Facebook Twitter

საქმე №ას-352-2024 15 ნოემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გოჩა ჯეირანაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ლაშა ქოჩიაშვილი, ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ო.თ–ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ.თ–ი, თ.თ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 იანვრის განჩინებით შპს „ო.თ–ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც გ.თ–ისა და თ.თ–ის (შემდეგში - პირველი და მეორე მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ო.თ–ს“ (შემდეგში -ტურისტული კომპანია ან მოპასუხე ან კასატორი) მოსარჩელეების სასარგებლოდ დაეკისრა 2040 ლარის გადახდა. მოთხოვნა 722.84 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

2. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. მეორე მოსარჩელის და მოპასუხის მიერ ხელმოწერილი 07.06.2022წ.-ის შეთანხმების მიხედვით “O. T“-ი წარმოადგენს შუამავალ ტურისტულ კომპანიას, რომელიც ახდენს საქართველოში და უცხოეთში რეგისტრირებული ტუროპერატორების კუთვნილი ტურისტული პროდუქტების რეალიზებას (ტურები, ავიაბილეთები, სასტუმროები, დაზღვევები, ტრანსფერები და ა.შ.). აღნიშნული შეთანხმებით კლიენტს განემარტა, რომ შეძენილი ტურისტული პაკეტის გაუქმების ან/და მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში ტურისტული პაკეტის მესაკუთრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად გადახდილი თანხა შესაძლოა არ დაექვემდებაროს დაბრუნებას და მოხდეს მისი გარკვეული ნაწილის დაკავება.

2.2. მეორე მოსარჩელეს და სს „თ.ბ–ს“ შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე პირველ მოსარჩელეზე კრედიტის სახით გაიცა 5000 ლარი, საიდანაც საკომისიოს ანგარიშში ჩამოიჭრა 722.84 ლარი.

2.3. მეორე მოსარჩელემ ტურისტული მომსახურების - ეგვიპტის ტურის საფასურის სახით მოპასუხეს გადაურიცხა 4700 ლარი.

2.4. ეგვიპტის ტური ვერ შედგა.

2.5. მოპასუხემ მოსარჩელეს შესთავაზა აბუ-დაბის ტური იგივე ფასად, რასაც მეორე მოსარჩელე დათანხმდა. ამავე ტურში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა პირველმა მოსარჩელემ (მეორე მოსარჩელის მამა) მეუღლესთან და შვილთან ერთად.

2.6. პირველმა მოსარჩელემ აბუ-დაბიში ტურისტული მოგზაურობის საფასურის სახით, სამ კაცზე მოპასუხის ანგარიშზე 6710 ლარი გადარიცხა 2022 წლის 10 ივნისს.

2.7. ტურისტულ კომპანიას მოსარჩელეებმა ჯამში გადაურიცხეს 11410 ლარი.

2.8. მოპასუხემ შეიძინა სამგზავრო ბილეთები. ფრენა უნდა განხორციელებულიყო ქუთაისის აეროპორტიდან, 2022 წლის 17 სექტემბერს. რეისის დასტურის კოდებში მითითებულია ინფორმაცია მგზავრების შესახებ: რეისის დასტურის კოდი: .. -ის თანახმად, გ.თ–ი, თ.ჯ–ი, ა.თ–ი. რეისის დასტურის კოდი: GYVQRV-ის თანახმად, ნ.ვ–ძე და თ.თ–ი.

2.9. 2022 წლის 17 სექტემბერს დაგეგმილი ფრენა გაუქმდა.

2.10. მოსარჩელეებმა განმარტეს, რომ მათ თანხმობა გამოთქვეს 18 სექტემბერს გამგზავრების თაობაზე თუმცა, ასეთი შეთავაზების გაკეთება მოპასუხემ ვერ უზრუნველყო, ხოლო შეთავაზებული წინადადება ერთი კვირის განმავლობაში მომხდარიყო გამგზავრება მოსარჩელეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. შესაბამისად, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მათ მიერ გადახდილი თანხის უკან დაბრუნება.

2.11. მოპასუხემ 2022 წლის 03 ოქტომბრიდან 27 ოქტომბრამდე პირველ მოსარჩელეს დაუბრუნა ჯამში, 9370 ლარი, ხოლო 2040 ლარის დაბრუნებაზე უარი განაცხადა, იმ მოტივით, რომ იგი წარმოადგენდა მხოლოდ შუამავალს და პასუხისმგებელი იყო ტურისტული მოგზაურობის სწორად დაგეგმვაზე, კერძოდ, ავიაბილეთისა და სასტუმროს შეძენაზე. 2040 ლარი წარმოადგენდა სასტუმროში განთავსების თანხას, რომლის დაბრუნებაზეც თავად სასტუმრო აცხადებდა უარს. შესაბამისად, მოპასუხეს სასტუმროს მიერ დაკავებული თანხის გადახდაზე პასუხისმგებლობა ვერ დაეკისრებოდა.

3. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ტურისტული მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობა წარმოიშვა და სახელშეკრულებო ურთიერთობის გამომრიცხველ გარემოებად არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მხოლოდ მომსახურება, რომელიც მოიცავდა ავიაბილეთების და სასტუმროს შეძენაში დახმარებას/შუამავლობას და არა მომსახურებას, რომელიც მოიცავს ტურის ორგანიზებას; მოპასუხის მიერ მითითებული ინვიოსი, რომელშიც მეორე მოსარჩელეს განემარტა, რომ შეძენილი ტურისტული პაკეტის გაუქმების ან/და მონაცემების ცვლილებების შემთხვევაში ტურისტული პაკეტის მესაკუთრის მიერ დადგენილი წესების შესაბამისად გადახდილი თანხა შესაძლოა არ დაექვემდებაროს დაბრუნებას და მოხდეს მისი გარკვეული ნაწილის დაკავება, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხოლოდ კლიენტისათვის ცალმხრივად შეთავაზებულ ტექსტს წარმოადგენდა და პასუხისმგებლობის გამომრიცხველ გარემოებად ვერ მიიჩნეოდა.

4. მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმებად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდეგში - სსკ-ის) 657-ე, 659-ე 394-ე, 408-ე და 412-ე მუხლები და განმარტა, რომ ვინაიდან ტურისტულმა კომპანიამ ვერ უზრუნველყო უხარვეზო მომსახურება და მოგზაურობა ჩაიშალა, მოსარჩელეებს წარმოეშვათ მეორეული მოთხოვნები, რაც ზიანის ანაზღაურების სახით სამოგზაურო პაკეტის მომსახურებისათვის გადახდილი თანხის მოსარჩელეებისათვის სრულად დაბრუნებაში მდგომარეობს (იხ., სააპელაციო სასამართლოს განჩინების პ.7.6 -7.8).

5. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

6. კასატორი სადავოდ ხდის მხარეთა შორის ტურისტული მომსახურების სახელშეკრულებო ურთიერთობის წარმოშობას, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მისი ვალდებულება მხოლოდ ავიაბილეთების და სასტუმროს შეძენაში მდგომარეობდა. შესაბამისად, დასახელებული პროდუქტების მოსარჩელეებისათვის გადაცემით მოპასუხემ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა. სადავო შემთხვევაში, ფრენა მოპასუხის ბრალეულობით არ გადადებულა და რომ არა ფრენის გადადება, მოსარჩელეები შეძლებდნენ დანიშნულების ადგილზე ჩასვლას და სასტუმროს მომსახურებით სარგებლობას. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელეებმა თავად იკისრეს გადახდილი თანხის დაკარგვის რისკი, რაც გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრებას.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინებით მოსარჩელის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

8. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

9. საკასაციო საჩივარი ქონებრივ ან არაქონებრივ დავაზე დასაშვებია, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას ან/და მის დამატებით ოქმს/ოქმებს და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე [სსსკ-ის 391.5 მუხლი].

10. სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება) [სსსკ-ის 407.2 მუხლი]. ამ განჩინების პ.2-ში მითითებულ გარემოებებს საკასაციო პალატისათვის სავალდებულო ძალა აქვთ, რადგან მათ მიმართ კასატორს დასაბუთებული საკასაციო შედავება არ წარმოუდგენია.

11. კასატორის პრეტენზია მისთვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2040 ლარის დაბრუნების ვალდებულების დაკისრებას შეეხება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მოპასუხისათვის მოსარჩელეთა სასარგებლოდ 2040 ლარის გადახდის ვალდებულების არსებობის ნაწილში ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა დასკვნები სწორია, თუმცა, მოპასუხისათვის ხელშეკრულების საფუძველზე გადახდილი თანხის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი არა ზიანის ანაზღაურების მომწესრიგებელ ნორმებში, არამედ ხელშეკრულებიდან გასვლისა და რესტიტუციის მომწესრიგებელ სამართლებრივი საფუძვლებში მდგომარეობს.

12. პირველ რიგში, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის, ზიანის ანაზღაურების დაკისრების ცენტრალურ და უზოგადეს ნორმას წარმოადგენს სსკ-ის 394 I მუხლი, რომელიც კრედიტორს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. სსკ-ის 394-ე მუხლი ვალდებულების დარღვევის სისტემის უმნიშვნელოვანესი მოთხოვნის საფუძველია, რომელსაც სამოქალაქო კოდექსის სისტემაში შემოაქვს განსხვავება შესრულების გვერდით და შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტებს შორის. ორივე მოთხოვნისათვის ეს ნორმა განსაზღვავს საერთო და სპეციალურ წინაპირობებს და ადგენს შესაბამის სამართლებრივ სანქციებს. ერთეული სპეციალური მოთხოვნის საფუძვლებს თუ არ ჩავთვლით, ეს ნორმა მოიცავს სახელშეკრულებო ვალდებულებათა სრულ სპექტრს. შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი სსკ-ის 394 II და III მუხლის დანაწესია იმ შემთხვევაში, როცა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას წინ არ უსწრებს ხელშეკრულებიდან გასვლა (შდრ. გიორგი ვაშაკიძე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი III, მუხლი 394-ე, ველი 1-2, თბილისი, 2019 წ.).

13. განსახილველ შემთხვევაში, იმ სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, რისი მიღწევაც მოსარჩელეებს სურთ, კერძოდ, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, ავანსად გადახდილი თანხის დაბრუნება (იხ., სარჩელის მოთხოვნა, სფ.9), სსკ-ის 657-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილიდან (ტურიზმის ხელშეკრულებით მოგზაურობის მომწყობი (ტურისტული საწარმო) მოვალეა გაუწიოს ტურისტს (მოგზაურს) შეთანხმებული მომსახურება. ტურისტი მოვალეა მოგზაურობის მომწყობს გადაუხადოს შეპირებული ანაზღაურება გაწეული ომსახურებისათვის. ტურისტული მომსახურების პაკეტი (შემდგომში – პაკეტი) ტურისტული მომსახურების ორი ან ორზე მეტი კომპონენტისაგან (კვება, ღამის თევა, სატრანსპორტო მომსახურება და სხვა) შემდგარი კომპლექსია, რომელთა ღირებულება შედის პაკეტის ფასში), 352.1 (თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება), 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადებიდან (თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ) და 405-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან (არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება) გამომდინარეობს.

14. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ყველა სამართლებრივ სისტემაში ვალდებულების შესრულება წარმოადგენს ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუტს და ეფუძნება “pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები (სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი). თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნული პრინციპი არ უნდა იქნეს გაგებული აბსოლუტური აზრით. ვალდებულების შესრულების პროცესში მხარეები შეიძლება აღმოჩნდნენ ისეთი გარემოებების წინაშე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ ვალდებულების სავალდებულო ხასიათზე, განაპირობონ ვალდებულების დარღვევა და წარმოშვან მოთხოვნის უფლება იმ მხარისათვის, რომლის მიმართაც და ინტერესის საზიანოდ შეთანხმების პირობები დაირღვა.

15. ვალდებულების დარღვევისათვის სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამოხატულებას ჰპოვებს მოვალეზე კანონით დადგენილი ქონებრივი ზემოქმედების ზომებში. სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, რომელიც არღვევს ვალდებულებას, პასუხს აგებს დაზარალებულის წინაშე. დაზარალებულს უფლება აქვს მოითხოვოს დარღვეული უფლების დაცვა. მოთხოვნის საფუძველია სამართლის ის ნორმა, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა მოთხოვნის საფუძვლებთან ერთობლიობაში აფუძნებს ამა თუ იმ მოთხოვნას ანუ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა კონკრეტულ უფლება-მოვალეობებს. ცხადია, ხელშეკრულება არ წარმოადგენს მოთხოვნის საფუძველს. მოთხოვნის საფუძველი მხოლოდ კანონშია მოცემული, ხელშეკრულება კი, მოთხოვნის წარმოშობის წინაპირობაა.

16. თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძველი შესაძლოა მიმართული იყოს შესრულების უფლების მინიჭებაზე, რასაც კრედიტორის პირველადი მოთხოვნის უფლება ეწოდება. იგი მეორადი მოთხოვნისაგან იმით განსხვავდება, რომ უშუალოდ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს და ხელშეკრულების მხარის მთავარი ინტერესია, ხოლო ვალდებულების დარღვევის ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შესაძლებელია კონკრეტული მეორეული მოთხოვნის უფლება იყოს პრიორიტეტული.

17. სსკ-ის 405-ე და 352-ე მუხლების საფუძველზე ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება კანონმდებლის მიერ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარისათვის მინიჭებული უფლებაა და მისი თავისებურება იმაშია, რომ ამისთვის არ არის აუცილებელი მეორე მხარის თანხმობა. ეს თავისებურება განაპირობებს იმასაც, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის უფლება არის აღმჭურველი უფლება და იგი შეიძლება ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნებისმიერ დროს იქნეს გამოყენებული, თუკი, არსებობს კანონით ამომწურავად განსაზღვრული ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლები და წესები (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები).

18. უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესებისა და პირობების შესაბამისად განხორციელებული ხელშეკრულებიდან გასვლა სსკ-ის 352-ე მუხლით წარმოშობს ე.წ. რესტიტუციის მოთხოვნის უფლებას, ანუ ხელშეკრულების ორივე მხარემ ერთმანეთს უნდა დაუბრუნონ მიღებული შესრულება და სარგებელი. შესაბამისად, ამ დროს თავდაპირველი ვალდებულებითი ურთიერთობის ადგილს იკავებს უკუქცევის შედეგად წარმოშობილ შესრულებათა უკან დაბრუნების ურთიერთობა, რაც ხელშეკრულების დადების შემდეგ შესრულებათა გაცვლამდე არსებული ვითარების აღდგენას გულისხმობს, ანუ ხელშეკრულებიდან გასვლით წარმოიშობა ახალი ვალდებულება (პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის ვალდებულება).

19. კანონი ამომწურავად განსაზღვრავს ხელშეკრულებიდან გასვლის საფუძვლებსა და წესს, კერძოდ, იმას, თუ როდის შეუძლია ხელშეკრულების მხარეს მოითხოვოს ხელშეკრულებიდან გასვლა (სსკ-ის 405-ე, 352-359-ე მუხლები). ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობებია: ა) ხელშეკრულების ნამდვილობა (უნდა აკმაყოფილებდეს გარიგების ნამდვილობის ზოგად პირობებს); ბ) ზოგადი წესის მიხედვით, მოვალის მხრიდან ხელშეკრულების მნიშვნელოვანი (არსებითი) დარღვევა (დარღვევა არსებითი ხასიათისაა, თუ მოვალის მხრიდან ძირითადი ვალდებულების დარღვევის გამო, ფაქტობრივი შესრულების დანიშნულებისამებრ გამოყენება შეუძლებელი ხდება ან იკარგება მომავალში მისი შესრულების იმედი ანდა კრედიტორს ეკარგება შესრულებისადმი ინტერესი; გ) ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ განცხადების გაკეთებით მონაწილე მთლიანად გადის ხელშეკრულებიდან, რადგანაც კანონით დაუშვებელია ხელშეკრულებიდან ნაწილობრივი გასვლა; დ) მიუხედავად ვალდებულების მნიშვნელოვანი დარღვევისა, მოვალეს არ შეუძლია კრედიტორს მოსთხოვოს ხელშეკრულების ძალაში დატოვება; ე) ვალდებულების დარღვევისათვის კრედიტორი მთლიანად ან უმთავრესად არ არის პასუხისმგებელი; ვ) მოთხოვნას არ უპირისპირდება შესაგებელი, რომელიც უკვე წარმოდგენილია ან წარდგენილი იქნება დაუყოვნებლივ მოვალის მიერ, თუკი კრედიტორი უარს იტყვის ხელშეკრულებაზე (მაგალითად, შესაგებელი ვალდებულების გაქვითვაზე); ზ) სახეზეა კრედიტორის მიერ შესაგებელი იურიდიული მოქმედება – ხელშეკრულებიდან გასვლისათვის მიცემული გონივრული ვადა, თუ ხელშეკრულებით ასეთი ვადა არ ყოფილა დადგენილი, ანდა, თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა – გაფრთხილება.

20. ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სსკ-ის 355-ე მუხლზე (ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით) და განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის გაცხადება შესაძლებელია კონკლუდენტური მოქმედებითაც, მათ შორის, გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნით (შდრ: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარის ელ.ვერსია, მუხლი 355, II. გასვლის გაცხადების წინაპირობები http://www.gccc.ge).

21. ამ განჩინების პ.2.10-ით დადგენილი გარემოება, რომ მოსარჩელეებმა თანხმობა გამოთქვეს 18 სექტემბერს გამგზავრების თაობაზე, თუმცა ასეთი შეთავაზების გაკეთება მოპასუხემ ვერ უზრუნველყო, ხოლო შეთავაზებული წინადადება ერთი კვირის განმავლობაში მომხდარიყო გამგზავრება მოსარჩელეებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა, გამორიცხავს შესრულებისთვის დამატებითი ვადის დაწესების შესაძლებლობას (სსკ-ის 405-ე II ,,ა” მუხლი). ამავდროულად, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება მეტყველებს იმაზეც, რომ მოსარჩელეთა ნება გადახდილი თანხის უკან დაბრუნებაზე მოპასუხეს მიუვიდა.

22. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას განხორციელებულად მიაჩნია ხელშეკრულებიდან გასვლის მოთხოვნის კანონისმიერი წინაპირობები, რაც რესტიტუციის ფარგლებში მოპასუხეს წარმოუშობს ხელშეკრულების საფუძველზე მიღებული თანხის უკან დაბრუნების მოვალეობას (შდრ: სუსგ N1114-2019, 22.11.2019წ.,პ.25).

23. რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას, რომელიც მითითებულია ამ განჩინების პ.6-ში, აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობებს და დასკვნებს.

24. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად. შესაბამისად საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს გაანალიზოს და განიხილოს კასატორის ძირითადი არგუმენტები (იხ. „ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ“, N7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).

25. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზეც საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

26. საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი (სსსკ-ის 401.4 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ო.თ–ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. შპს „ო.თ–ს“ (ს/კ: .........) დაუბრუნდეს მის მიერ 11.04.2024წ-ს №21364732509 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70% – 210 (ორას ათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გ. ჯეირანაშვილი

მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი

ა. ძაბუნიძე