულ აღწერილობას აკმაყოფილებენ თუ არა, რაც დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სარჩელის წარმატების საფუძველია.
17. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ:
17.1. მოსარჩელე და რ.ჯ–ია არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ დაახლოებით 2015 წლიდან რ.ჯ–იას გარდაცვალებამდე და ცხოვრობდნენ ამ უკანასკნელის მიერ შეძენილ საცხოვრებელ ბინაში, სადაც ჩატარდა სარემონტო სამუშაოები;
17.2. მოსარჩელე მონაწილეობდა სარემონტო სამუშაოებში ფინანსური კუთხით, კერძოდ, გაწეული აქვს 15 000 ლარის ოდენობით ხარჯი;
17.3. მოსარჩელეც სარგებლობდა ამ სიკეთით (ახალგარემონტებული ბინით) და იყენებდა მას არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ.ჯ–იასთან ერთად მის გარდაცვალებამდე.
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსკ-ის 976.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისა და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოსარჩელის მიერ განხორციელებული შესრულება - სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობა ფინანსური კუთხით და 15 000 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევა - შეესაბამებოდა ზნეობრივ მოვალეობებს და მისი მოქმედება ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში განხორციელებულ შესრულებად უნდა განხილულიყო.
19. საკასაციო პალატა არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში განხორციელებული შესრულება.
20. სსკ-ის 1151-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა უფლება-მოვალეობებს წარმოშობს მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული ქორწინება.
21. საკასაციო პალატის განმარტებით, მოქმედი სსკ-ის 1151-ე მუხლი მხოლოდ რეგისტრირებული ქორწინების ფაქტს უკავშირებს მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობას და მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის მომენტთან მიმართებაში, მითითებული ნორმის სხვაგვარი განმარტება ეწინააღმდეგება მის ნორმატიულ შინაარსს (იხ. სუსგ საქმე №ას-7-7-2016, 16 მარტი, 2016 წელი; საქმე №ას-1760-2018, 14 თებერვალი, 2022 წელი; საქმე №ას-968-1269-07, 15 მაისი, 2008 წ). არარეგისტრირებული ქორწინება არ წარმოშობს შეძენილ ქონებაზე რაიმე სახის უფლებას (1158-ე მუხლი) (იხ. სუსგ საქმე №ას-1160-2018, 8 ოქტომბერი, 2018 წელი). დე ფაქტო „ოჯახური ცხოვრების“ დადგენას სხვა - ასე მაგალითად, მამობის დადგენის, ან მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობის საქმეებზე - შეიძლება ჰქონდეს სამართლებრივი დატვირთვა (შდრ.ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1994 წლის 27 ოქტომბრის #18535/91 გადაწყვეტილება საქმეზე Kroon and others v. The Netherlands) (იხ. სუსგ საქმე №ას-205-2019, 24 ოქტომბერი, 2019 წელი). ამდენად, საქართველოს კანონმდებლობა ქორწინებასთან თანაცხოვრების სამართლებრივი შედეგების გათანაბრებას არ ითვალისწინებს.
22. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში „შერიფე იითი თურქეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფოს მომჩივანის მიმართ ევროპული კონვენციის მე-8 და მე-14 მუხლები არ დაურღვევია. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ განსახილველი საქმე შეადარა საქმეს - „მუნოს დიაზი ესპანეთის წინააღმდეგ“ და განმარტა, რომ ამ შემთხვევისგან განსხვავებით, შერიფე იითს ვერ ექნებოდა სახელმწიფოსგან თანაცხოვრების სამართლებრივი შედეგების აღიარების მართლზომიერი მოლოდინი. სასამართლომ ხაზი გაუსვა თურქეთის რესპუბლიკაში სამოქალაქო ქორწინების მარეგულირებელი ნორმების სიცხადესა და ხელმისაწვდომობას და სახელმწიფოს მიერ სამოქალაქო ქორწინების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება დაადასტურა (იხ. ŞERİFE YİĞİT v. TURKEY, no. 3976/05, 2010 წლის 02 ნოემბერი, https://hudoc.echr.coe.int/eng#{%22tabview%22:[%22document%22],%22itemid%22:[%22001-101579%22]}) (იხ. სუსგ საქმე №ას-1760-2018, 14 თებერვალი, 2022 წელი).
23. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ რ.ჯ–იას უძრავ ქონებაზე, რომელიც ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო მოპასუხემ, მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებას, რაც სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში განხორციელებულ შესრულებად. აღნიშნულს კასატორი სადავოდ ხდის. ამდენად, შესაფასებელია კონდიქციური ვალდებულების გამომრიცხველი გარემოების არსებობის საკითხი.
24. პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში [სსკ-ის 976.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი]. უკან დაბრუნების მოთხოვნა გამორიცხულია, თუ შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს [სსკ-ის 976.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი].
25. აღნიშნული სამართლებრივი ნორმის მიზნიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ კონდიქციური ვალდებულების წარმოშობისათვის სახეზე უნდა იყოს ერთი პირის გამდიდრება მეორის ხარჯზე და ასეთი გამდიდრება მოკლებული უნდა იყოს სამართლებრივ საფუძველს, რომელიც ან თავიდანვე არ არსებობდა, ან შემდგომში მოიშალა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს იმ გარემოებას თუ რის შედეგად დადგა უსაფუძვლო გამდიდრების ფაქტი – თავად დაზარალებულის მოქმედების, გამდიდრებულის მოქმედების, თუ მესამე პირთა მოქმედების შედეგად ან განხორციელდა იგი მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასევე, არ აქვს მნიშვნელობა ამ სამართალურთიერთობაში მონაწილე სუბიექტთა ბრალეულობას, კეთილსინდისიერებასა და მათ მიერ განხორციელებული მოქმედებების მართლზომიერებასა თუ მართლწინააღმდეგობას. კონდიქციური ვალდებულების არსებობის სამართლებრივი საფუძვლით სარჩელის დასაკმაყოფილებლად მნიშვნელოვანია დადგინდეს მხოლოდ ობიექტური შედეგი, რაც გულისხმობს ერთი პირის მიერ მეორე პირის ხარჯზე რაიმე სამართლებრივი სიკეთის შეძენას (დაზოგვას) შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის გარეშე. ასევე, აუცილებელია, რომ გამდიდრება მოხდეს სხვის ხარჯზე, რის შედეგადაც ერთი პირის ქონების გაზრდა ხდება მეორე პირის ქონების შესაბამისი შემცირების ხარჯზე (იხ. სუსგ საქმე №ას-360-342-2015, 03 ივნისი, 2015 წელი).
26. შესრულების უკუმოთხოვნის საფუძვლიანობის შემოწმებისას, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება შემსრულებლისა და მიმღების სამართლებრივ ურთიერთმიმართებას. აღნიშნულთან დაკავშირებით, ნიშანდობლივია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ამდენად, შეფასება იმისა, შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას, თუ შესრულება მომდინარეობს ზნეობრივი მოვალეობიდან, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა უფლება-მოვალეობრივი კავშირი არსებობს შემსრულებელსა და მიმღებს შორის, რა სუბიექტური დამოკიდებულება ჰქონდა შემსრულებელსა და მიმღებს უშუალოდ შესრულების მიმართ. აღნიშნული გამიჯვნადია განსაკუთრებით მჭიდრო ნათესაური და მეგობრული ურთიერთკავშირების დროს. თუ შემსრულებელი შესრულების დროს მოქმედებდა ზნეობრივ საწყისებზე დაყრდნობით, იმთავითვე გამოირიცხება მისი უკან დაბრუნების შესაძლებლობა. იმგვარი შესრულება, რომელიც, საოჯახო ურთიერთობის ფარგლებში, მორალურად გამართლებული და ზნეობრივია, წარმოშობს „ვალდებულების არსებობის პრეზუმფციას“ (იხ. სუსგ საქმე №ას-1061-2018, 18 თებერვალი, 2021 წელი).
27. საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი მეუღლის მკურნალობისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურება ზნეობრივ მოვალეობად მიიჩნია, რაც შესრულებულის უკან დაბრუნების უფლებას გამორიცხავდა (იხ. სუსგ საქმე №ას-99-95-2016, 21 აპრილი, 2016 წელი). ერთ-ერთ საქმეში კი, რომელიც ეხებოდა ფაქტობრივი თანაცხოვრებისას გადარიცხული თანხების დაბრუნებას, საკასაციო პალატამ დაუშვებლად მიიჩნია საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმად, ოჯახი გულისხმობს თითოეულ წევრს, ამდენად, მოსარჩელე ზრუნავდა არა მხოლოდ ბ.ლ-ისა და შვილების კეთილდღეობისათვის და უზრუნველყოფდა მათ მომავალს, არამედ ზრუნავდა საკუთარი თავის კეთილდღეობისთვისაც. დადგენილი გარემოებების მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს, როგორც ოჯახის ერთ-ერთ წევრს, ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად გამოგზავნილი 140 000 აშშ დოლარიდან უნდა დაუბრუნდეს გარკვეული ნაწილი, კერძოდ, ოჯახის წევრთა რაოდენობის გათვალისწინებით, გადაცემული ქონების ¼ ნაწილი, რაც შეადგენს 35 000 აშშ დოლარს, როგორც ვალდებულებით-სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მიღებული შესრულება. რაც შეეხება გამოგზავნილი თანხის დანარჩენ ¾ ნაწილს, პალატის შეფასებით, მითითებული ოდენობით შესრულება შეესაბამება ზნეობრივ მოვალეობებს და არ არსებობს მისი უკან დაბრუნების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (იხ. სუსგ საქმე №ას-1202-1131-2012, 1 ნოემბერი, 2012 წელი).
28. საკასაციო საჩივრის თანახმად, ზნეობრივი მოვალეობა შეიძლება უკავშირდებოდეს მიმღების სასიცოცხლო ინტერესებს და გააჩნდეს მისთვის გარდაუვალი სოციალური საჭიროების ხასიათი. ზნეობრივი მოვალეობაა მეუღლის მკურნალობა, რჩენა, მაგრამ სარემონტო სამუშაოთა განხორციელება არ წარმოადგენს ზნეობრივი მოვალეობის შესრულებას, ზნეობრივ ვალდებულებათა კატეგორიას.
29. საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ გაწეული რემონტის ხარჯები არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ზნეობრივ კატეგორიად.
30. საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 1163-ე მუხლზე [თითოეული მეუღლის ქონება შეიძლება ჩაითვალოს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გადიდდა (გადაგეგმარება, მშენებლობის დასრულება, გადაკეთება და სხვა)], რომლის მიხედვით, ინდივიდუალური საკუთრება გარდაიქმნება თანასაკუთრებად, თუ დადგინდება, რომ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა. იმ ღონისძიებების მაგალითად, რომელთა შედეგადაც იზრდება ღირებულება, კანონმდებელი ასახელებს: გადაგეგმარებას, მშენებლობის დასრულებასა და გადაკეთებას. ამ სამაგალითო ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება შემდეგი ღონისძიებებით: კაპიტალური რემონტი, რეკონსტრუქცია, მნიშვნელოვანი დანადგარებით აღჭურვა და ა. შ.; აუცილებელია, რომ ყველა ეს ღონისძიება „მნიშვნელოვნად“ ზრდიდეს ქონების ღირებულებას (რუსიაშვილი/ქავშბაია/მელაძე, სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი VII, თბილისი, 2021 წელი, მუხ. 1163, ველი 6, გვ. 104). ქონების რემონტი ან თანხის დაბანდება მხოლოდ იმ შემთხვევაშია ქონების თანასაკუთრებად აღიარების საფუძველი, როცა ამ ქონების ღირებულება მნიშვნელოვნად გაიზრდება (შდრ. იხ. სუსგ საქმე №ას-1068-2018, 22 თებერვალი, 2022 წელი; №ას-392-2021, 29.09.2021წ; სუსგ №ას-840-791-2015, 04.03.2016წ.).
31. ამდენად, რეგისტრირებული ქორწინების დროს მეუღლის მიერ გაწეული ხარჯების შედეგად ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდის შემთხვევაში კანონმდებელი ითვალისწინებს მეუღლის ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებად გადაქცევის შესაძლებლობას, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ კანონმდებელმა მეუღლის მიერ გაღებული რემონტის ხარჯი უსასყიდლოდ არ მიიჩნია და მას ქონებრივი ეკვივალენტი მოუძებნა, რაც ინდივიდუალური ქონების თანასაკუთრებად გარდაქმნაში გამოიხატა. შესაბამისად, თუ გათვალისწინებული იქნება სამართლის თეორიაში აღიარებული სამართლის ნორმის განმარტების „მით უფრო მეტის“ ლოგიკური პრინციპი, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ, თუ ერთი მეუღლის საკუთრება გარდაიქმნება თანასაკუთრებად მეორე მეუღლის მიერ ქორწინების განმავლობაში გაწეული ხარჯების შედეგად ამ ქონების ღირებულების მნიშვნელოვნად გაზრდის გამო, მით უმეტეს, ვერ იქნება მიჩნეული ზნეობრივ, უსასყიდლო და არაეკვივალენტურ კატეგორიად არარეგისტრირებული ქორწინებისას ფაქტობრივი მეუღლის ქონებაზე გაწეული რემონტის ხარჯები.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ მოსარჩელის მიერ განხორციელებული შესრულება - სარემონტო სამუშაოებში მონაწილეობა ფინანსური კუთხით და 15 000 ლარის ოდენობით ხარჯის გაწევა - შეესაბამებოდა ზნეობრივ მოვალეობებს და მისი მოქმედება ზნეობრივი მოვალეობის ფარგლებში განხორციელებულ შესრულებად უნდა განხილულიყო.
33. სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
34. საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა [სსსკ-ის 412.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი]. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო სსსკ-ის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით აუქმებს გასაჩივრებულ განჩინებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს ქვემდგომ სასამართლოში.
35. გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის მიზეზი სააპელაციოო სასამართლომ არასაპატიოდ მიიჩნია და, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია, სააპელაციო სასამართლომ სამართლებრივად მნიშვნელოვან, ფაქტობრივ გარემოებებს უნდა მისცეს სათანადო სამართლებრივი შეფასება. სწორედ ეს საკითხი უნდა გახდეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი. თუ აღნიშნული მსჯელობის შედეგად სააპელაციო პალატა მივა იმ დასკვნამდე, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სახეზე იქნება დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძველი.
36. სსსკ-ის 53.4 მუხლიდან გამომდინარე [თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით], საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, ვინაიდან მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა ქვემდგომ სასამართლოს, პროცესის ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
37. მოცემულ შემთხვევაში, იმდენად, რამდენადაც კასატორს საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გადავადებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის - 700 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ და საქმე არსებითად არ წყდება, პროცესის ხარჯები უნდა შეჯამდეს და გადაწყდეს შმაჯამებელ გადაწყვეტილებასთან ერთად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ.ა–ნის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
ა. ძაბუნიძე