Facebook Twitter

საქმე №ა-5566-შ-147-2024 12 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე, ლაშა ქოჩიაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ქ.ზ–ვა

მოწინააღმდეგე მხარე – გ.ზ–ვი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – უკრაინის ქ.ზაპოროჟიეს ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

უკრაინის ქ.ზაპოროჟიეს ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ქ.ზ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ.გ. ძე ზ–ს ქ. გ. ასული ზ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების – 18200 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე გ.გ. ძე ზ–ს ქ. გ. ასული ზ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო მოსაკრებელის – 6895 გრივნისა და 98 კაპიკის გადახდა.

ქ.ზ–ვას წარმომადგენელმა გ.ი–ვამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა უკრაინის ქ.ზაპოროჟიეს ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 31 მაისს და უკრაინის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ქ.ზ–ვას შუამდგომლობა უკრაინის ქ.ზაპოროჟიეს ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.

აღნიშნული განჩინება ქ.ზ–ვას შუამდგომლობა თანდართული მასალით ელექტრონული ფოსტის საშუალებით გაეგზავნა მოწინააღმდეგე მხარეს. გ.ზ–ვმა დაადასტურა სასამართლო გზავნილის ჩაბარება, დაეთანხმა ქ.ზ–ვას მოთხოვნას და იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ქ.ზ–ვას შუამდგომლობა უკრაინის ქ.ზაპოროჟიეს ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.

საქართველოსა და უკრაინას შორის სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ ხელშეკრულების (შემდეგში „საერთაშორისო ხელშეკრულება") პირველი მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე ერთი მხარის მოქალაქეები ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის ტერიტორიაზე სარგებლობენ თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორც საკუთარი მოქალაქეები. ამ მიზნით მათ უფლება აქვთ, თავისუფლად მიმართონ ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის სასამართლოებს, პროკურატურისა და ნოტარიუსებს (შემდგომში „იუსტიციის დაწესებულებებად“ წოდებულთ) და სხვა დაწესებულებებს, რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო და სისხლის სამართლის საქმეები, აგრეთვე განახორციელონ სხვა პროცესუალური მოქმედებანი, იმავე პირობებით, როგორც ხელშეკრულების მონაწილე ამ მხარის მოქალაქეებმა. საერთაშორისო ხელშეკრულების 40-45-ე მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებების ცნობა-აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები.

საერთაშორისო ხელშეკრულების მე-40 მუხლის პირველი პუნქტით, ხელშეკრულების მონაწილე მხარეები ცნობენ და აღასრულებენ იუსტიციის დაწესებულებების კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებებს სამოქალაქო საქმეებზე. 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილებათა აღსრულებაზე ნებართვაზე შუამდგომლობათა განხილვა შედის ხელშეკრულების მონაწილე მხარის სასამართლოთა კომპეტენციაში, რომლის ტერიტორიაზეც უნდა განხორციელდეს აღსრულება. 42-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, აღსრულების წესი რეგულირდება ხელშეკრულების მონაწილე მხარის კანონმდებლობით, რომლის ტერიტორიაზეც უნდა მოხდეს აღსრულება, შესაბამისად, საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილ შუამდგომლობას განიხილავს საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, რაც საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე და 71-ე მუხლებით გაწერილი საერთო წესით განსაზღვრული პროცედურის თანმიმდევრულ დაცვას მოითხოვს.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ უკრაინის ქ.ზაპოროჟიეს ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით ქ.ზ–ვას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გ.გ. ძე ზ–ვს ქ. გ. ასული ზ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების – 18200 აშშ დოლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ასევე გ.გ. ძე ზ–ს ქ. გ. ასული ზ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სასამართლო მოსაკრებელის – 6895 გრივნისა და 98 კაპიკის გადახდა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2024 წლის 31 მაისს და უკრაინის ფედერაციის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა ქ.ზ–ვას მოთხოვნას და იშუამდგომლა საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, უკრაინის ქ.ზაპოროჟიეს ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე და მიექცეს აღსასრულებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ.ზ–ვას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის ქ.ზაპოროჟიეს ლენინსკის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც გ. გ. ძე ზ–ს ქ. გ. ასული ზ–ვას სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული დავალიანების – 18200 აშშ დოლარისა და სასამართლო მოსაკრებელის – 6895 გრივნისა და 98 კაპიკის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ამირან ძაბუნიძე

ლაშა ქოჩიაშვილი